ქეისი: თბილისის განვითარების ფონდი
სტატიის ავტორი: მარიამ მუნჯიშვილი
13 თებერვალი, 2017 | წაკითხულია 3 242-ჯერ
სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე უკან, მომავალში. უფრო სწორად სანახავად. საგანგებოდ შერჩეულ ადგილას. ტრანსპორტით მისვლა მომიწია სეირნობის დაწყების წერტილამდე. და აი მივედი. სიარულის ტემპი შევიცვალე. მინდოდა თითოეული დეტალი აღებეჭდა ჩემს გონებას და დაემახსოვრებინა. კიდევ ერთხელ ვინანე, რომ არ მაქვს კარგი ხარისხის ფოტო აპარატი. ულამაზესი აივნები, თვალისმომჭრელი ჭიშკრები, ისტორიული შენობები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვერ მოვესწარი მათ პირვანდელ სახეს, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი კია, ახლა როგორც გამოიყურება. ახალი სული აქვს შთაბერილი. ახალი დანიშნულება იტვირთა. დამთვალიერებლების, ტურისტების მორიგი გაჩერების წერტილი გახდა.
და ეს მხოლოდ ნაწილია იმ დიდი გეგმებისა, რომელიც ამის მთავარ სულის ჩამბერ და ხორცის შემსხმელ გუნდს აქვს.
ამ სტატიაში, გვინდა მოგიყვეთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, სტრუქტურა იყოს ისეთი, რომ კონკრეტულად იმ ორგანიზაციის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას ემსახურებოდეს და როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეს.
სტრუქტურა, ე.წ. ჩარტი არ შეიძლება იყოს სტანდარტული გადაწყვეტილება – გაყიდვები, მარკეტინგი, ოპერაციები, ფინანსები, მომსახურება. ან რაიმე მსგავსი. ალბათ, ყველაზე მთავარი, რასაც კარგი სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს, ეს არის – ხელმძღვანელების ყურადღების სწორად განაწილება. რა საკითხებზე დახარჯავენ ისინი ყოველდღიურად ყურადღებას, ბუნებრივად ის საკითხები უფრო მეტად გადაწყდება და პროგრესიც იქ უფრო ექნება ორგანიზაციას. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ისე გავანაწილოთ მათი ყურადღება, რომ ყოველდღიურად იმ ორგანიზაციის პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტას ემსახურებოდნენ.
გუნდი, რომელიც ზემოთ ვახსენე, თბილისის განვითარების ფონდია. მათ ასეთი არასტანდარტული სტრუქტურა აქვთ – მმართველი გუნდის წევრებს სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები აქვთ გადანაწილებული:
- პოტენციალის კვლევის და განვითარების მიმართულება – ამ ხელმძღვანელის მთავარი საფიქრალი და საზრუნავია დედაქალაქის პოტენციალის შესწავლა და განვითარების შესაძლებლობების ძიება;
- საუკეთესო გადაწყვეტილებების პროექტირების მიმართულება – ამ ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაა იპოვოს საპროექტო გადაწყვეტილებები ამ პოტენციალის / შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებისთვის;
- მაღალი ხარისხით მშენებლობის მართვის მიმართულება – ეს ხელმძღვანელი ზრუნავს, რომ ჩანაფიქრი მაქსიმალურად მაღალი ხარისხით განხორციელდეს.
ეს განაპირობებს, რომ ორგანიზაციაში 1) უწყვეტად მიმდინარეობს თბილისის განვითარების პოტენციალის შეფასება და შესაძლებლობების ძიება, როგორ გახდეს თბილისის სხვადასხვა უბანი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი. 2) უწყვეტად იხარჯება რესურსი მაგარი საპროექტო გადაწყვეტილებების პოვნაზე – ერთი მხრივ ისტორიული ნაწილის მაქსიმალურად შენარჩუნება და მეორე მხრივ კონცეპტუალური ჩანაფიქრის სწორად პროექტირება. და 3) უწყვეტად იხარჯება ძალისხმევა ამ პროექტების ფიზიკურად მაღალი ხარისხით რეალიზებაზე. კონვეიერული მუშაობის პრინციპს ჰგავს – პოულობენ, ამუშავებენ და ახორციელებენ.
ერთი შეხედვით რა მარტივია, სხვანაირად როგორ უნდა იყოს. მაგრამ მთავარი აქ არის, საიდან მოიტანა გუნდმა ეს ამოცანები და როგორ გადაიტანეს სტრუქტურაში. გიამბობთ, როგორი მიდგომით მივიდნენ აქამდე.
1) საწყისი წერტილი ორგანიზაციის დანიშნულება იყო. ერთი შეხედვით ცხადი იყო გუნდისთვის მათი ორგანიზაციის დანიშნულება, მაგრამ ყველა წევრს ჰქონდა მოთხოვნილება, დაეზუსტებინათ 1 წინადადებით რა იყო ის მთავარი, რისთვისაც არსებობს ეს ორგანიზაცია. და რაც მთავარია, ეს ყოფილიყო ერთმანეთში შეთანხმებული. ბევრი მსჯელობის, განმარტებების, დაზუსტების შემდეგ გუნდი შეჯერდა. ეს არ იყო სტანდარტული მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოხატული, ძალიან ზოგადი და ყოვლისმომცველი ე.წ. მისია, რომელსაც ორგანიზაციები საჯარო მოხმარებისთვის იყენებენ. თითოეულ სიტყვას წინადადებაში თავისი მნიშვნელობა და ახსნა მიანიჭეს, და მის თუნდაც წინადადებაში გადაადგილებას შეიძლებოდა მნიშვნელოვნად შეეცვალა აზრი. წინადადების ფორმულირებაზეც ერთად მსჯელობით შეთანხმდნენ.
„ხელი შევუწყოთ თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას და უძრავი ქონების და მიწის ღირებულების ზრდას“
2) ამის შემდეგ გუნდი ორგანიზაციის პრიორიტეტების გააზრებაზე გადავიდა იმ მოცემულობაში, რომელშიც იყო და იმ მიზნების გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც უნდოდა. ამისთვის გამოყვეს ამოცანები, რომელზეც მათი აზრით ორგანიზაციაში ყოველდღიურად უნდა დახარჯულიყო ძალისხმევა. არა ერთჯერადი, საპროექტო ხასიათის ამოცანები, არამედ ისეთი, რომელზეც კონცენტრირებული მუშაობა იყო საჭირო მუდმივად. ამ ჩამონათვალზეც და მათ მნიშვნელობაზეც ერთად შეთანხმდნენ.
დანიშნულება თავის თავში გულისხმობდა, რომ ძველის შენარჩუნებით ახალი შინაარსით / დანიშნულებით უნდა დატვირთულიყო თბილისის სხვადასხვა უბნები. ამისთვის კი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად გამოკვეთეს პოტენციალის მუდმივი კვლევა. თბილისი თავისი მდიდარი ისტორიითა და რელიეფური მოწყობით უამრავ შესაძლებლობას იძლევა გახდეს მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი ტურისტებისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვისაც დამატებითი ღირებულება შეიძინოს. მაგრამ ამის რეალიზებას სჭირდება არსებული მდგომარეობის კარგად ცოდნა, პოტენციალის შეფასება, ისეთი განვითარების შესაძლებლობების მუდმივი ძიება, რომელიც თბილისს ისტორიულ სახეს მაქსიმალურად შეუნარჩუნებს და მეორე მხრივ ისეთი კონცეფციების მოფიქრება, ცალკეულ უბანსა თუ ადგილს ახალ დანიშნულებას უპოვის, მიზიდულობის წერტილად აქცევს ადამიანებისთვის. ამაზე ფიქრი და მუშაობა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელეს.
მეორე მნიშვნელოვან მიმართულებად გამოყვეს საუკეთესო გადაწყვეტილებების პოვნა, რაც ასევე მუდმივი საფიქრალი და სამუშაოა ორგანიზაციისთვის. ეს გულისხმობს კონკრეტული იდეების და კონცეფციების საპროექტო დონეზე გადაწყვეტას, არქიტექტურული თუ საინჟინრო გადაწყვეტილებების სწორად დამუშავებას, რომ ის შინაარსი, რომელსაც თბილისის ცალკეული ადგილის თუ უბნის განვითარების პროექტში ჩადებდნენ რეალურად განხორციელებადი გამხდარიყო.
მესამე მნიშვნელოვან მიმართულებად კი ამ ყველაფრის ხორცშესხმა გამოყვეს. ორგანიზაცია კონტრაქტორი კომპანიების მეშვეობით ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, მაგრამ ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს ამ პროექტების სწორად დაგეგმვა და მართვა, განხორციელების ხარისხის უზრუნველყოფა. ეს გუნდის წარმატებული შედეგის მთავარი განმაპირობებელი იყო. ამიტომ ეს მიმართულებაც ცალკე გამოყვეს.
3) შემდეგი ნაბიჯი იყო, მართვის სისტემა მოეწყოთ ისე, რომ ამ ამოცანებზე მუდმივად დახარჯულიყო სათანადო ძალისხმევა, რაც შეიძლება მაღალ დონეზე, ვინაიდან ეს ამოცანები ამოძრავებდა მთლიანად ორგანიზაციას. გუნდი შეთანხმდა, რომ ამ ამოცანების გადაწყვეტა სისტემურად ვერ მოხდებოდა, თუ სტრუქტურას ამას არ შეუსაბამებდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ორგანიზაციაში პირველი პირის გარდა, თითოეული ამოცანის გადაწყვეტაზე მკაფიო პასუხისმგებელი პირები გაჩენილიყვნენ, რომლებიც კონცენტრირებულად იფიქრებდნენ იმ ამოცანის გადაწყვეტაზე და შედეგზე პასუხისმგებლობასაც აიღებდნენ. ასე სისტემა დაიწყებდა უკვე იმ პრიორიტეტებით მუშაობას.
არსებულ სტრუქტურას სერიოზული რეორგანიზაცია დაჭირდა, მაგრამ გუნდის მთავარი მოტივაცია შეთანხმებული დანიშნულების რაც შეიძლება კარგად განხორციელება იყო, ამიტომ მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებისთვის ისინი მზად იყვნენ.
მსჯელობის შემდეგ მმართველ გუნდში პასუხისმგებლობები სწორედ ამ პრიორიტეტულ ამოცანებზე გადაინაწილეს. კოორდინირებულად მუშაობისთვის შეთანხმდნენ, რომ რეგულარულად ყოველკვირეულად შეიკრიბებოდნენ პირველი პირის და მოადგილეების შემადგენლობით და თითოეული მიმართულებით მოქმედების სტრატეგიაზე და მთავარი პრობლემური საკითხების მოგვარებაზე იზრუნებდნენ.
მთავარი ცვლილება, რაც ამას მოყვა იყო შემდეგი:
- ორგანიზაციაში სისტემურად დაიწყო ფიქრი ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანებზე და მენეჯმენტის ყურადღება და ორგანიზაციის რესურსებიც მაქსიმალურად მათი გადაწყვეტისკენ მიიმართა;
- თანდათანობით დაიწყო თითოეული მიმართულებით კომპეტენციების დაგროვება. ეს 3 ამოცანა, ის მთავარი მიმართულებებია, რაზეც დგას ორგანიზაცია და ამაში ცოდნის და გამოცდილების დაგროვებას კრიტიკული ღირებულება აქვს გუნდისთვის.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება არ არის მარტივი, მტკივნეულ გადაწყვეტილებებს და მნიშვნელოვან გადაადგილებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. ამ დროს საკითხების ობიექტურად და ორგანიზაციის ინტერესებიდან აღქმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის კი აუცილებელია არსებობდეს ამის ნება – ჯანსაღი სურვილი რომ ორგანიზაციისთვის საუკეთესო ცვლილებები განხორციელდეს.
ამ გუნდის შედეგები, ბევრი რამ უკვე სახეზეა და ხელშესახებია. მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია და გუნდს უზარმაზარი გეგმები აქვს – დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარება და შეკვრა დედაქალაქში, რომელიც მოიცავს ისტორიული ძეგლებით მდიდარი არეალების რეაბილიტაციას, ისტორიული ძეგლების აღდგენას, ისტორიული და მხატვრული ღირებულების სადარბაზოების, მუზეუმების, მწვანე რეკრეაციული სივრცეების აღდგენა-განახლებას…
მოლოდინით ჟრუანტელი მივლის. წინ როგორი შინაარსიანი, შთაბეჭდილებებით სავსე, საინტერესო სიახლეები გველის დედაქალაქში.
დიდ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ამ გუნდს!
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს