პროდუქტების განვითარების 9 ეტაპიანი პროცესი
სტატიის ავტორი: ჯაბა ბურჯალიანი
27 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 7 982-ჯერ
ყოველწლიურად მსოფლიოში უამრავი ახალი პროდუქტი და მომსახურება იქმნება და ინერგება, ხოლო რაოდენობრივად კიდევ უფრო მეტი ცვლილება ხორციელდება არსებული პროდუქტების დახვეწისა და განვითარებისათვის. ცვლილებების ტემპი ყოველწლიურად მატულობს, რაც ბუნებრივი პროცესია ტექნოლოგიური წინსვლის, კონკურენციისა და გარემო მოთხოვნილებების ზრდიდან გამომდინარე.
ჩვენს დროში ძალიან ბევრი კომპანიაა ისეთი, რომელმაც ერთი, ორი ან მეტი პროდუქტის ქვეყანაში შემოტანით, ან წარმოებით, შეძლო დიდი ბიზნესის შექმნა. ასეთი კომპანიები 10-15 წლის წინათ გაცილებით მეტი იყო, რადგან ბაზარზე ძალიან ბევრი თავისუფალი ნიშა და დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება არსებობდა. როდესაც დარწუნდნენ, რომ ვიღაცამ ამა თუ იმ პროდუქტის შემოტანით ”დიდი ფული იშოვა” მათაც იგივე გააკეთეს. ასე, რომ რაც უფრო შემცირდა ექსკლუზიურობა, მით უფრო საჭირო გახდა მეტი ინოვაციურობა, მუდმივად ახალი პროდუქტების შემოტანის ან შექმნის ძიება.
ამ პროცესში ის კომპანიები, რომლებიც მოახერხებენ, რომ შექმნან და აამუშავონ პროდუქტების განვითარების პროცესი, როგორც სრულიად ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესაქმნელად, ისე არსებულების გასავითარებლად, მოიპოვებენ კონკურენტუნარიანობას მომავალ პერიოდში. ერთადერთი, სადაც ჩვენ ამ პროცესის რეალური განხორციელების მაგალითი შეგვხვედრია ჩვენს ქვეყანაში, არის საბანკო სისტემა, უფრო სწორად კი რამოდენიმე ბანკი, სადაც ამ პროცესს დისციპლინირებული სახე აქვს.
ეს პროცესი შესაძლოა ოდნავ განსხვავებული იყოს კომპანიებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა დარგებსა და სფეროებში, მაგრამ ძირითადი ხაზი მაინც მსგავსია.
როგორ გამოიყურება პროცესი, რომლის დისციპლინირებული სახით კომპანიაში არსებობა მას ძალიან გამოადგება?
ეტაპი პირველი – იდეები
პროცესი პირველი ეტაპის ამოცანაა. რომ ახალ პროდუქტებთან ან არსებულის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ბევრი იდეა არსებობდეს. იდეების წყარო ძალიან ბევრია. თანამშრომლები, კლიენტები, მომწოდებლები, კონკურენტები. მთავარია, რომ კომპანიაში ვიღაცა მუდმივად იძიებდეს ინფორმაციას ახალი იდეების შესახებ.
განვითარებულ ქვეყნების ორგანიზაციებში ძალიან გავრცელებულია კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის არსებობა (R&D), ჩვენთან კი თითქმის არცერთ ორგანიზაციაში ასეთი სტრუქტურა არ არსებობს. იდეების ძირითადი წყარო ისევ რჩება მენეჯმენტის ან კომპანიის დამფუძნებლების სპონტანურად წარმოშობილი იდეები.
ეტაპი მეორე – იდეების შერჩევა
თუკი პირველი ეტაპის ამოცანა გადაწყვეტილია ანუ კომპანიაში შექმნილია ამ ჯაჭვის პირველი რგოლი, დგება მეორე ამოცანა – იდეების შერჩევა. როგორც წესი, თუკი იდეებს დროულად არ მიეცა მიმართულება ან იკარგება ან ძველდება. ამისათვის ყველაზე კარგი გზა არის კომიტეტური სქემა ანუ კომიტეტის მსგავსი გაერთიანების შექმნა, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება და გადაარჩევს არსებულ იდეებს. მასში უნდა შევიდნენ ისეთი პირები, რომელთაც აქვთ საკმარისი ძალაუფლება და კომპეტენცია, რათა შეძლონ ამა თუ იმ იდეის მოწონება ან უარყოფა.
ეტაპი მესამე – კონცეფცია
მეორე ეტაპზე, როგორც წესი, ხდება ძალიან ნედლი იდეების გადარჩევა. ამიტომ ამ ეტაპზე იდეა უკვე პროდუქტად უნდა გადაკეთდეს. მაგალითად, პირველ ეტაპზე შეიძლება გადაწყვეტილიყო, რომ გავაკეთოთ აგროსესხი. იგი ძირითადად გათვლილი იქნება მსხვილ ფერმერებზე, მაგრამ კონცეფციის ეტაპზე უნდა დამუშავდეს დეტალურად სესხის პირობები, მოქმედების ვადა და ა.შ. ამ ეტაპზე კარგია თუ კონცეფციის ტესტირება დაიწყება კომპანიის შიგნით, რათა მოხდეს თანამშრომელთა აზრის გაგება. ამ ეტაპზევე შეიძლება მომხმარებლისაგან მცირე ფოკუს ჯგუფის გაკეთება პროდუქტთან დაკავშირებით მათი პირველადი მოსაზრებების გასაგებად.
სასურველია, რომ ამ ეტაპზე გადასვლამდე ანუ იდეის მოწონების შემდეგ შეიქმნას მცირე, დროებითი საპროექტო ჯგუფი, რომელიც დანარჩენ 7 ეტაპს გაუკეთებს ორგანიზებას.
ეტაპი მეოთხე – მარკეტინგული დამუშავება
ამ ეტაპზე უფრო კონკრეტულად განისაზღვრება, თუ ვინ უნდა იყოს ამ პროდუქტის სამიზნე აუდიტორია, როგორ უნდა მოხდეს მათზე ინფორმაციის გავრცელება და რა ტიპის აქციები ან სხვა ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს პროდუქტის გასაყიდად (სად უნდა გაიყიდოს და ა.შ.). ეს იმ სამსახურმა ან პირმა უნდა ითავოს, რომელსაც კომპანიაში მარკეტინგული საკითხები აბარია.
ეტაპი მეხუთე – ფინანსური ანალიზი
ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენად მომგებიანი იქნება პროდუქტი ფინანსურად. უნდა შეფასდეს, როგორი იქნება პროდუქტის შექმნის და გაყიდვის ხარჯები და მისი შემოსავლები. ამან, შესაძლოა, დაგვანახოს, რა ცვლილებები უნდა შევიდეს პროდუქტის პირობებში. ამას, როგორც წესი, ფინანსური განყოფილება აკეთებს, თუმცა სასურველია, რომ მიმდინარე რეჟიმში გადიოდეს კონსულტაციებს იმ სტრუქტურასთან ან პირთან, რომელსაც მარკეტინგული საკითხები აბარია.
შესაძლოა მეოთხე და მეხუთე ეტაპს კიდევ ერთი ეტაპი დაემატოს, გამომდინარე დარგის, კომპანიის ან იდეის სპეციფიკიდან. მაგალითად, ბანკებში გარდა მარკეტენგული და ფინანსური ანალიზისა და დამუშავებისა კეთდება პროდუქტში არსებული საოპერაციო და ადმინისტრაციული რისკების ანალიზი და მათი გადაწყვეტის გზების დამუშავება.
მეექვსე ეტაპი – პროდუქტი
ეს ის ეტაპია, როდესაც უკვე იკვეთება საბოლოო პროდუქტის სახე, როდესაც ყველა ჭრილში ანალიზის შემდეგ (ზემო ეტაპებიდან გამომდინარე) ხდება კორექტივების შეტანა და ყალიბდება პროდუქტის სატესტო ვარიანტი. ამ ეტაპზე უნდა მოხდეს ყველა იმ ადამიანის შეკრება, რომლებიც მონაწილეობდნენ წინა ეტაპებზე და ერთობლივი განხილვისა და მსჯელობების საფუძველზე მიღებულ იქნას გადაწყვეტილება პროდუქტის საბოლოო სახესთან და მარკეტინგულ მიდგომებთან დაკავშირებით.
მეშვიდე ეტაპი – ტესტირება
ამ ეტაპზე ხდება პროდუქტის გაშვება ოღონდ მომხამრებლის უფრო ვიწრო სეგმენტზე, რათა მოხდეს მათი აზრის საბოლოოდ გადამოწმება, ხომ არ არის რაიმე ხარვეზი პროდუქტში და გარკვევა იმისა, თუ რამდენად შეესაბამება პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები და ფასი მათ მოთხოვნილებებს. ეს ეტაპი არის განსაკუთრებულით მნიშვნელოვანი, არადა ჩვენი ქვეყნის კომპანიების დიდი ნაწილი ამ მიდგომას საერთოდ არ იყენებს. ამას ბევრი წარუმატებლობის თავიდან აცილება შეუძლია.
მერვე ეტაპი – კომერციალიზაცია
მერვე ეტაპზე ხდება პროდუქტის სრულად გაშვება ბაზარზე. ამ ეტაპის წარმატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი, დეტალური სამოქმედო გეგმის არსებობა, რათა პროდუქტის გასატანად ნაბიჯები თანმიმდევრულად და ეფექტურად გადაიდგას. ამის გაკეთებაც საპროექტო ჯგუფმა უნდა აიღოს თავის თავზე, უნდა შეაჯამოს და შეკრას ყველა გადაწყვეტილება, რაც საჭიროა პროდუქტის გასაშვებად. ახალი პროდუქტის გაშვებისას საჭირო ხდება ძალიან ბევრი ცვლილება თვითონ კომპანიის შიგნით არსებულ პროცესებში, თანამშრომლების გარკვევა მასში და ა.შ.
მეცხრე ეტაპი – უკუკავშირი
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ვუზრუნველყოთ, რომ მუდმივად მოდიოდეს გაშვებულ პროდუქტთან დაკავშირებით ინფორმაცია – მომხმარებლების მოსაზრებები, შენიშვნები და იდეები, რათა მუდმივად ხდებოდეს მისი დახვეწა. როგორც წესი, ამ მხრივაც ძალიან მოიკოჭლებენ ჩვენი კომპანიები, არადა ამ ეტაპის გამოტოვებით, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დარჩეს ყურადღების მიღმა.
თუკი თქვენ ეს პროცესი გერთულებათ და ფიქრობთ რომ თქვენს ორგანიზაციაში მისი დანერგვა, შეუძლებელია, მაშინ დაფიქრდით იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და დაინეგოს იმისათვის, რომ ახალ პროდუქტებზე მუდმივად, უწყვეტად მიდიოდეს მუშაობა. შეიმუშავეთ პროცესის თუნდაც თქვენივე ვარიანტი ან მოახდინეთ რამოდენიმე ცვლილება მაინც, რათა სამომავლოდ არ დაკარგოთ, და პირიქით განიმტკიცოთ და გაიძლიეროთ პოზიციები ბაზარზე.
გისურვებთ წარმატებებს.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
4 კომენტარი სტატიაზე “პროდუქტების განვითარების 9 ეტაპიანი პროცესი”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
2 დეკემბერი, 2009 17:17
ეუფ ამას რა წეიკითხავს!!!
19 დეკემბერი, 2009 21:17
არა უშავრს კარგი სატატიაა.
17 მარტი, 2010 17:46
მაგარია!
27 სექტემბერი, 2011 17:04
საინტერესო მოსაზრება იყო, მადლობა