განვითარდება თუ არა ბიომეურნეობა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე
სტატიის ავტორი: ბექა ბექაია
13 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 7 675-ჯერ
ბიოპროდუქტების წარმოება და ზოგადად ბიომეურნეობები უკანასკნელ წლებში ბევრ ქვეყანაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა, მაგალითად, თურქეთში თუ 1990 წელს 1000 ჰექტარი მიწა მუშავდებოდა, როგორც ბიომეურნეობა, 2005 წლისთვის მანდ 103 000 ჰექტარს მიაღწია. ასევე გაიზარდა ფერმერების რაოდენობა 300-დან 16 000-მდე. საინტერესოა ესტონეთის მონაცემებიც: 2000-დან 2008 წლამდე ორგანული მიწების რაოდენობა 4 000 ჰექტარიდან 87 000 ჰექტრამდე გაიზარდა, ხოლო ფერმერების რაოდენობა 90-დან 1300-მდე.
უფრო კარგად რომ გავერკვეთ ამ სტატიის არსში, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რას ნიშნავს ბიომეურნეობა და ბიოპროდუქცია.
ბიომეურნეობა (იგივე ორგანული მეურნეობა, იგივე ეკომეურნეობა) ნიშნავს სპეციალურად შემუშავებული და შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ მეურნეობას. ამ მეურნეობაში მოყვანილ პროდუქტს ჰქვია ბიოპროდუქტი (იგივე ორგანული პროდუქტი ან ეკოპროდუქტი). რაც შეეხება ზემოთნახსენებ სტანდარტებს, ისინი სრულიად გამორიცხავენ მეურნეობაში ქიმიური საშუალებებითა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით პროდუქტების წარმოებას, ანუ ბიომეურნეობაში მოყვანილი პროდუქტი ითვლება როგორც ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა.
ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით ეს ეხება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაცილებით მაღალია, ბიოპროდუქცია კი მაღალი თვითღირებულებით და შესაბამისად, მაღალი სარეალიზაციო ფასით გამოირჩევა.
როგორც ექსპერტები ასკვნიან, მცირე ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვთ ბიომეურნეობების განვითარებისა და კონკურენტუნარიანი პოზიციების დაკავებისა.
საქართველოს არ აქვს საშუალება კონკურენცია გაუწიოს, მაგალითად, უკრაინას, რუსეთს ან ამერიკას ხორბლის და სიმინდის წარმოებაში, ჩინეთს – ბრინჯის წარმოებაში, პოლონეთს – ვაშლის წარმოებაში და ა.შ. რადგან ამ ქვეყნებს დიდი მასშტაბები აძლევს საშუალებას, პროდუქციის თვითღირებულება მინიმუმამდე დაიყვანონ. ამას ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ, თუმცა საქართველოს, მისი უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა გახდეს ბიოპროდუქციის სერიოზული მწარმოებელი და კონკურენტუნარიანი ექსპორტიორი ევროკავშირის ქვეყნებისთვის.
ბიომეურნეობა საქართველოშიც არის გარკვეულ დონეზე განვითარებული, თუმცა, შეიძლება ითქვას, ძალიან დაბალ დონეზე და ისეც ერთი-ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევით. ყველაზე აქტიური (ან ერთადერთი აქტიური) ორგანიზაცია ამ მიმართულებით არის “ელკანა”, რომელშიც 450-მდე ფერმერია გაერთიანებული. თუმცა, საეჭვოა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად მისდევენ ეს ფერმერები ბიომეურნეობას.
ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ზემოთნახსენებმა თურქეთმა და ესტონეთმა, სწორად განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვნად განავითარეს ბიოპროდუქციის წარმოება.
საინტერესოა, კონკრეტულად რა ქმედებებით შეძლეს ამ ქვეყნებმა ასეთი სწრაფი ზრდა.
თურქეთი:
• 1992 წელს შეიქმნა “ორგანული სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციების ასოციაცია”, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთობითა და მისი დახმარებით ცდილობდა გაეზარდა ფერმერების ინფორმირებულობა ბიოპროდუქციის წარმოების კუთხით;
• თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს პასუხისმგებელ ორგანოს ბიომეურნეობების განვითარების კუთხით. იგი ახორციელებს ორგანული მეურნეობების განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების გენერალურ მენეჯმენტს.
• სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს იმ ორგანიზაციების ლიცენზირებას, რომელთაც აქვთ უფლება გასცენ სერთიფიკატები ამა თუ იმ მეურნეობისა და პროდუქციის ბიოხასიათზე;
• თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით მოხდა სრული საკანონმდებლო ბაზის შემუშავება ორგანული მეურნეობების ფუნქციონირების, სერთიფიცირების, ეტიკეტირების და ა.შ შესახებ.
• ასევე შეიქმნა ლოგო, რომელიც დაიტანება თურქეთში წარმოებულ ყველა სერთიფიცირებულ ბიოპროდუქტზე;
• სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიერ შექმნა “ორგანული სოფლის მეურნეობის კომიტეტი”, “ორგანული სოფლის მეურნეობის მართვის ეროვნული კომიტეტი”, “ორგანული სოფლის მეურნეობის დაგეგმვისა და კვლევების ეროვნული კომიტეტი”, “ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის ეროვნული კომიტეტი”, რომლებიც ახორციელებენ ამ დარგთან დაკავშირებულ თითქმის ყველა პროცესის ზედამხედველობას.
• სახელმწიფო გასცემს დაბალპროცენტიან სესხებს იმ ფერმერებზე, რომელთაც სურთ თავიანთი მეურნეობების ორგანულზე გადაყვანა.
• სოფლის მეურნეობის სამინისტრო სისტემატიურად ახორციელებს (და ეს პასუხისმგებლობის დონეზე აქვს განსაზღვრული) სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს;
• ორგანული სოფლის მეურნეობა წარმოდგენილია, როგორც საგანი სასოფლო-სამეურნეო პროფილის სასწავლო დაწესებულებებში, არსებობს ასევე ორგანულ მეურნეობაზე სპეციალიზირებული სასწავლო დაწესებულება.
• სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით ქვეყნის 25-მდე კვლევითი ინსტიტუტი ორიენტირებულია ბიომიმართულებების კვლევაზე.
ამ ძალისხმევის შედეგად თურქეთმა შეძლო 15 წლის მანძილზე ორგანული მიწების 1000 ჰა-დან 103 000 ჰა-მდე გაზრდა, ბიოფერმერების 300-დან 16 000-მდე გაზრდა, ბიოპროდუქციის წარმოების 300 000 ტონამდე გაზრდა, რომლის 90% ევროკავშირში ექსპორტირდება.
არა ასეთი მასშტაბური, თუმცა საკმაოდ დიდი ძალისხმევა აქვს დახარჯული ესტონეთის მთავრობასაც ბიომეურნეობის განვითარებისთვის. ჯერ კიდევ 2000 წელს ესტონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეიქმნა სპეციალური ბიურო, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობის სფეროა ორგანული აგრომეურნეობის განვითარებაზე ზედამხედველობა. სახელმწიფო სთავაზობს უფასო სასწავლო კურსებს ბიომეურნეებს ან ამ დარგში გარკვევის მსურველებს, რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევის მიმართულებით და ა.შ.
ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ ბევრი ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე შეიძლება, თუმცა, ამჯერად მხოლოდ ამ ორ ქვეყანაზე გავჩერდებით.
მთავარია, რა ხდება საქართველოში:
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ბიომეურნეობების სისტემური განვითარების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი არ გაკეთებულა, შეიქმნა მხოლოდ კანონი “ბიოლოგიური აგროწარმოების შესახებ”, დარეგულირდა ბიოპროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესები. რაც შეეხება დარგის განვითარების ხელშეწყობას, სახელმწიფოს როლი მინიმალურია და ამჟამად, თითქმის ნულის ტოლია, თუმცა, დაწყება გვიანი არასდროს არ არის და სახელმწიფო ახლა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს, რამდენად პრიორიტეტულია ქვეყნისთვის ბიომეურნეობების განვითარება და იმოქმედოს შესაბამისად.
ზოგადად ბიომეურნეობები მაშინ შეიძლება განვითარდეს, თუ შემდეგი საკითხები იქნება სისტემურ დონეზე მოგვარებული:
- კვალიფიკაცია: ფერმერებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა და კვალიფიკაცია, თუ რას ნიშნავს ბიომეურნეობა, ბიოპროდუქტი, რა პერსპექტივები აქვს ამ დარგს, როგორ უნდა მოხდეს მეურნეობის ორგანულზე გადაყვანა და ა.შ.
- მხარდაჭერა: მსურველმა ფერმერებმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა შეძლონ კონვენციური (ტრადიციული) მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლა, რომელსაც გარკვეული დროი და ფინანსური რესურსები ესაჭიროება.
- სერთიფიცირება: ბიომეურნეს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ ყველა წესის დაცვით მოყვანილ ბიოპროდუქციას არ შეექმნება პრობლემები და ზოგადად არ დადგება ეჭვქვეშ მისი ორგანულობა.
- რეალიზაცია: ჩვეულებრივი ფერმერი ვერ დაუკავშირდება უცხოეთში სავარაუდო მყიდველს, ვერ დადებს კონტრაქტს და ვერ მოაგვარებს ექსპორტთან დაკავშირებულ რთულ პროცედურებს. ყველაფერ ამაში მას სერიოზული დახმარება ესაჭიროება.
თუ ზემოაღნიშნულ საკითხებში სახელმწიფო და სახელდობრ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინახავს მის სავარაუდო წვლილს და კონკრეტულ ქმედებებსაც განახორციელებს, ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
3 კომენტარი სტატიაზე “განვითარდება თუ არა ბიომეურნეობა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
2 დეკემბერი, 2009 21:59
საინტერესო სტატიაა.
საქართველოში მე მხოლოდ ელკანას შესახებ მსმენია…
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია როგორ და რამდენად ახერხებს ელკანა ბიოპროდუქციის რეალიზებას?
8 დეკემბერი, 2009 23:17
სხვათა შორის მართლა საინტერესოა , ახდენს თუ არა საქართველო ბიოპროდუქციის ექსპორტს.
15 მარტი, 2010 04:11
რაღაც დონეზე მაგ თემასთან მქონდა შეხება.. , მართალია , ჯერ არ არის განვითარებული ბიოპროდუქტების მოყვანა საქართველოში, მაგრამ უკვე იდება სერიოზული ინვესტიციები. იგეგმება მნიშვნელოვანი ნაწილის გერმანიაში ექსპორტი.