არ გწყალობთ თქვენი ხელმძღვანელი?
სტატიის ავტორი: თამარ ჭითაშვილი
13 ივნისი, 2012 | წაკითხულია 2 501-ჯერ
მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა…
ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც ხელმძღვანელი მისი ჯგუფის რომელიმე წევრის მიმართ არც ისე დადებითად არის განწყობილი. ამის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს – ობიექტურიცა და სუბიექტურიც.
სიმპტომებიც ძალიან აშკარაა და მას ყველა ამჩნევს, არასდროს გაქებთ, არასდროს გამოხატავს მადლიერებას შესრულებული საქმის მიმართ, თავს არიდებს თქვენთან ურთიერთობას, ცდილობს არ მოგცეთ დავალებები თუ ამის აუცილებლობა არ არის, ან მოგცეთ ყველაზე უინტერესო და მოსაწყენი საქმე. ამის საპირისპიროდ კი სხვებს წარმოაჩენს და აღნიშნავს მათ წვლილს ამა თუ იმ საქმეში. მათ უკეთეს დავალებებს აძლევს, ეხმარება წინსვლაში, რჩევებსაც აძლევს და ზოგჯერ პირიქითაც ეკითხება. მათ ბევრ ისეთ რამეს ეუბნება, რაზეც თქვენთან საერთოდ არ საუბრობს.
რა თქმა უნდა, ხელმძღვანელებთან დაპირისპირება თითქმის არასდროს არის მომგებიანი: სანამ ის თქვენი ხელმძღვანელია, მას შეუძლია როგორც წარმოაჩინოს, ასევე დაფაროს თქვენი ნიჭი, უნარები, შესრულებული საქმეები. ვინაიდან ფიქრობენ, რომ მან მეტი იცის თქვენზე (და არც თუ ტყუილად), მის სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რეალურად ის არის თქვენი ბრენდინგის მენეჯერი და ძალიან უნდა მოინდომოთ, უამრავი ენერგია და დრო შეიძლება დახარჯოთ, რათა მისი გვერდის ავლით მივიდეს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებთან (ეს შეიძლება იყვნენ როგორც არსებულ ორგანიზაციაში მაღალი დონის მენეჯერები, ასევე სხვა ორგანიზაციებიც).
გარდა წინსვლაში შეფერხებისა, ასევე პრობლემები იქმნება მიმდინარე მუშაობის დროსაც. თქვენ არ გყავთ მხარდამჭერი, თქვენი იდეები და მოსაზრებები იბლოკება, დაძაბული ურთიერთობის გამო ხართ მუდმივად სტრესში, გაურკვევლობაში… და თუ მართლაც ასეა თქვენი საქმე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ მოქმედება:
1. ეძებეთ მიზეზი თქვენში – პირველი, ყველაზე დიდი ნაბიჯი სიტუაციის გამოსწორებისათვის არის საკუთარი თავის, ქცევების გაანალიზება. უმეტესად ჩვენ მიზეზებს ვეძებთ ხელმძღვანელებში, ათას არგუმენტს ვპოულობთ, რატომ არ მოვწონვართ მას და არც ერთი გვეხება ჩვენ. თავს ვარწმუნებთ, რომ მხოლოდ ხელმძღვანელის ბრალია მისი ანტიპათია, ჩვენ კი არაფერ შუაში ვართ. ამის დაჯერება კი უკვე ყველა გზას ჭრის ურთიერთობის გამოსასწორებლად.
კარგად დაფიქრდით, რა თვისებები გაქვთ, რომელიც შეიძლება არ მოსწონდეს მას. ეს თვისებები არ არის აუცილებელი იყოს უარყოფითი, უბრალოდ განსხვავებულ ადამიანებს განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნია საკითხების მიმართ. მიზეზები შეიძლება იყოს არაპუნქტუალურობა, სიზარმაცე, ზედმეტად აქტიურობა ან ზედმეტად რეაქტიულობა და ა.შ.. ასევე დააკვირდით, ის ყველაზე მეტად რაზე იძლევა შენიშვნებს (და არა მხოლოდ თქვენ მიმართ), რას აქებს, რა აღიზიანებს. მნიშვნელოვანია და აუცილებელია დაეკითხოთ კოლეგებს, მათი აზრით, რა იწვევს დაძაბულ ურთიერთობას, ვინაიდან მესამე მხარე უფრო ობიექტურად დაინახავს და შეაფასებს სიტუაციას და დაეზღვევით არასწორი შეფასებებისაგან. საბოლოოდ კი, ნათლად დაინახავთ და აღმოაჩენთ იმ რეალურ მიზეზებს, რის გამოც მას დიდად არ მოსწონხართ.
მიზეზების გამოვლენა კი გაგიადვილებთ, შეცვალოთ თქვენი ქცევა, უფრო მიზანმიმართულად გამოასწოროთ ზოგიერთი ნაკლოვანება ან თუნდაც დააკომპენსიროთ სხვა რამით.
2. იცოდეთ მისი მოლოდინები – როდესაც გაძლევთ კონკრეტულ დავალებას, ეცადეთ მაქსიმალურად ზუსტად გაარკვიოთ, რას მოელის თქვენგან, რა ვადაში, რა ხარისხით. ეს გაგიადვილებთ უფრო ზუსტად შეასრულოთ მისი მოთხოვნა და გახადოთ კმაყოფილი თქვენი შესრულებული საქმით. კონკრეტული დავალების მოცემისას დაუსვით კითხვები, დააზუსტეთ დეტალები. დავალების მიღებისას კარგად დაფიქრდით, გაიაზრეთ, გადაიტანეთ მარტივი სახით დოკუმენტში, ღია საკითხები კიდევ ერთხელ დააზუსტეთ და საბოლოოდ შეუთანხმეთ.
როდესაც ზუსტად იცით, რა უნდა გააკეთოთ, გაქვთ ცხადი ამოცანა, ვადა, გაცილებით კონცენტრირებულად იმოქმედებთ, შეძლებთ საჭირო მოქმედებების განსაზღვრასაც და ყველაფერს გააკეთებთ დავალების უფრო მაღალი ხარისხით შესასრულებლად, ვიდრე დაგავალეს.
ამ მეთოდს მეორე დადებითი ეფექტიც გააჩნია – ზოგჯერ დავალებებს იძლევიან ისე, როდესაც თავადაც არ აქვთ წარმოდგენილი ცხადად, რას ელიან, რა უნდა იყოს საბოლოო შედეგი. თქვენი მოქმედებებით კი ისიც მკაფიოდ დაინახავს რას მოითხოვს თქვენგან, შედეგის შეფასებაც გაცილებით მარტივი ხდება და კმაყოფილებაც უფრო მაღალია, ვიდრე დავალების შეუთანხმებლად.
3. ჩააყენეთ საქმის კურსში – როდესაც რაიმეს აკეთებთ, პერიოდულად გაუგზავნეთ რაპორტები, რა და როგორ მიდის, შეუთანხმეთ მიდგომები, რას როგორ აპირებთ, რა გეგმით. ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემები აცნობოთ დროულად, სთხოვოთ რჩევა და დახმარება არა მარტო მას, ასევე სხვა კოლეგებსაც. საქმე როდესავ გაფუჭდება, მერე უკვე გვიანი იქნება. იმოქმედეთ წინდაწინ.
თუ დავალება ძალიან საპასუხისმგებლო და გრძელვადიანია, ეცადეთ, წინასწარ განსაზღვროთ და შეუთანხმოთ მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები, დასვათ მაილსთოუნები, როდესაც შეხვდებით და უკვე შესრულებულ საქმეებს გააცნობთ და პროგრესს აჩვენებთ. ეს უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რათა პულსზე ეჭიროს ხელი და გრძნობდეს დავალებას, მეორეს მხრივ თქვენც ყოველ ეტაპზე სწორ მიმართულებას მიიღებთ, თუ გზას აცდებით.
ამგვარი მოქმედებებით მოიპოვებთ მის ნდობას და უფრო მეტად საპასუხისმგებლო დავალებებს მიიღებთ, პროფესიულადაც უფრო განვითარდებით და ხელმძღვანელისგანაც ბევრს ისწავლით. ხოლო იმას, რომ დავალების კარგად შესრულებას მაქსიმალურად მოინდომებთ, მოცემულობად ვიღებთ.
4. მოითხოვეთ უკუკავშირი – სთხოვეთ, ხშირად შეგაფასოთ, გითხრათ მისი აზრი თქვენს საქმიანობაზე, ქცევაზე და ა.შ.. ეს შეიძლება გააკეთოთ ყოველი დავალების შემდეგ. ჰკითხეთ, რაიმე ცუდად ხომ არ არის, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო, რა შეიძლებოდა შეცვლილიყო. დამიჯერეთ, მიიღებთ ნამდვილად ღირებულ Feedback-ს, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს.
მთავარია, ღირსეულად შეხვდეთ თითოეულ შეფასებას, ეცადოთ გამოასწოროთ ის, რაც აქამდე შეგშლიათ და არ აქცევდით დიდ ყურადღებას. მასაც სთხოვეთ რჩევა, როგორ შეიძლება ამასთან ბრძოლა. ამით მისგან მხარდაჭერასაც იგრძნობთ. განსაზღვრეთ აქტივობები და ღონისძიებები ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იმუშავეთ საკუთარ თავზე. პროგრესს თავადაც შეამჩნევს, როდესაც შემდგომი უკუკავშირის დრო მოვა. ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე შენიშვნას ყოველ ჯერზე თავიდან გეუბნებათ, ეს უფრო მეტად განაწყობს თქვენს მიმართ უარყოფითად.
5. არ დაიწყოთ თავის მართლება – როდესაც რაიმე საყვედურს გეუბნებათ, ან უარყოფით უკუკავშირს გაძლევთ, ნუ გადახვალთ მაშინვე თავდაცვის რეჟიმში, ნუ მოიყვანთ ათას არგუმენტს საკუთარი თავის გასამართლებლად, რაც არ უნდა მართალი იყოთ. მშვიდად შეხვდით შენიშვნას, დაემოწმეთ, გაიზიარეთ და უთხარით, რომ ეცდებით ეს აღარ განმეორდეს, გამოასწორებთ შეცდომას და ა.შ.
რეალურად, თავდაცვა ადამიანებს უფრო მეტად აღიზიანებთ, არგუმენტებს არ უსმენენ და მითუმეტეს არც იზიარებენ. ამიტომ ეცადეთ, არ დაიწყოთ თავის მართლება, შემდეგ კი დამშვიდებულ გულზე კარგად გაიაზროთ მისი შენიშვნა, რა იყო თქვენი ბრალი, რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო. თუ მართლაც საერთოდ არ ხართ დამნაშავე, შემდგომშიც შეძლებთ ეს აუხსნათ, როდესაც თავადაც დამშვიდებული იქნება, უკეთ მოგისმენთ და თქვენც უფრო დამაჯერებლად ისაუბრებთ.
6. გახდით ინიციატივიანები – თუ თავისუფალი დრო გაქვთ, დაეკითხეთ კოლეგებს, ხომ არ სჭირდებათ თქვენი დახმარება. დაეხმარეთ ყველას მაქსიმალურად, მთელი გულით და არავითარ შემთხვევაში არ იტრაბახოთ ამით, არ გააკეთოთ ეს მის დასანახავად, სიყალბეს ყველა გრძნობს. თქვენი გაკეთებული საქმე კი მაინც არ დაიკარგება და მაინც დაგიფასდებათ.
ასევე ხშირად ჰკითხეთ მას, ხომ არ შეგიძლიათ რაიმე საქმის შესრულება, როცა ამის დრო გამოგიჩნდებათ. გამოხატეთ ინტერესი მიმდინარე საქმიანობებზე, მდგომარეობაზე, რაიმე სიახლეს ხომ არ გეგმავს კომპანია და ა.შ..
ძალიან კარგი იქნება აგრეთვე, თუ გაგიჩნდებათ რაიმე იდეები საქმის უკეთ კეთებაზე, შესთავაზებთ მას ხელმძღვანელს, ერთად განიხილავთ. მაგალითად, თუ გაყიდვების მიმართულებით მუშაობთ, შეიძლება მოიფიქროთ გაყიდვების ახალი და საინტერესო მეთოდი. თუ პროდუქტების განვითარებაზე მუშაობთ, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში მსგავს პროდუქტზე, დაამუშაოთ და გადაუგზავნოთ. ასევე, შეგიძლიათ საინტერესო სიახლეები გაუგზავნოთ მასა და კოლეგებს.
7. მოიპოვეთ სხვა წევრების კეთილგანწყობა – თუ ყველას დადებითად, ზრდილობიანად ექცევით, პატივს სცემთ, არც დახმარებაზე ეუბნებით უარს, თავადაც რთავთ მნიშვნელოვან საკითხებში, არ ჭორაობთ ზურგსუკან სხვებზე, შეძლებთ გუნდის წევრების პატივისცემისა და კეთილგანწყობის მოპოვებას, მთავარია ყველაფერი გულწრფელად გააკეთოთ და არა ანგარებით. სხვების პოზიტიური დამოკიდებულება დააფიქრებს ხელმძღვანელს, ეცდება გაიგოს მიზეზი, რის გამოც პატივს გცემენ და დადებითად არიან განწყობილები, თავადაც აღმოაჩენს ბევრ დადებით თვისებებს თქვენში, თქვენს მონდომებას, რაც თქვენ მიმართ დამოკიდებულებაზე დადებითად აისახება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ ისაუბროთ სხვებზე ცუდი, ეცადეთ, თითოეულ კოლეგაში დადებითი აღმოაჩინოთ და დააფასოთ. ნურც ორგანიზაციაზე, გარემოზე, საქმიანობაზე იწუწუნებთ. გახსოვდეთ, თუ არ მოგწონთ, იბრძოლეთ შეცვლისათვის საქმით და არა დაბოღმილი საუბრით. თუ ბრძოლის იმედი არ გაქვთ, მაშინ შეეგუეთ სიტუაციას და თქვენი მაქსიმუმი გააკეთეთ, ან შეიცვალეთ სამსახური. თქვენი განწყობა ყველასთვის თვალსაჩინოა, უარყოფითი საუბრები სხვებსაც უარყოფითად განაწყობს თქვენს მიმართ, მითუმეტეს ხელმძღვანელს, რომელიც ბევრ რამეს ხედავს.
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ყველა პუნქტის ზედმიწევნით შესრულება. შესაძლოა მხოლოდ 2–3–ის განხორციელებამაც დადებითი შედეგი მოგიტანოთ, მთავარია სწორად განსაზღვროთ ხელმძღვანელის სპეციფიკა, მისი უარყოფითი განწყობის გამომწვევი მიზეზი და ისე იმოქმედოთ. თუ მართლაც მოინდომებთ, მიზნად დაისახავთ ამ ამოცანას, შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “როგორ ვაჯობოთ სამსახურეობრივ სირთულეებს“|ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
2 კომენტარი სტატიაზე “არ გწყალობთ თქვენი ხელმძღვანელი?”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
14 ივნისი, 2012 11:19
ამ სტატიის წაკითვისას მუდმივად მეცინებოდა :D რა თქმა უნდა სტატიის შინაარსზე არა, არამედ იმ უფროსებზე რომლებიც მე მყოლია…
საქმე იმაშია, რომ ჩემი უფროსების უმეტესი ნაწილი “გიგანტიზმის სინდრომით” იყო დაავადებული. უკვე კაი ხანია უფროსი აღარ მყავს (ან ვერ გავიგე ვინ არის საბოლოოდ ჩემი უფროსი :D ) რა დაველებების მიცემაზეა საუბარი, რა ქცევის მანერებზე, აქ ადამიანების ინტელექტამდე მივდივართ, როცა ზემოდან ქვემოთ გახედვა არ უნდათ.
აჰაა, ვინმე ESM ან რომელიმე ბიზნეს სკოლა დაამთავრა? ან ლონდოში სწავლობდა? გაუმარჯოს ღმერთმა, ოღონდ მანდ მიღებულ ცოდნას სწორი რეალიზება უნდა გაუკეთონ და მიდგომები შეცვალონ. მოტივაციის ამაღლება? ვინ ფიქრობს მაგაზე? არა, ბიუჯეტი უკვე შედგენილია და ცვლიებების შეტანა არ შეიძლება და ა.შ. მოკლედ, მთელი ამბებია… მინიმუმ ეს სტატია და ეს კომენტარი რომ წაიკიტხონ, ალბათ ცოტას დაფიქრდებიან, თუმცა შეიძლება ამ სტატიაზეც ცინიკურადაც გაიღიმონ ;)
14 ივნისი, 2012 16:03
საინტერესო იქნებოდა უფრო ვრცლად მიზეზების შესახებ დაწერაც. მაგალითად რატომ შეიძლება რომ არ გწყალობდეს უფროსი: 1. (თუ ის ახალგაზრდა მამაკაცია და შენ ახალგაზრდა ქალი) უყვარხარ და არ იმჩნევს. 2. (თუ ის უკვე შემდგარი მამაკაცია და შენ ახალგაზრდა ქალი) ახალგაზრდობაში მას შენნაირი გოგონები ყოველთვის ჩაგრავდნენ და აგდებით ეკიდებოდნენ. 3. ეშინია რომ ადრე თუ გვიან გონებრივი შესაძლებლობებით აჯობებ. 4. მისი შვილი ან ძმა არანაკლებ ჭკვიანი ადამიანია და ვერა და ვერ იშოვა სამსახური და შენ კიდევ, როგორ ძალიან კარგადაც არ უნდა მუშაობდე, ასე ადვილად მოეწყვე სამსახურში და ა.შ….