გუნდური მართვის პრინციპი
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
24 ივლისი, 2012 | წაკითხულია 4 382-ჯერ
გუნდური მართვის პრინციპი შეიძლება ვუწოდოთ მართვის ისეთ სქემას, რომელშიც ტოპ – მენეჯმენტის გუნდის წევრები, პირველ რიგში, ტოპ – მენეჯმენტის გუნდის წევრები არიან, ხოლო ამის შემდეგ კონკრეტული მიმართულებების კურატორები. ანუ, როდესაც ნებისმიერი მათგანის მიერ გაცემული დავალება მენეჯმენტის გუნდის დავალებად აღიქმება, ხოლო შესრულების ვალდებულება აქვს ნებისმიერ ქვედანაყოფს, რომელი მათგანის ფორმალურ დაქვემდებარებაშიც არ უნდა იყოს ის.
ამ პრინციპით ორგანიზაციის მართვისას თითოეული სამსახური ვალდებულია შეასრულოს ტოპ – მენეჯმენტის გუნდის ნებისმიერი წევრის დავალება, თუ ის წინააღმდეგობაში არ მოდის მმართველი გუნიდის სხვა წევრისაგან უკვე მიღებულ დავალებასთან. ასეთ შემთხვევაში კი შემსრულებელი ქვედანაყოფი ვალდებულია, სწრაფად ჩააყენოს საქმის კურსში მენეჯმენტის გუნდის ორივე წევრი, რათა ისინი ერთმანეთში შეთანხმდნენ მათი დავალებების კოორდინირების მიზნით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი გუნდის სხვა წევრებთან ერთად განიხილონ სიტუაცია და სწრაფად, გუნდურად გადაწყვიტონ თუ რომელი დავალების შესრულება არის ორგანიზაციისათვის უფრო პრიორიტეტული.
შესაძლოა, ერთი შეხედვით, მართვის ასეთი სისტემა რთულად განსახორციელებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ის არამმარტო ადვილი დასანერგია, არამედ ძალიან ბევრი დადებითის მოტანაც შეუძლია ორგანიზაციისათვის.
პირველ რიგში ამ პრინციპით მართვის ყველაზე საუკეთესო ეფექტი ის არის, რომ დირექტორატი, ორგანო, რომელიც ტოპ – მენეჯმენტის გუნდის მთავარი მუშა ორგანოა, ასეთი პრინციპით მართვისას ბევრად უფრო ქმედითი, აქტიური და პროდუქტიული ხდება. მენეჯმენტის წევრები ბევრად უფრი დიდი პასუხისმგებლობით მონაწილეობენ მის მუშაობაში, ცდილობენ, არ დაუშვან არასწორი გადაწყვეტილებების მიღება, ვინაიდან მერე დიდი ალბათობით მათ პირადად და მათ საკურატორო ქვედანაყოფებს მოუწევთ ამ გადაწყვეტილებების აღსრულებაში მონაწილეობა. დირექტორატზე განხილვები ბევრად უფრო პროდუქტიულია, ხმაურიანიც, მაგრამ სამაგიეროდ მიღებული გადაწყვეტილებები უკეთესია და თანაც, რაც მთავარია, საერთო.
მართვის ასეთი პრინციპი ბევრად უფრო მტკიცედ კრავს მმართველ გუნდს, მისი წევრები უფრო მეტად გრძნობენ და ინაწილებენ პასუხისმგებლობას საერთო შედეგებზე, ბევრად უფრო მეტად უწევენ ერთმანეთს ანგარიშს, ითვალისწინებენ კოლეგების ინტერესებს. ისინი ბევრად უფრო მეტად ხდებიან საერთო მიზანზე ორიენტირებულები და ერთიან ორგანიზმად აღიქვამენ მთლიან ორგანიზაციას. არ აყენებენ ორგანიზაციის ინტერესებზე წინ საკუთარ საკურატოროს ინტერესებს და შედეგად უფრო მეტ სარგებელს უქმნიან ორგანიზაციას თვითონაც და მათი საკურატორო ქვედანაყოფებიც.
მართვის გუნდური პრინციპი ქმნის ბევრად უკეთეს პირობებს უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის სტრატეგიული ამოცანების გადასანაწილებლად. აძლევს მათ საშუალებას უფრო ადვილად აიღონ პასუხისმგებლობა ისეთ ურთულეს სტრატეგიულ ამოცანებზეც, რომელთა გადაწყვეტასაც მთლიანი ორგანიზაციის ან მისი დიდი ნაწილის მობილიზება და ჩართვა სჭირდება. ეს ბევრად აიოლებს დასახული სტრატეგიის განხორციელებას და თვითონ სტრატეგიის დასახვის პროცესსაც ბევრად უფრო გუნდურს, ადვილს და სასიამოვნოს ხდის.
ფინანსური, დროითი, საკადრო რესურსების გამოყენება, გუნდური მართვის პრინციპის შემთხვევაში, ბევრად უფრო პროდუქტიულად და რაციონალურად ხდება. არ იხარჯება ზედმეტი დრო და ენერგია გუნდურად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის საჭირო რესურსების მისაღებად და გამოსაყენებლად. გადაწყვეტილებები ბევრად უფრო სწრაფად მიიღება და სწრაფადვე სრულდება მიუხედავად იმისა, რამდენი სხვადასხვა ქვედანაყოფის და რამდენი განსხვავებული საკურატოროდან ჩართვა არის ამისათვის საჭირო.
კიდევ ერთი დადებითი ეფექტი ორგანიზაციისათვის, რომელიც მართვის ასეთ პრინციპს ახლავს, სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის პირდაპირი, ჰორიზონტალური ურთიერთობების გამარტივება და წახალისებაა. ამ დროს აუცილებელი აღარ ხდება ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულისათვის მთელი რიგი სუბორდინაციული ბარიერების გავლა, რათა სხვა პარალელურ სამსახურთან ერთად რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს და განახორციელოს. ვისაც დიდ ორგანიზაციებში უმუშავია, ალბათ, ყველა ცხადად ხედავს ასეთი ურთიერთობების მნიშვნელობას ყოველდღიურ საქმიანობაში.
და ბოლოს, კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება, რომელიც გუნდური მართვის პრინციპით მოქმედ ორგანიზაციას სხვებისაგან გამოარჩევს არია სტრუქტურული ცვლილებების, გადაადგილებების, დივიზიონების დაშლის, რეორგანიზაციის, ქვედანაყოფების საკურატოროებში გადატანა–გადმოტანის უჩვეულო სიმარტივე. მმართველი გუნდის წევრები ნაკლებად იღებენ პერსონალურ შეურაცხყოფად ან უნდობლობად ნებისმიერ გადადგილებას მათ საკურატორო სფეროში. თვითონაც აქტიურად მონაწილეობენ როგორც ამ გადაწყვეტილებების მიღებაში, ისე განხორციელებაში. ამ პროცესში პირველ რიგში სწორედ მთლიანი ორგანიზაციის და არა პირადი ინტერესებიდან გამოდიან, რაც ძალიან ამარტივებს მართვის სისტემის მშენებლობას და განვითარებას.
როგორც ნებისმიერ ორგანიზაციულ სისტემას, პრინციპს თუ სქემას გუნდური მართვის პრინციპსაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები და ალბათ, არც თუ ისე ცოტა. მათ შორის ყველაზე ცხადი და მძიმე სავარაუდოდ ის არის, რომ ადამიანებისათვის (როგორც უმაღლეს, ისე საშუალო მართვის რგოლში), ვინც მიდრეკილია გაექცეს პასუხისმგებლობას, სხვას გადააბრალოს საკუთარი უმოქმედობა და არაპროდუქტიულობა, ეს პრინციპი ამის გაკეთებას ართულებს.
აგრეთვე ადამიანები, ვისაც ურჩევნია ერთი უფროსი ჰყავდეს, მას ეპრანჭოს, თავი მოუთაფლოს, პირადი ურთიერთობებით დააბას და მონუსხოს, მათთვისაც ასეთი მართვის პრინციპი ბევრ პრობლემას ქმნის.
გიგანტიზმისაკენ მიდრეკილი ხელმძღვანელებისათვის, ვისაც თავის ქვევით იმპერიების შენებისკენ აქვთ მიდრეკილება და უყვარს ჩინეთის კედლის შემოვლება საკუთარი საკურატოროსათვის, მათთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მართვის პრინციპი. ეს ადამიანები ბევრ აბსურდულ არგუმენტს ასახელებენ რათა თითქოს ასეთი „ანარქიისა და არეულობებისაგან“ „დაიცვან“ და „გადაარჩინონ“ არამარტო საკუთარი საკურატორო, არამედ მთლიანი ორგანიზაცია.
ასეთი წინააღმდეგობების მიუხედავად, თუ მენეჯმენტის გუნდმა შეძლო და ამ პრინციპზე შეთანხმდა, შემდეგ უკვე მისი დანერგვა უნდა დაიწყოს, რაც, სათანადო ნების შემთხვევაში, სულაც არ არის რთული. ამისათვის საჭიროა:
ა) გუნდური მართვის პრინციპის დეკლარირება მოვახდინოთ. დავწეროთ ყველამ გუნდის წევრებს შორის, ხელი მოვაწეროთ მას და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელება დავიწყოთ.
ბ) კარგად ავუხსნათ საშუალო რგოლის ყველა ხელმძღვანელს და შეძლებისდაგვარად ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს თუ რას ნიშნავს გუნდური მართვის პრინციპი. გავაგებინოთ და მივაჩვიოთ ისინი იმ აზრს, რომ მათთვის სავალდებულოა მმართველი გუნდის ნებისმიერი წევრის დავალების კურატორ ხელმძღვანელთან ზედმეტი გადამოწმებების და შეთანხმებების გარეშე შესრულება.
გ) განსაკუთრებით გაგებით უნდა მოვეკიდოთ პირველ პერიოდში წარმოქმნილ გაურკვევლობებს, შეკითხვებს ან, შესაძლოა, უსიამოვნებებსაც. უნდა ვეცადოთ ყველა ეს შემთხვევა მოთმინებით და პრინციპის დანერგვის მნიშვნელობის სათანადო აღქმით გუნდშივე განვიხილოთ, კოლეგებთან ერთად გავარჩიოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები. დროთა განმავლობაში ასეთი გაუგებრობების რიცხვი და სირთულე მნიშვნელოვნად შემცირდება, ორგანიზაციის მართვა კი ბევრად ადვილი, სასიამოვნო და შედეგიანი გახდება.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “ახალი თაობის ორგანიზაციული სტრუქტურები“|ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “გუნდური მართვის პრინციპი”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
22 მაისი, 2013 20:52
mec aq var