სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
15 მარტი, 2010 | წაკითხულია 3 373-ჯერ
ცნობილია, რომ ახლად შექმნილი ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ წელსაც ვერ ძლებს. ისინი უქმდებიან ისე, რომ ვერც ასწრებენ რაიმე ღირებულის და საინტერესოს შექმნას. დარჩენილი უმცირესობის დიდი ნაწილიც პირველი სამი წლის განმავლობაში ამთავრებს მოღვაწეობას და სხვა უამრავი რეგისტრირებული, მაგრამ უმოქმედო იურიდიული პირის რიგებში დგება.
თუ თქვენ ახალი საქმის წამოწყებას აპირებთ, კარგი იქნება წინასწარ გადაავლოთ თვალი იმ პრობლემების ყველაზე გავრცელებულ ნაწილს, რომელიც ასეთი ფატალური შედეგების მიზეზი ხდება. ეცდებით, გაიაზროთ მათგან მომდინარე საფრთხეები და მიიღოთ ზომები მათი თავიდან ასაცილებლად.
ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაინც არასწორი არჩევანია. საქართველოში, თუმცა, შესაძლოა, სხვაგანაც, ხშირად იწყებენ არა იმ საქმეს, რომელიც ესმით, არამედ იმას, რომელზეც გაუგონიათ, რომ დიდ მოგებას ტოვებს. ვიღაცა სადღაც რაღაც, ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციას მოკრავს ყურს და რატომღაც უჩნდება იგივე საქმის წამოწყების იდეა, მერე არწმუნებს რამოდენიმე მეგობარს, ან უბრალოდ ფულიან ნაცნობს და დროში გაწელილი წამებაც იწყება.
თუმცა ახალი საქმის დაწყებიდან ყველა მალევე ხვდება, რომ ამ საქმის კეთება არც ისე მომგებიანი ყოფილა, როგორც ამაზე დასაწყისში იძლეოდნენ იმედებს, მას იმაზე მეტი კაპიტალი და ცოდნა სჭირდება, ვიდრე ელოდნენ და იმაზე რთული ასაწყობია, ვიდრე ეგონათ. იწყება იმედგაცრუება, გულის აცრუება, დამფუძნებლების ენთუზიაზმის შემცირება, ინტერესის გაგრილება და შედეგად კომპანიების დიდი ნაწილი სწორედ ამ ეტაპზე ტოვებს ასპარეზსს.
მაგრამ თუ მაინც გამოჩნდა ვიღაცა, ვინც დეტალებში გაერკვევა, დამატებითი კაპიტალის შოვნაც მოხერხდება (ძირითადად შემთხვევითი, არაყველასათვის მისაღები მოწილეების შემოყვანის გზით) და თავდაპირველ ინიციატორთა გუნდიც შეეგუება იმ აზრს, რომ მოკლე ხანში ამ საქმიდან ცხოვრების მოწყობა არ მოხერხდება, მაშინ საქმეს აქვს შანსი, რომ ცოტა ხანს კიდევ დარჩეს მზის გულზე და არსებობა განაგრძოს.
თუმცა მალე ახალი პრობლემები იჩენს თავს, რომელიც, როგორც წესი, პირველ შემოსავლებს და მოწილეებს შორის მათ განაწილებას უკავშირდება (თუ რომელიმე მოწილე დიდ შეკვეთას შოულობს და ორგანიზაციაც სწორედ ამის გამო იქმნება, მაშინ, შესაძლოა, მან სირთულეების პირველი ეტაპი გამოტოვოს და პირდაპირ ამ პრობლემებში ამოყოს თავი).
თითქმის არავინ, ახალი საქმის დამფუძნებელთაგან, თითქმის არც ერთი ჯგუფი წინასწარ არ თანხმდება შემოსავლების განაწილების, ნაღდი ფულის გამოყენების, საქმის განვითარებაზე სახსრების მიმართვის მიდგომაზე და პრინციპებზე. ხშირად ეს უხერხულადაც კი ეჩვენებათ. ძნელია ისაუბრო და იმსჯელო რაღაცის განაწილებაზე მაშინ, როცა გასანაწილებელი ჯერ არც არაფერია. არადა სწორედ დასაწყისში შეიძლება ყველაზე ცივი გონებით და ზედმეტი ემოციების გარეშე ამ მეტად პიკანტურ საკითხებზე შედარებით ადვილად შეთანხმება.
და თუ დროულად ეს არ ხდება, პირველივე მნიშვნელოვანი შემოსავლები მოწილეებს შორის სერიოზული უკმაყოფილების და მოგვიანებით კი, უმეტეს შემთხვევებში, განხეთქილების მიზეზი ხდება. ზოგი დაუკითხავად იღებს სალაროდან ფულს, ზოგი ამბობს და ისე, მაგრამ იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნის, ზოგი გრძელვადიან ინტერესებს არ ითვალისწინებს ისე ითხოვს თანხებს პირველივე შედეგებიდან. ვიღაცა ასაბუთებს, რომ ახალი მანქანა სჭირდება, ვიღაცა ცდილობს არ ჩამორჩეს და ნაკლებად არ იხეიროს – სახლის ყიდვაზე იწყებს ფიქრსა და ლაპარაკს. დანარჩენებიც ფიქრობენ, რომ მოასწრონ თორე შეიძლება მერე გვიანი იყოს. ახლობლების სამსახურში მოწყობას ცდილობენ, ან მეგობრებისთვის პროდუქციის, ან მომსახურების უკეთესი პირობებით მიცემას. სამწუხაროდ, ხშირად ჯიბრი და უკმაყოფილებები პირად ურთიერთობებზე ახდენს გავლენას, პიროვნულ დაპირისპირებაში გადადის და ახლად შექმნილი ორგანიზაციების მეორე დიდი ნაწილიც სწორედ ამ ეტაპზე ამთავრებს ცხოვრებას.
თუმცა, თუ დამფუძნებლებს შორის გამოჩნდა ვინმე, ვინც ყველაზე მავნებლების საქმიდან გაყვანას მოახერხებს, ხოლო დანარჩენების შედარებით დაშოშმინებას და მათ შორის თამაშის წესების შეთანხმებასაც შეძლებს განსაცდელში მყოფ ბიზნესსაც გადარჩენის შანსი ეძლევა.
ვისაც გამოუცდია არასოდეს დაავიწყდება პირველი კლიენტით, პირველი შემოსავლით, პირველი წარმატებით გამოწვეული სიხარული. რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი შეკვეთა, რამდენად სასურველი და ძვირფასია ყოველი კლიენტი. ყველა თვალებში შესციცინებს მომსვლელს და ცდილობს, მას განუმეორებელი კმაყოფილება მიანიჭოს. თუმცა, სამწუხაროდ, ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში ასეთი განწყობა დიდხანს არ გრძელდება. და როგორც კი პირველი შემოსავლები, კლიენტების ნაკადი სტაბილურდება, როცა შემოსავლებში უფრო მნიშვნელოვანი ხდება სტატისტიკა ვიდრე კლიენტის კმაყოფილება, როცა ჩნდება შეგრძნება, რომ რომელიმე ერთი მომხმარებლის პრეტენზია ყურადსაღები არ არის იმიტომ, რომ ათასი ჭკუის ადამიანი დადის და ერთის დაკარგვა ბიზნესს ვერაფერს დააკლებს, ახალი პრობლემებიც სწორედ მაშინ იწყება. ყველა ორგანიზაცია პირველი წარმატებიდან ძალიან მალე დგება ცდუნების წინაშე შეამციროს ხარისხი და გაზარდოს მოკლე ვადაში მიღებული მოგება. სამწუხაროდ, ახალი საქმის დამწყებთა უდიდესი ნაწილი ამ ცდუნებას ვერ უძლებს.
არადა, ყველას განგვიცდია იმედგაცრუება, როცა ახლად აღმოჩენილ დაწესებულებაში რაღაცა მოგეწონება, საუბრობ მასზე, რეკომენდაციასაც უწევ ახლობლებს თვითონაც ნახონ, იგრძნონ, გასინჯონ და ძალიან მალე აღმოაჩენ, რომ ის აღარ არის, რაც პირველ ჯერზე იყო, რომ ხარისხი გაქრა, ზომა შემცირდა, ფასი გაიზარდა და ეს წამოწყებაც რიგითი ორგანიზაციების სიაში ჩაეწერა თავისი არაფრით გამორჩეული პროდუქტით თუ მომსახურებით. გული გვწყდება ხოლმე ამ დროს და ვამბობთ, რომ ამათაც სტანდარტულად – ქართულად მოუვიდათ, კარგად დაიწყეს, მაგრამ ამათაც გააფუჭეს, როგორც თითქმის ყველა ახლად დამწყების შემთხვევაში ხდება.
შედეგად, ზრდის ტემპი კლებულობს, კლიენტების უკმაყოფილების შემთხვევები იზრდება. მომხმარებლის ნაკადი იკლებს, შესაბამისად გაყიდვებიც მცირდება და იმედგაცრუებული დამფუძნებლები, ბედზე გაბრაზებულები იმის გამო, რომ, გაუგებარი მიზეზების გამო, ამჯერადაც არ გაუმართლათ, ბიზნესის დახურვის ან გასხვისების შესაძლებლობებზე იწყებენ ფიქრს. ბიზნესების ნაწილი სწორედ ამ დროს და ამ მიზეზით ამთავრებს არსებობას, ან სახელს და მეპატრონეს იცვლის.
თუმცა, თუ აღმოჩნდება ვიღაცა, ვისაც ნებისყოფა და პრინციპულობა ეყოფა, იმისათვის, რომ ამ ცდუნებას წინ აღუდგეს და დანარჩენი მოწილეები ხარისხის შენარჩუნებაში დაარწმუნოს, ბიზნესი გადარჩება და განვითარებასაც განაგრძობს.
მალე კი ახალი პრობლემები იწყება, რომლებიც თანამშრომლების უკმაყოფილებას უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ საქმის დამწყებთა უდიდესი ნაწილი შედეგებს იდეის სისწორეს და დამფუძნებელთა მოხერხებულობას უკავშირებს და ნაკლებად ფიქრობს რომ თანამშრომლები, რომლებიც პროდუქტს ან მომსახურებას ქმნიან, რამე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზაციის წარმატებაში.
თუ უნდა წავიდეს, ახალს მოვიყვანთ, უმუშევრებით არის ქვეყანა სავსე, ასე რეაგირებენ ბიზნესის მეპატრონეები თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი უკმაყოფილების გამოვლინებაზე და ფიქრითაც კი არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს თანამშრომლები ყოველ დღე მათთვის მნიშვნელოვან პროდუქტს ქმნიან, ან კლიენტებთან აქვთ შეხება, რაც ამ უკანასკნელთ ორგანიზაციაზე წარმოდგენას უყალიბებს. დროთა განმავლობაში, როგორც წესი, დამფუძნებლების როლი და მნიშვნელობა საბოლოო შედეგში მცირდება საშუალო რგოლის ხელმძღვანელების, ან სულაც რიგითი თანამშრომლების მნიშვნელობის მატების ხარჯზე. ის ორგანიზაციები, ვისაც ეს პროცესი მხედველობიდან გამორჩებათ, მალევე დგებიან სირთულეების წინაშე, ვინაიდან თანამშრომლებს შორის უკმაყოფილება მეტასტაზებივით სწრაფად ვრცელდება და ახლად შექმნილი ორგანიზაციის ლპობასაც მალევე იწყებს.
თუ ოპერატიულ მართვაში ჩართულ ხელმძღვანელებს და მეპატრონეებს აღმოაჩნდებათ საკმარისი გამჭრიახობა თანამშრომლებს შორის მინიმუმ ყველაზე მნიშვნელოვნების შესამჩნევად, შესაფასებლად და დასაფასებლად, ორგანიზაცია განვითარებას განაგრძობს, თუ არა და ისიც მალევე ტოვებს ასპარეზსს, ვინაიდან ვერც ერთი ორგანიზაცია უკმაყოფილო თანამშრომლებით კლიენტების კმაყოფილების მიღწევას ვერ შეძლებს, ხოლო ამ უკანასკნელის გარეშე, ყველასათვის ცხადია, ბიზნესის არათუ განვითარება, გადარჩენაც კი შეუძლებელია.
თუ ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ ამ ყველა ცდუნებას და სირთულეს გაუძლო, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი გავრცელებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. დამფუძნებლები დროზე ადრე აფასებენ წარმატებას, როგორც მათი მრავალმხრივი ნიჭისა და მართვის ფენომენალური უნარების ნაყოფს და უჩნდებათ სურვილი, რაც შეიძლება მეტ ახალ ბიზნესში მოსინჯონ ძალები და იქაც წარმოაჩინონ საკუთარი გამორჩეული შესაძლებლობები. ისინი თვლიან, რომ არსებული ბიზნესიც საკმარისად მყარად დგას ფეხზე ახალი ექსპერიმენტებისა და წარუმატებელი მცდელობების კომპენსირებისა და დაფინანსებისათვის.
და პრობლემების კიდევ ერთი დიდი ჭავლიც სწორედ მთავარი ბიზნესის მიმართ ასეთ არალოიალურ და ზერელე დამოკიდებულებას უკავშირდება. ახალი წარმატებების დევნასა და ძიებაში იმის მიმართ, რაც ორგანიზაციას არჩენს, დამოკიდებულება სულ უფრო ზედაპირული ხდება. ეს ძალიან მალე აისახება მთავარ პროდუქტზე და მომსახურებაზე, კლიენტების კმაყოფილებაზე ორგანიზაციის და მისი მოსამსახურეების მიმართ. უკმაყოფილება იზრდება, გაყიდვები კი პირიქით. მრავალი მიმართულებით გახსნილი ფრონტის გამო მესაკუთრეები და მმართველები ყველაზე მნიშვნელოვანზე კონცენტრირებას ვეღარ ახერხებენ და წარმატებული ბიზნეს წამოწყებაც ხელიდან ეცლებათ.
ისინი, ვისაც კეთილგონიერება ყოფნის და ამ საცდურსაც აღწევს თავს, მინიმუმ 2-3 წელი მთავარ საქმიანობაზე კონცენტრირებული რჩება და იქამდე, სანამ ბიზნესი საკმარისად მყარად არ დადგება ფეხზე და თავისუფალი დრო და ფულიც არ გამოჩნდება ახალი მიმართულებების განსავითარებლად, ახერხებენ შეინარჩუნონ კომპანია და საქმიანობის ისეთ მასშტაბებზე გაიყვანონ, რომელიც თვისობრივად ახალ, ზრდასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აყენებს ორგანიზაციას, თუმცა ეს სტარტაპებს აღარ უკავშირდება და შესაბამისად, სულ სხვა სტატიის თემაა.
ასე რომ, თუ თქვენ ახალი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეთ, კარგი იქნება ეს მოსალოდნელი პრობლემები გაითვალისწინოთ და:
ა) ბიზნეს იდეა თქვენთვის ნაცნობ თემას დაუკავშიროთ.
ბ) ეცადოთ თავიდანვე მაქსიმალურად ცხადად შეთანხმდეთ ყველა დამფუძნებელთან, საერთო თამაშის წესებზე, შედეგების განაწილების და ოპერატიულ მართვაში მონაწილეობის პრინციპებზე, მიდგომებზე, ფორმებზე, შინაარსზე და მასშტაბებზე.
გ) არ დაივიწყოთ, რომ კლიენტი არის ყველაზე მთავარი, ვისთვისაც ორგანიზაციები არსებობენ და რომ მათი კმაყოფილება ერთ–ერთი საკითხი კი არ არის, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია ინდუსტრიების დიდი ნაწილის შემთხვევაში.
გ) ეცადოთ თანამშრომლები მოტივირებულნი იყოლიოთ, მაქსიმალურად სამართლიანად გაუნაწილოთ მათ საქმიანობის შედეგი და შესაძლოა, პირიქით, რაც ეკუთვნით იმაზე მეტიც გადაუხადოთ წასვლაზე, რომ ვერ იფიქრონ და კმაყოფილებაც, რომ არ დაკარგონ.
დ) მინიმუმ 2-3 წელი მაინც და სანამ მყარად არ დადგება თქვენი ორგანიზაცია ფეხზე, არ ეცადოთ ახალი ბრძოლის ველების დაპყრობას. პირიქით, შეეცადეთ სულ უფრო უკეთესად და სრულყოფილად აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ.
ამ მარტივი წესებით შედარებით ადვილად გასტანთ პირველ სამ წელიწადს, ახლად შექმნილი ორგანიზაციისათვის კი არაფერი არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც კიდევ ერთი განვლილი წელიწადი.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის V წიგნში “მართვის ახალი გეომეტრია” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
24 მარტი, 2010 19:15
ვფიქრობ კარგად არის დანახული არა მარტო დამწყები ბიზნეს ერთეულების პრობლემა, არამედ საერთოდ არსებული პრობლემა განვითარების ყველა ეტაპზე.
ისევე როგორც თქვენთა, ვარ conference.ge-ს წევრიც და ხშირად ვაწყდები აღნიშნულ შეცდომების “კორიანტელს”.
მე მინდა დავამატო, ასევე ის შეცდომა, რაც დაკავშირებულია ბაზრის უცოდინარობასთან.
კერძოდ საუბარი მაქვს იმაზე, რომ შესაძლოა კარგი სპეციალისტი იყო შენი საქმის, მაგრამ არ იცოდე ბიზნესის საფუძვლები. ხსნის ფირმას და აწყდება უამრავ პრობლემას, რაც დაკავშირებულია კონკურენტებთან, სწორ პოზიციონირებასთან, მომხმარებლების მოთხოვნილებების უცოდინარობასთან და ა.შ. მოკლედ მარკეტინგთან.