წარმატებული სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა
სტატიის ავტორი: თამარ ჭითაშვილი
18 იანვარი, 2013 | წაკითხულია 7 149-ჯერ
სკოლის მიზანია, აღმოაჩინოს მათემატიკური ნიჭით გამორჩეული ბავშვები
საქართველოს მასშტაბით და მისცეს მაღალი ხარისხის
პროფილური განათლების მიღების შესაძლებლობა
კომაროვის სახელობის 199-ე სკოლა
——————————————————
რა თქმა უნდა, თითოეულ სკოლას შესაძლოა სრულიად განსხვავებული სტრუქტურა გააჩნდეს, გამომდინარე მისი პრიორიტეტებისგან, მაგრამ ჩვენ გვინდა მოგიყვეთ კომაროვის სახელობის სკოლის სტრუქტურის შესახებ, რომლის დიზაინშიც ვიყავით ჩართულები და რომლის პრიორიტეტები არის, აღმოაჩინოს და მოიზიდოს საუკეთესო მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით, აღზარდოს ღირსეულ და სათანადო ფასეულობების მქონე პიროვნებები და მისცეს მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება.
სტატიაში სამუშაო პროცესს ნაკლებად შევეხებით და მხოლოდ საბოლოო მოდელს გაგაცნობთ დეტალურად, რადგან გადაწყვეტილებები, რომლებიც კომაროვის სკოლის სტრუქტურაში ჩაიდო, ვფიქრობთ, ღირებული შეიძლება იყოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთი კონკრეტული სკოლის პრიორიტეტებზეა მორგებული.
მაშ ასე, ხუთი ამოცანა, რომლებიც ჩამოყალიბდა მიმართულებად და განესაზღვრათ უშუალოდ დირექტორის დაქვემდებარებაში მყოფი პასუხისმგებელი პირები:
1. სწავლების ხარისხის განვითარების მიმართულება – მიუხედავად იმისა, რომ კომაროვის სახელობის სკოლის სწავლების ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს მასშტაბით, ამ სკოლის მოსწავლეები საუკეთესო შედეგებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, წარმატებებს აღწევენ ოლიმპიადებზე, სკოლის პრიორიტეტად დასახელდა მოსწავლეებისათვის ისეთი ხარისხის განათლების მიცემა, რომელიც უზრუნველყოფს მათ ჩარიცხვას მსოფლიოს საუკეთესო წამყვან უნივერსიტეტებში.
შესაბამისად, აუცილებელი იყო სწავლების ხარისხის ამაღლებაზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც კათედრებთან მუშაობით უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების განვითარებას, მასალების, სახელმძღვანელოების დახვეწას თუ ახლის შექმნას, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მეთოდების დანერგვას.
ამ მიმართულების არსებობა უზრუნველყოფს იმას, რომ ხარისხის განვითარება იყოს უწყვეტი პროცესი, მუდმივად აქტუალური საკითხი და ხდებოდეს მუშაობა სხვადასხვა საგნების სწავლების ხარისხის ამაღლებაზე.
რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი ყველა მიმართულებით ხარისხის ამაღლებას ვერ მოახერხებს, ვინაიდან ეს კოლოსალურ შრომას მოითხოვს, სწორედ ამიტომ მისი მთავარი ინსტრუმენტი ხდება კათედრები, სადაც გააქვს საკითხები, სვამს ამოცანებსა და მოთხოვნებს და აკოორდინირებს მათ მუშაობას სწავლების ხარისხის ამაღლების კუთხით. კათედრები საბოლოოდ წარადგენენ წინადადებებს, მოსაზრებებს, დამუშავებულ საკითხებს პედაგოგიურ საბჭოზე, სადაც ხდება განხილვა და დამტკიცება.
2. სასწავლო პროცესის მართვის მიმართულება – იგივე საოპერაციო მართვა, რომლის ამოცანაა ყოველდღიური სასწავლო პროცესი იყოს გამართული და დადგენილი წესების შესაბამისი.
მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირი ახდენს პროცესის ორგანიზებას იმ სტანდარტების და სასწავლო გეგმების შესაბამისად, რომლებიც ხარისხის განვითარების მომზადებული წინადადებით დამტკიცდა პედაგოგიური საბჭოს მიერ, რისთვისაც მიმართულება ადგენს ცხრილებს, სასწავლო განრიგებს, პედაგოგების გადანაწილებას კლასებსა და აუდიტორიებში.
მიმართულების ფუნქციებში შედის სწავლების პროცესში პრობლემებზე, დარღვევებზე, გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე დროული და ადეკვატური რეაგირება, რათა მინიმალურად შეფერხდეს სწავლება.
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი გამართული იყოს, სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს და ოპერატიულად მოგვარდეს ის, მიზანშეწონილია ამავე პირის დაქვემდებარებაში შედიოდეს სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი.
3. კონტიგენტის ხარისხის მართვის მიმართულება – ვინაიდან კომაროვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საუკეთესო მოსწავლეები სწავლობდნენ აქ დროის ნებისმიერ პერიოდში, ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირის ამოცანებში შედის აღმოაჩინოს, მოიზიდოს და დააინტერესოს რაც შეიძლება მეტი განსაკუთრებული ტექნიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით, ჰქონდეს რაც შეიძლება ეფექტური შერჩევის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესოების ამორჩევას კონკურსანტებისაგან, და სწავლების ნებისმიერ საფეხურზე ისეთი მოსწავლეების ჩანაცვლება ახლით, რომლებიც არ შეესაბამებიან სკოლის სტანდარტებს, არ სწავლობენ სათანადოდ, ან დისციპლინარული პრობლემები აქვთ.
მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირი არამხოლოდ ორგანიზებას უწევს შესარჩევი ტესტირებების ფორმირებას, მას ამავდროულად სასწავლო პროცესიდან გამოაქვს მიმდინარე ყოველწლიური გამოცდები და ამით ახდენს მოსწავლეთა ობიექტურ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში მათ ჩანაცვლებას.
მიმართულება ასევე არის ხარისხის მაკონტროლირებელი ორგანო, ის სვამს ამოცანას ხარისხის განვითარების მხრივ, როდესაც ხედავს, რომ სწავლების ხარისხი არ არის სათანადო და ამის გამო მოსწავლეები ვერ აბარებენ გამოცდებს.
4. მოსწავლეთა აღზრდის მიმართულება – ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მთავარი მიზანია ყოველი კომაროველი აღიზარდოს ღირსეულ და კარგი ფასეულობების მქონე პიროვნებად, არამარტო სკოლის მისიიდან და ამოცანის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.
გვსურს ხაზი გავუსვათ მიმართულებას, ვინაიდან ვფიქრობთ, ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს ამ ამოცანაზე პასუხისმგებელი პირი, იმისათვის, რომ ყველა სკოლაში სათანადო ყურადღება ექცეოდეს ამ საკითხს
აღზრდის პროცესის მართვას უნდა ახორციელებდეს დამრიგებლების მეშვეობით. დღეს დამრიგებლების ფუნქციები უმეტესად არასათანადოდ სრულდება, არადა ისინი ყველაზე კარგად უნდა იცნობდნენ მოსწავლეებს, აქტიურად ეკონტაქტებოდნენ მშობლებს და რეალურად ზრუნავდნენ მოსწავლეთა აღზრდაზე. აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი უნდა ადგენდეს პროგრამას და სამოქმედო გეგმას დამრიგებლებისათვის – როგორ უნდა მუშაობდნენ ისინი მოსწავლეებთან, მშობლებთან და სხვა მასწავლებლებთან.
ასევე პასუხისმგებელი პირი უნდა უზრუნველყოფდეს, რომ იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სათანადო ფასეულობის ფორმირებისათვის, მოსწავლეთა დაახლოებისათვის. (ექსკურსიები, სათანადო ფილმების ერთად ნახვა და გარჩევა, საქველმოქმედო ღონისძიებები და სხვა).
რაც მთავარია, ეს პიროვნება უნდა იყოს მზრუნველი ბავშვებზე. ის უნდა იგებდეს, რა პრობლემები აქვს ბავშვს და მაქსიმალურად ეხმარებოდეს მის დაძლევაში, ამოუდგეს მხარში სირთულეების დროს. ის მუდმივად უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებზე და მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ მის მიმართ ნდობა და მხარდაჭერის იმედი.
ეს პირი ასევე იცავს მოსწავლის ინტერესებს დისციპლინარულ საბჭოზე, მოაქვს გასამართლებელი არგუმენტები, ან საკუთარ თავზე იღებს მოსწავლის გამოსწორებას, ითხოვს, რომ კიდევ მიეცეს შანსი ისწავლოს სკოლაში.
ხელმძღვანელი ასევე კომაროვის პანსიონსაც უწევს მეთვალყურეობას და მართავს პროცესებს, რათა იქ იყოს განსაკუთრებით მზრუნველი გარემო და ხორციელდებოდეს სათანადო აღმზრდელობითი პროგრამები.
5. ფონდირებისა და კომერციული პროექტების მიმართულება – ჩამოყალიბდა ასევე კომაროვის პრიორიეტეტებიდან გამომდინარე, ვინაიდან მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოიზიდოს ფინანსები სკოლის განვითრებისათვის სხვადასხვა არხებით.
სწორედ ამიტომ, ის აქტიურად ავითარებს საჭირო კონტაქტებს და ამით ეძებს დაფინანსების წყაროებს. აძლიერებს სკოლადამთავრებულებთან კავშირებს და აქტიურად თანამშრომლობს მათთან, რთავს სკოლის მიმდინარე საქმიანობაში, გადაწყვეტილებებში.
ის ეძებს ასევე საერთაშორისო დონორებს, გრანტებს, სხვადასხვა სახის დაფინანსებებს.
ხელმძღვანელი, მარკეტინგული საბჭოს დახმარებით, აგენერირებს იდეებს და ახორციელებს სხვადასხვა კომერციულ პროექტებს, რომელიც დამატებითი შემოსავლების წყაროა.
მიმართულება ასევე პასუხისმგებელია ბრენდის განვითარებაზე, სკოლის ღირსეულად წარმოჩენასა და პოზიციონირებაზე საზოგადოებაში.
გარდა ამ ხუთი მიმართულებისა, ჩამოყალიბდა მმართველი გუნდი – მმართველი საბჭო, სადაც ერთიანდება ყველა მიმართულების ხელმძღვანელი, დირექტორი, პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელი თუ სხვა კომაროვისათვის მნიშვნელოვანი პიროვნება. მმართველი გუნდი საზღვრავს სკოლის პრიორიტეტებს, სტრატეგიას და ამტკიცებს სამეურვეო საბჭოზე, უზრუნველყოფს დაკისრებული ამოცანების შესრულებადობას და კომაროვის საქმიანობის შესაბამისობას სტრატეგიასთან მიმართებაში.
კიდევ ერთი საბჭო დაემატა კანონმდებლობით გათვალისწინებულ კოლეგიალურ რგოლებს – მარკეტინგული საბჭო – სადაც განიხილება კომერციული პროექტები და ბრენდის განვითარების საკითხები, გენერირდება იდეები და განიხილება სამოქმედო გეგმები. წამყვანი პირი არის ფონდირებისა და კომერციული პროექტების მენეჯერი.
კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ეს მოდელი მორგებულია კონკრეტული სკოლის ამოცანებს, პრიორიტეტებს და მან უნდა განახორციელოს ამ სკოლის სტრატეგია, შესაბამისად მისი სრულიად გადაღება სხვა სკოლებისათვის განსხვავებული პრიორიტეტებით ვერ მოხერხდება, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები, რაც ამ მოდელშია ასახული, ნებისმიერი სკოლისათვის შეიძლება ღირებული აღმოჩნდეს.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “წარმატებული სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
18 იანვარი, 2013 13:43
ძალიან საინტერესო და ღირებული გადაწყვეტილებებია ჩადებული. ჩემი აზრით ხუთივე ამოცანა მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია.
თვითონ სტატიაც ძალიან მარტივი ენითაა დაწერილი და ადვილად იკითხება :) მადლობა ავტორს