ბოლო წლებში სისტემატიურად, კონკრეტულად კი ბოლო ორი თვის მანძილზე მასმედიის საშუალებები რეგულარულად ავრცელებენ ასეთი ტიპის ინფორმაციებს: “კახეთის რეგიონში ხანგრძლივმა გვალვამ 6-7 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაანადგურა ნათესები”, “უამინდობის გამო დედოფლისწყაროს რაიონში ხორბლის ყანების 80%-ზე მეტი განადგურდა”, “უკვე ცნობილია, რომ გვალვისა და ჭარბი ნალექის შედეგად წელს საქართველოში ხორბლის მცირე მოსავალი მოვიდა”, “საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნა იტალიური კალიების მომრავლება, რომლებმაც გაანადგურეს ნათესები, მარცვლეული და სხვა ერთწლიანი კულტურები”.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, მიმდინარე სეზონზე საქართველოს ძირითად რაიონებში ხორბლის მცირე მოსავალი აიღეს, რაც ძირითადად გვალვებით, იტალიური კალიების შემოსევით, არაკონდიციური სათესლე მასალის გამოყენების და სხვა ფაქტორების შედეგია.
თუმცა, დღევანდელი სიტუაცია არ არის ახალი, ასე ხდება ძალიან ხშირად, ზოგან მოსავალს გვალვა აფუჭებს, ზოგან – სეტყვა, ზოგან – კალია და ა.შ. გადაწყვეტს ფერმერი ხორბლის ან მზესუმზირის მოყვანას, ისესხებს ფულს, დათესავს, მოუვლის, მაგრამ ერთხელაც, წინასწარგაუთვლელი ბუნებრივი მოვლენის გამო, ყველაფერი წყალში ეყრება, დაედება უზარმაზარი ვალები და მოგების მიღების ნაცვლად სერიოზულ პრობლემებს აწყდება. ეს ადამიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანაზე აღარც იფიქრებს, ურჩევნია, ისევ თბილისში ჩამოვიდეს და ვაჭრობაში მოსინჯოს ძალები, ან საერთოდ საზღვარგარეთ წავიდეს ბედის საძებნელად.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა იქნება გაისად, მომავალ სეზონზე. ის ფერმერები, რომლებმაც წელს დიდი ზარალი ნახეს, ალბათ კარგა ხანს არ გაეკარებიან (თუ საერთოდ გაეკარნენ) ამ საქმეს. ხოლო მათ, ვისაც მოსავალი გადაურჩათ, სურვილი ექნებათ მომავალ წელსაც გააგრძელონ საქმიანობა, თუმცა უახლოეს წლებში ისინიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და სხვა საქმის ძიებას დაიწყებენ. ამასობაში ახალი, გამოუცდელი ფერმერები ჩაერთვებიან საქმეში, რომელთაც ოდესღაც წინამორბედების ბედი ელით. რამდენიმე წელიწადში, როდესაც მწარე გამოცდილება გადაავიწყდებათ, ძველი ფერმერებიც ეცდებიან ძველ საქმეს დაუბრუნდნენ და ასე შემდეგ გაუთავებლად იტრიალებს ეს ციკლი. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ასე საქართველოში სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. დარგი, რომელიც პრიორიტეტულად ითვლება ქვეყნის ეკონომიკაში, რომელმაც უნდა დაასაქმოს და უზრუნველყოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის შემოსავლები დარჩება კვლავაც არაპოპულარულ, მხოლოდ პრობლემების მომტან საქმიანობად.
ასეთი ტიპის შემთხვევებისთვის საქართველო გამონაკლისი არ არის. ყველგან ხდება მსგავსი ბუნებრივი მოვლენები, ყველგან ნადგურდება ან მცირდება მოსავალი. მიუხედავად ამისა, გონიერი ფერმერები საშვილიშვილო ვალებში არ ვარდებიან, უმეტეს ქვეყნებში განვითარებულია ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიცაა დაზღვევა. მასზე უკეთესი რამ ჯერ არ გამოუგონიათ გაუთვალისწინებელი ბუნებრივი მოვლენების შედეგად შესაძლო დანაკარგების რისკების შესამცირებლად.
რამდენადაც სოფლის მეურნეობა საკმაოდ სპეციფიკური დარგია, კერძოდ, დიდი სიძნელეებია რისკების შეფასების, კონტროლისა და ზარალის დაანგარიშებაში, სადაზღვევო პრემია სოლიდურ ციფრამდე ადის, ხოლო ქართული სადაზღვევო კომპანიები ვერ ახერხებენ (და არ ახერხებენ) ახალი სადაზღვევო პროდუქტების შემუშავებას და დანერგვას. ამასთან, ხელისუფლება არანაირად არ ერევა ამ პროცესების სტიმულირებაში.
ვეცადეთ მოგვეძია სხვა განვითარებულ, განვითარებად და კერძოდ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული სიტუაცია და გაგვეგო, როგორ ახერხებენ სახელმწიფოები ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრას.
ევროკავშირი
2004 წლის მონაცემებით ევროკავშირმა აწარმოა 162 მილიარდი ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია, აქედან დაზღვეული იყო 37 მილიარდი ევროს მოსავალი, ანუ მთლიანის 23%. სადაზღვევო პრემიის საშუალო განაკვეთმა იქ შეადგინა 4%, საიდანაც 32% დაიფარა სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის სახით.
პოლონეთი
პოლონეთში, ძირითადად, განვითარებულია აგროდაზღვევის 2 მიმართულება: მოსავლის და საქონლის დაზღვევა. სტატისტიკით, ფერმერების მხოლოდ 3 % აზღვევს მოსავალს, თუმცა 2009 წლიდან უკვე სახელმწიფო იღებს სერიოზულ თანამონაწილეობას და აფინანსებს 40 %-ს მოსავლის დაზღვევაში და 50%-ს საქონლის დაზღვევაში.
ავსტრია
სადაზღვევო პრემიის 50%-ს იხდის ფერმერი, 50%-ს სახელმწიფო, დაზღვეულია მთლიანი მინდვრების 75%, ვენახების 60%, ბოსტნეულის 90%, ბაღჩეული – 80%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 30%.
ყაზახეთი
ყაზახეთი, როგორც გამოკვეთილად აგრარული ქვეყანა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს აგროდაზღვევის ნორმატიული ბაზის განვითარებასა და სახელმწიფო რეგულირებას.
ამ ქვეყნის კანონმდებლობით აგროდაზღვევა სავალდებულოა და ტარიფები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:
1. მარცვლოვნები – 5.8 % – საშუალოდ,
2. ზეთოვანი კულტურები – 3.4 %,
3. შაქრის ჭარხალი – 8.3%,
4. ბამბა – 1.3%.
გარდა ამ ქვეყნებისა, სახელმწიფოს ჩართულობა სოფლის მეურნეობის დაზღვევაში საკმაოდ მაღალ დონეზეა აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, კანადაში და ა.შ.
ზოგადი ტენდენცია ისეთია, რომ ყველგან უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ დაზღვევის განვითარებას და მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობენ მცირე თუ მასშტაბური ნაბიჯების გადადგმას.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის კულტურა ჩამოყალიბდება?
პირველ რიგში, მოქმედ თუ დამწყებ ფერმერს აღარ ექნება იმის შიში, რომ დაიწყებს საქმეს და მოგვიანებით მთელი წვალება და ფული წყალში ჩაეყრება. ეს სტიმულირებას გაუკეთებს ფერმერებს, რაც შეიძლება მეტ ფართზე დათესონ სხვადასხვა კულტურები ან რაც შეიძლება მეტი საქონელი იყოლიონ.
მეორეს მხრივ, სადაზღვევო კომპანია, რომელიც დაინტერესებულია რაც შეიძლება ნაკლებ სადაზღვევო შემთხვევებში, ანუ პოტენციურ ზარალში, ყველანაირად აიძულებს ფერმერებს გამოიყენონ თანამედროვე და ყველაზე გამართლებული ტექნოლოგიები, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებენ დანაკარგების რისკს. ეს კი, საბოლოო ჯამში, ისევ ფერმერების და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას მოემსახურება.
საბოლოო ჯამში კი სახელმწიფო მოახერხებს იმას, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული დარგი სწრაფად და ეფექტურად განვითარდეს.
ალბათ, დროა, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით, ჩართოს პროცესებში სადაზღვევო კომპანიები, ბანკები, დონორები, კერძო კომპანიები და მათი დახმარებით სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს.
რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგეს საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვითარებისთვის
პირველი ეტაპისთვის – შეიძლება შეირჩეს სოფლის მეურნეობის ერთი ყველაზე პრიორიტეტული და პრობლემატური დარგი, მაგალითად ხორბლის წარმოება.
სახელმწიფომ შესაძლოა, მთლიანად (ან ნაწილობრივ, თანადაფინანსებით) თავის თავზე აიღოს მომავალი წლის მოსავლის დაზღვევა ისეთი რისკებისგან, როგორიცაა გვალვა, ხშირი წვიმები, სეტყვა და ა.შ. და ეს თანხები უკვე 2010 წლის ბიუჯეტშიც გაითვალისწინოს.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად იწარმოება დაახლოებით 100-120 ათასი ტონა ხორბალი, თუ დაიზღვევა მოსავლის ნახევარი, ანუ 50 000 ტონა (20 მილიონამდე ღირებულების) და დაზღვევის საშუალო განაკვეთი იქნება 5 %, მთლიანი სადაზღვევო პრემია შეადგენს დაახლოებით 1,000,000 ლარს, ანუ სახელმწიფოს წილი 50%-იანი თანადაფინანსებით იქნება 500 000 ლარი.
ამის შემდეგ უნდა გამოაცხადოს ტენდერი სადაზღვევო კომპანიებს შორის და შეარჩიოს ის კომპანია (კომპანიები), რომლებიც ყველაზე საუკეთესო პირობებს წარმოადგენენ.
სახელმწიფომ პარალელურად უნდა აწარმოოს პიარ-კამპანია ხორბლის მწარმოებელ ფერმერებსა და პოტენციურად ამ საქმის დამწყებ პირებს შორის, უნდა დაარწმუნოს ისინი, რომ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი (ნახევარს გადაიხდის სახელმწიფო).
ფერმერს, რომელსაც აქვს 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მისი სავარაუდო მოსავალი არის 300 ტონა ხორბალი, (დაახლოებით 100 000 ლარის ღირებულების), მოუწევს სადაზღვევო პრემიის გადახდა 2500 ლარის ოდენობით, ანუ ერთ კილოგრამზე არაუმეტეს 1 თეთრისა.
ამ პროცესებში შეიძლება აქტიურად იქნეს გამოყენებული ბანკების და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციების შესაძლებლობები, რომლებიც დააფინანსებენ ფერმერებს სადაზღვევო პრემიის გადახდის მიზნით.
ამ ყველაფრის განხორციელების შემდეგ სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად დაამუშავოს მკაცრი კონტროლის სისტემა, რათა გამორიცხულ იქნას სადაზღვევო თანხების არამიზნობრივად და ბოროტად გამოყენება.
ამ სქემის განხორციელება იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვითარებისა, რომელიც იქნება ამ უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარების საწინდარი, ისევე როგორც სახელმწიფომ მოახერხა სამედიცინო დაზღვევის ხელშეწყობით ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტიმულირება.
10 Comments
ზურა
ივლისი 17, 2009ამ სტატიას სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ გაეცნო და საინტერესოა რას ფიქრობს ჩვენი მთავრობა ამ ყველაფერზე
არჩილი
ივლისი 17, 2009ვაა არც მიფიქრია რომ დაზღვევას ასეთი სერიოზული ბერკეტის როლის შესრულება შეუძლია. მარა ეხლა რომ ვუფიქრდები პრინციპში ყველა ქვეყანაში ეკონომიკის წამყვან მიმართულებებში დაზღვევას მაგრად იყენებენ. აშშ-ში საბანკო კრიზისის შემდეგ ანაბრების სახელმწიფო დაზღვევა მახსენდება ყველაზე კარგ მაგალითად.
რაც განსაკუთრებით მომეწონა, ამ იდეის განხორციელება ძალიან ადვილია. სხვა სტატიებში (რომლებიც წავიკითხე) მოყვანილ იდეებთან შედარებით. ამის წაკითხვის მერე ყველაზე მეტად გამოჩნდა მოთხოვნილება, რომ ვიცოდე მე რა შემიძლია გავაკეთო ამ პროცესის დასაჩქარებლად.
შოთა
ივლისი 17, 2009:)
მგონია რომ დაზღვევის კულტურის ჩამოყალიბებას ხელს უშლის განსაკუთრებით მარალი რისკები, რაც დაკავშირებულია ფერმერების გაუნათლებლობის პრობლემასთან, როგორც თვითონ ტექნოლოგიური ისევე ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით.
ჯერ ერთი. იტალიური კალია არ მგონია ისე მძიმე ფაქტორი იყოს იტალიაში როგორც ჩვენთან. უბრალოდ უნდა იცოდე როგორ მოერიო ამ კალიას.
მეორეც, ერთმა მეგობარმა მიტხრა რომ ხორბალი დათესა და ერტ სეზონზე 4000 ლარის ზარალი ნახა, იმის გამო რომ სახელმწიფო იმპორტის გამო ფასები წარმოუდგენლად დაეცა.
საინტერესოა მუშაობს ტუ არა სოფლის მეურნეობაში იაფი კრედიტების პროგრამა. თუ ძალიან არ აძალებენ ბანკებს ალბათ ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ფერმერების მიერ კრედიტის დაბრუნების ალბათობა უკუპროპორციულია სეტყვისა და გვალვის.
რავი მე ასე მგონია
შოთა
ივლისი 17, 2009აქ რაღაც მასშტაბური ცვლილებებია გასატარებელი, სადაც დაზღვევა ტავის როლს აუცილებლად იტამაშებს, მაგრამ პირველ რიგში რისკების შემცირების მექანიზმები უნდა ჩაერთოს.
გიო
ივლისი 17, 2009საშინელ მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა და ფერმერებიც, არანაირი შეღავათები სახელმწიფოსგან, არანაირი დახმარება, პირიქით პრობლემები….
გიორგი
ივლისი 17, 2009ხალხმა უნდა აიძულოს მთავრობა როგორმე რომ ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას ისე არამგონია რომ რამე გამოვიდეს მარტო ფერმერები საკუთარი ძალებით ვერაფერს გახდებიან
რატი
ივლისი 17, 2009ყველაფერს უნდა სახელმწიფო ხელშეწყობა და თანადგომა, ესარი გამოსავალი ჩვენი სოფლის მეურნეობის, რაც ჯერ არ ჩანს..
gigi
ივლისი 17, 2009არსებობს საინტერესო პროდუქტი- საინდექსო დაზღვევა:
საინდექსო დაზღვევა არ არის დაფუძნებული კონკრეტული დანაკარგების ანაზღაურებაზე, იგი ეფუძნება განსაზღვრულ ინდიკატორებს, რომლებიც პირდაპირ კორელაციაში არიან კონკრეტულ დანაკარგებთან.
ინდიკატორი შესაძლოა განისაზვროს ობიექტურად და საიმედოდ რაც იქნება პირდაპირ კავშირში მოსავლის დანაკარგებთან. კრიტიკული ზღვარი უნდა იყოს განსაზღვრული იმ პირობებში რომ არც დამზღვეველმა და არც დაზღვეულმა არ უნა იქონიოს ზეგავლენა სადაზღვევო პრემიის გადახდაზე. ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე მაგალითი როდესაც გამოყენებულია საინდექსო დაზღვევა:
1. მოსავლის დაზღვევა. საინდექსო დაზღვევა არ აანაზღაურებს თვითოეული ფერმერის ინდივიდუალურ დანაკარგს, არამედ ანაზღაურებს საშუალო დანაკარგის გათვლის შესაბამისად რეგიონალური მასშტაბით;
2. მეტეოროლოგიური ფაქტორები. სხვადასხვა კლიმატური პირობების ზეგავლენა მოსავლიანობაზე. მაგ: ზედმეტი წვიმა ან გვალვა;
3. სხვა ფაქტორები. არსებობს საინდექსო დაზღვევის გამოყენების მრავალნაირი კრეატიული გზა. მაგალითად დამზღვეველს შეუძლიია განახორციელოს რეგიონში მსხვილფეხა საქონლის საშუალო სიკვდილიანობის საინდექსო დაზღვევა.
ტრადიციული დაზღვევა ხშირ შემთხვევაში არ მუშაობს ეფექტურად და არის ძალიან ძვირი, რადგან საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ დანახარჯებს. ამ შემთხვევაში დამზღვეველმა უნდა შეამოწმოს დასაზღვევი ობიექტის ადგილი, განახორციელოს ანალიზი და შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება დაზღვევაზე. იმისათვის რომ განსაზღვროს ანაზღაურების ოდენობა, ხოლო საინდექსო დაზღვევის შემთხვევაში არცერთი აღნიშნული პრობლემა არ იჩენს თავს.
სადაზღვევო კონტარქტის ანაზღაურება ხორციელდება მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ოფიციალურად გამოცხადებულია კლიმატური ნორმა რომლის ქვემოთაც განხორციელდება საინდექსო დაზღვევს ანაზღაურება.
საინდექსო დაზღვევა ყველაზე ფასეული იქნება ბანკებისათვის, კოოპერატივებისათვის და გადამამუშავებელი კომპანიებისათვის. რეალური ადგილი საინდექსო დაზღვევის არის საწარმოო ჯაჭვში შემდეგი მიზეზების გამო: ბანკები, კოოპერატივები და გადამამუშავებელი კომპანიები თანამშრომლობენ ფერმერების დიდ რაოდენობასთან. საინდექსო დაზღვევამ შეიძლებაზუსტად ვერ აუნაზღაუროს ფერმერს ინდივიდუალური დანაკარგის მიხედვით მიყენებული ზარალი, მაგრამ მას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს დანაკარგების მინიმიზაციის დონე.
strategy
ივლისი 17, 2009დიდი მადლობა გიგი, ძალიან საინტერესო და ღირებული კომენტარი იყო
vano
ივლისი 17, 2009ვფიქრობ ამ ყველაფერთან ერთად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ფერმერებს მიზნობრივი პროგრამებითა და მოზიდული ინვესტიციებით, ასევე უნდა ამაღლდეს აგროგანათლება და სოფლის მეურნეობაში უნდა დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები. გარდა ამისა არსებობს სხვა ბევრი მწვავე პრობლემები, რომელთა გადაჭრა დიდ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს. მაგალითისთვის მოვიყვან დემოგრაფიულ სიტვაციას, რომელიც საქართველოში აისახება მოსახლეობის ინტენსიური ჩამოსვლით ბარში ან საზღვარგარეთ გასვლით და ამასთანავე შობადობის დაბალ მაჩვენებელთან ერთად იმატებს სიკვდილიანობა, რაც ახლო მომავალში ქვეყანაში დიდ პრობლემებს შექმნის.