როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლების ზრუნვა ერთმანეთზე
სტატიის ავტორი: მაია მარჯანიძე
12 მაისი, 2013 | წაკითხულია 6 240-ჯერ
უმრავლესობისათვის მუშაობის პროცესში მთავარია არამარტო ფული ან სხვა მატერიალური სიკეთე, არამედ ის ადამიანური ურთიერთობები, გარემო, კლიმატი და აურაა, რაც სამსახურში მისულს ხვდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს მათ ქცევაზე, განწყობაზე, მუშაობის ხალისსა და შრომის ნაყოფიერებაზე. ამიტომაც, ის, თუ როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ კომპანიაში კარგი პირადი ურთიერთობები ნებისმიერი მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.
პირველ რიგში, განვმარტოთ, რა არის ზრუნვა და როგორ მიიღწევა ის ორგანიზაციის ზრდის მიუხედავად. ზრუნვა გამოიხატება ერთმანეთის დახმარებაში, ყურადღებისა და მადლიერების გამოხატვაში, საერთო მიზნებისკენ ერთობლივად სწრაფვაში, სხვისი წვლილის დანახვასა და დაფასებაში, ერთმანეთის წარმატებებისა და წარუმატებლობების გაზიარებაში, საერთო ტრადიციებისა და არაფორმალური ურთიერთობების განვითარებასა და ყველა სხვა ღონისძიებაში, რაშიც ორგანიზაციის კულტურა, საერთო სული და ფასეულობები ყალიბდება.
სამი ძირითადი პუნქტი, რაც აუცილებლად უნდა შესრულდეს, რათა შეიქმნას თბილი ატმოსფერო, თანამშრომლები ზრუნავდნენ ერთმანეთზე და ამასთანავე, ამ ყველაფერს ხელს არ უშლიდეს ორგანიზაციის ზრდა, არის ხელმძღვანელის მაგალითი, პრინციპებისა და ფასეულობების გაცხადება და ახალი კადრების სწორად შერჩევა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელს თუ სურს, თავისი თანამშრომლები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, თბილად და ყურადღებით ექცეოდნენ, ახდენდნენ ერთმანეთის მოტივირებას შექებით, მადლიერებით, ყურადღების გამოხატვით, ამის პირველი და მთავარი ინიციატორი და შემსრულებელი თავად უნდა გახდეს. ხელმძღვანელი მაგალითს უნდა აძლევდეს ყველას. როდესაც ასეთი ქცევა წახალისებულია ხელმძღვანელობის მხრიდან და ორგანიზაციის კულტურადაა ქცეული, ძნელია შენც არ გაიზიარო და არ გახდე „მზრუნველი“ თანამშრომელი.
ხელმძღვანელს, თუნდაც ძალიან მცირე, მაგრამ თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი ქმედებებით შეუძლია ამგვარი მიდგომა დანერგოს. თუნდაც, დაბადების დღეების მილოცვითა და არდავიწყებით, თანამშრომლების გულთბილი მოკითხვით, მათი ცხოვრებისეული და ოჯახური საკითხებით დაინტერესებით, წვლილის დაფასებითა და შექებით. ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ძალიან ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე და არა მოვალეობის მოხდის მიზნით. თითქოს არ უნდა იყოს ძნელი ამ ყველაფრის გათვალისწინება, მაგრამ როდესაც კომპანია ასობით თანამშრომელს ითვლის, მაშინ ამგვარი ყურადღების გამოჩენა თითოეულის მიმართ დამატებით ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს, მთავარი შედეგი კი მაინც ის არის, რომ ამგვარი ქცევა გადამდებია და ჯაჭვური რეაქციით მოედება მთელს კომპანიას, დაწყებული მენეჯმენტიდან, დამთავრებული რიგით თანამშრომლამდე.
ხელმძღვანელის სამაგალითო ქცევის მერე, არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიის პრინციპებისა და ფასეულობების გაცხადება. თანამშრომლებთან უნდა ხდებოდეს მუდმივი კომუნიკაცია იმისა, თუ რა პრინციპებს ეფუძნება ორგანიზაციული კულტურა. თითოეულმა თანამშრომელმა უნდა გაითავისოს ის. პრინციპების მკაფიოდ ჩამოყალიბების შემდეგ, უნდა მოხდეს მათი განთავსება თვალსაჩინო ადგილას, რომ მუდმივად შეახსენოს თანამშრომლებს ქცევის ნორმები და ფასეულობები. შეიძლება იგი გამოიკრას, კომპიუტერების ეკრანზე, კარებზე ან ლიფტებში.
საერთო პრინციპების უზრუნველყოფს ერთიანობის შეგრძნებას, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია კრიზისებისა და პრობლემებისას, ისინი დამატებით ძალას მატებენ ორგანიზაციას. თანამშრომლების ქცევაც გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა და უფრო პროგნოზირებადი ხდება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლებს კარგად აქვთ გააზრებული პრინციპები, რას უნდა აკთებდნენ, რას არ უნდა აკეთებდნენ და რატომ უნდა ხდებოდეს ასე.
ორგანიზაციის ზრდასთან ერთად სულ უფრო რთული ხდება თბილი და მზრუნველი ატმოსფეროს შენარჩუნება. მოდიან ახალი კადრები, რომლებისთვისაც უცხოა ორგანიზაციის კულტურა და გარემო, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციაში ხვდებოდნენ შესაბამისი კადრები და მათი ინტეგრაცია ორგანიზაციასთან იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია კადრების შერჩევისას გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ მათი პროფესიული გამოცდილება და უნარები, არამედ პიროვნული თვისებები და ფასეულობები. ახალი კადრი უნდა გახდეს კომპანიის ორგანიზმის ნაწილი, ამიტომ მისი პიროვნული ფასეულობები უნდა ემთხვეოდეს ორგანიზაციის ფასეულობებს.
ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად კი სასურველია, რომ ახალ კადრს დავუნიშნოთ მენტორი, რომელიც იზრუნებს მის საქმეში ჩართულობაზე, პრობლემების მოგვარებაზე და ინფორმირებაზე, ასევე გუნდში ინტეგრაციაზე. ამგვარად, ყოველი ახალმოსული საკმაოდ მალე და უმტკივნეულოდ გახდება არსებული გარემოსა და კულტურის ნაწილი და ორგანიზაციის ზრდის მიუხედავად, არსებული ფასეულობები და ატმოსფერო შენარჩუნდება.
კარგი პირადი ურთიერთობები და ზრუნვა თანამშრომლებს შორის უდიდესი აქტივია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომლის მოპოვება შრომატევადი, მაგრამ ძალიან შედეგიანია. იმ ორგანიზაციაში, სადაც თანამშრომლებს ხვდება თბილი და მზრუნველი გარემო, ყველა გამოხატავს ყურადღებას, ყველა ეხმარება ერთმანეთს, სადაც არ არსებობს „ჩემი და სხვისი საქმე“, ნებისმიერ თანამშრომელს უხარია მისვლა, უფრო მოტივირებული და ენთუზიაზმით აღსავსეა. შესაბამისად, მათი შრომის ნაყოფიერებაც იზრდება, საქმეც უფრო ეფექტურად და შედეგიანად კეთდება და ორგანიზაციაც უფრო მტკიცე, ძლიერი და წარმატებულია.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს