კოლეგიალური ორგანოების მნიშვნელობა
სტატიის ავტორი: ეთუნა მუნჯიშვილი
23 იანვარი, 2013 | წაკითხულია 4 424-ჯერ
ორგანიზაციული სტრუქტურების ტიპების ერთ-ერთი ჭრილია ორგანიზაციული სტრუქტურები კოლეგიალური ორგანოებით და სტრუქტურები კოლეგიალური ორგანოების გარეშე. მათ შორის განსხვავება რთული შესამჩნევი არაა. ეს ყველაზე მეტად პროცესებზე, გადაწყვეტილებების ხარისხზე და ადამიანებზე დაკვირვებით შეიმჩნევა.
რაც უფრო დიდია კოლეგიალური ორგანოების წილი ორგანიზაციის სტრატეგიულ მართვაში, მით უფრო შეკრული, მიზანმიმართული და სწრაფად განვითარებადია ორგანიზაცია. და რაც უფრო ნაკლებია კოლეგიალური ორგანოების მართვის წილი ორგანიზაციის სტრატეგიულ მართვაში, მით უფრო მეტია საფრთხე, რომ აქ, ტოპ-მენეჯემენტის დონეზე, გაურკვევლობაა სტრატეგიულ მიმართულებებთან დაკავშირებით, სუბორდინაციის მაღალი ხარისხია, პროცესები ხშირად ფერხდება, რასაც, თავის მხრივ, სხვა უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
ამ სტატიაში შევეცდებით, გადმოვცეთ ჩვენი გამოცდილებით კოლეგიალური ორგანოების როლი და მნიშვნელობა ორგანიზაციების სიცოცხლისუნარიანობასა და წარმატებულ საქმიანობაში.
კოლეგიალური ორგანოების გაჩენა და გააქტიურება არა იმდენად თანამედროვე ორგანიზაციების პოპულარული გადაწყვეტილება ან აკვიატებული იდეაა, არამედ ორგანიზაციული სტრუქტურის ერთ-ერთი გამოხატულება, რომელიც ორგანიზაციულ ჩარტს სულს შთაბერავს, თვითმყოფადს ხდის და მართვის კულტურას ცვლის.
კოლეგიალური ორგანოების (კარგად ორგანიზებულ კომიტეტებზეა საუბარი და არა უბრალოდ ისეთ საბჭოებზე, სადაც იკრიბებიან, კამათობენ, უამრავ დროს ხარჯავენ გადაწყვეტილებების მიღების გარეშე) დადებით ეფექტებზე უფრო დაწვრილებით რომ ვისაუბროთ სამ მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფთ, რომლებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირდაპირ გადაწყვეტილებებზე, პროცესებზე და ადამიანებზე აისახება.
1. მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი იზრდება
კოლეგიალური ორგანოები, როგორც წესი, იქმნება სტრატეგიული ამოცანების ირგვლივ, იმისათვის, რათა ამ მიმართულებით გადაწყვეტილებები არა ერთპიროვნული (რაც არ უნდა სწორი იყოს), არამედ დაკავშირებული მხარეების მიერ კარგად გაანალიზებული, განხილული, არგუმენტებით დასაბუთებული და პასუხისმგებელი პირების მიერ ერთობლივად მიღებული იყოს. როგორც წესი ასეთი გადაწყვეტილებები უფრო ხარისხიანია, დროული, უფრო მეტი დეტალია აქ გათვალისწინებული, უფრო შინაარსიანია და გააზრებული. მისი განხორციელებაც უფრო ადვილდება იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებისადმი კუთვნილების გრძნობა ჩართულ პირებს უფრო მაღალი აქვთ და რაც მთვარია სჯერათ, რომ ეს გამოვა.
2. პროცესები თანმიმდევრულად, დროულად და უწყვეტად მიმდინარეობს
კოლეგიალური ორგანოების მუშაობა თავის თავში გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით მუშაობას. ეს იმის გარანტია, რომ მასთან დაკავშირებული პროცესები მუდმივი ზედამხედველობის ქვეშაა, კონტროლდება შესრულების სტატუსები, სააშკარაოზე გამოდის ფაქტორები, რაც ამ პროცესებს აფერხებს. ჩართულ მხარეებს აქვთ საშუალება, პროცესთან დაკავშირებული საკითხები გამოიტანონ დღის წესრიგში და ამით ხელი შეუწყონ პროცესების დადგენილ ფარგლებში მართვას. პროცესების უწყვეტობის პირდაპირი ეფექტი კი ევოლუციაა. იქ, სადაც პროცესები თანმიმდევრულად, დროულად და უწყვეტად მიმდინარეობს შეუძლებელია, განვითარება შეჩერდეს.
3. როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური კომუნიკაცია უმჯობესდება
იქ, სადაც კოლეგიალური ორგანოები საკმარისი რაოდენობით და გამართულად მუშაობენ, ასეთ ორგანიზაციებს კომუნიკაციის პრობლემა ნაკლებად აქვთ. კომუნიკაციის თემა აქ კიდევ სამ ნაწილად იყოფა.
ა) გუნდის შეკრულობა იზრდება
კონკრეტული ამოცანის გამო შემოკრებილი ადამიანების/პოზიციების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ რადიკალურად იცვლება, ვიდრე ეს კოლეგიალური ფორმატის შეხვედრების არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა, მაშინაც კი, როცა ეს პოზიციები ერთმანეთთან ბუნებრივად კონფლიქტურ დამოკიდებულებაში არიან. სულ რაღაც 2-3 შეხვედრის შემდეგაც ადვილად დაინახავთ, როგორ შეიცვლება ჩართული ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ისინი ერთმანეთისთვის უფრო „შინაურები“ ხდებიან და გაუცნობიერებლად უფრო იზრდება ერთი მიზნისკენ სწრაფვა. უმეტეს შემთხვევებში ეს ადამიანები ერთმანეთის ენაზე იწყებენ საუბარს და გამოსავალსაც უფრო ადვილად პოულობენ ერთმანეთის ინტერესების შეძლებისდაგვარად მაქსიმალური გათვალისწინებით.
ბ) ინფორმირებულობის დონე იმატებს
პროცესების, სამსახურების საქმიანობის, ამოცანების გადაჭრის მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულობის დონე იზრდება. ვერც ერთი რეპორტინგის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ ინფორმირებულობას. ადამიანები არიან ისინი, ვინც ინფორმაციას პროცესების შესახებ ყველაზე სრულყოფილად ფლობენ, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროს ერთმანეთს აწვდიან საჭირო ინფორმაციას. ამას გარდა, ისეთი შემთხვევები კლებულობს, როცა ერთმა მიმართულებამ არ იცის თავისი ორგანიზაციის მეორე მიმართულება – რა მნიშვნელოვან ამოცანაზე მუშაობს, ან ზედმეტად დაგვიანებით იგებს.
გ) სუბორდინაციული ბარიერები ირღვევა
ეს შეიძლება კოლეგიალური ორგანოების ერთ-ერთი პატარა „წყალობაა“, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. მსგავსი ფორმატების არსებობა სუბორდინაციული ბარიერების მავნე გამოვლინებებს მაქსიმალურად ამცირებს და ადამიანებს აღჭურავს იმ საჭირო ძალაუფლებით, რაც მათ თავისი ფუნქციის შესასრულებლად სჭირდებათ. ეს იმის დამსახურებაა, რომ ერთი მხრივ ეს ადამიანი მიღებული გადაწყვეტილების განსახორციელებლად სარგებლობს სწორედ ამ კოლეგიალური ორგანოს მანდატით, ამასთან ამ გადაწყვეტილების შესრულების ანგარიშვალდებულება უფრო იზრდება.
—
გადაწყვეტილება კოლეგიალური ორგანოების შექმნისკენ და სწორად გამართვისკენ მხოლოდ მომგებიანია ორგანიზაციებისთვის. უამისობამ ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა შეიძლება შეამციროს, ხოლო მისმა გამართულმა მუშაობამ კი ორგანიზაცია შეიძლება ბევრად წინ წაწიოს და შესაშურად ჯანსაღი გარემო შექმნას ორგანიზაციის შიგნით. თავად სცადეთ, რამდენიმე სტრატეგიული ამოცანის გარშემო, კოლეგიალური ფორმატის შეხვედრების/კომიტეტების შექმნა და თავად ძალიან მალე დარწმუნდებით ამაში, რომელიც ასე თეორიულად გადმოგეცით. (მაგ. გაყიდვების სტიმულირების ამოცანის გარშემო გაყიდვების საბჭოს შექმნა, რომლის წევრებიც გაყიდვებზე პასუხისმგებელი დირექტორები და სამსახურის ხელმძღვანელები იქნებიან; პროდუქტის/მომსახურების გაუმჯობესების ამოცანის ფარგლებში მომსახურების ხარისხის განვითარების საბჭოს შექმნა; თანამშრომლების კმაყოფილების კონტროლის, შეფასებისა და მოტივაციის სისტემების გამართული ფუნქციონირების ამოცანის გადასაჭრელად საკადრო კომისიის შექმნა და ა.შ.)
თემის გაგრძელებას შემდეგ სტატიაში ვაპირებთ, სადაც შევეცდებით შემოგთავაზოთ, რა კომპონენტებია კოლეგიალური ორგანოების სწორად ასამუშავებლად საჭირო. იმედია ეს ინფორმაცია ღირებული აღმოჩნდება თქვენთვის.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს