გაზარდეთ თქვენი კომპანიის ღირებულება
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
8 თებერვალი, 2010 | წაკითხულია 4 110-ჯერ
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში საფონდო ბაზარი ფაქტიურად არ არსებობს და საკმაოდ ძნელია, დაინახო რა ღირს შენი შექმნილი ორგანიზაცია, თუნდაც სულ პატარა მაღაზია, სასტუმრო, ან მცირე წარმოება, ბევრისთვის სწორედ საკუთარი ორგანიზაციის ღირებულების მუდმივი ზრდა მაინც უფრო მნიშვნელოვან ამოცანად რჩება, ვიდრე კონკრეტულ პერიოდში მიღებული მოგების მოცულობა. კერძო ბიზნესით დაკავებული ადამიანებიდან ბევრი ხვდება და გრძნობს, გაყიდვების ზრდასთან ერთად, როგორ იზრდება მათი ორგანიზაციის ღირებულება, და მიუხედავად იმისა, ისინი ამის შედეგად უფრო მეტ მოგებას იღებენ თუ არა, მაინც დაჟინებით განაგრძობენ ზრუნვას სწორედ ბიზნესის ღირებულების და არა მოგების ზრდაზე.
ამას ემატება ისიც, რომ, თითქმის ყველა ინდუსტრიაში, სულ უფრო ხშირდება წილების გაყიდვის, კომპანიების გაერთიანების, დამფუძნებლების გასვლის, ან დამატების შემთხვევები. შესაბამისად, კომპანიის ღირებულების ზრდაზე დახარჯული ძალისხმევის ნაღდ ფულში გადატანის შესაძლებლობებიც დღითიდღე მატულობს. ეს კი, თავისთავად, კიდევ უფრო ზრდის იმ მეწარმეების რიცხვს, რომლებიც საკუთარი კომპანიის ღირებულების ზრდას ბევრად მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მოგებას, რომელსაც ეს ორგანიზაცია კონკრეტულ საანგარიშგებო პერიოდში ტოვებს.
საინტერესოა მაგრამ ფაქტია, რომ ის თუ რამდენ მოგებას ტოვებს ორგანიზაცია სულაც არ ახდენს პირდაპირ გავლენას მის ღირებულებაზე. შესაძლოა კომპანია რომელიც ზარალზე მუშაობს ბევრად უფრო ძვირად გაიყიდოს იმავე დარგში მოღვაწე დიდი მოგების მქონე კომპანიაზე. მაშინ რა არის ის რასაც ინვესტორები, კომპანიის შეძენით დაინტერესებული ადამიანები აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას როდესაც ამა თუ იმ ორგანიზაციის ყიდვაზე ფიქრობენ? და რას უნდა მიაქციოს ყველაზე მეტად ყურადღება მეწარმემ რომელიც სხვადასხვა მიზეზით სწორედ მისი კომპანიის ღირებულების ზრდას ისახავს მიზნად? ალბათ ბევრი ფაქტორია ასეთი, თუმცა ჩვენ ჩვენი აზრით მათ შორის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვყავით.
ლოიალური კლიენტების რაოდენობა და ლოიალურობის ხარისხი, კადრების კვალიფიკაცია და ლოიალურობა ორგანიზაციის მიმართ, ბრენდის ცნობადობა და მასთან დაკავშირებული ემოციები არის ის სამი ყველაზე მთავარი ბურჯი, რომელზეც კომპანიის ღირებულება შენდება.
ვინაიდან სწორედ სტაბილური, ლოიალური კლიენტები, კვალიფიციური კადრები და ძლიერი ბრენდი ის ძირითადი აქტივებია, რომლებიც ყველაზე მეტად უზრუნველყობს სტაბილურ, გრძელვადიან, მზარდ შემოსავლებს, ყველაზე რთულად კოპირებადი და განმეორებადია კონკურენტების მიერ და ამასთან სწორედ ამ სამი აქტივის ნოლიდან სწრაფად შექმნა ფიზიკურად შეუძლებელია თითქმის ნებისმიერი ფულით. ამ სამი მიზეზით ამჯობინებენ ინვესტორები ძირითადად უკვე არსებული კომპანიების ყიდვას ვიდრე ახლის შექმნას და ალტერნატივებს შორისაც სწორედ ამ ფაქტორების მიხედვით ირჩევენ უკეთესს.
სტაბილური და ლოიალური კლიენტები
ბოლო 4-5 წელია და შეიძლება ცოტა უფრო მეტი რაც საქართველო ბანკების ფილიალებით და რამოდენიმე ფარმაცევტული ქსელის აფთიაქებით გაივსო. ამას დაემატა სათამაშო სახლების, საცალო მაღაზიების და ბენზინგასამართი სადგურების ქსელები მრავალრიცხოვანი ფილიალებით. კინოთეატრების და, რაც ძალიან იშვიათია, თეატრის ქსელიც კი შეიქმნა. ტოტალური ნადირობაა გამოცხადებული კლიენტებზე.
მეორე მიმართულება რომლითაც ასევე გამოირჩა ბოლო რამოდენიმე წელი ლოიალურობის ზრდის პროგრამების სიუხვე იყო. ჯიპისის „ზღარბი ბარათის“ შემდეგ სხვა ფარმაცევტული კომპანიები, საწვავით მოვაჭრე რითეილერები, სადაზღვევო კომპანიის თუ მობილური ოპერატორების, კვების და ყოველდღიური საქონლით მოვაჭრე ორგანიზაციების ბარათებით გაივსო მოქალაქეების საფულეები. ყველა ცდილობს გაზარდოს სტაბილური შემომსვლელების რიცხვი
მესამე საინტერესო ტენდენციაა პროდუქტების და მომსახურების სპექტრის სწრაფი გაფართოება თითქმის ყვეალ სფეროში. მობილური ოპერატორები, ბანკები, სადაზღვევო კოპანიები სხვადასხვა მომსახურებე თუ მწარმოებელი კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან ახალ ახალი პროდუქტების დამუშავება დანერგვაში.
სამივე ტენდენცია სწორედ კომპანიების ღირებულების ზრდისკენ არის უპირველესად მიმართული. მთავარ ფასეულობას ნებისმიერი ბიზნეს ორგანიზაციისათვის სწორედ ის წარმოადგენს თუ ვინ არიან მისი ძირითადი, ყველაზე სტაბილური კლიენტები, რამდენი არიან ისინი და რამდენად ლოიალურია მათი დამოკიდებულება კონკრეტული ორგანიზაციის მიმართ.
და თუ თქვენს მიზანს კომპანიის ღირებულების გაზრდა წარმოადგენს, მაშინ უპირველესი ამოცანაც სწორედ ასეთი კლიენტების რაოდენობის ზრდა და ლოიალურობის ამაღლებაა.
ამისათვის კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამი მთავარი საშუალება არსებობს:
ა) პროდუქტის (მომსახურების) მუდმივი განვითარება და მისი შესაბამისობაში მოყვანა მომხმარებლის ინტერესებთან;
ბ) გაყიდვების არხების განვითარება, მისი დაახლოება მომხმარებლებთან და ამით პროდუქტის და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
გ) კლიენტების ლოიალურობის ზრდის სტიმულირების დამატებითი სისტემების და მექანიზმების შექმნა, რაც მათ კიდევ უფრო დააახლოებს თქვენს ორგანიზაციასთან.
ამ სამ ამოცანაზე მუდმივი ზრუნვა და გადადგმული ნაბიჯი კომპანიის ღირებულების ზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია.
კვალიფიციური, მოტივირებული და ლოიალური თანამშრომლები
ორგანიზაციის ღირებულების განმსაზღვრელი მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია საკადრო ბაზა. რამდენად მაღალია მათი კვალიფიკაცია, რამდენად ადეკვატურია მათი დამოკიდებულება ორგანიზაციის მიმართ და რამდენი ადამიანია ვის მხრებზეც განვითარების და ყოველდღიური საქმიანობა გადადის, განსაზღვრავს თუ რამდენად ღირებულია ესა თუ ის ორგანიზაცია.
სწორედ საკადრო ბაზა ითვლება ერთ–ერთ ყველაზე რთულად გასანეიტრალებელ უპირატესობად. მის შექმნას ბევრი დრო და ბევრი მუშაობა სჭირდება და თანაც ხშირ შემთხვევაში უმაღლესი მენეჯმენტის ჩართულობა. თითოეული თანამშრომლის პოვნაზე, სწავლებაზე, განვითარებაზე დახარჯული თითოეული წუთი თუ ლარი სწორედ კომპანიის ღირებულებაში განხორციელებული ინვესტიციაა.
სწორედ ამიტომ არის, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი, ინოვატორი, მსოფლიოს უდიდესი კომპანიები ამდენ დროს და ყურადღებას უთმობენ სამუშაო გარემოს შექმნას, ანაზღაურების სისტემების მუდმივ განვითარებას. განვითარებულ ქვეყნებში საუკეთესო დამქირავებლის რეიტინგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორად ითვლება ორგანიზაციის სიჯანსაღის, პერსპექტივების და აქედან გამომდინარე საბაზრო ღირებულების. ყველამ იცის, რომ ძლიერი, პროფესიონალი და კმაყოფილი თანამშრომლების გარეშე შეუძლებელი გყავდეს კმაყოფილი კლიენტები, ასეთების სიმცირე კი ნებისმიერი მოგების შემთხვევაში მინიმუმამდე ამცირებს კომპანიის ღირებულებას.
ასე რომ თუ თქვენ თქვენი თანამშრომლების უკეთ შერჩევას, უკეთ სწავლებას, მეტად მოტივირებას დამატებით დროს და რესურსებს დაუთმობთ ამით კიდევ უფრო მიუახლოვდებით სასურველ მიზანს და საგრძნობლად დააჩქარებთ კომპანიის ღირებულების ზრდის პროცესს.
ცნობადი და სწორად აღქმადი ბრენდი (ბრენდები)
მესამე კრიტიკული მნიშვნელობის კომპონენტი ამ საქმეში საკუთარი სახელის, პროდუქტის ან საპროდუქტო ხაზის ცნობადობის ამაღლება და მის მიმართ საზოგადოებაში სათანადო დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა. თითოეული ამ მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი ასევე ახდენს გავლენას კომპანიის ღირებულებაზე.
მთავარი ამოცანა აქ იმაში მდგომარეობს თუ რა გზები, არხები და მეთოდები უნდა გამოიყენოს კომპანიამ იმისათვის რომ მინიმალური რესურსებით ყველაზე მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს პირველ რიგში ცნობადობის თვალსაზრისით, და შემდეგ კი იმ კონკრეტული მახასიათებლების მკაფიოდ ჩამოყალიბებით თუ როგორ გინდათ თქვენს ბრენდს (ბრენდებს) მომხმარებელი და მთლიანად საზოგადოება აღიქვამდეს. რა ემოციური დამოკიდებულება, ასოციაციები უნდა უჩნდებოდეთ მათ დანახვაზე, გაგონებაზე და ა.შ.
ყოველი ახალი ადამიანი რომელმაც იცის თქვენზე და სწორი დამოკიდებულებაა აქვს თქვენი ბრენდის მიმართ ეს კიდევ ერთი ერთეულია რომელიც თქვენს ღირებულებას ემატება. და რაც უფრო მიზნობრივი პოტენციური მომხმარებელია ეს ადამიანი, რაც უფრო კარგად დაიმახსოვრებს მიღებულ ინფორმაციას, და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანების რიცხვი. მით უფრო დიდი იქნება ფასი რომელსაც თქვენ ერთხელ თქვენი კომპანიისთვის ან მისი ნაწილისთვის მიიღებთ.
არ დაიშუროთ რესურსი და ენერგია, იფიქრეთ გზებზე მეთოდებზე, არხებზე, თუ როგორ გახადოთ თქვენი ბრენდი უფრო ცნობადი და ადეკვატურად აღქმული საზოგადოებაში ან მის კონკრეტულ ჯგუფებში და თქვენ ყოველდღიურად დააშენებთ თქვენს ორგანიზაციას მნიშვნელოვან ნაწილს რომელიც მას კიდევ უფრო მყარს, ღირებულს და გრძელვადიანს გახდის.
ასე რომ, თუ თქვენ თქვენი ორგანიზაციის ღირებულების გაზრდა დაისახეთ მიზნად, არ აქვს მნიშვნელობა კომკრეტულად რატომ გინდათ ეს, მაშინ მთავარ ორიენტირებადაც სწორედ სტაბილური და ლოიალური კლიენტების რაოდენობის ზრდა, თანამშრომლების კვალიფიკაციის, მოტივაციის და ორგანიზაციის მიმართ ლოიალურობის ამაღლება და საკუთრი ბრენდის (ბრენდების) მინიმუმ მიზნობრივ მომხმარებლებში ცნობადობის სულ უფრო გაზრდა და მათი სწორი ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბება უნდა დაისახოთ მიზნად. და თუ თქვენ ყოველ დღე თუნდაც ერთ მცირე ნაბიჯს გადადგამთ ამ მიმართულებებით გახსოვდეთ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დადეთ სტაბილური, ღირებული და ხანგრძილივი ორგანიზაციის შესაქმნელად.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის V წიგნში “მართვის ახალი გეომეტრია” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “გაზარდეთ თქვენი კომპანიის ღირებულება”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
26 მარტი, 2010 14:33
ნამდვილად გეთანხმებით და საყურადღებოა, თუმცა უფრო თეორიულია, ვიდრე პრაქტიკული.