სიახლის შიში, როგორც მარცხის შიში
სტატიის ავტორი: ნონა ქარქუზაშვილი
30 ოქტომბერი, 2018 | წაკითხულია 4 054-ჯერ
სავარაუდოდ ბევრი ორგანიზაცია უფრო სწრაფად განვითარდებოდა, რომ არ ჰქონდეთ ექსპერიმენტებისა და სიახლის შიში, შესაძლო მარცხის შიში. წარუმატებლობა არავის ხიბლავს, ყველას უნდა გამარჯვება, ამიტომ ვფრთხილობთ, ბევრს ვმსჯელობთ და უკვე გადაწყვეტილ საკითხებზეც კი ბოლო მომენტში უკან დახევაზე ვფიქრობთ. ბევრს ამ შიშის გამო ურჩევნია უმოქმედობა მოქმედებას, რადგან კომფორტის ზონაში იმყოფება და არ უნდა გარისკვა. თანამედროვე სამყაროში კი სიახლეების და მუდმივი ცვლილებების გარეშე შორს ვერ წავალთ. შეიძლება გაგვიმართლოს და შევქმნათ კარგი ორგანიზაცია, რომელიც იქნება სიცოცხლისუნარიანი გარკვეული პერიოდი, მაგრამ გრძელვადიანად ესეთ კომპანიებს არ აქვთ პერსპექტივა. ორგანიზაციის ჭრილშიც რომ არ განვიხილოთ და საკუთარ თავზე ვისაუბროთ როგორც თანამშრომლებზე – თუ არ გვექნება ინიციატივები, არ ვიქნებით სიახლეებზე ორიენტირებულები, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ გავხდებით წარმატებულები.
მარცხთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს პიქსარის თანადამფუძნებელს და ამჟამად პიქსარისა და დისნეის პრეზიდენტს ედ კატმულს. მის ერთ-ერთ ინტერვიუში ის საუბრობს მარცხის ორ განზომილებაზე და ასიმეტრიულობაზე დროსთან მიმართებაში. როდესაც შენ იყურები უკან და ხედავ მარცხს, შენ ამბობ – ეს არის ის რამაც მე მაქცია იმად რაც ვარ. ანუ ესაა პოზიტიური მნიშვნელობა, რომ ჩვენ ვსწავლობთ მარცხით, მაგრამ როდესაც ვიყურებით წინ, ჩვენ ვფიქრობთ – მე არ ვიცი რა მოხდება და მე არ მინდა წაგება. მომავალში ეს უკავშირდება რეპუტაციულ რისკებს და ეს არის მარცხის უარყოფითი მნიშვნელობა, რადგან რეალურ სამყაროში, რეალურ ბიზნესში, რეალურ პოლიტიკაში მარცხი გამოიყენება როგორც ხელკეტი ოპონენტებზე თავდასხმისთვის.
ანუ გვეშინია სიახლის, იმიტომ რომ სიახლე არის რისკი და რისკს კი შეიძლება მოჰყვეს მარცხი. თუმცა ედ კატმულისნაირი ადამიანები, დისნეისა და პიქსარისნაირი კომპანიები რისკავენ. რისკავენ იმიტომ, რომ ამის გარეშე არ იქნებოდა არც თაგვი, რომელიც ოცნებობს მზარეულობაზე და არც ნაგვის შემგროვებელი მანქანა, რომელსაც შეუყვარდა რობოტი. რისკის გარეშე ისინი იქნებოდნენ უბრალოდ კრეატიულად ბანკროტები[1].
ამიტომ უნდა განვახორციელოთ ექსპერიმენტები, რომელთაგანაც ბევრმა შეიძლება არსად მიგვიყვანოს, მაგრამ რამდენიმე მათგანი მიგვიყვანს დიდ წარმატებასთან და ეს ამად ღირს.
სიახლეში უნდა დავინახოთ შესაძლებლობა და არა მოსალოდნელი მარცხი, რადგან თავისთავად მარცხიც შესაძლებლობაა – სწავლის შესაძლებლობა, და ეს არ ეხება მხოლოდ დიდ გადაწყვეტილებებს, სტრატეგიულ არჩევანს. ეს ეხება ორგანიზაციის შიგნით არსებულ ყველა ერთეულს, გუნდს, რიგით თანამშრომელს, იმიტომ რომ ყველა მის წილ აგურს დებს სახლის მშენებლობაში.
ესეთი კულტურა უნდა იყოს დანერგილი სრულად მთელს ორგანიზაციაში. სახლის მშენებლობის მაგალითს თუ დავუბრუნდებით ისევ, მაშინ ორგანიზაციული კულტურა შეიძლება შევადაროთ საძირკველს. თუ მყარია საძირკველი, ის უფრო მეტად გაუძლებს მარცხის შიშის ბიძგებს და ბზარებიც იქნება მცირე. ჩვენ გვეშინია პატარა რისკების აღებაც ჩვენ თავზე, პატარა ინიციატივების წამოყენებაც კი, სიახლეების შეთავაზება, სწორედ იმის შიშით, რომ სისულელე იქნება და დასაცინები გავხდებით. თუ ორგანიზაციული კულტურა შეგვიწყობს ხელს – ჩვენც უფრო გავთამამდებით.
მინდა ერთი მაგალითი მოგიყვეთ, რომელიც ასევე უკავშირდება ამ თემას – როცა გეშინია სხვადასხვა მოქმედებების განხორციელების, იმიტომ რომ ეს აქამდე არ გაკეთებულა, სიახლეა და სხვანაირად რომ მიიღონ შემდეგ როგორ მოვიქცეთ? ამიტომ უმოქმედობა ჯობია მოქმედებას და არაფერი გავაკეთოთ! – თუმცა ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უმოქმედობას ჯობია მოქმედება, არაფრის კეთებას ჯობია რაღაცის კეთება. მოკლედ, ერთ-ერთ ორგანიზაციაში იდგა ორგანიზაციული კულტურის გაჯანსაღებისა და გუნდურობის ამაღლების ამოცანა. ამ ამოცანას ჰყავდა თავისი პასუხისმგებელი პირი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, ისევე, როგორც ბევრ ორგანიზაციაში. როდესაც დავიწყეთ ამაზე საუბარი იგი დაგვეთანხმა, რომ ამ მიმართულებით სამუშაოა. გეგმაც ერთად შევადგინეთ, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა და მისი განწყობაც (ყოველ შემთხვევაში გაჟღერებული) იყო ისეთი, რომ მივყვეთ გეგმას, და განვახორციელოთ ყველა შეთანხმებული აქტივობა. გავიდა ერთი-ორი კვირა და ის რაზეც ვისაუბრეთ არ გაკეთდა, არცერთ პუნქტში. როდესაც მოვიკითხეთ, გვითხრა, რომ დრო ვერ გამონახა, ძალიან დაკავებული იყო. რამდენიმე მოკითხვის შემდეგ კი აღიარა, რომ არ მიაჩნდა მიზანშეწონილად მსგავსი აქტივობების განხორციელება (საუბარი იყო სხვადასხვა აქტივობაზე გუნდურობის ამაღლების მიზნით – Team Building Games), მგონია რომ არ არის ეხლა ამის დრო, რა სახალისო თამაშები და გუნდურობის ამაღლება, ხელფასები გადავიხადოთ დროულად და სხვა რაღაცეები მოვაწესრიგოთ, ამას უფრო ცუდი შედეგი მოჰყვება ვიდრე დადებითიო. რეალურად „შეეშინდა“ თანამშრომლების რეაქციის, თან აქამდე არც თვითონ ჰქონდა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება და არც ამ კომპანიაში არსებობდა შემწყნარებლური კულტურა. თუმცა საინტერესოა ამ ამბის გაგრძელება – აქედან ორი თვეც არ იყო გასული, რომ თანამშრომლებმა მოგვმართეს ინიციატივით, ნარდის შეჯიბრის ჩატარება გვინდა და თუ დაგვაფინანსებთო.
როგორც ვთქვი თუ ორგანიზაციაში მარცხი აღქმული იქნება, როგორც გამოცდილების მიღების შესაძლებლობა და არა ხელკეტი თავდასხმისთვის, ეს ხელს შეუწყობს თანამშრომლებსაც თავიანთ პატარ-პატარა რისკიანი ნაბიჯების გადადგმაში. რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მომიყვა კომპანია სპოთიფაის (Spotify) მაგალითი, სადაც ყველა აღიარებს შეცდომას და არავის სჯიან. მარცხის დროს დამნაშავეებს კი არ ეძებენ და პიროვნებებზე კი არ გადადიან, არამედ თვითონ შემთხვევას აანალიზებენ და იყენებენ როგორც ცოდნის წყაროს. სპეციალური დაფებიც აქვთ, სადაც ეს ინფორმაცია იწერება, რომ სხვებმაც ნახონ და მსგავსი შეცდომა არ დაუშვან. მსგავს ორგანიზაციულ კულტურებში მეტი ინიციატივა მოდის თანამშრომლების მხრიდან. ამიტომ, თქვენ თუ ხელგეწიფებათ კულტურის შეცვლა ხომ კარგი, თუ არა და შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება მარცხისადმი:
ეძებეთ სიახლეები, იყავით ინიციატივებიანი და თავი არ აარიდოთ გამოწვევებს – რა ცვლილებებია საჭირო, რა შეიძლება გაკეთდეს სხვანაირად? თუ იტყვით რომ რუტინაში ისე ხართ ჩაფლული დრო არ გაქვთ, მაშინ გეტყვით რომ დრო გაქვთ, მთავარია სურვილი და რწმენა. თუნდაც ის, რაც ბევრჯერ გაიფიქრეთ ან თქვით ხმადაბლა, ლუღლუღით, გაუბედავად, ეხლა თქვით ხმამაღლა და ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია.
განახორციელეთ სიახლეები – ბოლოსკენ მისულები არ დაიხიოთ უკან. რაც უფრო ბოლოში გადიხართ მით მეტია ეჭვი, შიში, ცდუნება რომ თავი დაანებო. ბევრ მიზეზს იპოვით რატომ არ უნდა მიიყვანოთ საქმე ბოლომდე. დაბრკოლება შეგხვდებათ, რომელიც რომ მოინდომოთ მარტივად გადალახავთ, ჩამოიშორებთ, მაგრამ იქნება ცდუნება, რომ დანებდეთ. ხოდა ნუ დანებდებით – დაარტყით ბურთს, იქნებ გაიტანოთ გოლი.
ისწავლეთ და ასწავლეთ სხვებსაც – თქვენ გაბედეთ, გააკეთეთ და მიიღეთ გამოცდილება. სპორტსმენებიც სწავლობენ საკუთარი და სხვების შეცდომების მაგალითზე, ატრიალებენ და ატრიალებენ ჩანაწერებს და დეტალურად განიხილავენ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარცხი გახადოთ ნორმად, ყველა ყოველთვის ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის. უბრალოდ არიან ადამიანები და კომპანიები, რომლებიც არ აღიარებენ მარცხს – ყველაფერი გარემო ფაქტორების ბრალია, თორემ შიგნით ყველაფერი სწორად გააკეთეს. ეს ასე არ არის. შეცვალეთ მარცხისადმი დამოკიდებულება, აღიარეთ მარცხიც და დანერგეთ მარცხით სწავლის პრაქტიკა.
[1] Staying one step ahead at Pixar: An interview with Ed Catmull, Interview McKinsey Quarterly, March 2016
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარები ჩაკეტილია.