ჩვენ და ჩვენი სამსახურებრივი მეგობრები
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
15 ოქტომბერი, 2012 | წაკითხულია 2 822-ჯერ
სამსახურებრივი მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს სურვილიც და მოთხოვნილებაც შედარებით ახლოს ვიყოთ და ვიმეგობროთ ჩვენთვის ყველაზე სიმპათიურ და ხასიათით შესაბამის ადამიანებთან, ბევრი ტკივილის, იმედგაცრუების და კონფლიქტების მიზეზი შეიძლება გახდეს. ვცდილობდეთ, თანაბარი დისტანცია გვქონდეს კოლეგებთან, თანაბარი სითბოთი და მზრუნველობით ვექცეოდეთ ყველას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება იყოს ბევრი სამსახურებრივი სტრესისა და უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, შრომის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და სამსახურის მიმართ სათანადო დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისათვის.
უმრავლესობა, როდესაც ახალ ორგანიზაციაში ვიწყებთ მუშაობას, პირველ რიგში ვეძებთ მათ, ვინც შედარებით უკეთ გაგვიგებენ, ჩვენი მსგავსი ღირებულებები და ინტერესები აქვთ და ვისთან საუბარიც და ურთიერთობაც შედარებით გვიადვილდება, გვსიამოვნებს. ეს პირველი ურთიერთობა ხშირად ახლო მეგობრობაში გადაიზრდება და ჩვენც ჩვენდა უნებურად, გვინდა თუ არა ეს, ერთ-ერთი შიდა დაჯგუფების წევრები ვხდებით ან თავად ვქმნით მას.
ერთი შეხედვით ამაში თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ თუ კარგად გავიაზრებთ, ცხადად დავინახავთ, რომ ასეთ ურთიერთობებს, კარგთან ერთად (თუ ასეთი რამე აქვს მნიშვნელოვანი) ძალიან ბევრი უარყოფითი შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამ შიდა სამსახურებრივი მეგობრობის უარყოფით ასპექტებს გვინდა ქვემოთ შევეხოთ.
უპირველეს ყოვლისა ერთ ჯგუფთან, ან რომელიმე კოლეგასთან ზომაზე მეტი სიახლოვე ძალიან ხშირად სხვებთან ავტომატურ დაცილებას ნიშნავს, ან განაპირობებს. ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ შიდა წრის წევრები ხდებიან, იძულებულები არიან ამ ჯგუფის წევრების დომინანტი, დამოკიდებულებები გაიზიარონ ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელობის, მათი ცალკეული კოლეგის მიმართ. თუ არ გაიზიარებენ მინიმუმ უნდა ისმინონ და წინააღმდეგობაც არ უნდა გაუწიონ, სხვა შემთხვევაში მალევე, ან ნელ-ნელა ამ კონკრეტული წრიდან გამოსვლა მოუწევთ.
ამ ინფორმაციის ფლობა კი. ხანდახან. სახიფათო ხდება და გავლენას ახდენს ჩვენს დამოკიდებულებებზე გარემოს, კოლეგების, ხელმძღვანელების, სამსახურის მიმართ. ეს კი, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხისათვის, ან ჩვენს სხვა კოლეგებთან ურთიერთობაზე აისახოს უარყოფითად.
ამასათან, პირველივე პერიოდში ამა თუ იმ წრესთან ასოცირება ხშირად გვაიძულებს დისტანცია გავზარდოთ მათთან, ვისაც ვხვდებით, რომ ბევრად მეტი ღირსებაც აქვთ, ვიდრე ჩვენი წრის წევრებს და ვისგანაც ბევრად მეტის სწავლაც შეიძლება. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც უფრო ახლოს მივდივართ ერთი წრის წევრებთან, მით უფრო რთული ხდება დისტანციის შემცირება სხვებთან, როგორც არ უნდა გვინდოდეს და სასარგებლოდ გვეჩვენებოდეს ეს.
ასოცირება ერთ წრესთან ავტომატურად გვაშორებს სხვებთან, გვიკარგავს შესაძლებლობას ვისიამოვნოთ მათთან ურთიერთობითაც, ვისწავლოთ მათგანაც და დავეხმაროთ ჩვენც, ვინაიდან ეს ხშირად ჩვენი წრის წევრებისათვის, შეიძლება, გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდეს.
სამსახურებრივი მეგობრობის მეორე უარყოფითი ასპექტი ის დიდი იმედგაცრუებაა, რომლის წინაშეც, დიდი ალბათობით, ერთხელაც შეიძლება აღმოვჩნდეთ. მიუხედავად იმისა, რამდენად ახლობლებად ვგრძნობთ თავს ამა თუ იმ კოლეგასთან ურთიერთობაში, მოსალოდნელია, დადგეს მომენტი, როდესაც ჩვენი სამსახურებრივი ინტერესები წინააღმდეგობაში მოვა მეგობრულ ურთიერთობებთან. ამ დროს არავინ იცის, ვინ რას გადაწყვეტს, თუმცა იმის ალბათობა , რომ ან ჩვენ, ან ჩვენს მეგობრებს მოგვიწევს სამსახურებრივი ინტერესები უფრო წინა პლანზე დავაყენოთ ვიდრე პირადი, მეგობრული ურთიერთობა მაინც ძალიან მაღალია. სამსახური მაინც სამსახურია, ჩვენ ხომ ამით ვარსებობთ და ახლობლებზე ზრუნვის საშუალებასაც სწორედ ის გვაძლევს. ან ჩვენ, ან ჩვენს გამო სამსახურებრივ მეგობრებს ერთხელაც დიდი იმედგაცრუება რომ არ დაგვემართოს, აჯობებს არც ჩვენ შევიქმნათ გადაჭარბებული მოლოდინი და არც სხვებს ვაფიქრებინოთ, რომ ისინი ჩვენთვის სამსახურზე მნიშვნელოვნები არიან.
სამსახურებრივი მეგობრობის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს ისიც, რომ ჩვენმა მეგობრულმა ურთიერთობებმა შესაძლოა, პრობლემები და დისკომფორტი შექმნას ჩვენთვის ან ჩვენი მეგობრებისთვის ერთ-ერთის დაწინაურების შემთხვევაში. სამწუხაროდ, კარიერული წინსვლა ადამიანებს ახალ პასუხისმგებლობებს აკისრებს და ისინი ვალდებულები ხდებიან, თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამოვიდნენ მათ კოლეგებთან ურთიერთობებშიც. თუ ისინი მათი ძველი მეგობრები არიან, ეს არც თუ ისე უმტკივნეულო შეიძლება აღმოჩნდეს როგორც მათთვის, ვინც დააწინაურეს, ისე მათთვის, ვისაც ამ დაწინაურებით გამოწვეულ მეგობრის ქცევის ცვლილებასთან შეგუება მოუწევს.
სამსახურებრივი მეგობრობა, ყველაფერთან ერთად, დამატებით დროსაც ითხოვს. როგორც კი ჩვენ ამა თუ იმ წრის წევრი ვხდებით, ეს გვავალდებულებს დამატებითი დროც დავხარჯოთ ჩვენი ჯგუფის წევრებთან ურთიერთობებზე, როგორც სამსახურში, ისე არასამუშაო საათებშიც. რამდენად საჭირო და სასარგებლოა ეს ხარჯი, ძნელი სათქმელია. ახალგაზრდებისთვის, ვისაც საკუთარი ოჯახი არ ჰყავს, არასამუშაო საათებში კოლეგებთან ურთიერთობა გართობის დამატებითი საშუალება შეიძლება გახდეს, თუმცა მათთვის, ვისაც საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ რჩებათ საკმარისი დრო, ეს შესაძლოა სრულიად არასაჭირო და მავნე ტვირთადაც კი იქცეს.
სამსახურებრივი მეგობრობის კიდევ ერთი უარყოფითი ასპექტი შეიძლება აღმოჩნდეს არასაჭირო მიჯაჭვულობა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან. თუ ბევრ ადამიანს ჩვენს სამსახურში ჩვენს ახლო მეგობრებად მივიჩნევთ, და თუ ჩვენი სამსახურიდან წასვლა, ან რომელიმე სხვა პოზიციაზე ან ქვედანაყოფში გადასვლა ღალატად შეიძლება იყოს აღქმული ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მხრიდან, ეს შესაძლოა შემაფერხებელი გარემოება აღმოჩნდეს ჩვენთვის კარიერული განვითარების ან უკეთესი სამუშაო პირობების ძიების პროცესში, არასაჭირო ლოიალობის ტვირთით დაგვამძიმოს და არარაციონალური გადაწყვეტილებები მიგვაღებინოს სენტიმენტალური, ემოციური, არასაკმარისად გონივრული მოტივებით.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც უნდა გვარწმუნებდნენ ჩვენი ხელმძღვანელები, რომ ჩვენი სამსახური ოჯახია, ან ძალიან ახლო სამეგობრო, მაინც სჯობს სამსახურს, როგორც სამსახურს ისე შევხედოთ. ვეცადოთ ოპტიმალური, თანაბარი დისტანცია დავიკავოთ ყველასთან. ბევრი ღიმილით, ბევრი სითბოთი, ყურადღებით და მზრუნველობით დავასაჩუქროთ ყველა თანაბრად, ვეხმარებოდეთ როგორც შეგვიძლია, ორიენტირებულები ვიყოთ საქმეზე და ორგანიზაციის ინტერესებზე მთლიანად და არ გავიხადოთ თავი პირადი ურთიერთობების ტყვედ. არ მივცეთ ემოციურ, პირად, სუბიექტურ ურთიერთობებს საშუალება ზიანი მიაყენოს ჩვენს მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ხარისხსაც და ზედმეტი უარყოფითი ემოციების გამო, ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც მოახდინოს არასასურველი გავლენა.
ასე ბევრად დაცულებიც ვიქნებით, ბევრად მშვიდადაც ვიცხოვრებთ და იმის დროც და ხალისიც მეტი დაგვრჩება ვიმეგობროთ ჩვენს ბავშვობის, სკოლის, სტუდენტობის პერიოდის მეგობრებთან, მეტი დრო დავხარჯოთ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ჩვენთვის მართლაც საყვარელ ადამიანებთან, ვისთან ურთიერთობაც ხშირად ასე გვაკლია, ვისთან ერთად ყოფნაც ბევრად უფრო ტკბილია და “უსაფრთხო”.
თვითონ ხელმძვანელებიც, თავის მხრივ, მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ ასეთი ტიპის დაჯგუფებების ჩამოყალიბებას თანმიმდევრული, ფრთხილი და გონივრული მუშაობით შეუშალონ ხელი. თუმცა რატომ არის ასეთი დაჯგუფებები ორგანიზაციისათის ცუდი და რას უნდა აკეთებდნენ ხელმძღვანელები ამის თავიდან ასაცილებლად, ეს ცალკე სტატიის თემაა და მასზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
“მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” და “თანამედროვე ორგანიზაციების მართვა” – ეს ორი “სინერჯი ჯგუფის წიგნებიდან” შიდა სამსახურებრივი ურთიერთობების ბევრ ნიუანსს იხილავს. იკითხეთ ჩვენი წიგნები და იპოვეთ ახალი და საინტერესო პასუხები კითხვებზე, რომლებიც თქვენს ორგანიზაციებთან მიმართებაში გაწუხებთ.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “მე, როგორც თანამშრომელი“|ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს