პროდუქტების განვითარება და ორგანიზაციული სტრუქტურები
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
9 ივნისი, 2015 | წაკითხულია 13 953-ჯერ
ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები სტრუქტურაში თუ სწორად არ იქნება გადატანილი, ორგანიზაციები გამართულად ვერ იმუშავებენ, ვერც კონკურენტუნარიანები იქნებიან და ვერც დანიშნულებას შეასრულებენ სათანადოდ.
მინდა წარმოებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, პროდუქტების განვითარების პროცესზე და სტრუქტურასთან მის კავშირზე მოგითხროთ. დარწმუნებული ვარ ასე ბევრად ნათელი გახდება რა გავლენა აქვს სტრუქტურას საქმიანობის შედეგებზე.
ერთხელ მახსოვს სემინარს ვატარებდით, საშუალო ზომის კომპანიების პირველი პირები ესწრებოდნენ. ვსაუბრობდით საქართველოს ორგანიზაციებში ყველაზე მეტად გავრცელებულ მმართველობით პრობლემებზე. უფრო დეტალურად განვიხილეთ სტრატეგიაში, პროცესებში, სტრუქტურაში, მოტივაციის სისტემებში და კორპორატიულ კულტურაში არსებული მწავევე პრობლემები.
სემინარს, მახსოვს, ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი ესწრებოდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თავისი კომენტარებით. მისი აქტირი ჩართულობოთ სემინარი ბევრად საინტერესო გამოვიდა.
მახსოვს, ამ მონაწილემ შეჯამებისას მოიწონა სემინარის ძირითადი შინაარსი – ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ მგონია, ეს სტრუქტურა არ არის ძალიან მნიშვნელოვანიო. მთავარია ორგანიზაციას ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტები ჰქონდესო. თუ ასე იქნება, ყველაფერს მიაღწევს ისედაც და სტრუქტურას აბა რა მნიშვნელობა აქვს როგორი იქნებაო.
მაშინ მივხვდით, რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, სანამ სტრუქტურის მნიშვნელობას ავხსნით სათანადოდ პროდუქტების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის საქმეში .
თვითონ პროდუქტი რომ უმთავრესი ფაქტორია კონკურენტულ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად ეს, ალბათ, არცერთი წარმოების ხელმძღვანელისთვის არ არის სადაო. პროდუქტები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მუდმივად კონკურენტუნარიანი, თუ მასზე პერმანენტულად მუშაობ, აკვირდები მომხმარებლის რეაქციებს, საუკეთესო პრაქტიკას სწავლობ, თვითღირებულების შემცირებაზე ზრუნავ. დღეს, როდესაც ყველაფრის კალკირება ასე ადვილია, თითქმის არცერთი სფერო აღარ დარჩა, სადაც პროდუქტების მუდმივი ცვლილების, გაუმჯობესების, განვითარების გარეშე შეგიძლია მისი კონკურენტუნარიანობა დიდხანს შეინარჩუნო. არცერთი იდეა ახალი პროდუქტის, არც ერთი არც ათი ცვლილება არსებულ პროდუქტებში ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან წარმატებას. პროდუქტების წარმატება გრძელვადიანი წარმატების წინაპირობა სწორედ მუდმივი განახლება, დახვეწა და მუდმივი განვითარება შეიძლება იყოს მხოლოდ.
აი ამას კი სულ სხვანაირი ორგანიზაციული მოწყობა და სისტემური მხარდაჭერა სჭირდება, რის გარეშეც პროდუქტი მალე გაფუჭდება, კონკურენტუნარიანობას დაკარგავს და წარმატების შენარჩუნებასაც ვეღარ უზრუნველყოფს.
აი წარმოიდგინეთ, ორგანიზაციაში არ არის არავინ, ვინც მის უშუალო მოვალეობად თვლის მუდმივად მოაგროვოს ინფორმაცია არსებული პროდუქტის ან პროდუქტების პრობლემების შესახებ. არავინ ცდილობს მუდმივად გამოავლინოს კონკურენტებთან შედარებით სისუსტეები, ეძებოს განსხვავება. ასეთ დროს, მხოლოდ იმის იმედად შეიძლება ვიყოთ, რომ საიდანღაც ხელმძღვანელი ან ვინმე სხვა მოკრავს ყურს, რომ პროდუქტს აქვს პრობლემა კონკურენტთან შედარებით და დაიწყებს ამ ინფორმაციაზე რეაგირებას. ერთხელ შეიძლება მოხდეს ეს, მეორედ, მესამედ შემთხვევით, მაგრამ ერთხელაც გაიჭედება აუცილებლად ჩვენი პროდუქტი და სანამ მნიშვნელოვნად არ დავკარგავთ პოზიციებს, შეიძლება იმასაც ვერ მივხვდეთ, რომ პროდუქტს აქვს პრობლემა და მითუმეტეს იმას – კონკრეტულად რაში. ამიტომ, აუცილებელია სტრუქტურაში ვიღაცამ პროდუქტებში არსებული ხარვეზებისა და სისუსტეების კვლევა პერმანენტულად აკეთოს.
თუ ორგანიზაციაში არ არის არავინ, ვინც მუდმივად ცდილობს ჩვენი პროდუქტის ანალოგი პროდუქტების კუთხით მუდმივად ეძებდეს რა სიახლეებია, რას აკეთებენ სხვა ქვეყნებში, როგორ აუმჯობესებენ პროდუქტს, როგორ იცვლება მისი მახასიათებლები, მაშინ რა უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის კონკურენტებზე წინ ვიყოთ პროდუქტის მახასიათებლების კუთხით. ამიტომ, აუცილებელია ვიღაცამ რუტინულად პროდუქტების განვითარების სრულიად ახალი შესაძლებლობები ეძებოს.
თუ უმაღლეს მენეჯმენტში არ არის არავინ, ვისთვისაც პროდუქტების განვითარება უმთავრესი, პირველი პრიორიტეტის ამოცანაა, ვინც იბრძვის დანარჩენ მენეჯმენტს გამოართვას ყურადღება, ხშირად შეახსენოს, რომ პროდუქტის მუდმივი კონკურენტუნარიანობა წარმატების მოპოვების და შენარჩუნების ერთადერთი გარანტიაა. ვინც ცდილობს მოიპოვოს ფულადი რესურსები და სხვა მხარდაჭერა ამ ამოცანისთვის, მოიძიოს ადამიანები ქვევით, ვისაც ამისთვის საჭირო იდეები და უნარები აქვთ და მისცეს მათ ამ მიმართულებით უწყვეტად მუშაობის შესაძლებლობა. ეს თუ არა, მაშინ რა უზრუნველყოფს, რომ პროდუქტების განვითარება ყოველდღიურ ცხოვრებაში მისთვის საჭირო ყურადღებას, მხარდაჭერას და რესურსებს მიიღებს მენეჯმენტისგან, რომ ქვემოდან წამოსული იდეების და წინადადებების მოსასმენად და მხარდაჭერისთვის ყოველთვის ეცლება მენეჯმენტს და სწრაფად მოახდენს რეაგირებას ამ წინადადებებზე. ამიტომ აუცილებელია, რომ უმაღლეს მენეჯმენტში იყოს პროდუქტების განვითარებაზე პასუხისმგებელი მინიმუმ ერთი ადამიანი.
თუ რეგულარულად, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც, არ ტარდება შეხვედრები უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერების მონაწილეობით, სადაც იხილება პროდუქტების განვითარების იდეები, საჭიროებები. სადაც ადამიანებმა იციან, რომ წინადადებებით უნდა მოვიდნენ, სადაც მენეჯმენტი იხილავს კონკურენტების პროდუქტების უპირატესობებს და ჩვენი პროდუქტების განვითარების ადრე გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობას. ეს თუ არა, მაშინ რა უზრუნველყოფს პროდუქტების განვითარების პროცესის უწყვეტობას? იმას, რომ ადამიანები რომც იყვნენ პასუხისმგებელი ამ საკითხებზე, რეგულარულად და საკმარისი ინტენსივობით შეასრულებენ საკუთარ სამუშაოს. რომ მენეჯმენტი სტაბილურ ყურადღებას დაუთმობს პროდუქტების განვითარების საკითხს და შესაბამისად სხვა რესურსებსაც დახარჯავს ამ მიმართულებით. ამიტომ საჭიროა რომ ასეთი რეგულარული შეხვედრები აუცილებლად ტარდებოდეს.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს