პრობლემები კოლეგებთან ურთიერთობაში
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
22 ოქტომბერი, 2012 | წაკითხულია 3 567-ჯერ
ალბათ ყველას, ვისაც სადმე გვიმუშავია, გვქონია შეხება მსგავსი ტიპის პრობლემასთან. ცხადად ვგრძნობთ, რომ ერთ-ერთი კოლეგა გვებრძვის, პრობლემებს გვიქმნის, ღიად თუ ფარულად ცდილობს სირთულეები შეგვიქმნას სხვა თანამშრომლებთან, ხელმძღვანელებთან ან დამფუძნებლებთან ურთიერთობებში. როდესაც ის ამას იმის გამო აკეთებს, რომ ჩვენ მას არასწორად მოვექეცით, კიდევ გასაგებია, მაგრამ როდესაც მისთვის არაფერი დაგვიშავებია, ის კი დაუმსახურებლად გვერჩის, ხშირად არც ვიაზრებთ, რა შეიძლება იყოს მისი ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი – ჩვენც იგივეს ვაკეთებთ, რასაც ის, აგრესიაზე აგრესიით ვპასუხობთ, ბრძოლაზე ბრძოლით. ამის გამო კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება და საბოლოოდ ორივესთვის საზიანო შედეგამდე მიდის. რატომ წარმოიქმნება მსგავსი ტიპის პრობლემები და როგორ შეიძლება ისინი ავიცილოთ თავიდან, სწორედ ამ თემაზე გვინდა რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ.
გვინდა გამოვყოთ ხუთი ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზი, რომელიც კოლეგების მხრიდან ჩვენს მიმართ, ერთი შეხედვით უსამართლო აგრესიას და დაპირისპირებას განაპირობებს, გაგაცნოთ ნიშნები, თუ როგორ შეიძლება ამოვიცნოთ პრობლემის ხასიათი და მეთოდი, თუ როგორ შეიძლება თითოეულ შემთხვევაში რეაგირება, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ.
სამსახურებრივი ინტერესთა კონფლიქტები
კოლეგებთან პრობლემების ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სამსახურებრივ ინტერესთა კონფლიქტის პირად ურთიერთობაში გადატანაა. როდესაც სამსახურებრივად, ჩვენი პასუხისმგებლობის რეალიზებისათვის იძულებულები ვხდებით ვისაუბროთ კოლეგების მხრიდან მათი მოვალეობების არასათანადოდ შესრულებაზე, მოვითხოვოთ მათგან განსხვავებული, უფრო სწრაფი და ეფექტური მოქმედება, ისინი ამას პირად შეურაცხყოფად იღებენ, ჩვენს წინააღმდეგ აგრესიას აგროვებენ და პირად ურთიერთობებში იწყებენ ამ უთანხმოების გადატანას. ისინი სულ უფრო აგრესიულები ხდებიან ჩვენს მიმართ და საბოლოოდ, შესაძლოა, სრულიად გაუმართლებელი მეთოდებით იწყებენ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას.
ასეთ დროს, ისინი, დასაწყისში ოდნავ თავშეკავებით გამოხატავენ პირად წყენას, ნელ-ნელა კიდევ უფრო აგრესიულები და მტრულები ხდებიან, როგორც საქმიან შეხვედრებზე, ისე პირად ურთიერთობებშიც, რის გამოც მათთან ერთად არათუ მუშაობა არამედ უბრალო, ადამიანური, ყოველდღიური ურთიერთობაც შეუძლებელი ხდება.
როდესაც ჩვენს მიმართ მსგავს დამოკიდებულებას ვხედავთ, პირველ რიგში, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რამდენად სწორად გამოვხატავთ ჩვენ ჩვენს უკმაყოფილებას, შენიშვნებს, მოთხოვნებს კოლეგების მიმართ. რამდენად ვცდილობთ ყოველთვის ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს პირად ურთიერთობასთან და მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებასთან არანაირ კავშირში არ არის, რამდენად ვცდილობთ დაძაბული სამსახურებრივი ურთიერთობა დავაკომპენსიროთ თბილი და მეგობრული პირადი ურთიერთობით, პირადი ყურადღებით კოლეგის მიმართ, ზრუნვით მასზე და დახმარების ცხადად გამოხატული სურვილით.
ყოველთვის სჯობს, სანამ მასზე საყვედურს გამოთქვამთ ვინმესთან, განსაკუთრებით მისი იქ არ ყოფნის დროს, აუცილებლად განვიხილოთ საკითხი მასთან და ვთხოვოთ, იქნებ რამეში დაგვიხმაროს, რომ ეს, სამსახურებრივად წარმოქმნილი პრობლემა, შევძლოთ და ერთობლივი ძალისხმევით მოგვაგვაროთ.
კონკურენცია კარიერული განვითარებისათვის ბრძოლაში
ასევე საკმაოდ გავრცელებული მიზეზი ჩვენს მიმართ დაპირისპირებისა არის კონკურენტის დანახვა, მოწინააღმდეგის კარიერული წინსვლისათვის ბრძოლაში. თუ კოლეგა ჩვენში მეტოქეს ხედავს იმ პოზიციაზე, რომლის დაკავებაც მას ძალიან სურს, ის მისდა უნებურად, ან სრულიად გააზრებულად იწყებს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას და ხელმძღვანელებისთვის იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ჩვენ ამ პოზიციის დაკავებას არ ვიმსახურებთ.
ასედ დროს დაპირისპირების აღმოჩენა უფრო რთულია, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ადამიანები მსგავს ბრძოლას ძირითადად კულუარულად აწარმოებენ, პირად ურთიერთობაში კი მაქსიმალურად ცდილობენ მეგობრული დამოკიდებულება გამოხატონ. შესაძლოა, უფრო მეტადაც გვიახლოვდებიან. ზურგს უკან კი შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, ხაზი გაუსვან ჩვენს შეცდომებს, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად გაგვაკრიტიკონ და ჩვენს სუსტ მხარეებზე გაუთავებლად საუბრობენ. სხვა კოლეგებისათვის იმის დემოსტრირების მიზნით, რომ მხოლოდ ზურგს უკან არ ლაპარაკობენ ჩვენზე ცუდს, ხანდახან მათი თანდასწრებითაც გამოთქვამენ უკმაყოფლებას და შენიშვნებს, მაგრამ როგორც კი მარტო ვრჩებით, ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ ძალიან ახლო მეგობრებიან არიან და რომ ჩვენს კრიტიკას მხოლოდ ჩვენსავე დასახმარებლად ეწევიან.
ასეთ დროს ყველაზე კარგი გზა იმის ღია დემონსტრირებაა, რომ ამ გუნდში ჩვენზე არანაკლებად ღირსეული წევრები არიან დასაწინაურებელი. დათმობა ყველაზე კარგი სტრატეგიაა, თუ მენეჯმენტთან მსგავს თემებზე საუბრისას, ან ეს კოლეგა, ან სხვა მასზე მეტად ღირსეული ჩვენი ღია მხარდაჭერის ობიექტი გახდება, ამით იმას მივაღწევთ, რომ დარტყმას და დაპირისპირებას ავიცილებთ. და თუ ისეც მოხდება, რომ ხელმძღვანელობა ამის გამო არჩევანს ჩვენს ნაცვლად ან ამ, ან სხვა კოლეგაზე შეაჩერებს, დიდი დანაკარგი მაინც არ არის, დათმობა ასეთ დროს ბევრად დიდი წარმატების წინაპირობა გახდება. ასეთი ქცევით დაპირისპირების მიზეზს ვამცირებთ, დაწინაურების ალბათობა კი, თუ ჩვენ მას ვიმსახურებთ, პირიქითი, თუ არ იზრდება, შემცირებით არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება.
საფრთხის შეგრძნება
არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი კოლეგა ჩვენში მისი სამუშაო ადგილისთვის, მისი გავლენისათვის საფრთხეს ხედავს, ან ორგანიზაციაში მისი გავლენის შემცირების მიზეზი გავხდეთ. შესაძლოა, ამას იმიტომ ფიქრობდეს, რომ ჩვენში მასზე უფრო ღირსეულ ადამიანს ხედავს, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი მას ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად განაწყობს.
ასეთ დროს ისინი ყველაზე ხშირად პირად ურთიერთობაში ცივი და დისტანციურები ხდებიან, ცდილობენ ახლოს არ მიგვიშვან არც მათთან, არც მათი გუნდის წევრებთან, არც მათ უშუალო ხელმძღვანელებთან. სამუშაო შეხვედრებისას თითქოს თვითმიზნად გაუხდიათ ჩვენი მოსაზრების გაკრიტიკება და საპირისპირო პოზიციის დაცვას იწყებენ. მაქსიმალურად ცდილობენ, არ ჩამოგვრჩენ არც მუშაობაში, არც კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში. თუმცა ბევრად ხელოვნურად, მექანიკურად და ჯიბრით აკეთებენ ამას. ზურგს უკან კი, როცა ამის საშუალება მიეცემათ, ყოველთვის აკრიტიკებენ ჩვენს ქცევას, მოსაზრებებს, გარეგნულ თვისებებსაც კი, როგორც ხელმძღვანელებთან, ისე ხელქვეითებთან.
ასეთ დროს, ჩვენი მხრიდან, ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია შეიძლება იყოს იმის ღია დემონსტრირება, რომ ჩვენ მისი დაქვეითება, ან გავლენის შემცირება არ გვსურს, და რომ ის ძალიან ღირსეულია თავის პოზიციაზე და რომ ვერც ჩვენ, ვერც ბევრი სხვა მის საქმეს მასზე უკეთესად, ალბათ, ვერ გააკეთებდა. ხელმძღვანელებთან ამ პოზიციის ბევრჯერ ღიად დაფიქსირება და თანაც, სასურველია მისი იქ არ ყოფნის დროს, აუცილებლად მივა მის ყურამდე და საბოლოოდ ჩვენთან ბრძოლასაც ნელ-ნელა შეწყვეტს.
შური და ეჭვიანობა
შური და ეჭვიანობა კიდევ ერთი მიზეზია, რამაც, შესაძლოა, ჩვენს მიმართ კოლეგების ცუდი დამოკიდებულება გამოიწვიოს. თუ ადამიანი ხედავს, რომ ხელმძღვანელებს ან კოლეგებს, ან ორივეს ერთად უფრო მეტად ვესიმპათიურებით ვიდრე ის, ხედავს და გრძნობს, რომ უფრო ვუყვარვართ და გვაფასებენ, ჩვენთან ურთიერთობა მეტად სიამოვნებთ და ამას არც მალავენ, ეს ხშირად ხდება ჩვენთან ცალკეული კოლეგების დაპირისპირების მიზეზი.
ასეთ დროს ადამიანები ცდილობენ, თვითონ გახდნენ წვეულების, თავყრილობების, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორი და მასზე ჩვენი მონაწილეობა დააკნინონ. ემეგობრებიან ჩვენთან დაახლოებულ პირებს, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობას მაქსიმალურდ ერიდებიან. მხოლოდ სავალდებულო რევერანსებით შემოიფარგლებიან და ცდილობენ რამენაირად ჩვენზე მეტი, ან არანაკლები სითბო და ყურადღება დაიმსახურონ.
ასეთ დროს ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი სტრატეგია განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა ასეთის მიმართ – მაქსიმალურად მეგობრული დამოკიდებულება მის მიმართ და ყველა ღონისძიებაში მასთან ერთად მონაწილეობა. შევეცადოთ ჩვენს მიმართ კოლეგების და ხელმძღვანელების ყურადღება მასაც მაქსიმალურად გავუნაწილოთ. იგი ნელ-ნელა მიხვდება, რომ მისთვის მხოლოდ კარგი გვსურს, წრის შიგნით ყოფნის მოთხოვნილებასაც დაიკმაყოფილებას და ჩვენს მიმართ აგრესიაც თანდათან ძალიან ახლო მეგობრობაშიც შეიძლება გადაიზარდოს.
დაუმსახურებელი პატივის შეგრძნება
ბოლო, მეხუთე საკითხი, რომელიც გვინდა გამოვყოთ, რაც შესაძლოა კოლეგის მხრიდან ჩვენს მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას განაპირობებდეს ეს არის დაუმსახურებელი პატივის შეგრძნება, რომელსაც ის ჩვენს მიმართ, ძირითადად ხელმძღვანელობის, ზოგჯერ კი თანამშრომლების მხრიდანაც შეიძლება გრძნობდეს. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ დაუმსახურებლად ვსარგებლობთ პატივით, არ გვეკუთვნის, არ ვიმსახურებთ ასეთ დამოკიდებულებას და მხოლოდ თვალთმაქცობით ან გაუგებარი გარემოებების გამო მოვექეცით ყურადღების ცენტრში, ეს იწვევს ცალკეულ ადამიანებში აგრესიას ჩვენს წინააღმდეგ, რაც ხშირად უფრო ღია, ვიდრე ფარული დაპირისპირებისათვის განაწყობს მათ.
ასეთ დროს ადამიანები პირშიც გვეუბნებიან, ღიად გვაგრძნობინებენ, რომ ჩვენ გვაქვს ის, რასაც არ ვიმსახურებთ. ისინი ამ თემაზე კოლეგებთანაც ხმამაღლა საუბრობენ და თანაც არც თუ იშვიათად აკეთებენ ამას. ისინი ღიად გამოხატავენ უპატივცემულობას და გაღიზიანებას ჩვენს მიმართ და იმათ მიმართაც ვინც დადებითად გვახასიათებს ან კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ.
ასეთ დროს, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია აღიარება იმისა, რომ დაუმსახურებელ პატივში ვართ, მისი თანდასწრებითაც და მის გარეშეც იმის გულწრფელი გამოხატვა, რომ ჩვენზე არანაკლები ადამიანები არიან გუნდში და რომ ისინი უფრო მეტ სითბოს და სიყვარულს იმსახურებენ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არასოდეს ვისარგებლოთ ზედმეტად ჩვენს მიმართ ჩვენი კოლეგების და ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითი განწყობით, არ შევიფეროთ ეს პატივი და არ დავიწყოთ იმის დემონსტრირება, რომ ვინმეზე მეტ სიმაღლეს და წარმატებას მივაღწიეთ, რომ ეს ჩვენ გვეკუთვნოდა, რომ მას სრულიად ვიმსახურებთ. თუ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვექნება კოლეგებიც ნაკლებად გაღიზიანდებიან და თუ ისინი რასაც ჩვენზე ფიქრობენ, ჩვენგანვე გაიგებენ, ბევრად ნაკლები აგრესია ექნებათ და ბრძოლის ჟინი და განწყობაც მნიშვნელოვნად გაუნელდებათ.
***
მიზეზები, რასაც კოლეგების მხრიდან ჩვენს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლია, ალბათ, კიდევ ბევრია, თუმცა ვეცადეთ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული შემთხვევები გამოგვეყო. თუ ყოველთვის ყურადღებით ვიქნებით იმათ მიმართ, ვისაც ვგრძნობთ, რომ არ ვუყვარვართ, ვეცდებით განსაკუთრებული სითბო, მეგობრობა, მზრუნველობა, დახმარების სურვილიც სწორედ მათ მიმართ გამოვხატოთ, ნაკლებად ვეცდებით შევიფეროთ და ვისარგებლოდ ჩვენს მიმართ სხვა კოლეგების და ხელმძღვანელების სიმპათიით, მივცემთ სხვებს საშუალებას, დავეხმარებით კარიერაც გაიკეთონ და განვითარდნენ, კოლეგების და ხელმძღვანელების პატივისცემას და სითბოსაც ჩვენზე არანაკლებს იღებდნენ, შევძლებთ ავიცილოთ ყველა მიზეზი, რომელსაც ჩვენს მიმართ კოლეგების უარყოფითად განწყობა შეუძლია. მაშინ მუშაობის, საქმის კეთების საშუალებაც ბევრად უკეთესი გვექნება, სამსახურიდან მეტ სიამოვნებასაც მივიღებთ და რაც მთავარია, ბევრად უფრო დიდ წარმატებასაც მივაღწევთ, ვიდრე კოლეგებთან ურთიერთობების გარკვევაზე ენერგიისა და ემოციის ფლანგვის შემთხვევაში შეგვეძლო მიგვეღწია.
შიდა სამსახურებრივ ურთიერთობებში ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის ბევრად უფრო შედეგიანი სტრატეგიაა, ვიდრე მათთან ბრძოლა. ამაში კიდევ უფრო დარწმუნდებით, თუ “სინერჯი ჯგუფის წიგნებიდან” “მენეჯერის ბრძოლას წარმატებისთვის” წაიკითხავთ. მასში თქვენთვის ბევრი საინტერესო მოსაზრება შეიძლება ნახოთ.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “როგორ ვაჯობოთ სამსახურეობრივ სირთულეებს“|ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “პრობლემები კოლეგებთან ურთიერთობაში”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
2 ნოემბერი, 2012 10:46
საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ადამიანი სხვაში ხედავს პრობლემას და არა საკუთარ თავში, მხოლოდ საკუთარი აზრი მიაჩნია ერთადერთ სწორ ვერსიად, ერთმანეთში ურევენ ბიზნეს და პირად ურთიერთობებს და ა.შ. სანამ ადამიანები არ ისწავლიან კოლეგების დაფასებას და პატივისცემას, ზემოთ აღნიშნული პრობლემები არ მოგვარდება. მადლობა მეტად საჭირო სტატიისთვის.