რამდენ ხანს დავრჩე პირველ სამსახურში
სტატიის ავტორი: მარიამ მუნჯიშვილი
12 სექტემბერი, 2012 | წაკითხულია 2 775-ჯერ
საკმაოდ გვიანი იყო, თანამშრომლები ოფისიდან უკვე წასულები იყვნენ. მე და ჩემი ხელმძღვანელი ერთ–ერთი პროექტის რაღაც საკითხს ვიხილავდით. დასასრულს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი შეკითხვები დამისვა, დაახლოებით ამ შინაარსის – „რა სარგებელი მიიღე ჩვენს ორგანიზაციაში მოსვლიდან დღემდე? რამდენად ღირებული პრაქტიკული რამ ისწავლე, რაზეც შეგიძლია თქვა რომ მე ამის კეთება შემიძლია, ამაში დავსპეციალდი? როგორ გაგეზარდა სანაცნობო წრე? როგორ შეიცვალა შენი ეკონომიკური მდგომარეობა?..“
ეს ჩემი პირველი სამსახური იყო, ერთ წელზე მეტი იყო, რაც უკვე იქ ვმუშაობდი. სამწუხაროდ, ასე კონკრეტულად მე ეს შეკითხვები საკუთარი თავისთვის იქამდე დასმული არ მქონდა. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ სამსახური ძალიან მალე ვიშოვე, საქმეც მომწონდა, თანამშრომლებიც, ძალიან ცოტათი ეკონომიკური მდგომარეობაც გამიუმჯობესდა (თუმცა რადგან პირველი იყო, ამაზე იმდენად მაინც არ ვფიქრობდი), მოკლედ ვმუშაობდი, ყოველ დილას ვდგებოდი, მივდიოდი სამსახურში, ჩემი საქმე მქონდა, ცუდად თუ კარგად ვაკეთებდი და დროც გამყავდა, უსაქმურად არ ვიყავი, მაგრამ სხვა სამსახურში გადასვლის, თუნდაც შესაძლებლობის განხილვაც კი, აზრადაც არ მომსვლია. იმ საღამომ კი, ბევრი რამ შეცვალა ჩემს წარმოდგენაში და შეხედულებებშიც. თურმე ყველაფერი სხვანაირად არის…
როცა პირველ სამსახურს იწყებ, როგორც წესი, ასეთ დროს ბევრ რამეს ყურადღებას არ აქცევ, ბევრ რამეზე ხუჭავ თვალს, ოღონდ სადმე ნორმალურ ადგილას შეძვრე და მუშაობა დაიწყო და თანხმდები პირველივე შესაძლებლობას (თუ რა თქმა უნდა მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს). მუშაობის დაწყებიდან ძალიან მალევე ღრმად ეფლობი იქაურობაში, დამოკიდებული ხდები. პირველი სამსახურის მიმართ ხარ ყველაზე მეტად სენსიტიური, „ლოიალურობის“დიდი განცდა გაქვს, უკეთესი ამ ეტაპზე არ გეგულება და ყველაზე მეტად გიჭირს იქიდან წამოსვლის გადაწყვეტილების მიღება (თუ განსაკუთრებული რამ არ მოხდება, რაც იძულებულს გაგხდის დატოვო იქაურობა). ყველაზე საშიში ამ დროს ისაა, რომ ჩვეულებრივ სამსახურში მოხვდე, მიზეზის პოვნა რომ გიჭირს რატომ უნდა დატოვო იქაურობა. არადა „ლოიალურობის“ ეს განცდა, რაციონალური განსჯით თვითონ სულაც არ არის რაციონალური. და რაც უფრო მეტად გაგვიანდება იქიდან წამოსვლა, მით უფრო მეტ შესაძლებლობას კარგავ გეშოვნა უკეთესი სამსახური, გეკეთებინა უფრო მეტი და შენი შექმნილი წილი სარგებელიც უფრო გაგეზარდა. შედეგი ძალიან არასახარბიელოა – არ განვვითარდით, შემოვრჩით ერთ სამსახურში, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ერთ პოზიციაზე, საშუალო ხელფასითა და მოსაწყენი საქმით.
როგორ არ უნდა გავხდე პირველ სამსახურზე დამოკიდებული, რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
პირველი სამსახურის დაწყების პარალელურად არც ერთი დღე არ უნდა შეწყვიტო სხვა სამსახურის ძებნა, სანამ შენთვის საინტერესოს არ იპოვი. და უნდა დატოვო მაშინვე, როგორც კი დარწმუნდები, რომ „იქ“ უფრო მეტ ღირებულებას შექმნი, უფრო მეტად გამოიყენებ შენს შესაძლებლობებს და მეტის გაკეთებას შეძლებ. ეს შეიძლება იყოს პირველი სამსახურის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, დღეში, შეიძლება რამდენიმე თვეში ან წელში, მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ დაწყებიდანვე მოიხსნა დატოვების ბარიერი, რაშიც მუდმივი ძიების პროცესი დაგეხმარება. შეიძლება გეუცხოოთ ახლა, მაგრამ ასეა. როგორც წესი, ძალიან მინიმალურია შანსი პირველივე სამსახურით „გაარტყა“ ის სფერო, რომელშიც ბევრი კარგის გაკეთებას შეძლებ, უფრო „სწავლების“ დატვირთვა აქვს პირველ სამსახურს, ვიდრე საქმის კეთების. ამიტომ უნდა იაზროვნო და იმოქმედო პრაგმატულად და რაციონალურად.
მუდმივი ძებნა დაგეხმარება, დარწმუნდე რამდენად სწორ ადგილას ხარ. თუ ასეთი რამდენიმე თვის პარალელური ძებნის შედეგად საინტერესო ვერაფერი იპოვე, ე.ი. ჯერ უნდა დარჩე იქ, სადაც ხარ, ისწავლო და მაქსიმალურად გამოიყენო შენი განვითარებისთვის, ზრდისთვის, კავშირების გაფართოებისა და რეპუტაციის შექმნისთვის ყველა ის პლიუსი, რასაც ის სამსახური და პოზიცია გაძლევს. ეს დაგეხმარება მალე ამოწურო არსებული შესაძლებლობები და მერე გადახვიდე იქ, სადაც უფრო მეტის გაკეთებას შეძლებ.
თუმცა, ძებნა არასდროს უნდა შეწყვიტო, უბრალოდ ტემპი უნდა შეანელო. რამდენიმე თვის შემდეგ კი კვლავ გაააქტიურო.
როგორ დავრწმუნდე, რომ „იქ“ უკეთესია?
როგორც კი რამე საინტერესოს იპოვი, უნდა გააკეთო ანალიზი და გადასვლის გადაწყვეტილება ისე მიიღო. წამოსვლა არ უნდა იჩქარო, უნდა დარწმუნდე კარგად, რომ სხვაგან, სადაც მიდიხარ, ბევრად უკეთესია, და მერე წამოხვიდე.
არის რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა შეაფასო:
1. ფუნქციები, რისი შესრულებაც მოგიწევს რამდენად გთავაზობს შენთვის საინტერესო საქმეს;
2. რამდენად ზრუნავენ იმ კომპანიაში თანამშრომლების კარიერულ განვითარებაზე;
3. რამდენად აძლევენ იქ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას (არა მარტო მათი უშუალო ფუნქციებიდან გამომდინარე).
ამ ინფორმაციის გასაგებად რამდენიმე საშუალება უნდა გამოიყენო. მიღებული ინფორმაცია გააანალიზო და ისე მიიღო გადაწყვეტილება. საშუალებები კი შეიძლება იყოს:
· ის, რასაც ალბათ ნებისმიერი კანდიდატი აკეთებს – კარგად გაეცანი იმ მოთხოვნებს, რასაც დამსაქმებელი აყენებს და იმ ფუნქციებს, რასაც ვაკანტური პოზიცია გთავაზობს, საჭიროების შემთხვევაში გასაუბრებისას ჩაეკითხე და უფრო ზუსტი ინფორმაცია მიიღე, რომ სწორი მოლოდინები შეიქმნა;
· მოიძიე ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ – მოძებნე სოციალურ ქსელში მისი გვერდი, იპოვე საერთო მეგობრები, გაიკითხე ნაცნობებში თუ ვინმე მუშაობს ან უმუშავია იქ, გამოკითხე რა მოსწონთ, რა – არა, გატესტე ზემოთ მოცემული კომპონენტები – ბოლოს როდის იყვნენ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე ის ან მისი თანამშრომლები, თუ დაწინაურდა იქ ყოფნის განმავლობაში, თუ იცის რა შემთხვევაში დააწინაურებენ, ძირითადი ფუნქციების გარდა თუ უწევს სხვა აქტივობებში ჩართვა, მაგ., არაფორმალური ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზაციის განვითარების ამოცანებზე მუშაობა გუნდში და ა.შ.;
· აუცილებლად გამოიყენე მათთან შეხვედრის შესაძლებლობა სასურველი ინფორმაციის მისაღებად. შერჩევის ეტაპზე, გასაუბრების ბოლოს, დასვი შეკითხვები.
ამ მცირე მოკვლევის შედეგად საკმარისი ინფორმაცია უნდა დაგიგროვდეს ზემოთ მოცემული კომპონენტების შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.
მოიხსენით პირველი სამსახურის დატოვების „მორალური“ ბარიერი, მიუდექით პრაგმატულად, არ შეწყვიტოთ უკეთესი სამსახურის ძებნა, დარწმუნდით, რომ იქ მეტის გაკეთებას შეძლებთ და მაშინვე დატოვეთ პირველი სამსახური.
წარმატებებს გისურვებთ ამ ბარიერის დაძლევაში!
იკითხეთ „სინერჯი ჯგუფის წიგნები“, მიიღეთ პირადი სარგებელი და ისიამოვნეთ.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს