ძლიერი გუნდის შექმნისთვის
სტატიის ავტორი: ეთუნა მუნჯიშვილი
7 სექტემბერი, 2012 | წაკითხულია 3 732-ჯერ
როგორც სახლს ვერ ავაშენებთ საძირკვლის გარეშე, ნერგებს ვერ გავახარებთ მორწყვის გარეშე, შედევრს ვერ შევქმნით შთაგონების გარეშე, ასევე ძლიერ გუნდს ვერ ჩამოვაყალიბებთ გუნდური პრინციპების გარეშე. ვინც გუნდის ჩამოყალიბებას ახლა იწყებთ, გინდათ ახლად შთაბეროთ სული თქვენს გუნდს, ვფიქრობთ, ეს სტატია ღირებული იქნება თქვენთვის.
კარგი გუნდის ყოლისთვის ბევრია საჭირო. „სინერჯი ჯგუფის წიგნებში“ რიგი სტატიები გუნდის მართვას, გაძლიერებას, წახალისებას ეხება. თუმცა ძლიერი გუნდის შეკვრასა და მართვაზე ლაპარაკი ნაადრევი და არასახარბიელო შედეგების მომტანი იქნება, თუ შექმნის პროცესში მყარი საფუძველი არ შეიქმნება მისი სიცოცხლისუნარიანობისა და წარმატებისთვის. ეს საფუძველი არ ნიშნავს, რომ გუნდი აუცილებლად ძლიერი იქნება, თუმცა მისი გაუთვალისწინებლობა თავიდანვე უკარგავს გუნდს შანსს, შეინარჩუნოს წარმატება დიდხანს და, ამასთან, შეძლოს განვითარება.
ხშირად ისე ხდება, რომ მუშაობის პრინციპებს აგდებულად ვუდგებით, მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებთ, რომ შემდეგ საიტზე დავდოთ, ვაკეთებთ ისეთს, რომ 1 თვის მერე არავის ახსოვს, ან საერთოდ არ ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, გუნდური მუშაობის პრინციპების ქონა აკვიატებული მიზანი არაა, ეს უფრო აუცილებელი, გამოსადეგი და ღირებული დანიშნულების მატარებულია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ გუნდის შექმნას პრინციპების გაკეთებით თუ დავიწყებთ ეს გუნდის წევრებისთვის, მომავალში, მოქმედების ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცევა.
თუ გუნდში თავად გუნდის წევრების მონაწილეობით ისეთი რამდენიმე პრინციპის შერჩევას შევძლებდით, რომელიც მაქსიმალურად გააერთიანებდა იმ სულისკვეთებას, რაც გუნდს გვჭირდება, აქტიურად გავავრცელებდით გუნდის წევრებს შორის და პირველები ვიქნებოდით, ვინც მათ დაიცავდა, ამით ძალიან დავეხმარებოდით გუნდს მუშაობის სწორი ორიენტირების აღებაში მუშაობისას.
ამასთან ერთად, სამუშაო პრინციპების ქონის მიზანი ისაა, რომ მუდმივად დავეხმაროთ გუნდის წევრებს მათი საქმიანობის სრულყოფაში, იმ შესაძლებლობებზე აქცენტის გაკეთებით, რასაც მათი და საერთო საქმის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეთანხმებული პრინციპები:
ა) საქმიანობას სიცხადეს მატებს – მათი არსებობა გუნდის საქმიანობაში პრიორიტეტების გამოკვეთას უწყობს ხელს. გუნდის წევრებიც მუშაობისას პრინციპიდან იწყებენ გამოსვლას და არა ინდივიდუალური საჭიროებებიდან;
ბ) ერთიანობას აძლიერებს – გუნდს დამატებით უჩნდება საერთო ორიენტირი, რაც ამოსავალი წერტილია მუშაობისას გუნდის თითოეული წევრისთვის. ერთად მიმართული ძალისხმევა მუშაობისადმი, როგორც წესი, უფრო ეფექტიანია ხოლმე;
გ) მოტივაციას ზრდის – სამუშაო პრინციპის შემოღება პირდაპირ მოქმედებს გუნდის წევრების მოტივაციაზე, მათ სულისკვეთებას გუნდის მიზნებისადმი საგრძნობლად დადებითად ცვლის და განსაკუთრებით რთულ მომენტებში ასრულებს დამხმარის როლს.
ერთი ორგანიზაცია ვიცი, სადაც ასეთი პროფესიული პრინციპი აქვთ – „სადაც არის ნება, იქ არის გზები“. ეს პრინციპი გუნდის ყველა წევრს თავის სამუშაო აღჭურვილობაზე აქვს გაკრული: ბლოკნოტებზე, ლეპტოპებზე, რიდერებზე და პირველ რიგში გონებაში. მათ სჯერათ, რომ მთავარია მონდომება და რწმენა და შეუძლებელს შეძლებენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს პრინციპი მოქმედებს და თანაც წარმატებულად.
პრინციპების შესაქმნელად, სულ რამოდენიმე მოქმედება და მონდომებაა საჭირო:
1. პირველი შეხვედრა დაიწყეთ გუნდურ პრინციპებზე მუშაობით. კარგი იქნება თუ წინასწარ გექნებათ უკვე მოფიქრებული, რა გამოადგება თქვენს გუნდს და თქვენს საქმეს ყველაზე მეტად როგორც სარგებლის, ისე ეთიკურობის თვალსაზრისით. თან მნიშვნელოვანია, რომ პრინციპი მოტივაციის სტიმულებს შეიცავდეს თავის თავში და დამხმარის როლი ჰქონდეს რთულ სიტუაციებში.
2. მიღებული ვარიანტებიდან გუნდს შეარჩევინეთ რამოდენიმე პრინციპი, 3 ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. როგორც წესი, თუ პრინციპები ბევრია, ის ძალას კარგავს და მალე მივიწყებადია. დარწმუნდით, რომ ყველა კომფორტულად გრძნობდეს თავს ამ პრინციპებთან.
3. იზრუნეთ იმაზე, რომ ამ პრინციპებმა იმუშაოს. ამისთვის თქვენი გუნდის წევრებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მას ხედავდნენ, ეხებოდნენ, კითხულობდნენ, იმეორებდნენ და იყენებდნენ როგორც სამუშაო იარაღს. რისთვისაც შეიძლება ყველაზე ორიგინალური გზებიც კი მოიფიქროთ, თუნდაც ჭერზეც კი გააკრათ ეს პრინციპები, რომ არაფერი ვთქვათ სამუშაო ტექნიკაზე. რაც მთავარია, პირველი უნდა იყოთ თქვენ ვინც ამ პრინციპებს სიცოცხლეს შთაბერავს და სხვებს მაგალითს მისცემს.
_________________________________________
პრინციპებთან ერთად ეს ორი საკითხიც შეიძლება გამოვყოთ, როგორც გუნდის შექმნის საბაზისო ეტაპზე გადასადგმელი ნაბიჯები:
გუნდის წევრებისთვის საერთო მიზნისა და ამოცანების გათავისება
საერთო მიზნისა და ამოცანების გათავისება გუნდის წევრების დამოკიდებულებას საქმისადმი 360 გრადუსით ცვლის. ეს იმ ისტორიას ჰგავს, მშენებლებს რომ ეკითხებიან რას საქმიანობენ. ერთი პასუხობს „ქვებს ვეზიდებიო“, მეორე -„ლუკმა პურს გამოვიმუშავებო“, მესამე კი ასე ხსნის თავის საქმიანობას – „ტაძარს ვაშენებო“. მთავარი, ალბათ, ის კი არ არის ვუთხრათ რას ვაკეთებინებთ ჩვენი გუნდის წევრებს, არამედ ის, თუ რისთვის ვაკეთებინებთ ამას. რადგან ერთი და იგივე საქმემ გუნდის წევრებში შეიძლება ერთნაირი ხარისხით გამოიწვიოს როგორც დემოტივაცია, ისე ენთუზიაზმი და მონდომება. ყველაფერი კი იმ დიადი მიზნის გათავისებაშია, რაც გუნდის წევრების ისეთივე საკუთრება უნდა გახდეს, როგორიც ეს გუნდის ხელმძღვანელისთვისაა.
გუნდის შიდა ურთიერთობების წახალისება
ერთ–ერთმა წარმატებული გუნდის ლიდერმა ასეთი რამ მითხრა: გუნდის დაკომპლექტების შემდეგ ერთ–ერთ პირველს რასაც ვაკეთებ, გუნდის წევრებს ვთხოვ ოჯახები გავაცნოთ ერთმანეთსო. გაცნობის შემდეგ კი საერთოდ სხვა აურა იქმნება ჩვენს გუნდში და ჩვენ ურთიერთობებზე ეს პირდაპირ და დადებითად აისახებაო. მგონი მართალი უნდა იყოს. სპორტული აქტივობებიც ამის ერთ–ერთი კარგი საშუალებაა. შეარჩიეთ გუნდის წევრებისთვის ყველაზე ოპტიმალური სპორტის სახეობა და სამაგალითო გახდით საკუთარი აქტიურობით. ეს მაგალითები შეიძლება არ არის გუნდში პირადი ურთიერთობების წახალისების საუკეთესო გზები, თუმცა გუნდის წევრებთან არასაქმიანი ურთიერთობები, რაც გუნდურობას გააძლიერებს, საქმეს მხოლოდ წაადგება.
წარმატებებს გისურვებთ გუნდის “მშენებლობაში”. და კიდევ პრინციპულ პოზიციას გუნდური მუშაობის პრინციპების დამკვიდრებისას :).
მოიძიეთ და იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, ბევრ გამოსადეგ რამეს შეიძლება წააწყდეს იქ კაცი.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
4 კომენტარი სტატიაზე “ძლიერი გუნდის შექმნისთვის”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
10 სექტემბერი, 2012 08:17
Sasurvelia tu kovelkvireulad momacvdit statiebs
10 სექტემბერი, 2012 10:51
დავით, ამიერიდან თქვენ ყოველ ორშაბათს მიიღებთ ყოველკვირეულ წერილს, რომელიც მოგაწვდით ბოლოს კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებსა და სხვა სიახლეებს.
მადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენს სტატიებს.
11 სექტემბერი, 2012 12:42
ამ თემაზე პატრიკ ლენსიონს აქვს ძალიან საინტერესო მოსაზრებები… მადლობა საინტერესო თემისთვის.
31 ოქტომბერი, 2012 18:02
zalian saintereso statiaa, axlaxan agmogachinet, saintereso xalxi xart! am statiam damafiqra… sainteresod damafiqra…