ყველაფერი ხომ სიყვარულით იწყება
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
21 იანვარი, 2009 | წაკითხულია 4 647-ჯერ
ყველაფერი სიყვარულიდან იწყება, სიყვარული აჩენს ზრუნვის შეგრძნებას, აღძრავს მოქმედების სურვილს, მოქმედების სურვილი გვაძებნინებს საქმეს, რომელიც გამოგვივა, მერე ვპოულობთ ამ საქმეს, ვცდილობთ, გავაკეთოთ ის, რაც შეიძლება კარგად და ვცდილობთ, ვისწავლოთ მისი კეთება კიდევ და კიდევ უფრო კარგად იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ მათთვის, ვინც გვიყვარს.
ხომ ძალიან მარტივია, მაგრამ ამ ყველაფერს სიყვარული სჭირდება. მეტი სიყვარული. სიყვარული, რომელიც ყველაზე ბევრი იყო ჩვენში, ბევრთან შედარებით. რომელიც გამოგვარჩევდა, რომელსაც ასე გრძნობდა და ელტვოდა ყველა, ვინც ჩვენს ქვეყანაში ერთხელ მაინც ჩამოვიდოდა. სიყვარული, რომელიც გვაძლევდა ძალას და სტიმულს იმისათვის, რათა საგმირო, დიდი საქმეები გვეკეთებინა. გადაგვერჩინა ვიღაცა, გაგვეოცებინა, ქვაც კი გაგვეცოცხლებინა.
ეს იყო ქვეყნის დიდი სიყვარული, რაც მიწის, ხალხის, ტრადიციების, კულტურის და ისტორიის სიყვარულში აისახებოდა. სიყვარული ოჯახის : დედის, მეუღლის, შვილების, და-ძმის. სიყვარული მეგობრების, მეზობლების, უბრალოდ ადამიანის. ჩვენ ვატარებდით ამ სიყვარულს და ის გვაკეთებინებდა საქმეს გვაშენებინებდა ტაძრებს, გვაძლევდა ღირსეული, გამორჩეული მოღვაწეობის ძალას და სტიმულს, ძალიან ბევრი მიმართულებით. ჩვენ, შეიძლება, არასდროს ვყოფილვართ მდიდრები, მაგრამ ყოველთვის გვქონდა იმდენი, რამდენიც გვჭირდებოდა იმისათვის, რათა ეს სიყვარული შეგვენარჩუნებინა, გვეტარებინა და გაგვევრცელებინა ისე, უანგაროდ.
ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ სიყვარულს ნელ-ნელა ვკარგავთ, დღითი დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ. მის ადგილს ნიჰილიზმი, უნდობლობა, უიმედობა იკავებს. შესაბამისად ვკარგავთ ძალას იმისთვის რათა ვაკეთოთ, ვკარგავთ დიდი, გამორჩეული საქმეების კეთების, სიყვარულით კეთების სურვილს. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კარგავს ფასს, ღირებულებას, უვარგისი და ზედმეტი ხდება. ზედმეტი ვხდებით ჩვენც, ჩვენი ცოდნით, ჩვენი უნარებით. უფრო ვამძიმებთ მიწას, ვიდრე ვაბრუნებთ, უფრო ვაფუჭებთ, ვიდრე ვაკეთებთ. უფრო ვხვდებით, ვიდრე ვგრძნობთ, უფრო ვლაპარაკობთ, ვიდრე ვმოქმედებთ, უფრო ვწუწუნებთ, ვიდრე ვიბრძვით და უფრო ვაკრიტიკებთ ერთმანეთს, ვიდრე ვეხმარებით და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ სიყვარულს ვკარგავთ. მაცოცხლებელ, მამოძრავებელ სიყვარულს.
რაც უფრო დიდია სიყვარული, რაც უფრო ფართოა არეალი ადამიანების წრის, ჯგუფის, ვინც გვიყვარს და ვისზეც ვზრუნავთ, მით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების კეთებისთვის ვართ მზად, მით უფრო მეტად გვინდა დავიხარჯოთ, მით უფრო მეტის გაღებაზე ვართ თანახმა მათთვის, მით უფრო დიდი ბარიერების გადასალახად ვართ მზად და მით უფრო მეტად ვეძებთ საქმეს, რომელიც ყველაზე კარგად გამოგვივა, მით უფრო მეტად ვცდილობთ, ის რაც შეიძლება კარგად გავაკეთოთ და რაც მთავარია, ვისწავლოთ მისი უკეთ და უკეთ კეთება.
დღეს განსაკუთრებით დიდი სიყვარული გვჭირდება. იმისთვის, რომ ბევრად მეტი ვიმუშაოთ, ვიდრე ვმუშაობთ, ბევრად მეტი ვაკეთოთ, ვიდრე ვაკეთებთ, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა. იმისათვის, რათა დავიბრუნოთ სიყვარულის ექსპორტის ფუნქცია. იმისათვის, რომ ადამიანები ჩამოდიოდნენ აქ, ჩვენთან, რათა იგრძნონ ადამიანური სითბო, ენერგია წაიღონ და თავადაც გაავრცელონ იქ, სადაც ცხოვრობენ. ჩვენ დაკარგული სიყვარულის დაბრუნება ჰაერზე მეტად გვჭირდება, თორემ, სხვა შემთხვევაში, ისევ ვიქნებით მუდმივად უკმაყოფილო სხვებით და ნაკლებად ვიფიქრებთ იმაზე, ჩვენ რა შეგვიძლია და რას არ ვაკეთებთ. მუდმივად გავაკრიტიკებთ სხვებს იმის ნაცვლად, რომ დავეხმაროთ მათ, მუდმივად ვიწუწუნებთ ნაცვლად იმისა, რომ ვიბრძოლოთ და მოკლედ იმასაც დავკარგავთ, თუკი რამე დაგვრჩენია საერთოდ. სიყვარულის დაბრუნება გვჭირდება სასწრაფოდ. დიდი სიყვარულის ჩვენი ქყვეყნის, ოჯახების, მეგობრების, მეზობლების, უბრალოდ ადამიანების მიმართ ჩვენს გარშემო.
ამისათვის კი მაგალითი გვინდა, დიდი სიყვარულის მაგალითი, დიდი თავდადების, დიდი ზრუნვის. და ეს მაგალითი გვინდა არა წარსულიდან, არამედ დღეს, დღევანდელ ცხოვრებაში, დღევანდელი რეალობიდან. გვინდა მინიშნებები, რომ ეს არის მთავარი, გვინდა რწმენა იმისა, რომ შეგვიძლია სიყვარული და გვინდა ცოდნა იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე დიდი საქმეების საკეთებლად, დიდი მიზნების მისაღწევად, დიდი თავდადებისათვის. ჩვენ გვინდა გვქონდეს ეს მაგალითი ვინმესგან, ადამიანისგან, ადამიანთა ჯგუფისგან, თუნდაც ერთი, მაგრამ ცხადი მაგალითი და ყოველი ქვენა გრძნობების, ანგარების გარეშე. თორემ ტყუილს და სიყალბეს ადვილად მივხვდებით და ეს უფრო დაგვიკარგავს იმედს, კიდევ უფრო დაგვასუსტებს და დაგვაუძლურებს.
ასეთი დიდი სიყვარულის მაგალითად კი უამრავი რამ შეიძლება გამოდგეს:
ტაო კლარჯეთის ეკლესია–მონასტრებზე ზრუნვა (ეს ხომ ჩვენი ისტორიის სიყვარულის უდიდესი მაგალითი იქნებოდა), სომხებსა და აზრბაიჯანელებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ხელშეწყობა (ეს ხომ მათში მეტ სიყვარულს გააჩენს ჩვენს მიმართ და არ იფიქრებენ იმაზე, რომ მათი კონფლიქტით ჩვენ ყველაზე მეტად ვსარგებლობთ), რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისათვის რეალური ნაბიჯების გადადგმა, ბიზნესის, მცირე და საშუალო მეწარმეობის რეალური ხელშეწყობა, სოფლის აღორძინებაზე, მხარდაჭერაზე ფიქრი და ზრუნვა, ეკლესიის კიდევ უფრო გაძლიერება, ადამიანებში უკეთ მუშაობისათვის საჭირო ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა, ადამიანების მაქსიმალური და რეალური დახმარება – აკეთონ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოსდით და რაც მისცემთ მათ საშუალებას, იზრუნონ მათზე, ვინც ყველაზე მეტად უყვართ. (ეს ყველაფერი ზუსტად ის არის, რაც დღეს რაციონალური მიზეზებით არ კეთდება, მაგრამ რის კეთებაც სწორედ სიყვარულის დიდი მაგალითი იქნებოდა, თუმცა ამ ყველაფრის კეთებასაც ხომ დიდი სიყვარული სჭირდება).
სიყვარულის მნიშვნელოვანი მაგალითი იქნებოდა ასევე ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვის რეალური მცდელობა, რუსეთთან შეჯიბრი მათთვის უფრო მეტი კარგის კეთებაში, მათ სიყვარულში, მათზე ზრუნვაში. უბრალო, გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვა, არა მარტო იმიტომ, რომ ისინი პერიოდულად საარჩევნო ურნებთან მიდიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან საქართველო და მათი სიყვარული, მათზე ზრუნვა ჩვენთვის საქართველოზე ზრუნვის და საქართველოს სიყვარულის დიდი მაგალითი იქნებოდა. ჯანდაცვის სისტემის რეალური რეფორმა იმისათვის, რომ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოვიდეს ჩვენთან და იმათაც მიიღონ ეს სიყვარული ჩვენგან, წაიღონ და გაავრცელონ.
სიყვარულის დიდი მაგალითები იქნება სიმშვიდე და დაუღალავი თავჩაღუნული და არა თავაწეული, ჩუმი, თავმდაბალი, მაგრამ ძალიან პროდუქტიული შრომა. სიყვარულის დიდი მაგალითი იქნება, თუ ვინმესთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქმე კარგად გამოვიდეს, ვიდრე ის, თუ ვის ჩაეთვლება ეს საქმე. თუ მათვის უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ კარგად გაკეთდეს, ვიდრე იმას, რომ ჩვენ თაობას მოუსწროს მაინც და მაინც ამ მუშაობის შედეგმა. ასეთ სიყვარულს ადვილად დავინახავდით და სათანადოდ დავაფასებდით.
ჩვენ გვინდა, ამ მაგალითებს ვხედავდეთ ყოვედღიურ ცხვროებაში, მუშაობაში, მოქმედებაში, გადაწყვეტილებებში და თუ ამას დავინახავთ ჩვენც შევიცვლებით მაშინ, ჩვენც უფრო მეტი სიყვარული გაგვიჩნდება, პირველ რიგში მათი, ვინც მაგალითს მოგვცმეს, მერე მათი და იმის, ვინც და რაც მაგალითის მომცემებს უყვარს. ჩვენც ვეცდებით, მათთან ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე, გაგვიჩნდება სურვილი იმისა, რომ ჩვენც შევიტანოთ ჩვენი, თუნდაც პატარა წვლილი დიდი, მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში, იმისათვის, რომ ჩვენც მივიღოთ ეს სიყვარული, ვიგრძნოთ, ვატაროთ და გავავრცელოთ. სიყვარულით გავიღვიძოთ ყოველ დილას, სიყვარულით ვაკეთოთ ყოველდღიური საქმე, გვიყვარდეს და ვზრუნავდეთ ქვეყანაზე, გარემოზე, ოჯახზე. ჩვენც ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთესები ვიყოთ. ჩვენი კვალი დავტოვოთ, სიყვარულით და ზრუნვით განპირობებული კვალი.
ვინმემ გვიჩვენეთ მაგალითი და ამით დაგვიბრუნეთ დაკარგული სიყვარული და ჩვენ კიდევ უფრო დიდი სიყვარულით გიპასუხებთ, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის, თქვენი კეთილი ოცნებები ჩვენი ოცნებები გახდება, თქვენი ღირსეული მიზნები ჩვენი მიზნები გახდება, თქვენი საქმე ჩვენი საქმე იქნება და ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ თბილ, მშვიდ, მოსიყვარულე ქვეყანას ავაშენებთ, სადაც წასულები სიხარულით დაბრუნდებიან, სადაც დაკარგულის პოვნაც არ იქნება რთული, სადაც ადამაინები სიყვარულით იცხოვრებენ, სიყვარულით შექმნიან დიდ და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან სარგებელს, სიყვარულს, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიყვარულს შობს. ქვეყანას, რომელიც ყველას ეყვარება, რომლის დაჩაგვრის უფლებას არავინ არავის მისცემს და რომელშიც ყველას ექნება სურვილი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩამოვიდეს იმისთვის, რათა იგრძნოს, რა არის მთავარი და მერე ეს გრძნობა მთელი ცხვრების მანძილზე გულით ატაროს.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს