ინოვაციების ცენტრი ორგანიზაციაში
სტატიის ავტორი: ლაშარი გოჩიაშვილი
25 იანვარი, 2013 | წაკითხულია 3 944-ჯერ
თანამედროვე კონკურენციის პირობებში ინოვაციების მუდმივობა მთავარი ფაქტორია ორგანიზაციის განვითარებისთვის. მმართველებმა, რომლებმაც გააცნობიერეს იდეების უწყვეტობის მნიშვნელობა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მოდელი, სადაც იდეების ნაკადები მიმართულია მხოლოდ ზევიდან ქვევით დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას, რადგან გააჩნია გარკვეული შეზღუდვები – იდეების წყარო ადრე თუ გვიან ამოიწურება. თუ ჩვენ შევქმნით იდეების უწყვეტ ნაკადს, როგორც ზევიდან ქვევით, ისე ქვევიდან ზევით და ამ მოძრაობისგან შევქმნით მუდმივ მექანიზმს, რომელიც უმეტეს ორგანიზაციაში წარმოდგენილია ინოვაციების ცენტრის სახით, უფრო ადვილი იქნება ორგანიზაციის განვითარების ტემპის გაზრდა და მისი შენარჩუნება.
ინოვაციების ცენტრის არსებობა დაეხმარება ორგანიზაციას ახალი შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენასა და განვითარებაში, თანამშრომლების რესურსების მთლიანად გამოყენებაში.
ინოვაციების ცენტრის სამართავად, მნიშვნელოვანია, გამოიყოს პასუხისმგებელი პირები იდეების მოპოვებისა და აღსრულების დასაორგანიზებლად, შემუშავდეს იდეების მოძიების და დამუშავების სწორი პროცესი, განისაზღვროს შეფასების და სტიმულირების ეფექტური საშუალებები.
პასუხისმგებლობების გამიჯვნა იდეების ავტორებსა და შემსრულებლებს შორის
ტოპ მენეჯმენტი ინოვაციების ცენტრის შექმნისას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს იდეების ავტორების გამიჯვნას მათი შემსრულებლებისგან. იდეების შემმუშავებლის და შემსრულებლის ფუნქციების ერთად სტრუქტურაში მოქცევა, სავარაუდოდ, ვერ იმუშავებს კარგად, რადგან იკლებს იდეების რიცხვი თუ იდეების ავტორს მათ განხორციელებასაც შევუთავსებთ. მისთვის ახალი იდეების მოფიქრება ერთგვარი ტვირთი იქნება, როდესაც ჯერ კუდევ განსახორციელებელი ექნება არსებული იდეები. იდეების ავტორები უნდა აკოტროლებდნენ შემსრულებლების მუშაობას და განხორციელების ეტაპს, ხოლო შემსრულებლები იდეების პოტენციურ ავტორებს უნდა უბიძგონ უფრო ღირებული და ეფექტური ინოვაციების შექმნისკენ.
ინოვაციების ცენტრის ორგანიზატორის გამოყოფა
სასურველია ინოვაციების ცენტრის ორგანიზატორის გამოყოფა, რომელმაც უნდა შეიმუშაოს იდეების მოძიების წყაროები. ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ შეიძლება განვიხილოთ კრეატიული ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებმაც იციან როგორ იმუშაონ სწორად და როგორ მოიფიქრონ იდეები. გუნდს გააჩნია თავისი რეგლამენტი. გუნდისთვის განსაზღვრულია შეხვედრების პერიოდულობა და შეხვედრების საკითხები. აღნიშნული გუნდის შესაქმნელად შესაძლოა მივმართოთ შემდეგ გზებს: ვთხოვოთ თანამშრომლებს დაასახელონ მათ შორის კრეატიული ადამიანები , ასევე შესაძლებელია ჩავატაროთ პატარა კონკურსი რომელიმე კონკრეტული საკითხის გარშემო კრეატიული იდეების მოსაფიქრებლად, ყველაზე მეტი და ამასთან ყველაზე ღირებული იდეების ავტორები ავიყვანოთ გუნდში. იდეების მოძიების კიდევ ერთი გზა კლიენტებისთვის და თანამშრომლებისთვის იდეების ყუთის, მეილის ან ცხელი ხაზის შემოღება შეიძლება გახდეს, ამასთან, თუ კარგ და ეფექტურ სტიმულირების ხერხებს მივმართავთ, რომ კარგი იდეები გამოგვიგზავნონ – ამ გზითაც შესაძლებელია ღირებული იდეების მოპოვება. იდეების მოპოვების გავრცელებული საშუალებებია: საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა, ბენჩმარკინგი. ამ და სხვა საშუალებებით იდეების მოპოვებაზე პასუხისმგებელი პირს შეუძლია მიღებული იდეების სიის შევსება.
იდეების შეფასება და შერჩევა კომიტეტური წესით
შერჩევის წინა ეტაპზე უნდა განისაზღვროს საუკეთესო იდეების შერჩევის კრიტერიუმები: მოცემულ პირობებში რესურსებთან ადეკვატურება; იდეის განხორციელების სისწრაფე; ეფექტის მოცულობა; რეალისტურება; იდეის ორიგინალურობა; ინიციატივის განხორციელების შემდეგ კლიენტების მოცულობის, პროდუქციის ან/და მომსახურების ხარისხის ზრდა და ა.შ.
იდეების შერჩევა უნდა მოხდეს კომიტეტურად შესაბამის კოლეგიალური ორგანოზე. მის შემადგენლობაში სასურველია შედიოდნენ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პოზიციების თანამშრომლები, ასევე ღირებული იქნება დირექტორების ჩართვა ამ პროცესში. აუცილებელია შეხვედრაზე ესწრებოდეს შერჩეულ კრიტერიუმებთან დაკავშირებული ფუნქციიის მქონე ადამიანიც. მაგალითად, თუ იდეის შერჩევის კრიტერიუმია მომხმარებლების მომსახურების ზრდა აუცილებელია დაესწროს კლიენტებთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი, თანამშრომელი მომსახურების სამსახურიდან – ასეთის არსებობის შემთხვევაში და ა.შ. მისი აზრი შეხვედრაზე იდეების შეფასებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იქნება.
აღნიშნული ორგანო მოახდენს იდეების შეფასებას და მათგან წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის იდეების შერჩევას.
როგორც თავში აღვნიშნეთ იდეების შემსრულებლები გამოყოფილები არიან ავტორებისგან. კოლეგიალურ ორგანოზე იდეების შერჩევის შემდეგ გადაწყდება, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, განხორციელდეს როგორც ფუნქცია, თუ მიეცეს პროექტის სახე. ამის შემდეგ, განისაზღვრება იდეის შემსრულებლები, რომლებიც წარმოადგენენ იდეის განხორციელების გეგმებს და შეთანხმდებიან ვადებზე, აღნიშნული ვადებს გააკონტროლებს ინოვაციების ცენტრის ორგანიზატორი.
ინოვაციების ცენტრის სტიმულირება
ბევრი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ დავასტიმულიროთ იდეების ავტორები უფრო მეტი და ღირებული იდეების დასაგენერილებლად და ასევე გავუჩინოთ მოტივაცია შემსრულებლებს იდეების ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელებისთვის.
ამ ნაწილში, მნიშვნელოვანია, შეფასების სისტემის ფორმირება. წასახალისებელი იდეების ავტორების შერჩევა ადვილია, რადგან შეგვიძლია დავეყრდნოთ კომიტეტურად შერჩეულ იდეებს და შესაბამისად, მისი ავტორები წავახალისოთ ფონდიდან, რომელიც გამოყოფილია სპეციალურად ინოვაციების ცენტრისთვის. მოტივაციისთვის გამოვიყენოთ არამატერიალური წახალისების ელემენტები: საჯაროდ მადლობა გადავუხადოთ იდეის ავტორს, გადავცეთ მადლობის სიგელი კომპანიის ხელმძღვანელების სახელით, ლანჩის ორგანიზება პირველ პირთან, დაწინაურება და ა.შ.
იდეის შემსრულებლების შეფასებისთვის საჭიროა კომიტეტი შეთანხმდეს შეფასების კრიტერიუმებზე: იდეის შესრულების გეგმით განსაზღვრულ ვადებში დასრულება; განსაზღვრულ რესურსზე ნაკლებით იგივე შედეგის მიღება; განსაზღვრული შედეგის მიღწევა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს კლიენტების რაოდენობის ზრდით, ხარჯების შემცირებით ან სხვა პარამეტრებით.
ორგანიზაცია, რომელიც გააცნობიერებს ინოვაციების ცენტრის მნიშვნელობას, შეეცდება საკუთარ ორგანიზაციაში დანერგვას და მისი ფუნქციონირების მუდმივობის უზრუნველყოფას, ორგანიზაციის განვითარების და ბაზარზე კონკურენტულ ბრძოლაში გადარჩენის უფრო მეტი შანსი ექნება.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს