რატომ უნდა ვიზრუნოთ პირადი კავშირების განვითარებაზე
სტატიის ავტორი: თამარ ჭითაშვილი
21 დეკემბერი, 2012 | წაკითხულია 9 645-ჯერ
ფართო სანაცნობო ქსელი – ეს ღირებული აქტივია, რომლის მოპოვებაც არც ძვირი ჯდება, სასიამოვნოც არის, მაგრამ ძალიან ცოტა თუ ხედავს მის ღირებულებას და ზრუნავს მის განვითარებაზე. ამ სტატიაში შევეცდებით დაგარწმუნოთ, რატომ ღირს კონტაქტების განვითარებაზე მუშაობა, რეალურად რას მიიღებთ შედეგად:
1. კარიერული სარგებელი – რაც უფრო ფართო სანაცნობო წრე გყავთ, მით უფრო მეტი ორგანიზაცია, მეტი კარგი ვაკანსია ხდება თქვენთვის ხელმისაწვდომი. იმ დაშვებით, რომ საქმის პროფესიონალი ხართ, რაც მეტი ნაცნობი გეყოლებათ, მით მეტს ეცოდინება ამის შესახებ, მეტი რეკომენდატორი გეყოლებათ და ვაკანსიის შესახებაც ერთ-ერთ პირველს გაგაგებინებენ. ძალიან ბევრ ორგანიზაციაში საერთოდ არ ცხადდება ვაკანსიები და სანაცნობო რესურსებით ცდილობენ სასურველი კადრის მოძიებას. ასევე, ფართო სანაცნობო წრე დაგეხმარებათ მოიზიდოთ კლიენტები, შეიძინოთ ბიზნეს პარტნიორები.
2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – თქვენთვის გაცილებით მეტი ღირებული ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი, მალე იგებთ საინტერესო მოვლენების ან სიახლეების შესახებ, თქვენთვის სასურველ სფეროში, საქმის კურსში იქნებით ტენდენციებზე, ასევე ხელმისაწვდომი ხდება სხვების გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დაუგროვდათ, სხვების ცოდნა, რასაც გაგიზიარებენ და რის შესახებაც გიამბობენ, მეტი გეცოდინებათ საკუთარ ინტერესის სფეროზე, არსებულ მდგომარეობაზე, მუდმივად ისწავლით და გავითარდებით, დაგიგროვდებათ კომპეტენციები.
ინფორმაცია არ არის აუცილებელი მხოლოდ პროფესიულ ნაწილს ეხებოდეს, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ თემასა და საკითხზე, რაზეც მეტი ინფორმაცია გაინტერესებთ ან გჭირდებათ. დაფიქრდით, რამდენ დროს ხარჯავთ ინტერნეტში ისეთი ინფორმაციის მოძიებაზე, რაც ფაქტიურად არ არის იქ და მხოლოდ ადამიანებმა იციან.
3. დახმარების მიღება – რაც უფრო დიდია თქვენი სანაცნობო წრე, მით უფრო მეტია შანსი, ხელი შეგიწყონ როდესაც დახმარებას საჭიროებ. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ პროფესიულ ნაწილში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ძალიან დიდ და ძალიან შეუძლებელ რაიმეს არ ითხოვთ, ყველა ძალიან დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მიზნად გაიხადოთ სხვები რაც შეიძლება მეტად გამოიყენოთ და მუდმივად მათ იმედზე იყოთ, უბრალოდ, ძალიან ბევრ უმნიშვნელო საკითხს გაცილებით მარტივად გადაწყვეტთ, ვიდრე სხვების დახმარების გარეშე შეძლებდით
4. სხვების დახმარება – თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, დაეხმაროთ მეტ ადამიანს, თუნდაც წვრილმან საქმეში, შეუქმნათ სხვებს ღირებულება, ვინაიდან ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სიკეთეს აკეთებთ, როდესაც ვიღაცისთვის სარგებელს ქმნით, ეს ყველას ანიჭებს ბედნიერებას და სიხარულს, რატომ უნდა მოიკლოთ ეს სიამოვნება? ყველაზე მარტივი, რითაც სხვების დახმარებას შეძლებთ, თუნდაც ერთმანეთისათვის ღირებული ადამიანების გაცნობაა.
5. უფრო საინტერესო ცხოვრება – თქვენთვის რაც უფრო მეტ საინტერესო ადამიანს იცნობთ, მით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება თქვენი ცხოვრება და მათთან გატარებული დრო. ჩართული ხართ გაცილებით მეტ ღონისძიებებსა და აქტივობებში, გიწევთ მონაწილეობა სხვადასხვა ივენთებში, დადიხართ ლაშქრობებსა და შეკრებებზე, კონცერტებსა თუ წარმოდგენებზე.
მაგრამ რა არის საჭირო, რომ გქონდეთ მძლავრი კავშირების ქსელი? აუცილებელია გქონდეთ მიზანი, რატომ აპირებთ მოქმედებას, იცოდეთ, ვისზე უნდა დახარჯოთ თქვენი რესურსები და მეთოდები, თუ როგორ გააკეთოთ ეს.
ქსელის განვითარების შენი მიზანი – სანამ რაიმე მოქმედებას დაიწყებ, კარგად უნდა გაიაზრო, რისთვის გჭირდება ქსელის განვითარება – პროფესიული ზრდისთვის, ბიზნესის განვითარებისათვის, უბრალოდ თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებისათვის თუ პირადული ცხოვრებისათვის.
ვის უნდა დაუმეგობრდე – მიზანი განსაზღვრულია, ახლა გაცილებით მარტივია შენეული კრიტერიუმების ჩამოყალიბება. კრიტერიუმი უამრავი შეიძლება იყოს და ყველასათვის ინდივიდუალური – სქესი, ასაკი, პროფესია, ჰობი, ეროვნება, განათლება და სხვა…
წყაროები და მეთოდები– რეალურად ძალიან ბევრი გზა და მეთოდი არსებობს ახალი ნაცნობების შესაძენად, ჩვენ, ჩვენი აზრით, ყველაზე ქმედითებს შემოგთავაზებთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძლიერი კავშირებისათვის საჭიროა როგორც მისი მუდმივი ზრდა და განვითარება, ასევე ზრუნვა შენარჩუნება და გამტკიცებისათვის.
მეგობრები – ყველაზე კარგი გზაა ნაცნობობის გასაფართოვებლად. თხოვეთ მათ, გაგაცნონ თავიანთი მეგობრები, თანამშრომლები, ნათესავები, ერთად დაგეგმეთ და განახორციელეთ რაიმე – ვინმესთან ვიზიტი, ექსკურსიაზე წასვლა, რაიმე ღონისძიების დასწრება.
კომუნიკატორები და სოციალური ქსელები – მშვენიერი გზაა მეგობრობის გასაღრმავებლად და ნაცნობების დასაახლოვებლად -ძირითადად მუდმივად ერთსა და იმავე ადამიანებთან ვკონტაქტობთ, არადა შეგიძლიათ დღეში გამოყოთ რაღაც დრო, როდესაც რომელიმე ნაცნობს შეეხმიანებით და მოიკითხავთ. ასევე ახალგაცნობილ პირს სთხოვეთ მისი ID, დაუკავშირდით და დაიმატეთ მეგობრებში.
სასწავლო პროგრამები – სემინარები, მოკლევადიანი კურსები, თრეინინგები ასევე ძალიან კარგი გზაა ადამიანების გასაცნობად. საინტერესო სფეროს მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ კურსი და დაიწყოთ სიარული. ეს შეიძლება იყოს მარკეტინგის ან ფინანსების, უცხო ენების, მხატვობის და ხელოვნების შესწავლა.
ჯგუფები/კლუბები- ასევე შეიძლება გაწევრიანდეთ სხვასხვა ჯგუფებში, მაგალითად, მოლაშქრეთა ჯგუფში, ლიტერატურულ კლუბში, ცეკვების სტუდიაში, ავტომოყვარულთა კლუბში. თუ მსგავსი რამ არ არსებობს თქვენს სფეროში, თავად ჩამოაყალიბეთ ის.
თანამშრომლები – თუ დიდ ორგანიზაციაში მუშაობთ, უნიკალური შანსი გეძლევათ გაიცნოთ ბევრი პიროვნება. ამისათვის ვისაც იცნობთ, მათ დაუახლოვდით, სხვადასხვა დეპარტამენტებში იარეთ, მოიკითხეთ, ასევე ფართიზე, ან ივენთებზე ან დაბადების დღეებზე ეცადეთ რაც შეიძლება მეტს ეკონტაქტოთ და არა მხოლოდ ნაცნობებს (ეს არამხოლოდ თანამშრომლებს ეხება, ნებისმიერ დღესასწაულზე ასე უნდა მოიქცეთ).
მეზობლები -თქვენს კორპუსსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებიდან ძალიან ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის საინტერესო. გაიგეთ,ვინ ცხოვრობს მეზობელ ბინებში და მიზანმიმართულად დაუახლოვდით კონკრეტულ პირებს.
რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი გზა არსებობს ახალი ადამიანების გასაცნობად – საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კვების ობიექტები, მაღაზია და რიგები, პარკები, დაწესებულებები და სხვა და სხვა. თავიდან სასურველია მობილიზაცია მოახდინოთ ერთ ან ორ ძირითად არხზე და იმის მიხედვით დაგეგმოთ მოქმედებები ყოველდღიურად – რას გააკეთებთ. მაგრამ შემთხვევით გაცნობაზე უარი არ უნდა თქვათ, როცა შესაძლებლობა მოგეცემათ, გამოიყენეთ ის.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს