როგორ არ მოვანატროთ ოჯახს თავი
სტატიის ავტორი: ეთუნა მუნჯიშვილი
31 ოქტომბერი, 2012 | წაკითხულია 3 312-ჯერ
ყველაფერი თვითდისციპლინით იწყება, რაც ბევრ საკითხს, მათ შორის ოჯახურსაც კარგად ალაგებს ცხოვრებაში . ვისაც ოჯახი გვყავს ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია მის წინაშე, რისი კარგად შესრულებაც ისევე უნდა მოვინდომოთ, როგორც ამას სამსახურში დაკისრებული პასუხისმგებლობისას ვაკეთებთ.
როგორ არ მოვანატროთ თავი ოჯახის წევრებს? როგორ არ გავხდეთ მიუწვდომელი მათთვის? როგორ ავიცილოთ თავიდან მათდამი უყურადღებობა? ეს თემები მეტნაკლებად ყველას გვაწუხებს, ვისაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, ვინც ვერ ვიცლით ისევ იმიტომ, რომ ჩვენი დაკავებულობის მიზეზი მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. თუმცა ხშირად ეს უკანასკნელი საკმარისიც არაა იმისთვის, რომ ჩვენი როგორც ოჯახის წევრის ფუნქცია სრულყოფილად შევასრულოთ.
ხანდახან ისე ხდება, რომ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ის, რისთვისაც ვშრომობთ, ყურადღების მიღმა გვრჩება. ხშირად ისე გადის დღეები, რომ წესიერად იმასაც ვერ ვახერხებთ, რომ გამოველაპარაკოთ ჩვენი ოჯახის წევრებს იმაზე მეტად, ვიდრე „წავედი, მოვედია“. იმ დროს მივდივართ, ან იმ დროს მოვდივართ, როცა ყველას სძინავს, ან დასაძინებლად ემზადებიან, ან ისეც ხდება, რომ როცა ჩვენი ოჯახის წევრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, მის გვერდით ყოფნას ვერ ვახერხებთ, ან კიდევ თუ დღეს სახლში ვატარებთ, კომპიუტერს შეიძლება არ მოვცილდეთ, მათ აქა–იქ გამოველაპარაკოთ; ვინმემ რომ გვკითხოს გაგვიჭირდება გახსენება, ბოლოს როდის ვიყავით გარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.
ასეთი “ხშირად“ კი მრავლადაა, გასამართლებელი არგუმენტებიც მრავლადაა და თან არცთუ ისე სუბიექტური. როგორია დატოვო შეხვედრა და სახლში გაიქცე შვილებთან, მეუღლესთან ან მშობლებთან, მაშინ როცა შენი საქმის სასიცოცხლო საკითხი წყდება, როგორია უარი უთხრა მეგობრებს მიპატიჟებაზე, როცა ყველანი ერთად შეკრებილან და შენ დიდი ხანია არ გინახავს, როგორია სახლში მისული, დაღლილი და პრობლემებით დატვირთული არ განერიდო სახლის „ხმაურს“, შინაურ პრობლემებს და არ განმარტოვდე.
თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად შეიძლება ჩვენი შვილი დაძინებამდე 10-ჯერ მაინც კითხულობდეს „დედიკო ამ მამიკო როდის მოვაო“, მშობლები გულისფანცქალით გველოდებოდნენ, რას გავუზიარებთ, ან პირიქით რომ მათ მოვუსმენთ. ხან შეიძლება ჩვენს შემყურეს უკვე ერჩივნოთ თავისი პრობლემები ნაცნობებს გაუზიარონ, როცა მეუღლეებს ჩვენი დატვირთულობა ბუნებრივად მიაჩნიათ და თუ ხმამაღლა არა, სადღაც გულისკუნჭულში მაინც გულდაწყვეტილები არიან, რომ ჩვენთვის არც ისეთი პრიორიტეტულები არიან.
თვითდისციპლინის სწავლა უწყვეტი მონდომების ამბავია. ყველას ჩვენ–ჩვენი პატარა წესების დაცვა დარღვევების გარეშე რომ შეგვეძლოს, რამდენ რამეს შევძლებდით კარგად გაგვეკეთებინა. რამდენიმე და არა ბევრი წესი რომ შემოგვეღო, რაც ოჯახის წევრების მონატრებას გადაგვაჭრევინებდა, ბევრი გვეცადა, რომ არ დაგვერღვია, რაღაცებს დავალაგებდით, უფრო სამაგალითოები გავხდებოდით. ეს ყველაფერი არამარტო მათთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი სრულფასოვნებისთვისაც გვჭირდება.
ვიცით, რომ თქვენს შორის ბევრი სამაგალითოა, მეც მყავს ასეთები გვერდით, თქვენს გამოცდილებასაც თუ გაგვიზიარებთ, მადლობელი ვიქნებით, თუმცა “სინერჯისაც” გვაქვს რამდენიმე მარტივი გზა ამ პასუხისმგებლობის უკეთ შესასრულებლად და ოჯახთან ერთად ცხოვრების შინაარსიანად გასატარებლად.
„კვირა დღე ოჯახს“
თუ მოვინდომებდით და წესად ვაქცევდით, რომ ყოველი კვირა დღე ოჯახთან ერთად გაგვეტარებინა, ამით ოჯახის წევრებს და ჩვენს თავსაც ძალიან დადებითად დავმუხტავდით, ისე, რომ ეს მუხტი კვირის ბოლომდე გაჰყოლოდათ. ამ დღის დაგეგმვა ჩვენგან, ალბათ, უფრო პერიოდულ კრეატიულობას მოითხოვს, ვიდრე დიდ ფინანსურ რესურსებს. ბევრად კარგია, თუ ამ დღეს არა სახლში, არამედ გარეთ გავატარებდით მათთან ერთად, ყოველ კვირა დღეს სასიამოვნო მოგონებად ვაქცევდით და ოჯახის წევრებსაც ამის განმეორების მოთხოვნილებას გავუჩენდით. ამ დღისთვის ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. თუნდაც ფრისბის სათამაშოდ სადმე პარკში წასვლა, პატარა შეჯიბრებების მოწყობა. ახალგახსნილი ადგილის დათვალიერება და რამე ჯანსაღის და გემრიელით წახემსება, უბრალოდ ფეხით გასეირნება და საუბარი ერთმანეთის ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებზე…
„ძილისპირული“
სახლში მისვლა იმ დრომდე რომ შეგვაძლებინა, სანამ ოჯახის “ძილის საათი” დადგება, მათთან საუბარს, მათი ამბების გამოკითხვას რიგიანად მოვასწრებდით. ერთი ნაცნობი მყავს, წესად აქვს – პატარებს ძილის წინ ზღაპრებს აუცილებლად თავად უკითხავს. ყველაფერს გადადებს, ოღონდ კი მოასწროს და მაშინ მივიდეს სახლში, როცა მათი ძილის დრო დგება. ისიც კი ბევრს ნიშნავს, რომ დაინტერესდე, რა დავალებები მისცეს მოსამზადებლად სკოლაში, როგორ და რა მოამზადა, რა ისწავლა ახალი.. საუბარი, დღის ამბების გაზიარებაც არ არის ურიგო, ამ დროს ხანდახან ჩვენი მოსმენა უფრო ურჩევნიათ, ვიდრე დაღლილ–დაქანცული „ჩვენ“, ვინც მოვა, წაიხემსებს და მერე ან კომპიუტერს მიუჯდება, ან ძილს მიაშურებს.
„ოჯახის სეიფი“
ოჯახისთვის დანაზოგს, ალბათ, ბევრი აკეთებს, რომელიც ძირითადად განათლებას, ჯანმრთელობას, საყოფაცხოვრებო საჭიროებებს ხმარდება. ყოველთვიურად შემოსავლის 5%-ის გადადება რომ მოგვეხერხებინა, დაგროვებული ფული კი მათთან ერთად დროის გასატარებლად გამოგვეყენებინა, ბევრ საერთო სურვილს ავიხდენდით, სურვილს თუ არა, სულ მცირე, ჩვენი კვირა დღის გეგმებს ფინანსურად უფრო გავამყარებდით. შეიძლება ეს დანაზოგი მათ გასახარებლადაც გამოვიყენოთ, ვუკეთებდეთ პატარა საჩუქრებს, რასაც არ ელიან და რაც დიდი მოულოდნელობაა მათთვის. ეს ის პატარა საჩუქრებია, რომლისთვისაც თანხის გადადებას, როგორც ასეთი, დანაზოგის გარეშე ვერ შევძლებდით.
წელიწადში ერთხელ ერთად დასვენება
ხშირად გამიგია ჩემი მეგობრებისგან, როგორ ემზადებიან დასასვენებლად წასასვლელად ზაფხულის ან ზამთრის არდადეგებზე/შვებულებაში, თუმცა ცოტასგან მახსოვს ეთქვა, რომ ოჯახთან ერთად მიდის დასასვენებლად. ერთი შეხედვით სულაც არ უნდა იყოს რთული, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ოჯახთან ერთად თუნდაც 5 დღიანი დასვენება მოაწყო, თუმცა როცა საქმე საქმეზე დგება, თითქოს ოჯახის წევრები ცალ–ცალკე თავ–თავის წრეში ახერხებენ მხოლოდ დასვენებას. არადა წინასწარ რომ დაგვეგეგმა ასეთი დასვენება, ეჭვი მეპარება, ოჯახის წევრები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედროდნენ ამ ინიციატივას, პირიქით აქტიურად მიიღებდნენ მონაწილეობას იდეის რეალობად ქცევაში.
ოჯახური სურათები
პატარა დეტალი მგონია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. მოგონებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი გონება ინახავს, მაგრამ მომენტებს მაინც სურათები ყველაზე უკეთ აღბეჭდავენ. რაც უფრო მეტი ასეთი მომენტი გვაქვს დაფიქსირებული, რაც უფრო მეტი სურათი გვაქვს ოჯახს ერთად გადაღებული, რაც უფრო მეტი მოსაყოლი გვაქვს თითოეულ სურათზე, მით უფრო ტკბილი ხდება ის მომენტი, მით უფრო ახლობელი ხდება ჩვენი ურთიერთობები და მით უფრო თბება ოჯახური გარემოც. თუ შევეცდებოდით, ერთად ყოფნის დროს თუნდაც ერთად სურათი გადაგვეღო, ეს თავის წილ საქმეს აუცილებლად გააკეთებდა.
_____
„სინერჯის ჯგუფის წიგნებში“ სტატიებს ხშირად ლაიტმოტივად გასდევს, რომ „სადაც არის ნება, იქ არის გზებიც“. ამ შემთხვევაში ასეა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, ვიყოთ იმაზე უკეთესი ოჯახის წევრები, ვიდრე დღეს ვართ და ვცდილობდეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა რიგიანად შევასრულოთ. წარმატებები ყველას ჩვენი ფუნქციების კარგად შესრულებაში!
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს