სიცოცხლის დარჩენილი დღეების აღრიცხვის დაფა
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
20 აგვისტო, 2012 | წაკითხულია 2 992-ჯერ
ერთხელ, დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ მეორესთან დაიწუწუნა, მგონი ისე კარგად არ ვიყენებ დროს, როგორც საჭიროაო. წლები მემატება (30-მდე იყო უკვე), დღე და ღამე სამსახურში კი ვარ, მაგრამ მგონი დიდად ღირებულს ბევრს არაფერს ვაკეთებო, არც ცოლი მყავს ჯერ, არც შვილები. წლები კი გარბის, უკან მიხედვა და ანალიზის გაკეთება მეშინია ხანდახანო. ამ მეორემ იმავე დღეს სამუშაო მაგიდასთან, კედელზე პატარა დაფა დაუკიდა. დაიანგარიშა საშუალოდ რამდენი დღე ჰქონდა კოლეგას დარჩენილი სიცოცხლის ბოლომდე, დამრგვალებით 16 500 გამოუვიდა (საშუალო სტატისტიკურ სიცოცხლის ხანგრძლივობას განვლილი წლები გამოაკლო და 365 ზე გაამრავლა). სთხოვა ეს დაფა არ ჩამოეხსნა და არც წაეშალა. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს მის კაბინეტში ადიოდა და ერთი დღით უმცირებდა დარჩენილი დღეების რიცხვს.
უფროსი კოლეგა პირველი ათი დღე იგნონირებას უკეთებდა მეგობრის “მოღვაწეობას”, ისე იქცეოდა თითქოს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას არც მას და არც დაფას, მეორე ათი დღე დასცინოდა კიდევ დადიხარ, არ მოგბეზრდაო, მესამე ათ დღეს ეჩხუბებოდა – თავი გამანებე ნუ გამიჭირე საქმეო. მაგრამ ის არ შეეშვა, ჯიუტად აგრძელებდა სიარულს და ცვლიდა და ცვლიდა ჯერ ბოლო ციფრს, მერე ბოლოს წინებზეც გადავიდა. დაახლოებით ერთ თვეში ამ ყველაფერმა პირველი შედეგების მოტანა დაიწყო.
ჩვენმა საერთო მეგობარმა ჯერ დღიური იყიდა, ყოველ საღამოს მეორე დღის გასაკეთებელი საკითხების ჩამოწერას შეუდგა. იჯდა გრძელი სამუშაო დღის ბოლოს, მისჩერებოდა დაფას, ახსენდებოდა საწყისი რიცხვი, ცვლილებას აფასებდა და ისევ ახლადნაყიდ დღიურში აგრძელებდა კირკიტს. ყოველ საღამოს თავიდან 10-15, მერე 30 წუთამდე უთმობდა მომავალი დღის გეგმაზე ფიქრს. ცდილობდა მიმხვდარიყო როგორ უფრო ღირებულად გამოიყენებდა დღეს.
პარასკევის საღამო და შაბათი დილა მომავალი კვირის გეგმებზე ფიქრისთვის გამოყო. ერთ საათს მაინც ხარჯავდა გეგმების მოფიქრებაზე. რა ამოცანები ჰქონდა, როგორ უნდა გადაეჭრა, რა მოქმედებები იყო ამისთვის საჭირო და რომელ დღეს იქნებოდა უკეთესი ამის გაკეთება. ვისთან შეხვედრები, რისი წაკითხვა, რის დამოუკიდებლად გააზრება იყო საჭირო. მოკლედ, კვირის დღეებზეც გაჩნდა დღიურში გეგმიური ჩანაწერები ნელ–ნელა.
შაბთ–კვირას სამსახურში სიარული შეწყვიტა, რითაც გააოცა ხელმძღვანელებიც და კოლეგებიც. საღამოსაც ადრე დაიწყო სამსახურიდან სახლში წასვლა. ამ ყველაფრის ფონზე კი მისი სამსახურებრივი წინსვლა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრად უფრო სწრაფი ტემპებით წავიდა წინ. მენეჯმენტი დავალების მიცემას ვერ ასწრებდა ისე ასრულებდა და თან დეტალების დონეზე მაღალი ხარისხით. კი არ მოსწონდათ ღამეებს რომ აღარ ათენებდა სამსახურში სხვებთან ერთად, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდნენ ისე კარგად ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს და არც ინიციატივებში და დამატებით აქტივობებში ჩამოუვარდებოდა ვინმეს.
მალე ინგლისურის მასწავლებლის ძებნა დაიწყო. ენა კარგად იცოდა, მაგრამ ტესტებისთვის მომზადება გადაწყვიტა. მერე ჯიმატის წიგნები გამოიწერა და დილას ადრე ადგომა დაიწყო მეცადინეობისთვის რომ საკმარისი დრო ჰქონოდა.
მთლად იმ დაფის ბრალი რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ იქიდან ერთ წელიწადში ცოლიც მოიყვანა. მერე შვილებიც ეყოლათ. შაბათ–კვირას ოჯახთან ერთად საინტერესო, აქტიური დასვენება ტრადიციად აქცია. წელიწადში ერთხელ კი ცდილობდა მეუღლე და მერე ბავშვებიც რომელიმე ახალ ქვეყანაში, ახალ ქალაქში ან კურორტზე წაეყვანა დასასვენებლად და ამის დაგეგმვასაც საკმაო ყურადღებას, დროს და ფინანსებს უთმობდა.
რამოდენიმე წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ერთ–ერთ პრესტიჟულ უცხოურ სასწავლებელში ბიზნეს ადმინისტრირების კურსი გაიარა, მართალია დისტანციურად, ვინაიდან ოჯახის გამო ვეღარ მოახერხა დიდი ხნით სასწავლებლად წასვლა, სამსახურიდან წამოვიდა (ამ დროისთვის იმავე ორგანიზაციაში უკვე ძალიან დიდი თანამდებობა ეკავა) და საკუთარი ბიზნესი დაიწყო.
დღეს სამწუხაროდ მასთან აქტიური შეხება აღარ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ისევ ისეთი აქტიურია, ბევრს მუშაობს, აქტიურად ისვენებს, შვილებიც ბევრი ჰყავს და ბიზნესის საქმეებიც ძალიან წარმატებით მისდის. ერთ–ერთი წარმატებული ადამიანია ჩვენს ქვეყანაში და ალბათ თვითონაც იცის, რომ ამას დიდ წილად სწორედ სიცოცხლის სიყვარულით, დროის კარგი გამოყენებით, აქტიური შრომით და აქტიური დასვენებით ახერხებს.
ზუსტად არავინ ვიცით, რამდენი დღე გვაქვს დარჩენილი სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ ზუსტად ვიცით რომ მათი რიცხვი შეზღუდულია და, სამწუხაროდ, სწორედ ეს გვავიწყდება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად. ისე ვეჩვევით გათენებას და დაღამებას, რომ გვგონია მუდმივად ასე იქნება.
საკმარისია გავიაზროთ და მერე ხშირად გავიხსენოთ, რომ დარჩენილი დღეების რიცხვი შეზღუდულია, რომ ყოველ საღამოს დარჩენილი ცხოვრებიდან კიდევ ერთი დღე გვაკლდება და მერე უფრო აქტიურად ვიწყებთ იმაზე ფიქრს, როგორ შევანელოთ დროის დინება, როგორ მოვასწროთ ბევრად უფრო მეტი, როგორ ვაკონტროლოთ უკეთესად ის მთავარი რესურსი, რომელსაც ვერავინ შეგვინახავს, ვერავინ დაგვიგროვებს, რომელსაც მხოლოდ ერთი რამე სჭირდება მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ და სწორად გამოვიყენოთ. იმისათვის, რომ მერე ერთხელაც ძალიან მტკივნეული არ იყოს საკუთარი თავისთვის დასმული კითხვა – ნეტავ ვინ ვიქნებოდი, სად ვიქნებიდი ან რა მექნებოდა ახლა, ცოტა უკეთესად რომ გამომეყენებინა დროო?
ხოო და კიდევ ერთი, იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და დროის მართვაც და წარმატების მიღწევაც ბევრად უფრო ადვილი გახდება. ჩვენ ხომ მათ სწორედ ამისათვის ვაკეთებთ. ალბათ “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” ბევრმა წაიკითხეთ კიდეც უკვე. მალე ახალი, მეხუთე წიგნი გამოვა,რომელსაც მკითხველების რჩევით “მართვის ახალი გეომეტრია” დავარქვით – არც ის გამოტოვოთ.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “მამოძრავებელი მიზანი“ |ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
2 კომენტარი სტატიაზე “სიცოცხლის დარჩენილი დღეების აღრიცხვის დაფა”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
22 აგვისტო, 2012 16:16
ძალიან კარგი სტატიაა. დამაფიქრებელი.
როცა გეგმავ, ყველაფერს ასწრებ; როგორც ამბობენ – დებ კონტრატქს საკუთარ თავთან და ცდილობ, კეთილსინდისიერად შეასრულო…
წინააღმდეგ შემთხვევაშინ უაზროდ იკარგება ჩვენი დრო…
P.S. დაახლოვებით –> დაახლოებით.
10 სექტემბერი, 2012 18:51
ჩემი დილა 8:30 საათზე იწყება… ახლა ვცდი ეს დრო 30 წუთით შევამცირო, და დილით წავიმეცადინო ცოტა… ვნახოთ რა გამოვა :) ისე, საინტერესო იდეაა :)