გავაძლიეროთ თანამშრომლებში ზრუნვის შეგრძნება
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
11 ივლისი, 2012 | წაკითხულია 2 522-ჯერ
ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. და არა საერთოდ, აბსტრაქტულად ადამიანის, არამედ ჩვენი კოლეგის, თანამშრომლის, ჩვენს გვერდით მაგიდასთან რომ ზის. მას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, შეუძლია იფიქროს, იდეები შემოგვთავაზოს, კოლეგებს დაეხმაროს, ჩვენი ორგანიზაციის სუსტი მხარეები დაგვანახოს. მას შეუძლია ძალიან მოინდომოს და მართლაც წარმოუდგენელი რაღაცეები გააკეთოს, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ცოტა აკეთებს ამას.
მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს მათ გუნდში მყოფი ადამიანების განუსაზღვრელი შესაძლებლობის თუნდაც მცირე ნაწილის ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოყენებაა. ერთ-ერთი ქმედითი გზა, რომლის მეშვეობითაც მენეჯერებს ამ ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ, ეს არის გააჩინონ გუნდის წევრებში ზრუნვის შეგრძნება, მომხმარებლებზე, კოლეგებზე და ორგანიზაციაზე ზრუნვისა, სადაც მუშაობენ. თუ რატომ არის ამის გაკეთება საჭირო და როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას, ქვემოთ შევეცდებით გადმოგცეთ.
ზრუნვის შეგრძნება ერთ–ერთი ყველაზე დიდი მოტივატორია. ის ადამიანებს ძალას აძლევს ყოველდღიურად სახლიდან გარეთ გამოვიდნენ და იშრომონ იმისათვის, რომ იზრუნონ ადამიანებზე, ვინც ყველაზე მეტად უყვართ. ზრუნვა ოჯახზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, საკუთარ თავზე თითოეულ ჩვენთაგანში დევს და რაც უფრო დიდია ადამიანში ზრუნვის შეგრძნება, მით უფრო განსაკუთრებული რაღაცების გაკეთებისთვის არის ის მზად.
თუ მენეჯერი ცდილობს ენერგიის ეს ფაქტიურად უშრეტი წყარო ორგანიზაციის წარმატების სამსახურში ჩააყენოს, ის მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თანამრომლებში მომხმარებლებზე, კოლეგებზე და მთლიანად ორგანიზაციაზე ზრუნვის გაჩენას და მაქსიმალურად გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
მომხმარებლებზე ზრუნვა
თუ შევძლებთ და ჩვენს თანამშრომლებში მომხმარებელზე ზრუნვის შეგრძნებას გავაჩენთ ამით ორგანიზაცია ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებს. რაც უფრო ძლიერი იქნება მათში ეს შეგრძნება, მით უფრო უკეთესად შეეცდებიან ისინი საკუთარი ყოველდღიური მოვალეობები შეასრულონ, უფრო უკეთესი პროდუქტი აწარმოონ მომხმარებლისთვის, უფრო უკეთესი მომსახურება გაუწიონ მას, უფრო მეტი ზრუნვა და სიყვარული ჩადონ ყველა დეტალში, რასაც ისინი მომხმარებლისთვის აკეთებენ. ამას კლიენტები აუცილებლად იგრძნობენ და სათანადოდაც დააფასებენ.
მეორე მიზეზი, რის გამოც თანამშრომლებში მომხმარებლეზე ზრუნვის გაჩენას და გაძლიერებას უნდა შევეცადოთ ის არის, რომ გავუჩინოთ მათ სტიმული უფრო მეტი აკეთონ მომხმარებლის კმაყოფილების მისაღწევად, ვიდრე პირდაპირი მოვალეობებით აკისრიათ. განსაკუთრებით მომსახურებაში ჩართული თანამშრომლებისათვის, უფრო მეტად ყურადღებით მოუსმინონ, უფრო ამომწურავად უპასუხონ ნებისმიერ კითხვაზე, დაეხმარონ კლიენტს თუ რამით დახმარება შეუძლიათ, გადაამისამართონ, მიყვნენ მასთან, ვინც უკეთ მოემსახურება მომსვლელს. გამოავლინონ რეალური გულწრფელი ზრუნვა ისეთი მოქმედებებით, რაც მათ უშუალო მოვალეობებში არ შედის. ამას კლიენტები კიდევ უფრო მეტად დააფასებენ.
მესამე მიზეზი, რის გამოც, აგრეთვე, ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ღირს, ის არის, რომ მომხმარებელზე მზრუნველი თანამშრომლები უფრო მეტად შეეცდებიან დაგვანახონ, თუ რა არის ჩვენს პროდუქტებში ან მომსახურებაში ისეთი, რაც კლიენტებს არ მოსწონთ, ისეთი რა შეიძლება შეიცვალოს და გაუმჯობესდეს, რაც მათი კმაყოფილების ზრდას შეუწყობდა ხელს. დამეთანხმებით, ეს იდეები და ინფორმაცია ძალიან ღირებულია ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, ვისაც პროდუქტების და მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების მნიშვნელობა კარგად ესმის.
კოლეგებზე ზრუნვა
არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზაციისათვის თანამშრომლებში საკუთარ კოლეგებზე ზრუნვის შეგრძნება გააჩინოს და გააძლიეროს. იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად მოახერხებს ამას მენეჯმენტი, მით უფრო მეტად შეეცდებიან ადამიანები ყოველდღიურ მუშაობაში ერთმანეთს დაეხმარონ, გაუზიარონ ერთმანეთს საინტერესო და ღირებული ინფორმაცია, პიკების დროს მეტი სიხარულით გაიყონ მათი სამუშაოც, ასწავლონ ერთმანეთს, თუ რამის სწავლება შეუძლიათ.
ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ზრუნვის გრძნობა გააჩნიათ, გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს სამსახურში. მათთვის გარემო ბევრად უფრო მეგობრულია, ბევრად უფრო თბილი და ნაკლებად სტრესული მაშინაც კი, როდესაც სამუშაოს ხასიათი თვითონ არც თუ ისე მსუბუქია. ადამიანისთვის სამსახურში სიარული ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება, თუ იქ მას ეგულება ისინი, ვინც მასზე ზრუნავენ, გაჭირვებაში დახმარებას ცდილობენ, ვისთვისაც ის, უბრალოდ, სულერთი არ არის.
თანამშრომლების მიჯაჭვულობა სამსახურზე ასეთ შემთხვევაში საგრძნობლად გაიზრდება. ისინი ამ გარემოს ძალიან გაუფრთხილდებიან და სამსახურის შეცვლაზე ფიქრის დროსაც, თუ ამის საჭიროება დაუდგებათ, ბევრს იფიქრებენ – რამდენი უღირთ ასეთი გარემოს დაკარგვა.
ორგანიზაციაზე ზრუნვა
მომხმარებლებზე და კოლეგებზე ზრუნვის შეგრძნებასთან ერთად სასურველია, მენეჯმენტმა თანამშრომლებში ორგანიზაციის მიმართ ზრუნვის შეგძნების გაჩენა და გაძლიერებაც სცადოს. თუ მენეჯმენტი ამას მოახერხებს ამით, პირველ რიგში, იმას მიაღწევს, რომ თანამშრომლები ყოველდღიური მუშაობის პროცესში მაქსიმალურად შეეცდებიან გაუფრთხილდნენ საკუთარი ორგანიზაციის რეპუტაციას. დეტალების დონეზე მიაქციონ მუშაობაში ყურადღება ნებისმიერ სიტყვას, ნებისმიერ მოქმედებას, რასაც ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვა შეუძლია.
მეორეს მხრივ კი ეცდებიან არ გაუშვან ხელიდან არც ერთი კარგი შანსი საკუთარი ორგანიზაციის ცნობადობის გასაზრდელად და იმიჯის გასაუმჯობესებლად. მენეჯმენტი ძალიან ბევრ PR აგენტს გაიჩენს საკუთარი თანამშრომლების სახით. ისინი ყველგან, სადაც შეძლებენ საკუთარი ორგანიზაციის პოპულარიზაციას შეეცდებიან. კარგს ისაუბრებენ მასზე, ეცდებიან ყველას დაანახონ, რამდენად კარგ ორგანიზაციაში მუშაობენ.
და ბოლოს, რაც უფრო დიდი იქნება თანამშრომლებში ორგანიზაციის მიმართ ზრუნვის შეგრძნება, მით უფრო აქტიურად იქნებიან ისინი მზად ჩაერთონ ორგანიზაციის განვითარების სამუშაოებში, გამოვიდნენ ახალი იდეებით, ინიციატივებით. მიაწოდონ მენეჯმენტს ინფორმაცია, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მათ შორის არსებული პრობლემების, საფრთხეების შესახებ. გახდნენ მათი მთავარი მხარდამჭერები გრძელვადიანი განვითარების საქმეში.
როგორ გავაჩინოთ თანამშრომლებში ზრუნვის შეგძნება
იმისათვის, რომ თანამშრომლებში მომხმარებლების, კოლეგების და ორგანიზაციის მიმართ ზრუნვის შეგრძნება გავაჩინოთ და გავაძლიეროთ ბევრი სხვადასხვა რამ შეიძლება გაკეთდეს. მათ შორის გამორჩეულად შედეგიანი გზებია:
პირადი მაგალითი – როდესაც ხელმძღვანელები თავისი ყოველდღიური ქცევით, მოქმედებებით ავლენენ ამ ზრუნვის რეალურ მნიშვნელობას, იმას, რომ მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე და ორგანიზაციაზე ზრუნვის ძლიერ გრძნობას პირველ რიგში თვითონ ატარებენ. რომ სწორედ ეს გრძნობა არის მათთვის ყველაზე მთავარი მოტივატორი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებისას. პირადი მაგალითი ყველაზე დიდი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია ეს გრძნობა სხვა თანამშრომლებშიც ძალიან ადვილად გაავრცელოს და გააძლიეროს.
ზრუნვის შეგრძნების ზრდას ხელს უწყობს ასევე მისი მნიშვნელობის კარგი კომუნიკაცია თანამშრომლებთან. როდესაც მენეჯმენტი ხელიდან არ უშვებს შანსს ხაზი გაუსვას ზრუნვის მნიშვნელობას, ისაუბროს ამ თემაზე, არგუმენტირებულად დაანახოს ყველას თუ რამხელა სარგებელი შეიძლება ყველამ მიიღოს აქედან.
და ბოლოს, თანამშრომლების მხრიდან მომხმარებლებზე, კოლეგებზე და ორგანიზაციაზე ზრუნვის ყველაზე განსაკუთრებული ფაქტების გამოვლენა, მათი მაქსიმალური წახალისება, სტიმულირება, ამ ფაქტების და შესაბამისი თანამშრომლების შესახებ მთელს ორგანიზაციაში ინფორმაციის აქტიური გავრცელება იმის ნათლად, ყველასათვის თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად, თუ რამდენად ღირებულია ორგანიზაციისათვის თანამშრომლების მხრიდან ასეთი მოქმედებები დღითიდღე უფრო მეტად დაარწმუნებს ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვის შეგრძნება, გაუჩენს ამ გრძნობას მათ და სულ უფრო გაუძლიერებს.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის VI წიგნში “ორგანიზაციული პერპეტუმობილე” ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “გავაძლიეროთ თანამშრომლებში ზრუნვის შეგრძნება”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
30 ივლისი, 2012 08:51
[…] ცალკე სტატია შეგიძლიათ იხილოთ: გავაძლიეროთ თანამშრომლებში ზრუნვის