როგორ დავგეგმოთ წარმატება
სტატიის ავტორი: ეთუნა მუნჯიშვილი
5 დეკემბერი, 2012 | წაკითხულია 5 367-ჯერ
ერთი გოგონას შესახებ მინდა მოგიყვეთ. მართალია ის ჯერ 18 წლისაა და ჯერ დიდი გამოცდილება არ დაგროვებია ან რაიმე საკაცობრიო წარმატებისთვის არ მიუღწევია (ჯერ), მაგრამ მან ზუსტად იცის როგორ დაგეგმოს თავისი წარმატება.
საერთოდ რატომ გვჭირდება წარმატების დაგეგმვა. ცხოვრებაში, ეს იქნება პირადი, საქმიანი თუ სულიერი, წარმატების მიღწევა ყველას გვინდა. თუმცა უმეტესობა ჩვენთაგანს კითხვაზე როგორ მივაღწიოთ წარმატებას, გამორჩეულების გარდა, ბუნდოვანი პასუხი გვაქვს და ისეთი რომელიც კონკრეტულ მოქმედებებში არ გადაგვყავს. არადა პასუხი ძალიან მარტივია, წარმატების დაგეგმვა გვჭირდება იმისთვის, რომ ბევრი რამ მოვასწროთ ცხოვრებაში, საინტერესო ყოველდღიურობა გვქონდეს და დღის, უკიდურეს შემთხვევაში სიცოცხლის, ბოლოს გული არ დაგვწყდეს და არ ვინანოთ, რომ დრო გაურკვევლობაში დავკარგეთ.
ვინმემ უცბად რომ გაგვაჩეროს და გვკითხოს, დაფიქრების გარეშე, რატომ, რა მიზნისთვის ვშრომობთ ან ვსწავლობთ ყოველდღე, რას ვუპასუხებდით?… ისიც რომ შეგვეკითხოს რას ვაკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი მიზნების მისაღწევად, ამაზე რას ვუპასუხებდით? ჩემი სტატიის გმირს ამ კითხვებზე ისეთი ჩამოყალიბებული და მკაფიო პასუხები აქვს, რომ გულახდილად რომ გითხრათ შეგშურდებოდათ, მის ასაკში ასეთი არ იყავით, ან ჩვენი შვილი/ძმა/და ნეტავ ასე უდგებოდეს თავის ცხოვრებას, ან ჩვენ ვხედავდეთ ჩვენს უახლოეს მომავალს ასე მკაფიოდ და ვიცოდეთ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე.
სკოლა წარმატებულად დაამთავრა, უნივერსიტეტშიც წარმატებულად ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე. ერთი შეხედვით გარშემომყოფებისთვის ის ერთ–ერთი პოტენციურად წარმატებული ახალგაზრდაა, ვისაც ყველა წინაპირობა აქვს წარმატებისთვის. თუმცა რაც მას არამარტო მისი თანატოლებისგან, არამედ წარმატების სურვილის მქონე ადამიანებისგან გამოარჩევს არის ის, რომ მას ძალიან კარგად ესმის წარმატების მიღწევის ტვირთი – მისი მომთხოვნი თანმიმდევრულობის ხასიათი და დაუღალავი ნებისყოფის საჭიროება.
იურიდიულ ფაკულტეტზე იმიტომ ჩააბარა, რომ ფიქრობს მისი დანიშნულება ბავშვთა უფლებების დაცვასა და რეალიზებაშია. გეგმავს რომ მომავალში თავის კარიერას UNICEF-ში გააგრძელებს და მაქსიმალურად ეცდება ამ ორგანიზაციის საშუალებით თავისი ფუნქციის შესრულებას. თუმცა თავისი ცხოვრების განსხვავებულად წარმართვის ალტერნატივასაც ახლავე განიხილავს. ფიქრობს, რომ თუ მისი მომავალი მეორე ნახევარი შეძლებული პირი იქნება და მისგან ოჯახის ფინანსურად გასამყარებლად დამატებითი ძალისხმევა არ იქნება საჭირო, მათემატიკის მასწავლებლად იმუშავებს. მათემატიკა უყვარს ამიტომაც მეორად სპეციალობად მათემატიკას სწავლობს იურიდიულის პარალელურად. ყოველ დღეს 7 საათზე იწყებს, ქალაქში ალბათ მის თანატოლებზე ყველაზე ადრე იწყებს ცხოვრებას და ბევრ, ძალიან ბევრ რამეს ასწრებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა, ცოტა ხნის წინ მიმტანად გადაწყვიტა მუშაობის დაწყება, მისი აზრით აქ მიღებული გამოცდილება იქნება ყველაზე განსხვავებული, იმასთან შედარებით რა გამოცდილებაც წინ ელოდება.
ამ ისტორიის მთელი მორალი მის დამოკიდებულებაში მდგომარეობს იმის მისაღწევად, რაც მას წარმატებად ესახება. წარმატების მიღწევა არც იღბალში არც მხოლოდ შრომისმოყვარეობაში და არც ნიჭის ქონაშია, ეს წარმატების დაგეგმვის უნარის ქონასა და მის მუდმივ განვითარებაშია. წარმატების დაგეგმვა კი ჩვენ ასე გვესმის: იპოვო შენი ფუნქცია, სწორად იშრომო ამ ფუნქციის რეალიზებისთვის და ამის პარალელურად მუდმივად იზრუნო უნარ–ჩვევების განვითარებაზე ისევ შენი მთავარი ფუნქციის უკეთ შესასრულებლად.
იპოვო შენი ფუნქცია
დანიშნულების პოვნა ადვილი არ არის. ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ამოცანაა. ამას გვეუბნებიან ასაკოვანი, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, სასულიერო პირები. ყველა თავისებურ გზას გვთავაზობს ამის საპოვნელად. ყველაზე დიდი შეცდომა კი რაც ფუნქციის პოვნის დროს შეიძლება მოგვივიდეს ისაა, რომ ზედმეტად გადავამეტოთ ძებნის პროცესი, იმაზე მეტი დრო, ენერგია დავახარჯოთ ვიდრე საჭიროა. შედეგად კი ის მივიღოთ, რომ იდეალურ ვარიანტს შეიძლება ვერ მივაგნოთ, ვერ მოვიშოროთ უკმაყოფილების გრძნობა და ყოველდღიურად რასაც ვაკეთებთ ის რეალური საქმეც უღიმღამოდ გავაკეთოთ. არადა გამოსავალი გამბედაობაშია – მივიღოთ გადაწყვეტილება რა გვინდა რომ ვაკეთოთ.
ამ დროს ყველაზე მარტივი გზაა გავიხსენოთ რისი კეთება გვსიამოვნებს და რისი კეთება გამოგვდის კარგად, მათ შორის ყველაზე ოპტიმალური თანხვედრა ავირჩიოთ. ეს სულაც არ ნიშნავს რომ სიცოცხლის ბოლომდე ეს უნდა დარჩეს ჩვენს დანიშნულებად, თუმცა ამ მოცემულობისთვის ეს ყველაზე კარგი საშულებაა ვიცოდეთ რას რისთვის ვაკეთებთ, ამასობაში კი ნისლიც იფანტება ხოლმე და გზებიც უფრო უკეთ ჩანს.
იმუშავო სწორად და დაუღალავად
შეიძლება ვიპოვოთ ყველაზე ოპტიმალური როლი, თუმცა მისი წარმატებული რეალიზება განწირულია თუ ჩვენი დახარჯული ძალისხმევა ამ ფუნქციის შესასრულებლად არასრულყოფილია.
როგორც ერთ ღამეში ნასწავლი, გამოცდაზე უმაღლეს შედეგს არ იძლევა, ასევე არათანმიმდევრულად მიმართული შრომა ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. შრომის სიყვარული მუშაობის უნარის გამომუშავებაშია, რაც ძალისხმევის სწორად განაწილებას და ამავე დროს მუდმივ თავდადებას გულისხმობს. რაც უფრო თანმიმდევრულია და სტაბილურია ჩვენი ძალისხმევა, რაც უფრო უწყვეტია ჩვენი მონდომება, რაც უფრო გონივრულად დაგეგმილია ჩვენი შრომა, მით უფრო დიდია წარმატება და სარგებელი, რაც ჩვენი თავისთვის და სხვებისთვის მოგვაქვს. ამ დროს რატომღაც იღბლიანობის შემთხვევებიც უფრო მატულობს და ჩვენი მზადყოფნაც უფრო დიდია დავინახოთ შესაძლებლობები ჩვენს გარშემო და დროულად გამოვიყენოთ ისინი.
თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობის ეფექტი არ ექნება თუ ძალების აღდგენისთვის საჭირო დროის გამოყოფა არ მოხდა. ამიტომაც შრომის სიყვარული სულაც არ გამორიცხავს დასვენებას, პირიქით ყველაზე შრომისმოყვარეებმა ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ დროული განტვირთვის ფასი.
მუდმივად იზრუნო განვითარებაზე და ისწავლო
შეიძლება ჩვენთვის ყველაზე სწორი ფუნქცია ვიპოვოთ, ბევრი ვიშრომოთ ამ ფუნქციის შესასრულებლად, მაგრამ თუ ამის პარალელურად ახალს არ ვისწავლით, ჩვენს თვით განვითარებაზე დროს არ დავხარჯავთ, ეს მალე თავს იჩენს და ხელსაც შეგვიშლის.
წარმატების დაგეგმვაში ამ კომპონენტის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. სწავლის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა განაპირობებს ეტაპობრივ და მზარდ წინსვლას ჩვენი წარმატებისკენ. შრომის მსგავსად, ერთჯერადი სწავლა არ არსებობს. სწავლის კომპონენტი ჩვენგან მიზანმიმართულ დაგეგმილ ძალისხმევას მოითხოვს. თუ ყოველ დილას სწავლით დავიწყებდით, რისთვისაც 50-60 წთ გამოვყოფთ და ჩვენი საქმის უკეთ შესასრულებლად საჭირო ინფორმაციას/მასალას გავეცნობით, გამოდის რომ თვეში სწავლისთვის დაახლოებით 20 საათს დავხარჯავთ, რაც ყოველდღიურად თითქოს არაფერია, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი ეფექტი პირდაპირ ჩვენი საქმიანობის გაზრდილ ღირებულებაზე აისახება.
ამ სამი კომპონენტის პრიორიტეტულობა დროში იცვლება. თუ ჩავთვლით რომ ფუნქცია ნაპოვნი გვაქვს, მაშინ შრომა და სწავლა ხდება პრიორიტეტული, თუმცა ამ ორს შორისაც პრიორიტეტის გაკეთება უნდა გვიწევდეს იმ კონკრეტული მომენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
საინტერესოა როგორ შეიცვლება ჩემი სტატიის პერსონაჟის ცხოვრება 5 -10 წლის შემდეგ. სავარაუდოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეიძლება თავისი თავი სხვა როლში უკეთ დაინახოს, ან ისევ ამ პოზიციაზე დარჩეს. მთავარი ისაა, რომ თუ ამ პრინციპით გააგრძელებს ცხოვრებას დიდი ალბათობით თავის გეგმებს შეასრულებს და წარმატებისთვის ახალ სამიზნეებსაც ასეთივე მკაფიო ხედვით აიღებს.
წარმატებები ვუსურვოთ მას მიზნების განხორციელებაში და ყველა ჩვენგანს წარმატებების დაგეგმვის სწავლაში.
დეკემბერი, 2012წ
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “საკუთარი ცხოვრების მენეჯმენტი“|ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
3 კომენტარი სტატიაზე “როგორ დავგეგმოთ წარმატება”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
5 დეკემბერი, 2012 09:53
სტატია რომ კარგია ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება, მაგრამ ჩემთვის აქ ყველაზე ღირებული თვითონ ავტორის წარმატებული ცხოვრებაა რომელიც მას აძლევს ყველანაირ უფლებას წეროს, ასწავლოს და დაეხმაროს სხვებს წარმატების მიღწევაში..
7 დეკემბერი, 2012 00:17
warmatebebi….mteli gulit…. : )
11 დეკემბერი, 2012 22:58
ეს არა მხოლოდ ბავშვებისთვისაა საინტერესო და მნიშვნელოვანი, არამედ მშობლების უმეტესობისთვისაც, რომ სწორი მიმართულება და დაკვალიანება მისცენ თავიანთ შვილებს ცხოვრების რთულ გაზაზე, რაც მხოლოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამომუშავდება, ეჩვევა და ამის შემდეგ გადადის მოთხოვნილებაში. ჩემის აზრით ბავშვობა და შემდეგ თინეიჯერობა საკმაოდ მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.