პროაქტიული ადამიანების განსხვავება
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
14 ივნისი, 2010 | წაკითხულია 11 177-ჯერ
ადამიანების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს დაყოფის ერთი პრინციპი, რომელიც მათ ქცევის მიხედვით განასხვავებს. ადამიანების პროაქტიულ და რეაქტიულ ტიპებად დაყოფა სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ეფუძნება. სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებს მათ რადიკალურად განსხვავებულ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებისათვის უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები წარმატების მიზეზი ხდება.
პროაქტიული და რეაქტიული ადამიანების შეხედულებებში და დამოკიდებულებებში ბევრი განსხვავებაა, თუმცა ვეცადეთ, ყველაზე განსაკუთრებულები გამოგვეყო, ისეთები, რომლებიც სხვებზე მეტად განაპირობებენ ადამიანების განსხვავებულ ქცევას და შესაბამისად, ჩვენის აზრით, ყველაზე მეტად ეხმარებიან ან უშლიან ხელს ადამიანს მიაღწიოს დასახულ მიზანს, ნანატრ წარმატებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება პროაქტიულ და რეაქტიულ ადამიანებს შორის სწორედ წარმატების მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებაშია. პროაქტიული ადამიანებისთვის წარმატება ფულში, ქონებაში და ავტორიტეტში კი არ გამოისახება, არამედ მათი მეშვეობით შექმნილი საზოგადოებრივი სარგებლის განცდაში. ისინი გრძნობენ, ხედავენ, აფასებენ სარგებელს, რომელიც მათი შრომის შედეგად იქმნება და სწორედ ეს ანიჭებს მათ განსაკუთრებული წარმატების შეგრძნებას. ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ წარმატებას მოყვება, მათთვის შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია.
აქედან გამომდინარეობს მათი განსხვავებული დამოკიდებულება ცხოვრების მიმართაც. პროაქტიული ადამიანებისთვის ცხოვრების უმთავრესი მიზანი მაქსიმალური სარგებლის შექმნის მოსწრებაა. ისინი ცდილობენ ისე იმოქმედონ, ისე იფიქრონ და ისე იმუშაონ, რომ ცხოვრების მანძილზე მაქსიმალური სარგებელი შექმნან. მათ კარგად იციან, რომ სწორედ იმაზე, თუ რამდენს გააკეთებ და რამდენად სასარგებლოს, არის დამოკიდებული ის, თუ რას და რამდენს მიიღებ სანაცვლოდ. და რაც უფრო მეტია შენს მიერ შექმნილი საზოგადოებრივი სარგებელი, მით უფრო თავისუფლად შეგიძლია აირჩიო უკუგების ფორმა. მიიღო ის ფულის, პატივისცემის ან ამათი ნაბისმიერი კომბინაციის სახით.
აქედან გამომდინარეობს მათი განსხვავებული დამოკიდებულება დროის მიმართაც. პროაქტიული ადამიანებისთვის დრო უმთავრესი, ყველაზე ღირებული რესურსია. მათ კარგად ესმით, რომ ის მოასწრებს უფრო მეტს ვინც შედარებით უკეთ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი რესურსის გამოყენებას. ისინი გეგმავენ და ცვლიან თავის გეგმებს, მაგრამ არასდროს მიყვებიან დინებას, ისინი ისახავენ დროში გამოკვეთილ მიზნებს და ყოველთვის ცდილობენ მათ მიღწევას. იძინებენ ადრე და ადგომითაც დილას ადრე დგებიან იმისთვის რომ მეტიც მოასწრონ და უკეთაც გააკეთონ იმ დღეს გასაკეთებელი საქმე. მათთვის ყოველი დღე კიდევ ერთი ნაბიჯია დასახული მიზნისაკენ მაშინაც კი თუ იმ დღეს დასვენებას უთმობენ. ვინაიდან იციან, რომ ისვენებენ იმისთვის, რათა მერე უკეთესად იმუშაონ და არა პირიქით – იმუშაობენ იმისათვის, რომ მერე უკეთესად დაისვენონ.
განსხვავებულია პროაქტიული ადამიანების დამოკიდებულება საკუთარი სამსახურის მიმართ. ისინი თვლიან, რომ საქმე, რომელსაც აკეთებენ, მათთვის თვითგამოხატვის, შემოქმედების, მეტის შექმნისთვის საჭირო ინსტრუმენტია. მუდმივად ცდილობენ სრულყონ მუშაობის გამოყენებული მეთოდები, მიდგომები და საშუალებები იმისათვის, რომ დროში უფრო მეტის და უკეთესად გაკეთება შეძლონ. მათთვის სრულყოფილება საქმეში მეტი კმაყოფილების მიღწევის მთავარი პირობაა. ცდილობენ არ დახარჯონ დრო ისეთი საქმის კეთებაზე, რაც არ გამოსდით, არ სიამოვნებთ და არ შეუძლიათ ვინაიდან იციან, რომ მხოლოდ იმ საქმეში შეგიძლია მიაღწიო სრულყოფილებას, რომელიც მოგწონს, გამოგდის, სადაც შენი უნარების და თვისებების მაქსიმუმს იყენებ, სადაც ისე გრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში. სწორედ ასეთი საქმის პოვნით, ბევრის და სულ უფრო უკეთესად კეთებით ცდილობენ ისინი მიაღწიონ ცხოვრების მიზანს – გააკეთონ იმის მაქსიმუმი, რაც შეუძლიათ. სწორედ ამიტომ პროაქტიული ადამიანები, როგორც კი ხედავენ, რომ აკეთებენ იმას, რაც არ სიამოვნებთ ტოვებენ სამსახურს, მაგრამ იქ სადაც ხვდებიან, რომ სწორ საქმეს აკეთებენ ბოლომდე იბრძვიან მუშაობის საუკეთესო პირობების შესაქმნელად რეაქტიული ადამიანებისგან გასხვავებით, რომლებიც ასევე გრძნობენ, რომ დროს კარგავენ, მაგრამ ეგუებიან ასეთ სამსახურს. თვითონ არაფერს აკეთებენ მუშაობის პირობების გასაუმჯობესებლად და დაკარგული დროის განცდით გამოწვეული დისკომფორტის გაქარვებას ძირითადად ხელმძღვანელებზე, თანამშრომლებზე, სამსახურზე ახლობლებთან წუწუნით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
საქმის მიმართ განსხვავებული დამიკიდებულება პროაქტიული და რექტიული ადამიანების გარემოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებიდანაც მომდინარეობს. საქმე პროაქტიული ადამიანებისთვის არის საშუალება – იზრუნონ გარემოზე, ახლობლებზე, კოლეგებზე, საზოგადოებაზე მთლიანად. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ სხვებზე ზრუნვით არის გამსჭვალული. ვინაიდან პროაქტიულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ზრუნვა უმთავრესი მოტივი და სურვილია, რომელიც ადამიანს განსაკუთრებული, ღირებული საქმეების საკეთებლად აღძრავს. ზრუნვა ეხმარება ადამიანს იპოვოს ძალაც და იპოვოს იდეაც იმისთვის, რომ უკეთესად იზრუნოს მათზე ვინც უყვარს და ვინც მათთვის მნიშვნელოვანია. ეს მაშინ, როდესაც რეაქტიული ადამიანებისთვის ბევრად მნიშვნელოვანია მათზე ზრუნავდნენ სხვები, ითვალისწინებდნენ მათ ინტერესებს, განწყობას, სხვანაირად თავს არასამართლიან გარემოში გრძნონებ. ისინი საქმეს უფრო იმისათვის აკეთებენ, რომ საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცონ მათი უპირატესობა, უნარები, შესაძლებლობები და პატივისცემა დაიმსახურონ ამის გამო, ვიდრე იმისთვის, რომ ვინმეს რამე სარგებელი მოუტანონ.
საქმის მიმართ დამოკიდებულებაში არსებული განსხვავება განაპირობებს პროაქტიული და რეაქტიული ადამიანების განსხვავებულ დამოკიდებულებას სწავლის მიმართ. თუ რეაქტიული ადამიანები სწავლობენ იმისათვის, რომ წოდება, დიპლომი, ან რაღაცის კეთების უფლება მოიპოვონ რის შემდეგაც თვლიან, რომ წიგნიც და სწავლაც მხოლოდ დროის კარგვაა მათთვის და ახლა დროა ისიამოვნონ იმის ხარჯზე, რაც სწავლის დროს იწვალეს, პროაქტიული ადამიანებისათვის სწავლა მუდმივი, უწყვეტი პროცესია, რომელიც მათთვის მთავარი საშუალებაა მიაღწიონ სრულყოფილებას იმაში, რასაც აკეთებენ. მეტი და უკეთესად აკეთონ, რაც მათ ცხოვრებისეული მიზნის მიღწევის საშუალებას აძლევს. შესაბამისად პროაქტიული ადამიანები არასოდეს წყვეტენ სწავლას, ყოველდღიურად ცდილობენ ნახევარი საათი მიანც დაუთმონ მათთვის საინტერესო წიგნის კითხვას, მოუსმინონ ლექციას, ან თვითონ იფიქრონ, იმუშაონ საკითხზე რომელიც რაიმე ახალი, საინტერესო, ღირებული მიგნების გაკეთების საშუალებას მისცემს.
სწორედ სწავლის მიმართ მათი დამოკიდებულებაა ერთ–ერთი მთავარი რაც პროაქტიული და რეაქტიული ადამიანების სხვა ადამიანების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას განაპირობებს. პროაქტიულმა ადამიანებმა იციან, რომ თითოეული ადამიანი მათ გარშემო რაღაცით მათზე უკეთესია. ეძებენ მათში ამ უკეთესს, აფასებენ და პატივს სცემენ მათ ამ განსხვავებების გამო და ცდილობენ ისწავლონ, გადაიღონ ეს უკეთესი მათგან. მაშინ როცა, რეაქტიული ადამიანები პირიქით – ადამიანებში უარესს ეძებენ იმისათვის, რომ საკუთარი უპირატესობა იგრძნონ და დატკბნენ ამით. შესაბამისად ადამაინების მიმართ მათი დამოკიდებულება ბევრად უფრო ქედმაღლურია, უფრო დახურულია და დამცინავი. შედეგად რეაქტიულ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო რთულია და დამთრგუნველი მაშინ, როცა პროაქტიულ ადამიანებთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესოა.
განსხვავდება პროაქტიული და რეაქტიული ადმიანების დამოკიდებულება ხელმძღვანელების მიმართ. პროაქტიული ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი საქმე გაუკეთონ ხელმძღვანელს და დაეხმარონ მას მისთვის მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში ისე, რომ სანაცვლოდ არ მოითხოვენ დიდების, სახელის, ფულის გაზიარებას, ვინაიდან კარგად იციან, რომ ხელმძვანელის წარმატება და ის, თუ რა პირად წვლილს შეიტანენ ისინი ამ წარმატებაში, ხვალ უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთების წინაპირობა გახდება. რეაქტიული ადამიანები ჯერ ცდილობენ დააზუსტონ, რა სარგებელი ექნებათ იმისგან, რასაც გააკეთებენ და თუ თვლიან, რომ ვიღაცამ მათი შრომა სათავისოდ გამოიყენა, არსამართლიანად გაუნაწილა მათ საქმიდან მიღებული ფული ან ავტორიტეტი (რაც თითქმის ყოველთვის ასე ფასდება, როცა ამის შეფასებას იწყებ) მტკივნეულად რეაგირებენ ამაზე. უსამართლობის გამო თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ჩივიან, წუწუნებენ, აღარაფერს აკეთებენ, სადაც საშუალება ეძლევათ ცუდს ლაპარაკობენ ხელმძღვანელზე, რაც მათ ხელმძღვანელთან შემდეგ ურთიერთობაშიც უქმნის პრობლემებს და საქმის კეთებაშიც უშლის ხელს ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტი და დიდი წარუმატებლობების მიზეზი ხდება. პროაქტიული ადამიანებისთვის ყველაზე რთულია იმის აღქმა, რომ მათი ხელმძღვანელი არც თვითონ აკეთებს და არც სხვას აკეთებინებს საქმეს მაშინაც კი თუ შედეგიდან დიდებაც, პატივიც და ფულიც მთლიანად თვითონ რჩება (რაც ძალიან იშვიათად ხდება). ასეთ შემთხვევაში პროაქტიული ადამიანები ცდილობენ განაწყონ ისინი მოქმედებისთვის, მაგრამ თუ ვერ აღწევენ მიზანს სამსახურს ტოვებენ და ახალი გუნდის საძებნელად მიდიან.
ძალიან განსხვავებულია პროაქტიული და რეაქტიული ადამიანების დამოკიდებულება ხელქვეითებისადმი. რეაქტიული ადამიანები ხელქვეითებს მათზე დაბალი რანგის თანამშრომლებად აღიქვამენ, რომელთაც, ძირითადად, შავი სამუშაოს შესასრულებლად იყენებენ. ცდილებენ ისეთი არაფერი დაავალონ, რაც მათ თავის გამოჩენაში დაეხმარება და რაც მათში თვითშეფასების ამაღლების მიზეზი გახდება. ისინი ფიქრობენ ან ქვეცნობიერად თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეთ, რომელსაც მათ ადგილზე პრეტანზია გაუჩნდება. შესაბამისად ბლოკავენ თანამშრომლებისაგან წამოსულ საუკეთესო იდეებს ან მცირე გადაკეთების შემდეგ თვითონ იწერენ მათ. ყოველთვის ცდილობენ საკუთარ ხელძღვანელებთან ისე წარმოაჩინონ, რომ მათი დაქვემდებარებული თანამშორმლები ძირითადად უვიცები, უსაქმურები, არამოტივირებულები არიან და რომ ყველაფრის გაკეთება მათ თვითონ უწევთ. ასე ბევრად დაცულებად გრძნობენ თავს.
მაშინ, როდესაც პროაქტიული ადამიანებისთვის ხელქვეითები პირველ რიგში მათი გუნდის სრულუფლებიანი წევრები არიან. მათ კარგად იციან, რომ თუ მეტის გაკეთება და მოსწრება უნდათ ამის მიღწევა მხოლოდ სწორი გუნდით შეიძლება. იქ მეტი გაკეთდება რაც უფრო მეტად იქნება ჩართული თითოეული ადამიანის შემოქმედებითი უნარები, სადაც ადამიანები ბოლომდე გაიხსნებიან, ძალიან მოინდომებენ, იდეებიც გაუჩნდებათ და ბოლომდე იბრძოლებენ საკუთარი იდეების ცხოვრებაში განხორციელებისათვის. პროაქტიულმა ადამიანებმა იციან რომ გუნდში ასეთი გარემოს შექმნა ყველაზე მეტის და ყველაზე სწრაფად გაკეთების აუცილებელი პირობაა, სწორედ ამიტომ ცდილობენ თანამშრომლებს შეუქმნან ისეთი პირობები, სადაც ბოლომდე დაიხარჯებიან, თვითშეფასებაც აუმაღლდებათ, მეტსაც ისწავლიან, სარგებელსაც მეტს მიიღებენ და შექმნიან. იციან, რომ გუნდის ხელმძღვანელის მთავარი სარგებელი არა რომელიმე კონკრეტული იდეის ავტორობასა და შემსრულებლობაშია, არამედ საუკეთესო იდეების მწარმოებელი და შემსრულებელი გუნდის ლიდერობაში. ეს, მათ საკუთარი ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაშიც ეხმარება და ხელმძღვანელების და გარშემომყოფთა მხრიდან უკეთესი შეფასების მიღებაშიც.
და ბოლოს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება პროაქტიულ და რეაქტიულ ადამიანებს შორის საკუთარი წარმატების ან წარუმატებლობის მიმართ დამოკიდებულებაშია. პროაქტიული ადამიანები თვლიან, რომ მათი წარმატების მთავარი მიზეზი გამართლება, მათი თანამშრომლები, მეგობრები, ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც ხელსაყრელი გარემოებები დაემატა და ჯამში ამან გამოიწვია წარმატება. წარუმატებლობისას ფიქრობენ, რომ უდიდესი შანსი გაუშვეს ხელიდან, არასწორად შეაფასეს გარემო, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, ადამიანებს არ მისცეს საშუალება დახმარებოდნენ სწორად და დროულად. ასეთი მიდგომა პროაქტიულ ადამიანებს ეხმარება მეტი გაკვეთილი მიიღონ ნებისმიერი წარუმატებლობიდან, კარგად გაანალიზონ რა ცვლილებები უნდა მოახდინონ საკუთარ ქცევაში და დამოკიდებულებაში იმისთვის რომ ანალოგიური შეცდომები აღარ დაუშვან. წარმატება კი ნაკლები თვითკმაყოფილების მიზეზი ხდება. შედეგად პროაქტიული ადამიანები არასოდეს კმაყოფილდებიან მიღწეულით. ყოველთვის მეტის მიღწევისკენ მიილტვიან და ღიად გამოხატავენ მადლიერებას ყველას მიმართ მათ გარშემო ამაში დახმარების გამო. რაც მათ კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში ეხმარება.
მაშინ, როდესაც რეაქტიული ადამაინები ფიქრობენ, რომ წარმატება მათი განსაკუთრებული უნარების და მონდომების შედეგია, შესაბამისად ამ წარმატებიდან თვითონ იმსახურებს სახელსაც და დიდებასაც, ხოლო წარუმატებლობა მხოლოდ გარემოებებისა და გარშემო მყოფი ადამიანების მიზეზით არის განპირობებული და ყოველთვის გარეთ ეძებენ დამნაშავეს მიუღწეველ მიზნებში, გადაუჭრელ ამოცანებში, არასწორად გადადგმულ ნაბიჯებში. ასეთი დამოკიდებულება მათში ნაკლებ მოტივებს ქმნის საკუთარი სრულყოფის შესაძლებლობების საძებნელად, უფრო ადვილად კმაყოფილდებიან მიღწეულით, მათთან ყოველდღიურ ურთიერთობასაც უფრო რთულსა და სტრესულს ხდის გარშემომყოფთათვის, რაც ხშირად კიდევ უფრო დიდი წარუმატებლობების მიზეზი ხდება.
* * *
პროაქტიულ და რეაქტიულ ადამიანებს მხოლოდ სხვადასხვა საკითხების მიმართ დამოკიდებულება განასხვავებს. თუმცა სწორედ ეს დამოკიდებულებები განაპირობებენ კონკრეტულ სიტუაციებში მათ განსხვავებულ ქცევას, რაც თავის მხრივ, ხშირად ასევე განსხვავებული შედეგების მიზეზი ხდება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროაქტიული ადამიანები უკეთესები არიან, ვიდრე რეაქტიულები, თუმცა ისინი, როგორც წესი, ცხოვრებაში მეტის მიღწევას ახერხებენ, რაც სწორედ ასეთი დამოკიდებულებების შედეგია. იყო პროაქტიული კი სულაც არ არის რთული, მთავარია გესმოდეს განსხვავება და გააკეთო შესაბამისი არჩევანი.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის V წიგნში “მართვის ახალი გეომეტრია” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “პროაქტიული ადამიანების განსხვავება”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
28 ნოემბერი, 2010 10:13
საკმაოდ საინტერესო სტატიაა.განსხვავების პოვნა პროაქტიუკ და რეაქტიულ ადამიანებს შორის მეტად მნიშვნელოვანი საკითხია.ეს აუცილებლად დაგეხმარებათ როგორც სხვებთან ურთერთობაში ასევე თვითდამკვიდრებაში.