დროება
სტატიის ავტორი: ირაკლი ჩხაიძე
10 იანვარი, 2007 | წაკითხულია 4 261-ჯერ
ორშაბათი დილა ჩვეული რიტმით დაიწყო, თუმცა თანამშრომლების სალაპარაკო თემა შეცვლილიყო, საინტერესოდ გატარებული “უიკენდის” ნაცვლად, ისინი ახლა თბილისში არსებულ უსინათლოთა დასახლებაზე საუბრობდნენ… შემდეგი ორშაბათი დილა, წინასგან იმით განსხვავდებოდა, რომ კოლეგებმა ახლა უსინათლოების ნაცვლად ნინოწმინდის ქართულ სკოლაზე და მის ექვს მოსწავლეზე დაიწყეს საუბარი… მესამე ორშაბათს უკვე მეც ჩავერთე მათ საუბარში და ახლა ერთად ვარჩევდით გველეშაპის კვერცხების მაძიებელი გურულების თემას… საინტერესოა, როგორ შეიქმნა და იმართება გადაცემა, რომელსაც მაყურებელი ევროპის ჩემპიონატის თამაშებზეც არ ცვლის და რომელსაც ძალიან საინტერესო სახელი “დროება” ჰქვია…
სტატიის დაწერა “დროების” გადაცემის უნიკალურობამ გადამაწყვეტინა, ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მივიდეს ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი სასურველ შედეგამდე და როგორ უნდა კეთდებოდეს გააზრებული და სისტემური მოქმედებებით წარმატებული საქმე.
მოქმედება 1
“დროების” სამუშაო კვირა სამშაბათს, დილის თორმეტის ნახევარზე იწყება, ამ დროს მთელი გუნდი იკრიბება და იმ თემებთან დაკავშირებული იდეების გენერირებას და შერჩევას ახდენენ, რომლებზეც მორიგი გადაცემა უნდა აიგოს.
“დროების” პროექტის განხორციელება “იმედის” ტელევიზიაში შემაჯამებელი გადაცემის საჭიროებამ მოითხოვა, რომელსაც კვირის განმავლობაში მომხდარი მოვლენები უნდა გაეშუქებინა და გაეანალიზებინა. პროექტმა განსხვავებული შედეგი გამოიღო: ყოველკვირეულ განსახილველ საკითხებს – ის ისტორიული ღირებულებები შეემატა, რომლებსაც დრო ვერ შლის, აგრეთვე ყველა ის ფაქტი, თუ ამბავი, რომელიც დღევანდელ რეალობაში ორიგინალური და ხალხისთვის წარმოუდგენელია. “დროებამ” უარყო ტრადიციული ინფორმაციის მიწოდების მეთოდი და ამ თემების გაშუქებას ისე ახდენს, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები აღიქვავენ. გადაცემის შინაარსი ერთ წინადადებაში ერთიანდება: ყველაფერი ჩვენი დროების ადამიანების, მოვლენების და მათი შეფასებების შესახებ.
“დროების” გუნდის წევრები თემების შესარჩევად საჭირო ინფორმაციას, სხვადასხვა არხების საშუალებით იღებენ. ნათესავები, მეზობლები, მძღოლები, მგზავრები, ინკასატორები, თურმე ის ადამიანები ყოფილან, რომელთა მიერ მოწოდებულ იდეებზე აგებული სიუჟეტები ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელია. საინტერესოა, შორეული სოფლებიდან, როგორ აწვდიან ხმას “დროების” გუნდს იმ საოცრებების შესახებ, რასაც შემდეგ მაყურებელი გაფართოებული თვალებით უყურებს. ეს იმ ხუთი მკვლევარის დამსახურებაა, რომელიც ქვეყნის ხუთ სხვადასხვა რეგიონშია “გამაგრებული” და სოფელ-სოფელ დადის განსაკუთრებული სანახაობების საძებნელად. გადაცემას ზოგჯერ ის სიუჟეტებიც ავსებს, რომელიც ინტერნეტიდან, პრესიდან და განსაკუთრებული ლიტერატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იწყობა. ასევე “დროების” განუყოფელი ნაწილია კალენდარული თარიღები და ის მნიშვნელოვანი პერიოდები, რომლიც წლის განმავლობაში ხდება. ასე გააზრებულად და სისტემურად ახდენს “დროების” გუნდი იმ საჭირო ინფორმაციის მოგროვებას, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და რომელსაც სამშაბათ დილას ერთობლივად, გუნდის ყველა წევრის მიერ ანალიზდება და ირჩევა კვირისათვის აქტუალური და “დროების” დანიშნულებისათვის მისაღები თემები.
“დროების” დანიშნულება მკაფიო და ცხადია ყველა წევრისათვის, მათ იციან საითკენ მიდიან და რას უნდა მიაღწიონ, რა უნდა იყოს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი.
წარმატებული ადამიანების წარმოჩენა. (“დროების” გუნდი წარმატებულად მიიჩნევს ყველას, ვინც კი რაიმე განსხვავებულს აკეთებს, შედეგად ხალხისათვის მნიშვნელოვანი და კარგი საქმე კეთდება).
ქართული საზოგადოების დახვეწილი მენტალიტეტის კიდევ უფრო განვითარება და უკეთესობისაკენ ცვლილება.
ქართველობაში ორიგინალური საქმის კეთების სტიმულირება.
საქართველოში ჩვენი დროებისათვის ზემოთ ჩამოთვლილი ალბათ განსხვავებული და უცხო პრიორიტეტებია, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ეს არის ის ძირითადი ქვაკუთხედი, რომელიც გადაცემას ქმნის. სწორედ აქედან გამოდის ყველა თემა და სიუჟეტი. განსხვავებულია დანიშნულება და განსხვავებულია მისი განხორციელების გზაც. მათი აზრით, ეს არის წარმატების მთავარი მიზეზი, რომ მათ განსხვავებული დანიშნულება აქვთ და სტანდარტულ სატელევიზიო პროდუქტს არ ქმნიან.
მოქმედება 2
სამშაბათი. დილის შეკრება თემების შერჩევით არ მთავრდება. თემები ადამიანებს საჭიროებენ, რომლებიც მათ სრულყოფილ სახეს მისცემენ – ადამიანებს, რომლებიც გრძნობენ და ხედავენ თემებს. ეს თემები გუნდის წევრებში “პიროვნდებიან”, ანუ მათ დამუშავებაზე პასუხისმგებლობა ნაწილდება.
“დროების” გუნდი: – მენეჯერი, პროდიუსერი, ორი რედაქტორი, შვიდი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და მონტაჟის სპეციალისტი. მათი გაერთიანებაც განსხვავებულად მოხდა. ისინი სხვადასხვა ტელევიზიებში წარმატებულ თანამშრომლებად ითვლებოდნენ, თუმცა მათ მიერ შექმნილი საერთო საზოგადოებრივი სარგებელი, ალბათ, შედარებით ნაკლები იყო. მათ გააჩნიათ ის საჭირო რესურსი, რომელიც პროექტის მენეჯერს სჭირდება და რომელსაც ისინი გუნდში სწორად შერჩეულ ადგილებზე სრულად ავლენენ. ისინი ერთად ცდილობენ საინტერესოდ აქციონ სტანდარტული გადაცემებისგან მობეზრებული აუდიტორიისათვის ყოველი კვირის საღამო. ეს მათ არც ისე ცუდად გამოსდით, ხოლო ძირითადი ხელის შემწყობი მათი საერთო ღირებულებებია: თითოეულის დახვეწილი გემოვნება და დიდი სატელევიზიო გამოცდილება, ასევე პროფესიონალიზმი და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა. ეს ღირებულებები, ალბათ ვერაფერს შექმნიდნენ, სწავლისა და განვითარების გარეშე. გუნდის წარმატებას მათი წევრების ჟურნალისტური უნარების და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება განაპირობებს. და კიდევ ერთი, რაც გუნდს საერთო მიზნის მიღწევაში ეხმარება, ესაა ერთიანი საქმის კეთების შეგრძნება და თითოეულის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც ყოველი გადადგმული ნაბიჯისას გრძნობენ.
…პასუხისმგებლობის განაწილებას, შესასრულებელი ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრა მოჰყვება. ღონისძიებებში დეტალურად განისაზღვრება, რომელმა წევრმა როგორ უნდა იმოქმედოს, გადაღებებისას აქცენტი რა საკითხზე უნდა გაკეთდეს, სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი ვინ უნდა იყოს, გადაღებების შესათანხმებლად ადგილზე ვის უნდა დაუკავშირდნენ, ანუ პროცესში ყველა წევრის როლი ცხადად იკვეთება და ყველა წევრისთვის მკაფიო ამოცანა ისახება. “შევთანხმდით, ორ დღეში გადაღებას ვიწყებთ”- ასე მთავრდება “დროების” წევრების სატელეფონო საუბრები ხან ელჩებთან, ზოგჯერ ახლობლებთან, ხანაც სხვადასხვა რაიონების გამგებლებთან და ქალაქის მერებთან გადასაღები მოქმედებების დასაზუსტებლად და შესათანხმებლად.
მოქმედება 3
თითქოს ყველაფერი უკვე მზადაა: თემა განსაზღვრულია, გადაღება შეთანხმებულია, სიუჟეტის მთავარი საკითხი და პერსონაჟიც გამოკვეთილია და გადაღებით, თითქოს პროცესიც დასასრულისკენ მიდის, მაგრამ სწორედ გადაღებითვე იწყება კიდევ ერთი სატელევიზიო პროდუქტის კეთება, პროცესის ამ ეტაპზე იხსნება გუნდის შემოქმედებითობა და ეს არის, ალბათ, ის პატარა, თუ დიდი გორა, რომელზე გადასვლის დროსაც ფეხი არ უნდა დაცდეს.
მართალია გუნდის წევრები დახვეწილი გემოვნებითა და საქმისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, მაგრამ ძნელია ყველამ ერთნაირად აღიქვას ერთი და იგივე ნაკეთობა. ამიტომაც არის შემოქმედება საინტერესო – სხვადასხვა თვალით სხვადასხვანაირად ხედავენ მას. გუნდში ერთად შეთანხმებული სიუჟეტი შეიძლება გადაღების შემდეგ სულ სხვანაირი გამოვიდეს, რადგან, ამ შემთხვევაში, რედაქტორმა მენეჯერისგან განსხვავებულად აღიქვა მორიგი სცენა. ეს არც პროფესიონალიზმის ბრალია და არც საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულის, ეს უბრალოდ შემოქმედების ჩვევაა და ამ ჩვევის მოშლა ძნელია. დღეს გუნდის მენეჯერის მთავარი ამოცანა წევრებში შემოქმედების წახალისება და მისი ბოლომდე გამოვლინებაა, რომლის შედეგი კიდევ უფრო დახვეწილი და საინტერესო გადაცემები იქნება. პროექტის წარმატებულობის განმსაზღვრელი მის დანიშნულებასთან და “დროების” გუნდთან ერთად შემოქმედებითობაცაა.
კვირის შუა დღეები; გადაღებული სიუჟეტების გაშუქება, ანალიზი, ხარვეზების აღმოჩენა, მოწონება, გადაწყვეტილებების მიღება, ზოგის ამოყრა, ზოგის დატოვება, ზოგისაც იქით კვირისთვის გადატანა. ასეთია სურათი, ერთად მოგროვებული გადაღებული სიუჟეტების ნახვისას “დროების” განხილვის ოთახში, აქ უხდიან ერთმანეთს მადლობას კარგად შესრულებული სამუშაოსათვის და აქვე უხსნიან ერთმანეთს ხარვეზების გამომწვევ მიზეზებს. ამ ეტაპზე მიიღება გადაწყვეტილება, თუ ვისთან ერთად უნდა გაატაროს მაყურებელმა ერთი საათი მომავალი კვირის საღამოს.
მოქმედება 4
და აქვე ისაზღვრება, თუ როგორ უნდა გაატაროს მაყურებელმა ის ერთი საათი, ანუ ზოგადად, როგორი სახე უნდა ჰქონდეს გადაცემას, რომლის მიხედვითაც უნდა მოიხაზოს შემდეგ სცენარი. წინასწარ ცდილობენ დაინახონ შედეგი, დაინახონ ისეთი, როგორსაც შემფასებელი – მაყურებელი – ელის.
მუდმივად მაძიებელი და მუდმივად ცვლილებებისკენ მიდრეკილი – ასეთია ხედვა “დროების” მომავლის შესახებ, რომლისკენაც ისინი მიდიან და რომლისკენაც თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ. ამ ძალისხმევას მიმართულება და შესაბამისად მართვა ჭირდება. “დროების” გუნდი იმართება. იმართება თავიანთი ხედვის, მიზნის, სტრატეგიის, პასუხისმგებლობების და ფუნქციების მკაფიო გამიჯვნით, ღონისძიებების დაგეგმვით და მერე მისი კონტროლით და რაც მთავარია გუნდის წევრების წახალისებით. საინტერესოა, როგორ ხდება წახალისება? გუნდის თითოეული წევრი ფიქრობს, რომ მეორე გადაცემის კეთების სურვილის უფრო მეტად გასაზრდელად საჭიროა, უბრალოდ, მენეჯერის მხრიდან მადლობის თქმა და შექება და რაც მთავარია მაყურებლის სწორი რეაქცია, რასაც სხვადასხვა გამოკითხვებით იკვლევენ და მისი გათვალისწინებით ყოველ მეორე გადაცემას კიდევ უფრო ხვეწენ, უფრო მეტი შემართებით უდგებიან საქმეს, რათა მაყურებელს ასიამოვნონ და თავიანთი დანიშნულება შეასრულონ…
…და შესაბამისად, მოხაზონ და დაწერონ სცენარი, რომლის სახესაც გადაცემა მიიღებს.
მოქმედება 5
პროცესი დასასრულს უახლოვდება, გუნდმა გადაცემა მთლიანობაში აღიქვა, ახლა საჭიროა ეს აღქმული მაყურებლამდე დაიყვანონ. ყოველი სიუჟეტი ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ ეს უმთავრესი ამოცანა გადაწყდეს. მონტაჟის კეთებაზე ერთდროულად მოქმედებს დანიშნულება, შემოქმედებითობა და გადაცემის დახვეწის სურვილი. მონტაჟს ერთი კაცი აკეთებს, რომელსაც უკვე ყველა წევრის აზრი და შეხედულება ერთად აქვს შეჯერებული. იგი მათ ერთიანობაში აყალიბებს და დამოუკიდებლად იწყებს მოქმედებას.
ეს, პროცესის ბოლოსწინა მოქმედებაა, იმ პროცესისა, რომელიც დაახლოებით 10 ეტაპისაგან შედგება და რომელიც ექვსი დღის განმავლობაში გრძელდება. საქმის წარმატებით კეთების, ალბათ, ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორად შერჩეული გზაა, გზა, თუ როგორ უნდა მიიღო სასურველი შედეგი. თუმცა ეს გზა ცვდება და განახლება სჭირდება… ასე ხდებოდა “დროებაშიც” მისი დაარსებიდან დღემდე, იხვეწებოდა და იხვეწება პროცესი, რომელსაც ხალხისათვის საინტერესო და ყველასგან განსხვავებული გადაცემის კეთებამდე მივყავართ…
პროცესი “ჩოხის” აწყობით მთავრდება, რაც ნიშნავს სიუჟეტების თანმიმდევრობით დალაგებას, დროში გადანაწილებას და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ანუ იმ სახის მიცემას, რომელიც მათ მანამდე დაინახეს და რომელსაც მაყურებელი ელის.
კვირა. 22 საათი. ნაცნობი მუსიკა. ასე იწყება და ზუსტად ერთ საათში თავსდება ის ძალისხმევა, რომლის გაწევა გუნდის წევრებმა სამშაბათს, დილის თორმეტის ნახევარზე დაიწყეს…
ასეთია “დროების” ერთი გადაცემის კეთების ექვსი დღე. მის აწყობას და გამართვას დრო სჭირდებოდა, სჭირდებოდა გუნდის წევრების მონდომება, განსხვავებული საქმის უკეთესად კეთების სურვილი, საქმის სიყვარული და სწორი დანიშნულების განსაზღვრა. სჭირდებოდა შემოქმედებითობა, პროცესის რგოლების ერთმანეთზე გადაბმა და შემდეგ მისი მართვა. ეს არის წარმატებული შედეგის მიღწევის გზა, გზა რომელსაც “დროების” გუნდი ადგას.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს