დააჩქარეთ განვითარება – შექმენით განვითარების საბჭო
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
24 აგვისტო, 2009 | წაკითხულია 3 112-ჯერ
განვითარება ბევრი ორგანიზაციისთვის (თუ ყველასთვის არა) გადაუდებელი აუცილებლობაა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, იგი მენეჯმენტის სასწრაფო ოპერატიული, მიმდინარე საქმეების სიმრავლეს ეწირება. როცა დაკავებული ხარ და ბევრი მარტივი საქმე გაქვს მოსაგვარებელი სწრაფად, ძნელია მოიცალო რაღაცებისთვის, რომელთა აუცილებლობას და მნიშვნელობას გრძნობ, მაგრამ დაფიქრებას საჭიროებენ და თან მათი გაკეთება ხვალაც შეიძლება.
სწორედ ამიტომ, მენეჯერები ოპერატიულ მუშაობაში შედარებით მარტივი, მიმდინარე საქმეების მოგვარებას ანიჭებენ უპირატესობას და დაუდგომელი ხვალისთვის დებენ საქმეებს, რომელთა გაუკეთებლობა სულ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, აკარგვინებს შესაძლებლობებს ორგანიზაციას და რაც ყველაზე ცუდია, კიდევ უფრო ამრავლებს ოპერატიულად, სასწრაფოდ მოსაგვარებელ საქმეებს ისევ ამ მენეჯერთათვის.
არადა, განვითარების პროცესის მუდმივ, სტაბილურ კალაპოტში ჩაყენებას ძალიან ბევრი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია ორგანიზაციებისთვის. ყველაზე მნიშნელოვანი ეფექტი კი ის არის, რომ დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა მოხდება მენეჯერების ოპერატიული სასწრაფო საქმეებისაგან გამონთავისუფლება და ისინი უფრო მეტად სწორედ განვითარების საქმეებით დაკავდებიან, რაც ორგანიზაციის წარმატებას, მის სისტემურ, მმართველობითი სრულყოფის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
განვითრების საბჭოს შექმნა ერთ–ერთი ყველაზე ქმედითი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ბევრ ორგანიზაციაში განვითარების პროცესის სისტემატიზაციისა და დაჩქარებისთვის. კოლეგიალური ორგანო წინასწარგანსაზღვრული პერიოდულობით შეიკრიბება და მხოლოდ განვითარების საკითხების განხილვით, გადაწყვეტით და ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობის რევიზიით იქნება დაკავებული. ეს ჯერ დაასტაბილურებს ამ მიმართულებით ძალისხმევას და ყურადღებას, მეორე ეტაპზე კი მნიშნელოვნად დააჩქარებს ახალ-ახალი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესს.
განვითარების საბჭოს, რომელშიც ყველა წამყვანი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი შედის, რომელიც წინასწარგანსაზღვრული პერიოდულობით იკრიბება და იხილავს ორგანიზაციის ზრდისათვის და გამართული ფუნქციონირების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, ცდილობს მათ გადაწყვეტას და მერე ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში განხორციელებას ადევნებს თვალყურს, ბევრი კარგი შედეგის მოტანა შეუძლია. მათ შორის ყველაზე მნიშნელოვანი სამი გვინდა გამოვყოთ:
განვითარების საბჭო პერმანენტულს ხდის განვითარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, მენეჯმენტის დროს, ყურადღებას და ენერგიას დახარჯულს ამ მიმართულებით. მხოლოდ ეს საკმარისია იმისათვის, რომ განვითარების პროცესი დაჩქარდეს, მიღებული და განხორციელებული გადაწყვეტილებების რაოდენობა გაიზარდოს.
მეორე საკითხია შემადგენლობა, განვითრების საბჭოში საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების უმრავლესობის მონაწილება აუმჯობესებს კომუნიკაციის ხარისხს მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის. იმ ადამიანებში, რომელთა როლიც გადაწყვეტილებების განხორციელებაში ძალიან დიდია, იზრდება თანამონაწილეობის შეგრძნება, პასუხისმგებლობის დონე ამ გადაწყვეტილებებზე. და რაც ასევე მნიშნელოვანია უკეთესადაც ესმით თითოუელი გადაწყვეტის არსიც და მნიშვნელობაც. რაც ჯამში ამ გადაწყვეტილებების ხარისხსაც და განხორციელების შესაძლებლობებსაც მნიშვნელოვნად ზრდის.
მუდმივი დაბრუნება ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებთან აღსრულების პროცესში, მათი მიმდინარეობის მონიტირინგი მენეჯმენტის მხრიდან, რაც ასევე განვითარების საბჭოს ფორმატში ხორციელდება, აჩქარებს მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.
საბჭო უნდა იკრიბებოდეს მინიმუმ თვეში ერთხელ. თუმცა, გარკვეულ პერიოდებში, როდესაც განსაკუთრებულად ბევრი ამ ტიპის საკითხი გროვდება განსახილველად, შეხვედრების პერიოდულობა კვირაში ორამდეც კი შეიძლება გაიზარდოს. მაგრამ სასურველია შეხვედრები იყოს მთელი წლის განმავლობაში და თუნდაც თვეში მხოლოდ ერთხელ, ვიდრე წელიწადში ერთი თვე კვირაში სამჯერ ტარდებოდეს. ასე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხიც უმჯობესდება და აღსრულების კონტროლიც უფრო ეფექტური ხდება.
საკითხები, რომელსაც შეიძლება იხილავდეს განვითარების საბჭო, შეიძლება იყოს ინდივიდუალური ყველა შეხვედრაზე, თუმცა სამი მთავარი მიმართულება, რომელშიც ჯგუფდება განსახილველი საკითხების უმრავლესობა და თითოეულს თითო შეხვედრა უნდა დაეთმოს მინიმუმ კვარტალში ერთხელ ან უფრო ხშირად, შემდეგია:
კლიენტების კმაყოფილების გაზრდის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, როგორ გავზარდოთ მათი მომსახურების (პროდუქტის) ხარისხი. რა უნდათ მათ, როგორია მათი პრეფერენციები და ა.შ. პერმანენტულად უნდა იყოს განხილვის საგანი სამ თვეში ერთხელ მაინც.
გაყიდების გაზრდის შესაძლებლობი. რა უნდა შეიცვალოს და რა მიმართულებით, იმისათვის, რომ გაყიდვების მოცულობა გაიზარდოს. ესეც უნდა იყოს მუდმივი შეკითხვა, რომლის განხილვაც ასევე მინიმუმ სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს თავისი წინადადებებით, ალტერნატივებით.
თანამშრომლების კმაყოფილების გაზრდის შესაძლებლობები, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორია მათი სურვილები და რა ტიპის ცვლილებებს ელოდებიან (არა მარტო ანაზღაურებაში რა თქმა უნდა) ან ისურვებდნენ ისინი. ასევე უნდა იყოს პერიოდული განხილვის საგანი განვითარების საბჭოს დღის წესრიგში.
ამ საკითხების მიხედვით უნდა ცხადდებოდეს იდეების, მნიშვნელოვანი ინფორმაციის(მათ შორის კონკურენტების მოქმედებებთან, მსოფლიო გამოცდილებასთან დაკავშირებით), არსებული პრობლემების შესახებ მოსაზრებების მოგროვება მთელი ორგანიზაციის მასშტაბით და რომელსაც მერე უნდა იხილავდეს საბჭო, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები და ხდებოდეს მათი აღსრულების მონიტორინგი.
განვითარების საბჭოს უნდა ყავდეს მხარდამჭერი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შეხვედრების მომზადებაზე, ჩატარების ორგანიზაციაზე, საბჭოს წევრებისათვის სამუშაო ინფორმაციის, მისაღები გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადებასა და წარდგენაზე, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება-წარდგენაზე, ასევე იმ სხვა აუცილებელი სამუშაო ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე, რამაც საბჭოს საქმიანობა ეფექტური უნდა გახადოს.
განვითარების საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეიძლება იყოს რიგითი თანამშრომლების ჩართვა განვითრების პროცესში. ამის მიღწევა არც ისე რთულია. თუ თქვენს ყველა შეხვედრაში რამოდენიმე რიგით თანამშრომელსაც ჩართავთ, რომლებმაც დღის წესრიგით განსაზრულ საკითხებთნ დაკავშირებით რაიმე ღირებული მოსაზრება, იდეა მიაწოდეს საბჭოს, ან, უბრალოდ, ყველაზე მეტად კომპეტენტურები არიან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხოლო მომავალში თითოეულ ამ ადამიანს უზრუნველყოფთ საბჭოს მუშაობის ამსახველი ოქმებით, თქვენ ამით შეგიძლიათ დროთა განმავლობაში რადიკალურად შეცვალოთ თანამშრომლების დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის დამოკიდებულება როგორც ორგანიზაციის, ისე მისი მენეჯმენტისა და განვითარების პროცესის მიმართ. მათში გაჩნდება განვითარებაში თანამონაწილეობის შეგრძნება, გაიზრდება ჩართულობის ხარისხი, და შესაბამისად პასუხისმგებლობის გრძნობა. ადამიანები მენეჯმენტის მუდმივი კრიტიკიდან ნელ-ნელა მასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე გადავლენ. თუ არა და მინიმუმ ჩივილი, წუწუნი და გაუთავებელი ზურგსუკან საუბრები შემცირდება იმ თემაზე როგორ შორს არის მენეჯმენტი რეალობიდან, როგორ ვერ ხვდებიან ისინი კლიენტების პრობლემებს, როგორ ვერ იყენებენ ისინი თანამშრომლების გამოცდილებას უფრო ეფექტურად და ა.შ. ასეთი პრეტენზიებისათვის უბრალოდ აღარ დარჩება რაციონალური საფუძველი.
ნუ გადადებთ დიდი ხნით, დაიწყეთ განვითრების საბჭოს შექმნაზე ფიქრო დღესვე, ვინ შეიძება შეიყვანოთ შემადგენლობაში, რა საკითხებით შეიძლება დაიწყოს მუშაობა, როგორი შეიძლება იყოს შეხვედრების პერიოდულობა, ვინ შეიძლება გაუკეთოს ტექნიკური მხარდაჭერა საბჭოს, გაიაზრეთ ეს საკითხები და დაიწყეთ პირველი შეხვედრის ორგანიზება. თავიდან, სანამ თანამშრომლები მიეჩვევიან და გაერკვევაინ და როლშიც შევლენ, ისევ მენეჯმენტს მოუწევს ძირითადად ლაპარაკი, მაგრამ მესამე, მეოთხე შეხვედრიდან დაინახავთ, როგორ გაიზრდება თანამშრომლების ჩართულობა, გადაწყვეტილებების ხარისხი, როგორ დაჩქარდება ორგანიზაციაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები ბევრი მიმდინარე ოპერატიული საქმეების პარალელურად.
………………………..
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის V წიგნში “მართვის ახალი გეომეტრია” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
2 კომენტარი სტატიაზე “დააჩქარეთ განვითარება – შექმენით განვითარების საბჭო”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
25 აგვისტო, 2009 11:15
სტრატ ეგიულ კლუბში გაწევრიანებისატვის, პირობები წერია ინგლისურად გთხოვთ მოგვაწოდოდ ქართულად
27 აგვისტო, 2009 13:12
აქ საქართველოა!!!
თქვენ კი ამარიკულ მოდელს გვთავაზობთ.