საღამოს, ტელევიზორის ყურების ნაცვლად
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
13 აგვისტო, 2012 | წაკითხულია 2 479-ჯერ
ამას წინათ ერთ ძველ ნაცნობთან საინტერესო თემაზე მოგვიწია საუბარი. იგი ერთ-ერთი დიდი ქართული კომპანიის ხელმძღვანელია, სამუშაო დღეც რთული აქვს და დასვენებაც სათანადოდ სჭირდება. საკუთარი საღამოს განრიგზე მიყვებოდა – როგორ ცხოვრობს, როგორ ისვენებს საღამოობით. მის მონაყოლში ბევრი რამ მომეწონა, მაგრამ ერთი საკითხი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ამ ადამიანმა უკვე რამდენიმე წელია ტელევიზორის ყურება, ფაქტიურად, მთლიანად შეწყვიტა და მისგან გამოთავისუფლებულ დროს სხვადასხვა ჟანრის წიგნების კითხვას უთმობს.
ასეთი ცვლილების ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი არის ის, რომ ადამიანს, რომელიც მის მიერვე შერჩეულ, მისთვის საინტერესო და საყვარელ წიგნს კითხულობს, გაცილებით უფრო მშვიდად სძინავს ღამით, აზრებიც ბევრად უფრო მშვიდი აქვს. მის განწყობაში ძალადობა, შფოთი და ნერვიულობა კლებულობს, ორგანიზმი ბევრად უკეთესად ახერხებს აღიდგინოს ძალები და გაცილებით მომზადებული შეხვდეს მეორე დილას.
ადამიანების უსაზღვრო ფანტაზიიდან და წარმოსახვის უნარიდან გამომდინარე არც ფერებით, არც შთაბეჭდილებით, არც სპეცეფექტებით, არც გამოწვეული ინტერესით და მოსალოდნელის აზარტით წიგნები არაფრით ჩამოუვარდება საუკეთესო ფილმებსაც კი, თუ ბევრად უფრო მეტად ეფექტური არ არის მათზე. ამასთან, მას სხვა კი არ არჩევს საკუთარი გემოვნებით, არამედ ჩვენ თვითონ. არასოდეს შეწყვეტენ საინტერესო ადგილას დაუსრულებელი სარეკლამო ტიხრით, არასოდეს დაყოფენ ნაწილებად და არ გადაანაწილებენ დღეების, ან კვირების განმავლობაში, გაუთავებლად. არ გვეტყვიან რომელ საათზე შეიძლება მათი კითხვა – არ გამოგვრჩება და არც სხვა რამის კეთების ხასიათზე მოგვიწევს ძალით მათი კითხვა. მოკლედ წიგნების კითხვა ბევრად კომფორტულიც არის და, ამასთან, არანაკლებ სასიამოვნოც.
კიდევ ერთი კარგი წიგნის დამთავრების შემდგომ შეგრძნებას თითქმის ვერასოდეს შეედრება ფილმის ან გადაცემის დასრულებისას მიღებული შეგრძნებები. ამ დროს ადამიანმა კიდევ ერთი მეგობარი შეიძინა, კიდევ უფრო გამდიდრდა ახალი აზრებით, ახალი ხედვებით, გაიზარდა, გაიფართოვა მისი თვალსაწიერი, კიდევ უფრო აიმაღლა თვითშეფასება, მინიმუმ კიდევ ერთი თემა გაუჩნდა გასაზიარებელი მეგობრებისთვის. მოკლედ, ბევრი ასპექტით გამდიდრდა და პიროვნული კაპიტალიც გაიზარდა. განა ვახერხებთ ყოველ საღამოს ისეთი ფილმის ან გადაცემის ყურებას, რომელსაც ამდენი რამის მოცემა შეუძლია ჩვენთვის?
არავისთვის არ არის ახალი ისიც, რომ წიგნების კითხვა ბევრად უკეთესად გვასწავლის საკუთარი აზრების ჩამოყალიბებას, გადმოცემას, გვიფართოებს ლექსიკურ მარაგსაც, ბევრად უფრო საინტერესო მოსაუბრედ გვხდის და შედეგად ჩვენთან ურთიერთობაც ბევრისთვის უფრო სასარგებლო, საინტერესო და სასიამოვნო ხდება, რაც, ასევე, არ არის ნაკლები მნიშვნელობის არგუმენტი კითხვის სასარგებლოდ.
კარგი ბიბლიოთეკა დიდი აქტივია ნებისმიერი ოჯახისა თუ ორგანიზაციისათვის. ის არამარტო მისი მეპატრონის ინტელექტზე, განათლებაზე, ერუდიციაზე მიუთითებს და საუკეთესო კუთხით ახასიათებს მას, არამედ შვილებს, შთამომავლებს, ახალ თანამშრომლებს უჩენს სურვილს აიღონ, გადახედონ, წაიკითხონ და გაიზიარონ ის ცოდნა თუ ინფორმაცია, რომლითაც მათი ოჯახი, მასპინძელი თუ ორგანიზაცია ამაყობს. ბევრი წიგნი, კარგი ბიბლიოთეკა არამარტო მატერიალური, არამედ მნიშვნელოვანი არამატერიალური სიმდიდრეც არის ნებისმიერი ოჯახისა და ორგანიზაციისათვის.
თითქოს ძალიან ცხადია ყველაფერი, რაც ზემოთ წერია, ახალიც არაფერია მასში, თუმცა ჩვენ მაინც ხშირად გვირჩევნია სამსახურიდან სახლში დაბრუნებულებს, დანაყრების შემდეგ, უკვე დიდი ხნის განმავლობაში ჩვევამდე მისული მოქმედება შევასრულოთ – ხელში პულტი ავიღოთ და ჩვენს საყვარელ სავარძელში მოვკალათდეთ, მაცდურად აციმციმებული ცისფერი ეკრანის ტყვეობაში კიდევ ერთი უსარგებლო საღამოს გასატარებლად და კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობის დასაკარგად – მიგვეღო დიდი სიამოვნება და სარგებელი საუკეთესო ნაწარმოების კითხვით.
თუ ჩვენ, ჩვენს საყვარელ სავარძელს, ახალი, კითხვისათვის უფრო კომფორტული სავარძლით შევცვლით, ან თუნდაც იმავეს სხვა უფრო წყნარ ადგილას გადავიტანთ, ძველი ბიბლიოთეკიდან ამოვარჩევთ წიგნს, რომლის წაკითხვაც ან ხელახლა წაკითხვაც უკვე დიდი ხანია გვინდა, ან თუნდაც ნებისმიერი გაზეთების ჯიხურში არსებული არჩევანიდან შევიძენთ რამეს, იქნებ ჩვენთვისაც დაიწყოს ახალი საღამოს ცხოვრება არა მარტო უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და სასიამოვნო, არამედ ბევრად სასარგებლოც.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “საღამოს, ტელევიზორის ყურების ნაცვლად”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
14 აგვისტო, 2012 10:46
ვეთანხმები ავტორს, საღამოს წიგნის კითხვას არაფერი შეედრება :) რაც შეეხება ტელევიზორს, საერთოდ არ მაქვს სახლში რამდენიმე წელია და არავითარ დანაკლისს არ ვგრძნობ ამისგან. რამოდენიმეჯერ სხვებთან მომიწია ტელევიზორის ყურება, იმდენად გამაღიზიანებელი, სტრესული ინფორმაცია მივიღე, საშინლად მომეშხამა ხასიათი :)