• მეტა

  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:


    Synergy Insight Synergy Startup



    საქმის წარუმატებლობის გამომწვევი 6 მიზეზი

    11 ნოემბერი, 2008 | წაკითხულია 468-ჯერ

    საქმის წარუმატებლობის გამომწვევი მიზეზების უარყოფითი ეფექტის არიდება ადვილია თუკი შემსრულებელმა წინასწარ იცის ამის შესახებ და დაცვით ზომებს მიმართავს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხდება და გარშემო უამრავი შემთხვევაა, როდესაც კარგი საქმეები შრომისმოყვარე და მიზანმიმართული მენეჯერის ხელშიც კი წარუმატებლობით მთავრდება. არადა გააზრებაც კი ამ მიზეზების, რომლის არცოდნაც ყველაზე ხშირად იწვევს წამოწყების წარუმატებლობას, მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალში შეცდომების დაშვების შანსს.

    წარუმატებელი საქმეების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ეს მიზეზები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად გაერთიანდეს. ქვემოთ მოცემულია საქმის წარუმატებლობის 6 მიზეზი  და 6 რჩევა, თუ როგორ შეიძლება წამოწყების დაცვა მათი ზემოქმედებისგან. შეიძლება ეს ჩამონათვალი სრული არ არის, მაგრამ წარუმატებლობათა დიდი ნაწილის ასახსნელად ნამდვილად გამოდგება.

    მიზეზი I: იდეალური შედეგის მიღებას ტიტანური ძალისხმევა და რესურსები სჭირდება

    ნებისმიერ საქმეში შედეგის უდიდესი ნაწილი რამდენიმე გადამწყვეტ ღონისძიებას ეხება, როცა იდეალურ რეზულტატამდე დარჩენილ ნაწილს უამრავი დეტალური ნაბიჯი და ყველაზე რთული, სერიოზული მოქმედებები სჭირდება. ეს კანონი ემპირიულად დიდი ხანია დამტკიცებულია და ბიზნესში მას პარეტოს კანონით (20/80 პრინციპით) იცნობენ.

    ეს კანონი მწირი ბიზნესრესურსების პირობებში კიდევ უფრო აქტუალურია. რომელ კომპანიას აქვს საკმარისი სახსრები, რომ თავისი ამოცანების იდეალური გადაჭრისკენ მიისწრაფოდეს? ზოგიერთები ალბათ მაინც ცდილობენ ამას და ისეთი ღონისძიებების განხორციელების რისკზე მიდიან, რომლებიც ძვირი ღირს. შედეგად კი ბოლოს აღმოჩნდება, რომ 100%-იანი შედეგისთვის რესურსები მართლაც არასაკმარისია, ზოგიერთი ეფექტური ღონისძიება შეუსრულებელი რჩება და კომპანიას იმაზე ცუდი რეზულტატით უწევს დაკმაყოფილება, რისი მიღებაც შეეძლო რესურსების სხვაგვარი გადანაწილების შემთხვევაში.

    რესურსების სწორად გამოყენების საუკეთესო გზაა აქცენტის გაკეთება ყველაზე დიდი ეფექტის მქონე ამოცანებზე და არგადასვლა სხვებზე, სანამ მაღალშედეგიანი ამოცანები დამაკმაყოფილებელი ხარისხით არ გადაიჭრება. ამის შემდეგ, თუ კიდევ დარჩება რესურსები, შესაძლოა სხვა ამოცანებზე გადასვლაც და იდეალურ შედეგთან მიახლოება, მაგრამ ეს უკვე მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა საბაზისო შედეგი მიღწეულია. იდეალურისკენ სწრაფვა და დეტალების დახვეწა მაშინ არის გამართლებული, როცა ფუნდამენტი ჩასხმულია და უმთავრესი შედეგები მიღწეულია. ეს გახლავთ რესურსების ეფექტური გამოყენების საწინდარი.

    მიზეზი II – ყველა საქმეში არსებობს გადაუჭრელი პრობლემები (ამოცანები)

    ეს მიზეზი წინას გაგრძელებადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ერთ_ერთი მიზეზი, რატომ არ ღირს ესწრაფოდე 100%-იან შედეგს, გადაუჭრელი პრობლემების არსებობაა. როგორიც უნდა იყოს მცდელობა, ყოველთვის დარჩება რამდენიმე გადასაწყვეტი საკითხი. არსებობს ორი გზა: ამ თემებზე უზარმაზარი რესურსები დაიხარჯოს იმ იმედით, რომ იქნებ რაიმე გამოვიდეს ან გადაწყდეს, რომ პრობლემის გადაჭრა რაციონალურად გამართლებული დანახარჯებით ვერ მოხერხდება და რესურსები ისეთი საკითხებისკენ წარიმართოს, რომლებიც ძალისხმევის ერთეულზე უფრო მეტ შედეგს იძლევა. მართალია, ამოცანა იდეალურად არ გადაიჭრება, მაგრამ სამაგიეროდ, იმის მაქსიმუმი მიიღწევა, რისი მოცემაც შეზღუდულ რესურსებს შეეძლო.

    გარდა რესურსული დანახარჯებისა, პრობლემებზე ნერვიულობას უზარმაზარი სულიერი ენერგიაც მიაქვს და სამუშაოს სიამოვნების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს. ადამიანები, რომლებიც ახერხებენ მოუგვარებელი საკითხების გამოცნობას და მათ იგნორირებას, ნაკლებად იტანჯებიან სტრესებისაგან, გაცილებით დიდ სიამოვნებას იღებენ სამუშაოსგან და შედეგებსაც, როგორც წესი, უფრო უკეთესს აღწევენ. ეს უმთავრესად ხდება ნერვიულობასა და გადაუჭრელ პრობლემასთან ჭიდილში დაზოგილი მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების ხარჯზე.
    მთავარი ამოცანა გადაუჭრელი პრობლემების ნეგატიური გავლენისგან თავის დაცვაა. ამ თემაზე ლიტერატურაში საინტერესო თეორიასაც გადააწყდებით, რომელიც ჩვენს გარემოს ინტერესისა და გავლენის ზონებად ყოფს.

    ინტერესის ზონა არის ყველაფერი, რაც ჩვენი საქმისთვის მნიშვნელოვანია, გავლენისა კი – ჩვენი გავლენის ქვეშ მყოფი საკითხები. განასხვავებენ ადამიანებს, რომლებიც ყურადღებას აქცევენ კონტროლის ქვეშ მყოფ თემებს და რომლებიც უმთავრესად გადაუჭრელ პრობლემებზე რეაგირებენ. აღმოჩნდა, რომ გადაუჭრელ პრობლემებზე კონცენტრაციისკენ მიდრეკილი ადამიანების მოქმედებები გრძელვადიან პერიოდში ძალიან ცუდ შედეგს იწვევს და უფრო და უფრო მცირდება გავლენის ქვეშ მყოფი საკითხების რაოდენობა. მათგან განსხვავებით, ადამიანები, რომლებიც გადაუჭრელ პრობლემებზე არ დარდობენ და მთელ დროსა და ენერგიას უთმობენ კონტროლირებად საკითხებს, გავლენის სფეროს გაფართოებას აღწევენ.

    ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეკომენდებულია მაქსიმალურად გულგრილი დამოკიდებულების შენარჩუნება იმ საკითხების მიმართ, რომლებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია.

    მიზეზი III – ადამიანებს საქმე დამთავრებულად რეალურ დასასრულზე  ადრე ეჩვენებათ

    შემსრულებელს საქმე წარმატებულად დასრულებულად ეჩვენება იმ დროს, როდესაც კიდევ ერთი აღმართია ასავლელი, ერთი წინააღმდეგობა გადასალახავი… (ადამიანის მიდრეკილებაა, აღიქვას სასურველი რეალურად). ასეთ დროს გამარჯვების გამოცხადება, ანუ საქმის დასრულებულად ჩათვლა და სხვა ამოცანაზე გადასვლა, უმეტესად სავალალო შედეგს – მიღწეულის ნელ-ნელა დეგრადაციას იწვევს. სიტუაცია შეიძლება შევადაროთ აღმართზე აგორებულ ქვას, რომელსაც მწვერვალამდე ოდნავ ადრე გაუშვეს ხელი. ქვა ნელ-ნელა, უკან ჩამოგორებას იწყებს, თავიდან შეუმჩნევლად, თანდათანობით კი უფრო და უფრო სწრაფად. ბოლოს კი ისევ მთის ძირში, იმ ადგილას აღმოჩნდება, საიდანაც აგორება დაიწყო.

    ამ პრობლემის გვერდის ავლა საკმაოდ მარტივია. როდესაც ადამიანს პირველად ჰგონია, რომ საქმე უკვე დასრულებულია, ზუსტად ამ დროს უნდა შეჩერდეს, კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი გეგმას და ეძებოს ღონისძიებები, რომლებიც საბოლოოდ განამტკიცებს მიღწეულ შედეგს და აღარ დატოვებს უკანსვლის შესაძლებლობას. საჭიროა მხოლოდ ახსოვდეს ეს კანონი და იცოდეს, რომ გამარჯვების პირველი შეგრძნება ყოველთვის მოჩვენებითია.

    ამ კანონზომიერების მოქმედება ბიზნესის სფეროში ყველაზე თვალსაჩინოა ისეთ ამოცანებზე მუშაობისას, რომლების წარმატებით გადასაჭრელად ბოლო ეტაპზე, კულტურაში, თანამშრომელთა ჩვევებში რაღაც ცვლილებები უნდა მოხდეს. საზღვარგარეთულ ლიტერატურაში სტანდარტული ისტორიის უამრავ მაგალითს გადააწყდებით: საგრძნობი ცვლილება კომპანიაში, რომელზეც, დიდი მნიშვნელობის გამო, საკმარისი რესურსებია გამოყოფილი. ცვლილების პროცესი კარგად ორგანიზებული და დაგეგმილია, მიიღება და ხორციელდება მრავალი შემოქმედებითი გადაწყვეტილება და შედეგიც არ აყოვნებს – მენეჯმენტი სიამაყით წარადგენს თავისი შრომის შედეგს და თვითკმაყოფილებაში იძირება. მაგრამ რა ხდება? გადის 1 წელი და თვითკმაყოფილებიდან გამოფხიზლებული მმართველებისთვის თანდათან ცხადი ხდება, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი საქმეს ძველებურად აკეთებს.
    პროცესების ანალიზს ერთ დასკვნამდე მივყავართ: თურმე რეალურად, ცვლილებების ბოლოს მიღწეული შედეგები (გაზრდილი ეფექტურობა, დანერგილი პროცედურები, გაუმჯობესებული ფინანსური მონაცემები) არ ნიშნავდა საქმის წარმატებულ დასასრულს. მენეჯმენტს, სასურველი რეალურად მოეჩვენა და მხედველობიდან გამორჩა უკანასკნელი ნაბიჯი _ ცვლილებების კორპორატიულ კულტურაში განმტკიცება. ამის გარეშე კი ადამიანებს დიდხანს არ ეყოთ მოთმინება, რათა საქმე შეუჩვეველი ახალი მეთოდებით ეკეთებინათ და ნელ-ნელა კარგად ნაცნობ ძველ ხერხებს დაუბრუნდნენ.

     

    მიზეზი IV – როგორ კარგადაც უნდა იყოს წინასწარ გააზრებული მოქმედებები, ყოველთვის თავს იჩენს გაუთვალისწინებელი პრობლემები

    არასწორი მოქმედებების ყველაზე დიდი რისკი გაუთვალისწინებელ სირთულეებთან ბრძოლისას ჩნდება. ნებისმიერი საქმის დაწყებისას გეგმა ყოველთვის არსებობს (უარეს შემთხვევაში მენეჯერის წარმოსახვაში, უკეთესში კი, დეტალურად დასაბუთებული). მათ მიხედვით მოქმედებისას ნაბიჯები მეტ-ნაკლებად წინასწარ გააზრებული და გადაწყვეტილია. გაუთვალისწინებელი სირთულე კი უცაბედად იჩენს თავს და არ ტოვებს დროს საკმარისი განსჯისთვის. რაც უფრო ცოტა დრო გაქვს მოსაფიქრელად და დასაგეგმავად, მით უფრო დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა.

    შეუძლებელია გაუთვალისწინებელი მოვლენების სრულად პროგნოზირება (ასეთი ზუსტი გეგმების მომზადება თეორიულადაც კი გამორიცხულია), თუმცა შესაძლებელია მათი რაოდენობის შემცირება – ეს კი გაუთვალისწინებლის გათვალისწინებას ნიშნავს.

    ყოველთვის აქვს აზრი (მიუხედავად იმისა, რამდენად დეტალურია გეგმა) მცირე დროის გამოყოფას, დაუგეგმავი პრობლემებისა და ბარიერების პროგნოზირებასა და კრიზისულ სიტუაციებში გადასადგმელი ნაბიჯების გააზრებას. ეს სამუშაო ორი მიზეზის გამოა სასარგებლო: ამცირებს გაუთვალისწინებელი მოვლენების რაოდენობას და კრიზისულ სიტუაციაში ამაღლებს ადამიანის სწორი გადაწყვეტილებების მიღების მზადყოფნას (გონების ვარჯიშისა და გამოცდილების წინასწარ დაგროვების ხარჯზე). საკმარისია, კვირაში ერთ საათამდე დროის გამოძებნა და იმის გააზრება, თუ რა გაუთვალისწინებელმა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი მომდევნო კვირაში და ყველაზე საშიში მოულოდნელი მოვლენების უმეტესობა მხოლოდ უმნიშვნელო გადახვევებს დაემსგავსება.

     

    მიზეზი V – ნებისმიერ საქმეში ერთხელ მაინც დგება კრიზისული მომენტი, როცა შემსრულებელს ეჩვენება, რომ წარუმატებლობა გარდაუვალია

    კანონის ჭეშმარიტების დამამტკიცებელი თეორია არ არსებობს, იგი უმთავრესად ემპირიულ დაკვირვებებს ეფუძნება. მათი გამოცდილება, ვისაც ბევრ რთულ საქმეზე უმუშავია, ადასტურებს, რომ თითქმის ყოველთვის დგებოდა დრო, როცა წარუმატებლობის მომასწავებელი ნიშნები  საქმეში ჩართულ ადამიანებს ფარ-ხმლის დაყრისკენ უბიძგებდა.  საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევების უმეტესობაში შეგრძნება მოჩვენებითი იყო და სინამდვილეში კრიზისის შეგრძნებას აბსოლუტურად გადალახვადი პრობლემები იწვევდა.

    საკმარისია პროცესები არ შეჩერდეს, რომ მალე ბევრი რამ თავისით დალაგდება და განსაკუთრებული ანტიკრიზისული მოქმედებებიც აღარ იქნება აუცილებელი. უმეტესად მხოლოდ მინიმალური ძალისხმევა, ხშირად კი მხოლოდ წინასწარგანსაზღვრული კურსის დაცვაც კი საკმარისია, რომ აღმოჩნდეს, რამდენად არასწორი იყო პესიმისტური შეფასებები.

    ადამიანები, რომლებმაც საქმის კეთების პროცესის ამ თვისების შესახებ იციან, მსგავს სიტუაციებში ყველაზე ადეკვატურ ქცევას ირჩევენ. როცა საქმის კეთების დროს პირველად მოეჩვენებათ, თითქოს წარუმატებლობისკენ მიექანებიან, ახსენდებათ, რომ ეს შეიძლება რეალობას საერთოდ არ ასახავდეს, რომ წინასწარ იყო ცნობილი, ასე მოხდებოდა და მშვიდად ელოდებიან ღრუბლების გადავლას, ნერვიულობაზე ძალებისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე.

    რეალურად გადაულახავი სირთულეები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მათ ძალიან იშვიათად ვაწყდებით.  დაუძლეველი პრობლემებით გამოწვეულ წარუმატებლობებზე გაცილებით ხშირია კრახი, რომლებსაც ცრუ კრიზისების გამო ადამიანების დემოტივაცია იწვევს.

    როდესაც საქმის კეთების პროცესში პირველად დგება წარუმატებლობის განცდა, საჭიროა მე-5 მიზეზის გახსე-ნება. წინასწარვე ხომ იყო ცნობილი, რომ აუცილებლად წარმოიქმნებოდა გადაულახავი კრიზისის შეგრძნება. მაშინ ისიც ხომ წინასწარ არის ცნობილი, რომ სავარაუდოდ, ეს განცდა ილუზიაა და მალევე გაიფანტება. მთავარია, პროცესები არ შეჩერდეს.

     

    მიზეზი  VI – რუტინა ჩაგითრევს

    ნებისმიერი საქმის კეთების პროცესს, თან სდევს კიდევ ერთი უცვლელი ხაფანგი – განმეორებითი მოქმედებები ადამიანს რუტინულ შესრულებაზე გადასვლისა და მიზნის დავიწყებისკენ უბიძგებს.

    მიზნის დაკარგვას ბევრი უარყოფითი ეფექტი სდევს. ყველაზე მტკივნეული საქმიდან მიღებული სიამოვნების რადიკალური შემცირებაა. ღირსეული მიზანი, სტანდარტულ და უინტერესო მოქმედებებსაც კი განსაკუთრებულ შინაარსს აძლევს. რომელი დალაქი უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებს შრომისგან, მაკრატლის სწორად მოძრაობა რომ ჰგონია თავისი ამოცანა, თუ კლიენტის გალამაზება? ამ ორიდან რომელთან ამჯობინებენ მისვლას? როდესაც ადამიანს მიზანი არ ახსოვს, მისკენ არც მოძრაობს. თავიდან რუტინული ქმედებები ემსახურებოდა კიდეც მიზანს, მაგრამ გადის დრო, იცვლება ამოცანები, გარემო და მიზნისკენ სამოძრაოდ სხვა გზა ხდება საჭირო. რუტინაში ჩათრეულ ადამიანს უჩლუნგდება ამოცანების და ცვლილებების აღქმა და მანამდე აგრძელებს რესურსებისა და ენერგიის არასწორ ქმედებებზე ხარჯვას, სანამ დაკარგული შესაძლებლობები განსაკუთრებული სიცხადის და სიმწვავის შედეგს არ მოიტანს.

    დაბოლოს, საქმის რუტინული კეთება, მიზნის გათვალისწინების გარეშე, საკმაოდ ზღუდავს ახალ, შემოქმედებით იდეებს. იდეების გარეშე კი ნებისმიერი ნამუშევარი არაფრითაა გამორჩეული და ადვილად იკარგება ასეთივე ერთფეროვანი საქმეების რიგში. ასეთი საქმეებით წინსვლა გამორიცხულია.

    რუტინასთან ბრძოლის ეფექტური და მარტივი საშუალება არსებობს – მიზნის რეგულარული რევიზია. თანაბარი დროის შუალედებში (მაგალითად, 2 კვირაში ერთხელ) იმის შემოწმება, ემსახურება თუ არა ძველი გზა მიზანს, ხომ არ სჭირდება მოქმედებებს კორექტირება და რაიმე ახალი შესაძლებლობები ან იდეები ხომ არ გამოჩნდა, რომლითაც მიზანი უკეთ მიიღწევა.

    საქმის კეთების 6 რჩევა

    1. იდეალურ შედეგს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება. რესურსები დახარჯე მხოლოდ  პრიორიტეტულ მიმართულებაზე.
    2. არ ღირს გადაუჭრელ პრობლემებზე ნერვიულობა. ასეთები უნდა აღმოაჩინო, შემდეგ კი დაივიწყო და სხვა ამოცანებზე იმუშაო.
    3. თუკი პირველად გეჩვენება, რომ საქმე წარმატებით დასრულდა, იცოდე, რომ ეს მოჩვენებითია. კიდევ არის დარჩენილი სამუშაო.
    4. არ დაინანო დრო მოსალოდნელი სირთულეების წინასწარ განჭვრეტაზე.
    5. არ დაყარო ფარ-ხმალი კრიტიკულ მომენტში, საქმის კეთებისას გარდაუვალი კრახის პირველი განცდა ყოველთვის მოჩვენებითია.
    6. არ დაივიწყო მიზანი და არ გადახვიდე გეგმის მექანიკურ შესრულებაზე. რეგულარულად გააანალიზე მიზნები და მათ მისაღწევად არჩეული გზა.
    სტატიის რეიტინგი
    2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5 საშუალო: 5.00 ქულა
    მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს შეუძლიათ შეფასება
    გაუზიარეთ მეგობრებს facebook-ზე

    My status

    კომენტარის დამატება:

    კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს