როდესაც უფრო რთული დავალებების შესრულება შეგიძლიათ, ვიდრე გავალებენ
სტატიის ავტორი: თამარ ჭითაშვილი
19 სექტემბერი, 2012 | წაკითხულია 2 782-ჯერ
გაკეთებული მარტივდება, დავალებები ტექნიკურად სრულდება, აღარ გხვდებათ სირთულეები, სწავლითაც ახალს ვეღარ სწავლობთ და სამუშაოც მოსაწყენი გახდა თქვენთვის. ხვდებით, რომ მეტის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ ვეღარ ახერხებთ საკუთარი უნარების, რესურსების გამოყენებას, რეალიზებას, რაც დიდ დისკომფორტს გიქმნით. ასეთ დროს ყველაზე არასწორი სტრატეგიაა გულხელდაკრეფილი ყოფნა და ლოდინი, როდის მოახდენს ხელმძღვანელი დელეგირებას, როდის მოგცემენ უფრო რთულ დავალებებს…
როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? გვსურს, რამდენიმე რჩევა შემოგთავაზოთ, რომელთა განხორციელებაც დაგეხმარებათ ამ საკითხის მოგვარებაში. არ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს მეთოდი უნივერსალური და საუკეთესოა, მაგრამ აუცილებლად მოჰყვება დადებითი შედეგები ამ მოქმედებათა განხორციელებას.
1. უთხარით ხელმძღვანელს, რაც გაღელვებთ – სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, აუცილებლად სთხოვეთ ინდივიდუალური შეხვედრა, სადაც აუხსნით, რომ უფრო რთული საქმის კეთება შეგიძლიათ, ვეღარ იზრდებით სათანადოდ და ვერც თქვენს უნარებს, ცოდნას იყენებთ.
მასაც ჰკითხეთ აზრი, რამდენად ფიქრობს, რომ მეტის გაკეთება შეგიძლიათ, რატომ ფიქრობს ამას, უკუკავშირი გულწრფელი იქნება. თუ იგი მართლა თვლის, რომ გაქვთ სათანადო უნარები, იმასაც დაგპირდებათ, რაიმე მოიმოქმედოს და უფრო საინტერესო დავალებები მოგცეთ.
შეიძლება ისიც აღმოაჩინოთ, რომ არსებულ პოზიციაზე უფრო რთული დავალებების მიღების პოტენციალი ამოწურულია. ამის გამო მოგიწევთ ფიქრი დაწინაურებაზე ან სხვაგან გადასვლაზე.
თუ ხელმძღვანელი თვლის, რომ არ ხართ მზად რთული დავალებების შესასრულებლად, უფრო დეტალურად გაარკვიეთ, რა არ მოსწონს შესრულებული სამუშაოებიდან, რა უნდა ისწავლოთ, ან რა უნდა შეცვალოთ. ეს დაგეხმარებათ შემდგომში გააუმჯობესოთ ხარისხი და დაარწმუნოთ ის, რომ ღირს გარისკვა და გარკვეული საქმეების დელეგირება.
2. მუდმივად გამოიჩინეთ ინიციატივა – როდესაც რაიმე საქმე გამოჩნდება გამოთქვით სურვილი მის შესრულებაზე, ხშირად ჰკითხეთ კოლეგებსა და ხელმძღვანელს, რამეში დახმარება ხომ არ სჭირდებათ (ოღონდ ზედმეტადაც ნუ მოაბეზრებთ თავს).
თუ ხელმძღვანელი რაიმე რთულ დავალებას ასრულებს სთხოვეთ, ჩაგრთოს პირველ ეტაპზე, თუნდაც დამკვირვებლის როლში. რეალურად ხშირად დელეგირებას იმიტომაც ერიდებიან, რომ სასწრაფო საქმეა, სწავლებისა და შეცდომების დაშვებისათვის არ სცალიათ. ხოლო თუ არ გააკეთებთ და უბრალოდ, პირველ ჯერზე, უყურებთ, როგორ აკეთებს თვითონ, ზოგჯერ თქვენს მოსაზრებასაც გამოთქვამთ ან კითხვებს დასვამთ. მეორე ჯერზე უფრო მარტივად განდობენ ამ საქმეს.
3. მუდმივად დახვეწეთ არსებული დავალებების შესრულების ხარისხი – შეიძლება ფიქრობთ, რომ საქმეს კარგად აკეთებთ, მაგრამ შესაძლებლობები ხშირად ამოუწურავია. მოიფიქრეთ ახალი გზები დავალებების უკეთ, უფრო სწრაფად შესასრულებლად. კარგად გაიაზრეთ შესრულების პროცესი – ვინ არის მასში ჩართული და სად არის შეფერხების მიზეზი.
როცა თქვენს ნაწილს ამოწურავთ, ალბათ აღმოაჩენთ, რომ ბევრი რამ თქვენზე აღარ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვადასხვა ადამიანია ჩართული პროცესში. უმეტეს შემთხვევაში არამენეჯერულ პოზიციას არ აქვს სათანადო ავტორიტეტი, რაიმე მოითხოვოს სხვებისგან, სამაგიეროდ შეგიძლიათ ხელმძღვანელს სთხოვოთ დახმარება და მისი კეთილგანწყობაც მოიპოვოთ.
4. სთხოვეთ ხელმძღვანელს დახმარება საქმის უკეთ კეთებაში – ეს არამარტო სხვა პოზიციებსა და დანაყოფებს ეხებათ, არამედ უშუალოდ თქვენს პირობებს. ჩამოწერეთ სია, რა გჭირდებათ საქმის უკეთ გაკეთებისათვის – პროცესის დახვეწა, ახალი აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა, სამუშაო გარემო, კონკრეტული კომპეტენცია, მოტივაცია. ასევე გააანალიზეთ და ცხადად გადმოეცით, რა გჭირდებათ სხვებისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები კიდევ უფრო დახვეწეთ და წარუდგინეთ მას.
უკეთესია ეს ყველაფერი გუნდურად გააკეთოთ – თქვენი ხელმძღვანელის დაქვემდებარებულებს შეუთანხდით, გამოჰკითხეთ, რა ესაჭიროებათ უკეთესი შედეგის მისაღწევად, ერთად ჩამოწერეთ თქვენი სურვილები და წინადადებები.
აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამას არ უნდა ჰქონდეს მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელი ხასიათი. ამისათვის უნდა შეირჩეს წინადადებების წარდგენის სწორი ფორმა, აგრეთვე ინიციატივაც უნდა გამოიჩინოთ საკითხების შემდგომ დამუშავებაზე, მოგვარებაზე.
და გახსოვდეთ, ამას აკეთებთ არა იმისათვის, რომ თავი გაიმართლოთ, რატომ ვერ აკეთებთ დავალებებს უკეთ, არამედ აჩვენოთ მონდომება, ინიციატივები, რომ გსურთ უკეთესი შედეგის მიღწევა.
5. მაგალითი ხელმძღვანელისათვის – თითქოს უცნაური და წარმოუდგენელია, მაგრამ ნუ დაემსგავსებით მას, თუ თქვენს ირგვლივ არის ვინმე ისეთი, რომელიც მარტივ დავალებებს ასრულებს ან უფრო დაბალ პოზიციაზეა. გააკეთეთ ის, რასაც ხელმძღვანელისგან ითხოვთ და მოელით: ასწავლეთ, მოახდინეთ საქმეების დელეგირება, ხშირად ჩართეთ მიმდინარე საქმეებში. ამით მენეჯერულ უნარებსაც განივითარებთ, კადრსაც დაეხმარებით გაზრდაში და თავისუფალი დროც მეტი დაგრჩებათ. დროის გამოთავისუფლების შედეგად უფრო მეტად იზრუნებენ თქვენს დასაქმებაზე.
6. დაასაქმეთ საკუთარი თავი – მოიფიქრეთ სხვადასხვა იდეები როგორც თქვენი დანაყოფისათვის, ასევე მთლიანად ორგანიზაციისათვის – რა ახალი სერვისები შეიძლება შესთავაზოთ კლიენტებს, რა შეიძლება შეიცვალოს არსებულ მომსახურებასა და პროდუქტებში, როგორ შევაფასოთ თანამშრომლები და მოტივაცია, სად არსებობს ფინანსების დაზოგვის რეზერვები, რომელი პროცესებია დასახვეწი და ა.შ.. თემა უამრავია, მთავარია გამოყოთ დრო, თუნდაც დღეში ერთი საათი, და ამ ყველაფერზე იფიქროთ.
შემდეგ დაამუშავეთ წინადადებები კარგად, წარუდგინეთ ხელმძღვანელს და სთხოვეთ, მენეჯმენტსაც გააცნოს. გამოდით ინიციატივით, ჩამოყალიბდეს საპროექტო გუნდი, სადაც ჩაერთვებით და განახორციელებთ ამ პროექტებს.
თავიდან, დიდი ალბათობით, აქტივობას არ მოჰყვება რეაგირება, მთავარია არ შეწყვიტოთ! შემდეგში უფრო მეტი კარგი იდეა გაგიჩნდებათ და უფრო მეტ ყურადღებას მოგაქცევენ.
შედეგად 1-2 თვეში მიაღწევთ იმას, რომ თქვენთვის საინტერესო და ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვან პროექტებში ჩაერთვებით, ცოდნასაც აიმაღლებთ და რეპუტაციასაც.
რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი არ განხორციელდება. თავადვე შეგიძლიათ შეარჩიოთ ნაწილი ამ მოქმედებებისა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე ყველას ერთდროულადაც ვერ წამოიწყებთ, ამიტომ აქცენტების გაკეთება იმაზე აჯობებს, რაც უფრო ეფექტიანი იქნება თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში. დროთა განმავლობაში კი შეიძლება შეცვალოთ პრიორიტეტები.
და რაც მთავარია, იკითხეთ სინერჯის წიგნები, უფრო მეტი წარმატების მიღწევა გაცილებით მარტივი, საინტერესო და სასიამოვნო გახდება თქვენთვის.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს