• მეტა

  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:


    Synergy Insight Synergy Startup



    როცა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობ

    1 მარტი, 2010 | წაკითხულია 919-ჯერ

    როცა ყოველი ახალი სამუშაო დილა ტვირთია, ადგომა და სამსახურში წასვლა გეზარება, როცა ერთი სული გაქვს როდის მოვა პარასკევი საღამო და მერე ორშაბათის გახსენება ცუდ ხასიათზე გაყენებს. როცა შენი სამუშაო დღის დიდი ნაწილი ვაკანსიების საიტების ჩხრეკას ხმარდება, როდესაც ფიქრობ რომ ვეღარ იზრდები იქ სადაც ხარ, როცა აუტანლად გაწუხებს სამუშაოს ერთფეროვნება, როდესაც ყოველი დღე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება ხვდები რომ დროა რაღაც შეცვალო. ასეთ დროს ადამიანების უდიდესი ნაწილი ახალი სამსახურის ძებნას იწყებს. ფიქრობენ, რომ გარემოს ცვლილება ყველაზე კარგი გამოსავალია და იქ სადღაც, ახალ ადამიანებთან, ახალ ორგანიზაციაში, ახალი მოვალეობებით შეძლებენ შეცვალონ ცხოვრების დუნე ტემპი და სტილი და უფრო მეტი და საინტერესო საქმე აკეთონ.

    არსებობს მეორე, ალტერნატიული გზა, რომელსაც როგორც წესი ძალიან ცოტა ადამიანი ირჩევს, თუმცა ის ბევრად საინტერესო და შედეგიანია, უფრო სასიამოვნოს და სახალისოს ხდის სამუშაო ადგილს, უფრო სასარგებლოს თითოეულ დღეს და მოვლენების შემდეგი განვითარების  სცენარსაც რადიკალურად ცვლის.  „ჯერ დარწმუნდით რომ ყველა შესაძლებლობა გამოყენებული გაქვთ, რომელსაც არსებული სამუშაო ადგილი იძლევა და მხოლოდ ამის მერე დაიწყეთ უკეთესი ალტერნატივის ძებნა“. ამაში დარწმუნება კი არც თუ ისე ძნელი და უსიამოვნოა როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

    სამი მთავარი ამოცანა, რომელიც თქვენ ამისათვის უნდა დაისახოთ:

    ა) არსებულ სამუშაო ადგილზე პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ამაღლება

    ბ) უფრო მეტი სარგებლის მოტანა საკუთარი ორგანიზაციისათვის, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა თქვენთვის ბუნდოვანია რას მიიღებთ სანაცვლოდ

    გ)  ჯერ თქვენივე ორგანიზაციაში კარიერის განვითარების არსებული შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება

    მხოლოდ თითოეული ამ ამოცანის გადაწყვეტაში თქვენს ხელთ არსებული რესურსების ბოლომდე გამოყენების შემდეგ, და მას შემდეგ რაც დარწმუნდებით რომ თითოეულის მიმართულებით მეტის გაკეთება აღარ შეგიძლიათ და აღარც გიღირთ, შეიძლება გახდეს მიზანშეწონილი ახალი სამსახურის ძებნა, თუმცა, პირველ რიგში, თვითონ  ამ გზის გავლა გაცილებით მეტ კარს გაგიხსნით მაშინაც კი თუ სამსახურის შეცვლა მაინც დაგჭირდებათ.

    მეტი პროფესიონალიზმი, ყველაზე მოკლე გზა თავისუფლებისაკენ

    პროფესიონალიზმი საუკეთესო საშუალებაა თავისუფლების მოსაპოვებლად. ნებისმიერ საქმეში რაც უფრო მაღალია თქვენი პროფესიონალიზმი მით უფრო დიდია არჩევანი სად და ვისთან ერთდ გინდათ საქმის კეთება და როგორი პირობებით. სწორედ ადამიანები რომლებიც საკუთარი საქმის ოსტატობის მწვერვალებს აღწევენ ახერხებენ მიიღონ პირობები რომელიც სურთ საქმის უფრო სასიამოვნოდ და სასარგებლოდ საკეთებლად.

    სამწუხაროდ, როგორც წესი ადამიანების დიდი ნაწილი მალე მიდის იმ დასკვნამდე, რომ პროფესიონალური ზრდის შესაძლებლობები იმ ადგილზე და იმ საქმეში რომელსაც აკეთებენ ფაქტიურად აღარ არსებობს. არადა ხშირ შემთხვევაში (თუ ყოველთვის არა) ეს ასე არ არის, უფრო მეტიც, ასეთი დასკვნა, როგორც წესი, ძალიან შორს არის რეალობიდან.

    საკმარისია თუნდაც მოიძიოთ საინტერესო წიგნები იმ სფეროზე რომელშიც მოღვაწეობთ, დაინახავთ რამდენი რამეა ისეთი რაც სხვანაირად იცით, ან არ გეგონათ და არც წარმოგედგინათ, ან საერთოდ არ აქცევდით ყურადღებას რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა საქმის უკეთესი შედეგებით საკეთებლად. ნებისმიერი სამუშაო ადგილისათვის, იქნება ეს ავტოფარეხის ხელოსანი, ელექტრიკოსი, გამყიდველი თუ სატელეფონო ოპერატორი არსებობს უმრავი წიგნი რომელსაც პროფესიონალიზმის საზღვრების მკვეთრი გაფართოვება შეუძლია. შეუძლია დაგანახოთ ახალი მიმართულებები და სფეროები დახვეწისა და სრულყოფისათვის.

    მეორე გზა, რომელიც ასევე არსებობს, მოძებნოთ ადამაინები რომლებმაც თქვენს საქმეში უფრო მეტ ოსტატობას მიაღწიეს, გაიცნოთ ისინი, ესაუბროთ მათ, დააკვრიდეთ ან გამოკითხოთ როგორ აკეთებენ ისინი საქმეს, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება. ეს დაგანახებთ რომ ძალიან ბევრი ნიუანსი ჯერ კიდევ აუთვისებელი და სათანადოდ შეუფასებელი გაქვთ. კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ პროფესიონალიზმის საზღვარი არ არსებობს არც ერთ საქმეში. და საკმარისია მიზნად დაისახოთ მისი ამაღლება, რომ უამრავი გზები გამოჩნდები საქმის საინტერესოდ, სასიამოვნოდ და სახალისოდ საკეთებლად და რაც მთავარია ბევრად უკეთესად.

    მაგრამ ყველაზე მარტივი გზა მიანც ის არის, რომ პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც დაფიქრდეთ როგორ შეიძლება თქვენი მოვალეობების უკეთ შესრულება რა მეთოდები, მიდგომები ან დამოკიდებელება უნდა შეიცვალოს ამისათვის და დარწმუნებული იყავით, რომ ყოველ ჯერზე ამის უამრავ შესაძლებლობას დაინახავთ.

    უფრო მაღალი პროფესიონალიზმი, საკუთარი საქმის კიდევ უფრო კარგად ცოდნა ერთის მხრივ ზრდის თქვენს ღირებულებას ორგანიზაციისათვის და შესაბამისად იმის ალბათობას რომ გაგიფრთხილდებიან, ხოლო მეორეს მხრივ ბევრად აადვილებს ახალი, უკეთესი სამსახურის პოვნას. 

     

    სამი სარგებელი, რომლის მოტანაც შეგიძლიათ თქვენი ორგანიზაციისათვის

    ხშირად იმაზე ფიქრი თუ რა ექნება ადამიანს იმის სანაცვლოდ თუ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საკუთარ ორგანიზაციას, და ეჭვი იმისა, რომ მაინც არავინ დაინახავს და დააფასებს ასეთ მონდომებას ადამიანებს ხელს უშლის ბევრი გამოუყენებლი შესაძლებლობის დანახვაშიც და გამოყენებაშიც საკუთარი ორგანიზაციის სასარგებლოდ. არა და საკმარისია დაიჯერო, რომ შენს მიერ შექმნილი უფრო მეტი სარგებელი აუცილებლად მიშნავს უფრო მეტ დაფასებას, აღიარებას ან ანაზღაურებას, და ამის შემდეგ ზედმეტი პირობების დაყენების გარეშე დაიწყო მაქსიმალურად ცდა უფრო მეტი სარგებელი მოუტანო შენს ორგანიზაციას და ყველაფერი შენს გარშემო ძალიან სწრაფად და საინტერესოდ დაიწყებს შეცვლას. თუ არ გჯერათ უბრალოდ სცადეთ.

    ეცადეთ სრულყოფილი ხარისხით შეასრულოთ თქვენი ყოველდღიური მიმდინარე სამუშაო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი რომლის შექმნაც შეგიძლიათ საკუთარი ორგანიზაციისათვის. ამაზე მუდმივი ფიქრი და მცდელობა ძალიან მალე გამოგარჩევთ გარკვეული  შეცდომების დაშვების შემთხვევაშიც კი. ეცადეთ ნიუანსების დონეზე სრულყოთ თქვენი მოქმედებები და დღიდან დღემდე თქვენი ღირებულება ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვნად გაიზრდება.

    ეცადეთ, რითაც შეძლებთ, დაეხმაროთ კოლეგებს მათაც უკეთესად აკეთონ საქმე და უფრო კარგ შედეგებს მიაღწიონ. ეს დამატებითი სარგებელია რომლის მოტანაც თქვენ თქვენი ორგანიზაციისათვის შეგიძლიათ. არა და ხშირად ადამიანები ფიქრობენ, ან დაუფიქრებლად იქცევიან ასე, რომ კოლეგის კარგი მუშაობა მათთვის არ არის სასარგებლო. არადა თუ თქვენ მათი რაიმეთი დახმარება შეგიძლიათ გააკეთეთ ეს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შეთხვევებში შესაძლოა უსამართლობის შეგრძნება დაგეუფლოთ საბოლოო ჯამში ეს მაინც აუცილებლად სათანადოდ დაფასდება. თქვენთვის ყველა შემთხვევაში უკეთეს შედეგებს მოიტანს.

    ეცადეთ დაეხმაროთ მენეჯმენტს უკეთესად მართონ. ნებისმიერი პოზიციიდან შეიძლება ამის გაკეთება. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ რომ ისინი იმდენად ცუდები არიან, რომ ამას არ იმსახურებენ, მიაწოდეთ მათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად, მიაწოდეთ მათ თქვენი შეხედულებები სრულყოფის შესაძლებლობებთან დაკავშირებით და იდეები რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესი შედეგების მისაღწევად. მაშინაც კი თუ თქვენ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დაისაჯოთ ზედმეტი ინიციატივებისათვის საბოლოო ჯამში თქვენ მაინც სარგებელს მიიღებთ აქედან, ვინაიდან ეს მცდელობები ან ახალი, უკეთესი, სამსახურის პოვნას გაგიადვილებთ, ან საბოლოო ჯამში არსებულ ორგანიზაციაში შემოგხედავენ და დაგაფასებენ განსხვავებულად.

    ამოირჩიეთ კარიერის განვითარების სასურველი გზა თქვენივე ორგანიზაციის შიგნით და იმოქმედეთ

    ხშირად ადამიანები ფიქრობენ რომ კარიერის განვითარება ორგანიზაციის შიგნით მათზე ნაკლებად არის დამოკიდებული. და არ იყენებენ ყველა არსებულ შესაძლებლობას ამისათვის. არადა საკმარისია ამ საკითხს ოდნავ განსხვავებულად შეხედოთ და თქვენი ყოველდღიური საქმიანობა შესაძლოა ბევრად მიზანმიმართული და სასიამოვნო გახდეს.

    მიმდინარე სამუშაოს პარალელურად ამოირჩიეთ სფერო სადაც ისურვებდით კარიერის გაგრძელებას. ეს სფერო თქვენი უნარების, სამომავლო ინტერესების, პროფესიული შესაძლებლობიდან გამომდინარე შეგიძლიათ განსაზღვროთ. სად იქნებოდა თქვენთვის უფრო საინტერესო მუშაობა, სახალისო და სასიამოვნო, სად შეძლებდით, თქვენი აზრით, უფრო მეტი სარგებელი მოგეტანათ თქვენი ორგანიზაციისათვის. სფეროს გამოყოფა კარიერის განვითარების გზაზე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

    იპოვეთ ადამიანი ან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან თქვენთვის საინტერესო სფერო და სთხოვეთ მათ მის ათვისებაში დაგეხმარონ. ხშირად როცა ადამიანი მოინდომებს შესაძლებლობებიც ადვილად ჩნდება. სავარაუდოა, რომ ვიღაცა აუცილებლად გამოჩნდება ვინც არ დაიშურებს დროს და ენერგიას ასახსნელად და სასწავლებლად. მთავარია თქვენ მოინდომოთ და ასეთი ადამიანების პოვნას შეეცადოთ. ეს იქნება თქვენის მხრიდან ერთის მხრივ განაცხადი რომ გაინტერესებთ ეს სფერო, და მეორეს მხრივ შანსი იმისა, რომ მოგცემენ ამ მიმართულებით კარიერის განვითარების შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გაიზრდება, მთავარია ეს დაიჯეროთ და დაიწყოთ აქეთ მოქმედება.
    და წიგნები ისევ და ისევ, მოიძიეთ და კარგად დაამუშავეთ ლიტერატურა იმ სფეროზე რომელშიც კარიერის განვითარებას აპირებთ და ეს თქვენ ძალიან მალე მოგცემთ შესაძლებლობას გამოავლინოთ თქვენი კომპეტენცია და მზაობა ახალი, თქვენთვის საინტერესო საქმის საკეთებლად.

    ასეთი შანსის გამოჩენის შემთხვევაში თქვენ კარგი კანდიდატი იქნებით, თუ მოვალეობების შესრულებას კარგი ხარისხით და ორგანიზაციისათვის მინიმალური დამატებითი დროითი და ფინანსური დანახარჯების გარეშე შეძლებთ.

    *  *  *

    ხშირად გვგონია, რომ იქ სადღაც უკეთესია, ვინაიდან იქიდან რაც იქ ხდება ჩვენ, როგორც წესი, უფრო დადებითს ვხედავთ ვიდრე უარყოფითს. უარყოფითის გაგებას და შეგრძნებას იქ მისვლა, დრო და გამოცდილება უნდა. მაშინ რატომ უნდა წავიდეთ იქიდან სადაც უკვე ვიცით ყველაფერი უარყოფითიც და დადებითიც, სადაც გვიცნობენ და ასე თუ ისე გვენდობიან? რატომ უნდა წავიდეთ სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდებით, რომ აქ ყველა შესაძლებლობა გამოყენებულია, ყველა შანსი ნაცადი და ამოწურულია?

    მოკლედ, თუ თქვენთვის მოსაწყენი გახდა თქვენი ყოვედღიური სამსახური. აღარ მოგწონთ იმავეს კეთება ან ის გარემო გაღიზიანებთ რომელშიც მუშაობა გიწევთ, თუ თქვენთვის მოსაბეზერებელი და მოსაწყენი გახდა ერთფეროვანი ცხოვრება – სანამ ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებთ, ვფიქრობთ უმჯობესი იქნება ჯერ უბრალოდ ეცადოთ:

    ა) მოძებნოთ პროფესიონალიზმის დონის ამაღლების გზები არსებულ სამუშაო ადგილზე, იმ საქმეში რომელსაც აკეთებთ.

    ბ) მოუტანოთ უფრო მეტი სარგებელი საკუთარ ორგანიზაციას მაშინაც კი თუ ბუნდოვანია რას მიიღებთ ამისათვის სანაცლოდ.

    გ) იპოვოთ ორგანიზაციის შიგნით კარიერის განვითარების თქვენთვის სასურველი სცენარი და იმოქმედოთ ამისათვის.

    და  მაშინაც კი თუ თქვენ ფიქრობთ რომ არავინ ამ ორგანიზაციაში ამის ღირსი არ არის, შედეგად თქვენი ცხოვრება კიდევ ერთხელ გახალისდება, საინტერესო და სასიამოვნო გახდება, აზრს და მიზანს შეიძენს თქვენი ყოველდღიური საქმიანობა. კიდევ უფრო გაიზრდება თქვენი ღირებულება ორგანიზაციისათვის სადაც მუშაობთ და უფრო მეტი აღიარების და დაფასების საფუძველიც და შესაძლებლობაც გაგიჩნდებათ. და ვინ იცის იქნებ ამ ყველაფერმა ისე შეცვალოს თქვენს მიმართ დამოკიდებულება, რომ თქვენც სულ ახლებურად დაინახოთ თქვენი ორგანიზაცია, მისი მენეჯმენტი, თქვენი კოლეგები.

    და მაშინაც კი, თუ თქვენ ყოველივე ამის შემდეგ, დარწმუნდებით რომ სამსახურის გამოცვლა მაინც ყველაზე საუკეთესო არჩევანია, გექნებათ უფრო მეტი თვითშეფასება და ცოდნა ახალი სამუშაო ადგილის უფრო ადვილად მოსაძებნად და უფრო მეტი ისტორია და მაგალითი CV-ში ჩასაწერად და ინტერვიუზე მოსაყოლად რაც საოცნებო სამსახურის პოვნის შანსს ბევრად აამაღლებს, თქვენი პიროვნული კაპიტალიც გაიზრდება და შესაბამისად თავისუფლებაც, რომელსაც ყველა ასე ვესწრაფვით.

    სტატიის რეიტინგი
    2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5 საშუალო: 5.00 ქულა
    მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს შეუძლიათ შეფასება
    გაუზიარეთ მეგობრებს facebook-ზე

    My status

    3 კომენტარი სტატიაზე “როცა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობ”

    1. a.shishmanashvili:

      1 მარტი, 2010 10:29

      ეს ისეთი რამეა, რომ სამსახური რომ მოგწყინდა მარტო მაშინ კი არაა აქტუალური. ჩვევა, ყოველთვის ასე მიუდგე საკუთარ სამუშაო ადგილს ყველაფზე ქმედითი ფაქტორია წარმატებაში. ჩემი მოკრძალებული აზრით რა თქმა უნდა

    2. admin:

      1 მარტი, 2010 12:32

      სტატიის განხილვა მიმდინარეობს ფორუმზე სტრატეგიული კლუბი

      http://www.strategist.ge/forum/index.php?showtopic=600&hl=

    3. Shalva:

      26 მარტი, 2010 14:23

      სტატია ნამდვილად კარგია და ალბათ ბევრისათვის გარკვეული სტიმულის მიმცემიც. ხშირად ხდება ხოლმე, როცა ადამიანის ყოველდღიურ საქმიან ცხოვრებაში გარკვეული დეპრესული მომენტი დგება. შინაგანად ყველამ იცის კიდევაც რომ მრავალი გზა არსებობს ამ მდგომარეობიდან გამოსვლის, მაგრამ …..
      კარგია როცა ამის შესახებ სხვაც გეიბნება

    კომენტარის დამატება:

    კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს