წერილი მომავლიდან 2
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
30 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 4 442-ჯერ
“ამ წერილს შორეული 2020 წლის საქართველოდან გწერთ, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ქვეყნის სიყვარულმა შეგვკრიბა, რომლებსაც მოგვეცა შანსი, მოგვეწვდინა ხმა ჩვენი დროის საქართველოდან, მოგვეწერა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები გასული 10 წლის განმავლობაში, რას მივაღწიეთ, რა შეცდომები დავუშვით და ამით დაგვერწმუნებინეთ უფრო მეტი სიფრთხილით გემოქმედათ, არ დაგეშვათ იგივე შეცდომები, რაც ჩვენ, და თქვენ მაინც უკეთესი მომავალი მოგეპოვებინათ.
სამწუხაროდ, ამ ათი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ საკუთარი უსაფრთხოება ამჯობინა ქვეყნის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას. იგი ყველა მეთოდით ებრძოდა სიტყვის თავისუფლებას, დაშვებული და დაუშვებელი მეთოდებით ხელს უშლიდა ოპოზიციის გაძლიერებას და გაერთიანებას, განსაკუთრებული მონდომებით აძლიერებდა ძალოვან სტრუქტურებს, რამაც შესაბამისი შედეგებიც გამოიღო:
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტელევიზიებს, რადიოსა და ბეჭდურ პრესას სხვადასხვა ძალები ფლობენ, ხელისუფლება წარმატებით ახერხებს გამორჩეულ ჟურნალისტებთან ურთიერთობების ისე მოგვარებას, რომ ისინი მათი გუნდრუკის მკმეველები არიან წლების განმავლობაში. შესაბამისად, ადამიანებამდე ვერ მიდის მართალი სიტყვა, ჯანსაღი აზრი. საზოგადოება გრძნობს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეუბნებიან, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აღიქვამს სიტუაციის სიმძიმეს.
ოპოზიციამ ბოლომდე ვერ მოახერხა გაერთიანება და შეთანხმებული მოქმედება. მმართველი ძალის სპექტრი შედარებით მრავალფეროვანი გახდა, მაგრამ რადიკალური, ეფექტური ცვლილებების განხორციელებისათვის ვერ მოხერხდა სათანადო ძალთა ბალანსის შექმნა. შედეგად ბევრი დავაა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტის შიგნით, თუმცა იქიდან ეფექტური გადაწყვეტილებები და შესამაბისად, მოქმედებები ნაკლებად გამოდის, რაც ქვეყნის განვითარების ტემპებზეც აისახება.
შესაბამისად, დიდი ცვლილებები მოქმედებისა და განვითარების ძირითად ხაზში, ფაქტობრივად, არ მომხდარა. განვითარებულმა ქვეყნებმა საქართველოზე პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების საუკეთესო გზად ჩვენი პერმანენტული ფინანსური დახმარებები აირჩიეს. ლიბერალური ეკონომიკური ხაზი და დიდი ქვეყნების მუდმივი ფინანსური თუ ინტელექტუალური დახმარება ყველანაირად უშლიდა ხელს შიდა ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, შესაბამისად, ბოლომდე ვერ მოვახერხეთ დამოუკიდებელ რეგიონალურ მოთამაშედ ჩამოყალიბება, ვერც ეკონომიკა განვავითარეთ და ისევ ბრძოლის ველად და იარაღად ვრჩებით დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გარკვევის, გავლენის სფეროების გადანაწილების პროცესში.
ჩვენი ქვეყანა დიდი ორგანიზაციების რეგიონალური წარმომადგენლების ძირითადი ოფისების ლოკაციის ადგილად იქცა. აქ განლაგებულია რეგიონში მოქმედი ყველა დიდი კომპანიის ოფისი. წარმოებისა თუ მომსახურების სფეროს ყველაზე დიდი მოთამაშეებიც უცხოური კომპანიები არიან. ისინი რიგით თანამშრომლებად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქირაობენ, მაგრამ პოლიტიკის განსაზღვრაში, ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებაში ქართველები ფაქტიურად ჩართულები არ არიან. შესაბამისად, ძალიან მცირეა მათი კონტრიბუცია ქვეყნის განვითარებაში, მიღებული მოგების უდიდესი ნაწილი ისევ საზღვრებს გარეთ მიდის, ეკონომიკა უფრო მოკლევადიანი იმპულსებით და ინტერესებით იმართება და ვითარდება, რაც გრძელვადიან პერიოდში ბუნდოვანს ხდის მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
დიდი ლოკალური კომპანიები, ძირითადად მსხვილი იმპორტიორები, რომლებიც უპირატესად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებული, ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან. დამოუკიდებელ ბიზნეს სტრუქტურებად განვითარების ნაცვლად უფრო მეტად მათ პოლიტიკას და სტრატეგიას ემსახურებიან, რაც ბიზნესს პოლიტიზირებულს ხდის და ეკონომიკის გრძელვადიან ზრდას უშლის ხელს.
საბანკო და სადაზღვევო სფერო, ისევე როგორც ყველა ძირითადი სტრატეგიული დარგი, უცხოელების მეშვეობით იმართება. ისინი ფლობენ და მართავენ ძირითად რესურსებს. აქცენტს უფრო მეტად ფიზიკური პირების მომსახურებაზე აკეთებენ, ვიდრე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ასევე, შესაბამისად, აისახება ქვეყნის განვითარების ტემპებზე და ადამიანების კეთილდღეობაზე.
ნარკოტრანზიტი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს სფეროდ არის ქცეული. არასაკმარისი ტემპებით განვითარებადი ეკონომიკის და ამის პარალელურად ხელისუფლების შენარჩუნებისათვის სულ უფრო მეტი სახსრების ხარჯვის აუცილებლობის პირობებში, ფლობს რა კარგად ორგანიზებულ ძალოვან სტრუქტურებს, საქართველო ნარკოტრანზიტის წამყვან მსოფლიო არტერიებს შორის სტაბილურად დამკვიდრდა. ტრანზიტის საფასურად მიღებულ ნარკოტიკებს კარგად ორგანიზებული სადილერო არხები ფართოდ ავრცელებენ მოსახლეობაში. ამ სენმა საშუალო და ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი მოიცვა. ამ იარაღით ხელისუფლება ერთის მხრივ დიდ შემოსავლებს იღებს, რაც აძლევს საშუალებას დააფინანსოს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის საჭირო ღონისძიებები, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოების დიდ ნაწილზე ახდენს გავლენას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
ახალგაზრდების ინტელექტითა და ცხოვრების წესით გამორჩეული ნაწილი ამჯობინებს ქვეყანა დატოვოს. ჯერ სასწავლებლად მიდიან, შემდეგ კი საზღვარგარეთ ცდილობენ დამკვიდრებას, რაც სულ უფრო ასუსტებს ადგილობრივ საკადრო რესურსს და უფრო მეტად ხდის ქვეყანას დამოკიდებულს უცხოურ პოლიტიკასა და ინტერესებზე.
თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი ასე ცუდად არ არის და კარგი რაღაცებიც ხდება.
მსოფლიოში ბიო პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის გამო და საქართველოში ამ მხრივ კარგი პირობებიდან გამომდინარე, ქვეყანა ევროპისათვის და მთლიანად განვითარებული სამყაროსთვის ერთგვარ ბიო სათბურად იქცა. ჩვენთან წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია (როგორც კვების ისე მსუბუქი მრეწველობის) დიდი მოთხოვნით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, რამაც ეკონომიკის შესაბამისი დარგების განვითარებას შეუწყო ხელი. ამ სფეროში მოღვაწე მცირე და საშუალო კომპანიები სტაბილურად ვითარდებიან და დიდ წარმატებებსაც აღწევენ და უფრო მეტი და უკეთესი განვითარების იმედსაც იძლევიან.
მართალია ზღვისპირა კურორტებმა ჩვენი იმედები დიდად ვერ გაამართლეს და ვერ იქცნენ რეგიონისთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრებად, მაგრამ მაღალმთიანი ზონა და მთლიანად საქართველო ბევრი უცხოელისათვის ჯანმრთელობის აღდგენის, პროფილაქტიკის და დასვენებისათვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად არის აღქმული. ქვეყნის სტუმრებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ბუნებაც, მაგრამ მათი განსაკუთრებული აღფრთოვანების და ლოიალურობის მიზეზად ის განსხვავებული ურთიერთობები ხდება რომლებსაც ისინი ადგილობრივი მასპინძლებისაგან გრძნობენ. ეს მათ დიდი მუხტს აძლევს იმისათვის, რომ ყოველი სტუმრობის შემდეგ კიდევ უფრო უკეთესები დაბრუნდნენ უკან, უფრო მეტი სითბო და სიყვარული ჩაიტანონ თავის ოჯახებში, ახლობლებთან. ეს გამორჩეული, განსაკუთრებული ურთიერთობები მათ აძლევს სტიმულს კიდევ და კიდევ დაბრუნდნენ და სხვებსაც ბევრი ელაპარაკონ ამ უცნაურ და დაუვიწყარ ქვეყანაზე.
განათლების სფეროც შედარებით კარგად ვითარდება, რეგიონში და განვითარებადი ქვეყნების ბევრი ახალგაზრდისათვის საქართველო რჩება ადგილად, სადაც შედარებით იაფად საკმაოდ ნორმალური განათლების მიღება შეიძლება. ასევ შეიძლება მიიღო განსაკუთრებული გამოცდილება და მუხტი ეფექტური და წარმატებული ცხოვრებისათვის. ამიტომ სულ უფრო მეტი უცხოელი (მართალია შედარებით დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან, მაგრამ მაინც) ამჯობინებს ტექნიკური და საუნივერსიტეტო განათლების ჩვენთან მიღებას.
ქართველების დიასპორა სულ უფრო ვითარდება და ძლიერდება. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველები სულ უფრო მეტად ცდილობენ გაერთიანდნენ, დაეხმარონ ერთმანეთს და საქართველოს შიდა და გარე საქმეებშიც სულ უფრო აქტიურად ერთვებიან. რაც მოვლენების უკეთესი მიმართულებებით განვითარების იმედს იძლევა.
ქვეყნის დაკარგულ ტერიტორიებში სულ უფრო ძლიერდებიან პროქართული ძალები, რასაც რუსეთში მიმდინარე მოვლენები უწყობს ხელს. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი შიდა ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემებით ჯერ კიდევ არ არის მათთვის ძალიან მიმზიდველი უფრო აქტიური პარტნიორობისათვის, ტენდენცია მაინც ჩვენს სასარგებლოდ ვითარდება და ამ მხრივ ჩვენი ყოველი წარმატება კიდევ უფრო აჩქარებს ხელახალი გაერთიანების პროცესს.
ვუყურებთ რა ამ გადასახედიდან გასული ათი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ სისულელეა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვეძლო. ჩვენ, თუნდაც საზოგადოების რიგით წევრებს, ყველა ეტაპზე გვქონდა შანსი, რაღაცა შეგვეცვალა უკეთესობისაკენ:
შეგვეძლო გვებრძოლა სიტყვის თავისუფლებისათვის, შეგვეძლო გვეიძულებინა ოპოზიცია ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი, შეგვეძლო გვეიძულებინა ხელისუფლება ჰქონოდათ საკუთარი ეკონომიკის განვითარებით უფრო მეტი თავისუფლებისაკენ და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის პოლიტიკა, რათა ქვეყანა უფრო სასურველი და საიმედო პარტნიორი ყოფილიყო სხვა დიდი ქვეყნებისათვის, შეგვეძლო უფრო მეტი გვებრძოლა იმისათვის რომ გვყოლოდა უფრო განათლებული და ჯანსაღი ახალგაზრდა თაობა, უფრო ძლიერები ვყოფილიყავით ეკონომიურად და უფრო სასურველი პარტნიორები აფხაზებისთვის და ოსებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ხელახალი გაერთიანების შეუქცევადი პროცესის საფუძველი გახდებოდა. მაგრამ ჩვენ, რიგითმა ადამიანებმა არ გავაკეთეთ ეს, არ დავიჯერეთ ის, რომ შეგვეძლო ამაზე ზემოქმედება, არ ვიბრძოლეთ ჩვენი მომავლისათვის და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ჩვენ დავრწმუნდით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რამდენად უიმედოც არ უნდა მოგეჩვენოს მდგომარეობა და ყველაზე დიდი შეცდომაც ბრძოლაზე უარის თქმაა სწორედ, შეცდომა, რომელიც თქვენ მაინც არ უნდა დაუშვათ. იმედი გვაქვს, თქვენც დაინახავთ და დაიჯერებთ ამას, აღარ დაუშვებთ იგივე შეცდომებს და ეცდებით ააშენოთ უკეთესი მომავალი. მომავალი, რომელიც საამაყო იქნება თქვენთვის და თქვენი შთამომავლობისათვის.
წარმატებებს გისურვებთ.
ადამიანები, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა
2020 წელი, თბილისი, საქართველო.”
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
2 კომენტარი სტატიაზე “წერილი მომავლიდან 2”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
1 დეკემბერი, 2009 00:36
მომავალში ვანო ისევ ცოცხალია და თანამდებობაზეა თუ წავიდა პოლიტიკიდან ხო და მანქანები დაფრინავენ უკვე? ქალიშვილობის ინსტიტუტი არ გაუქმებულა? ედიკა ცოცხალია? პუტინს გაედო?
7 დეკემბერი, 2009 10:00
პირველი წერილი მომავლიდან ბევრად ძლიერი იყო, როგორც ჩანს მომავალში უკვე გაზარმაცდნენ და ხედვების ხარისხსაც დაეტყო. უმარილო სტატიაა.
გეტყოდით რომ გააგრძელეთ სანამ უკეთესად არ გამოგივათო, მაგრამ უკეთესი უკვე გქონდათ, ესე იგი საჩკაობას აქვს ადგილი :) აქ იგრძნობა რომ გეგმები გაქვთ, სიტყვაზე 2 სტატია კვირაში, ხო ? მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა !!! ძალიან დიდ პატივს გცემთ, ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ თქვენს აზრებს, მაგრამ ამ ბოლოს რაღაც ვერ ხართ ფორმაში…