მომგებიანი ორგანიზაციული სტრუქტურები
სტატიის ავტორი: მაია მარჯანიძე
30 მაისი, 2018 | წაკითხულია 2 694-ჯერ
ორგანიზაციული სტრუქტურა არა მხოლოდ მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავარი ინსტრუმენტია, არამედ სწორად მოწყობილ სტრუქტურას შეუძლია კომპანიის მომგებიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, მომგებიანი საქმიანობის სტიმულირება, მომგებიანობის ანალიზისა და პროგნოზირების ცოდნების დაგროვება, მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების სისტემური ძიებისა და გამოვლენის უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა და შემდგომ უკვე გაზრდილი მომგებიანობით მიღებული სიკეთის სწორად გამოყენება კიდევ უფრო მეტი მოგების მისაღებად.
სტრუქტურული ცვლილებები ხშირად აღიქმება, როგორც ხარჯების ზრდისა და დამატებითი ინვესტიციების განხორციელების გარდაუვალი პროცესი. ალბათ, ამიტომაც გაურბიან ხელმძღვანელები სტრუქტურის რეორგანიზაციის პროცესის წამოწყებას, რომ ამან დარტყმა არ მიაყენოს მომგებიანობას და ურჩევნიათ არსებული სისტემებით ეცადონ გაამართლონ კომპანიის ჯამურ შედეგებზე აღებული პასუხისმგებლობა დამფუძნებლების წინაშე.
თუ სტრუქტურული ცვლილებების მიზანი არის კომპანიის მომგებიანობის უნარის გაუმჯობესება და მოგების ზრდა, ამ მიზნით განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები აუცილებლად მოიტანს შედეგს. ეს შედეგი შეიძლება არ დადგეს ერთ კვირაში ან ერთ თვეში, მაგრამ აუცილებლად მოიტანს შედეგს საშუალოვადიან პერიოდში, ხოლო მომდევნო თვეებიდან ტენდენცია უკვე პოზიტიური გახდება.
ეს ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს საკადრო ხარჯების შემცირებით გაზრდილ მოგებას. ჩვენ სწორ რეორგანიზაციად მიგვაჩნია მხოლოდ არსებული რესურსის იმგვარი რელოკაცია, რომ უფრო მეტი ძალისხმევა და რესურსი მიემართოს ისეთ საქმიანობაზე, რასაც პირდაპირი გავლენის მოხდება შეუძლია მომგებიანობის მაჩვენებელზე და შედარებით ნაკლები რესურსი მიემართება სხვა დანარჩენ აუცილებლად შესასრულებელ ფუნქციებზე.
ყველა ორგანიზაციას აქვს საკვანძო ამოცანები, რომელთა მაღალ დონეზე გადაჭრა აუცილებლად აისახება მომგებიანობაზე. მაგალითად, მომგებიანობა იზრდება თუ სტრუქტურაში არსებობს ერთეულები, რომელთა მთავარი საზრუნავი არის:
ასორტიმენტის მომგებიანობა – დავიწყოთ ჩვენი არსებული ასორტიმენტის ანალიზი და წამგებიანი ან ძალიან დაბალმარჟიანი პროდუქტების/სერვისების გამოვლენა. მათი ანალიზი მოგვცემს საშუალებას გამოვავლინოთ ის პროდუქტები, რომელთა ასორტიმენტში ქონაც წამგებიანია და მათი ასორტიმენტიდან ამოღებით პირველი ნაბიჯი მომგებიანობის ზრდისკენ უკვე გადადგმულია.
შემდეგი ეტაპი უკვე ახალი მაღალმარჟიანი პროდუქტებისა და სერვისების ძიება და დამატებაა, რომ ჯამურად ასოტრიმენტის პორტფელის მომგებიანობა გაიზარდოს. ამასთან მიმდინარე რეჟიმში მომწოდებლებთან მუდმივი მუშაობაა საჭირო სულ უფრო უკეთესი პირობების მისაღებად, როგორც ფასების კუთხით, ისე გადახდის პირობებისა და სხვა ბენეფიტების მისაღებად.
ამ ამოცანაზე პასუხისმგებელი ერთეულის გაჩენით ორგანიზაციაში ჩნდება დამატებითი წნეხი გაყიდვებზე, რომ მათ კომპანიისთვის მისაღებ ფასად გაყიდონ პროდუქტები და გაყიდვების მოცულობის შესრულება არ მოხდეს მომგებიანობის ხარჯზე.
ამავე ერთეულის მიერ ხდება პროდუქტებისა და სერვისების დეტალური შესწავლა, პოტენციალის გამოვლენა და ამ პოტენციალის ათვისებისთვის საჭირო მოქმედებების ძირითადი მიმართულების განსაზღვრა. პროდუქტების სპეციალისტებს, როგორც წესი, უკეთ ესმით, როგორ შეიძლება ამ პროდუქტის გაყიდვა და ძალიან ღირებულ ოპონირებას უწევენ გაყიდვების წარმომადგენლებს. სწორედ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ოპონირების შედეგად მიიღება სწორი გადაწყვეტილებები ფასებზე, გაყიდვების მიდგომებზე და ასორტიმენტის განვითარებაზე.
გაყიდვების მოცულობა – არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა მომგებიანობის ზრდისთვის არის შემოსავლების მაჩვენებელი ძირითადი საქმიანობიდან. ერთეული, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა გაყიდვების ჯამურ მოცულობაზე, ყოველთვის ფიქრობს და ეძებს შესაძლებლობებს როგორ გაზარდოს გაყიდვები მინიმუმ სასურველ მაჩვენებლამდე, ეძებს გაყიდვების ახალ არხებს, პარტნიორებს, სეგმენტს, გაყიდვების რეაქტიულ და პროაქტიულ მიდგომებს, გაყიდვების თანამშრომლების მოტივაციისა და წახალისების მეთოდებს და ყველა სხვა საჭირო სამუშაოებს აორგანიზებს, რაც უზრუნველყოფს გაყიდვების მოცულობის შესრულებას.
გაყიდვების ერთეული მუდმივად დააყენებს წინადადებებს ასორტიმენტის განვითარებაზე, რადგან მას ყველაზე უკეთ ესმის მიზნობრივი სეგმენტის, მომხმარებლის ხმა და იცის რა მოსწონს და რას ყიდულობს მომხმარებელი. გაყიდვები ასევე მუდმივად იტყვის რა პრობლემები გვაქვს ფასში და პროდუქტში, რითი გვჯობია კონკურენტი და რა არის აუცილებლად გამოსასწორებელი ასორტიმენტში. ამგვარი წინადადებები ძალიან ეხმარება ასოტრიმენტის სწორად განვითარების პროცესს.
ფინანსური ეფექტიანობის მიღწევა – ამ ამოცანაზე პასუხისმგებლობა გულისხმობს კომპანიის საქმიანობის ფინანსური ეფექტიანობის ჩარჩოებში მოქცევას და მენეჯმენტის დახმარებას დაინახონ რეალური ფინანსური სურათი და მიიღონ ფინანსურად გამართლებული გადაწყვეტილებები. ფინანსურ ეფექტიანობაზე პასუხისმგებელი ერთეული მუშაობს ფინანსური რესურსების სწორად დაგეგმვასა და განკარგვაზე, ავლენს რა რეზერვები გვაქვს არსებულ ხარჯებში და რა შეიძლება უფრო ხარჯეფექტურად კეთდებოდეს.
ასევე აანალიზებს რა ფინანსური რისკების წინაშე დგას კომპანია, ეს შეიძლება იყოს ლიკვიდურობის რისკები, ჭარბი მარაგებით გამოწვეული რისკები, სავალუტო რისკები, დებიტორული ან კრედიტორული რისკები, საინვესტიციო და სხვა ტიპის რისკები. ეს ერთეული კომპანიის საქმიანობის ანალიზით ავლენს ამოვარდნებს, გადახრებს ხარჯებსა და შემოსავლებში და რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აყენებს საქმის კურსში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე.
ფინანსურ ეფექტიანობაზე პასუხისმგებელი ერთეული ნებისმიერ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აანალიზებს ფინანსურ ჭრილში და მენეჯმენტს აჩვენებს ამ გადაწყვეტილების განხორციელების შედეგად მოსალოდნელ ფინანსურ სურათს, რაც ბუნებრივია ზრდის გადაწყვეტილებების ხარისხს და ამცირებს ფინანსურ რისკებს.
თანამშრომლების მოტივაციის ზრდა მომგებიანობის ასამაღლებლად – თანამშრომლებს, რომელთაც პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მომგებიანობაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სწორ მოტივებზე ორიენტირებული სამოტივაციო-წახალისების სისტემა. წახალისების სისტემას შესაძლოა სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს – მომსახურების ხარისხის ზრდა, გაყიდვების ზრდა, მომგებიანობის ზრდა, თანამშრომლების კმაყოფილების ზრდა და ა.შ. თუ კომპანია მიზნად ისახავს მოგებიანობის მაჩვენებლის გაუმჯობესებას, სამოტივაციო სისტემაც ამ მიზნით უნდა დამუშავდეს და ისეთი მოტივები შეუქმნას თანამშრომლებს, რაც პირდაპირ აისახება მომგებიანობაზე.
მომსახურების ხარისხის უწყვეტი განვითარება – ამოცანა, რომელზე პასუხისმგებელიც ზრუნავს, რომ ჩვენი კლიენტები მუდმივად გრძნობდნენ როგორ იზრდება, იხვეწება და უმჯობესდება ჩვენი მომსახურება, მათთვის კომპანიასთან შეხების ყოველი წერტილი სულ უფრო სასიამოვნო ხდება. ამისთვის ავლენს პრობლემებს და კლიენტების უკმაყოფილებებს და სისტემურად ავითარებს მომსახურების ხარისხს. ამ ამოცანაზე ზრუნვა მომგებიანობაზე ასახვას შედარებით უფრო გრძელვადიან პერიოდზე ჰპოვებს, თუმცა ამაზე ზრუნვის გარეშე კლიენტების მოზიდვაც სულ უფრო გართულდება და გაყიდვების მოცულობის შესრულებაც.
ამ პასუხისმგებლობებით დატვირთული ერთეულების არსებობით ორგანიზაცია ხდება მეტად ორიენტირებული მომგებიანობის პოტენციალის სრულად გამოყენებაზე, როგორც ასოტრიმენტის მომგებიანობის, ისე გაყიდვების მოცულობის და ფინანსების სწორად განკარგვის კუთხით. თანამშრომლებიც მეტად ორიენტირებული ხდებიან მომგებიანობის მაჩვენებელზე და მომსახურებაც სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. რა თქმა უნდა, ეს ამოცანები სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში სხვადასხვაგვარი აქტუალურობით გვხვდება და მომგებიანობაზე მათი გავლენაც განსხვავებულია.
მართალია, ეს ცვლილებები სტრუქტურაში იმავე კვირისა და თვის მომგებიანობაზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ აისახოს, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ქმნის სტაბილურ, სისტემურ საფუძველს, რომ ორგანიზაციამ ისწავლოს როგორ იმუშავოს უფრო მომგებიანად.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარები ჩაკეტილია.