კლიენტ კომპანიაში წარმოებული ცხოველის საკვების გაფუჭებამ დიდი აურზაური გამოიწვია. შემოწმებული, გასაშვებად გამზადებული პარტია წყალში ჩაეყარათ მარტო იმიტომ, რომ საწყობში შეუსაბამოდ მაღალ ტემპერატურაში დატოვეს.
ეს შეცდომა კომპანიას დიდ ზარალად და რეპუტაციულ რისკად დაუჯდებოდა, ლაბორატორიის დილის ცვლის თანამშრომელს პროდუქტი თავიდან რომ არ შეემოწმებინა გაშვებამდე. შემთხვევით დახედა, ფერი არ მოეწონა და გადაწყვიტა ხელმეორედ აეღო ნიმუში.
სამუშაო შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის პრეზენტაციისთვის, რომელიც ეკამ და გიორგიმ ბევრი კვლევის, ანალიზის, საწარმოო ტერმინების გარჩევისა და შიდა განხილვების შედეგად მოამზადეს, არავის სცხელოდა. ყველა მომხდარის განხილვით იყო დაკავებული.
ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ეკას და გიორგის ამ კომპანიაში იმაზე მეტი დრო ჰქონდათ გატარებული, ვიდრე საკუთარ ოფისში. ამიტომ, არც იყო გასაკვირი, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ისე ფიქრობდნენ, თითქოს მათი რეპუტაციაც ამაზე იყო დამოკიდებული.
– ეს პარტია რო გასულიყო, მერე გვენახა… – გაყიდვების უფროსი კალამს ნერვიულად ატრიალებდა ხელში და თან ფურცელზე რაღაცას ჯღაბნიდა. – ისედაც ძლივს დავარწმუნეთ ფერმერები, ხარისხიანი საკვები რო უნდა მისცენ საქონელს. ჩვენი საკვებით რო ავად გახდომოდათ, მერე სულ აღარ დაგვიჯერებდნენ.
– მოდი არაა საჭირო ამ კოშმარული სურათების დახატვა. მთავარია გადავრჩით. – კომპანიის დირექტორი სკამის საზურგეს მიყუდებული მზერას დინჯად და დაკვირვებით ავლებდა მაგიდის გარშემო მსხდომთ, თითქოს დამნაშავეს ეძებსო. – პრობლემის მიზეზებში გავერკვეთ ჯობია. მასე ვიპოვით მერე გამოსავალსაც.

– გეთანხმები. – გაყიდვების უფროსი მაშინვე წელში გაიმართა, თითქოს ამ სიტყვებს ელოდებოდაო, – უეჭველი უნდა ვიპოვოთ ვინაა პასუხისმგებელი…
მაგიდის გარშემო მსხდომმა ათამდე ადამიანმა, სინქრონული თანხვედრით, მეორე მხარეს გაიხედა, სადაც წარმოების ხელმძღვანელი და საწყობის მენეჯერი ისხდნენ. ეკამ იგრძნო, როგორ მოაწვა სისხლი სახეში და მათ მაგივრად აეწვა ლოყები.
წარმოების ხელმძღვანელმა პირზე ხელი მოისვა და პლასტმასის ჭიქიდან წყალი ერთიანად გამოცალა.
– ჩემი ბიჭები მთელი დღე არკვევდნენ მაგას. ღამის ცვლის ჩანაწერებიც ვნახეთ და ყველაფერი ისე იყო გაკეთებული, როგორც პროცესებშია გაწერილი. ლაბორატორიამაც დაადასტურა ღამით. საწყობში რა მოხდა, ეგ უკვე ჩვენ აღარ გვეხება… – წარბები აწია და თვალები ირიბად გააპარა გვერდით, საწყობის მენეჯერისკენ.
საწყობის მენეჯერი დათო ხმას არ იღებდა. თავდახრილი იჯდა, მხრებში მოხრილი. ვერაფერს იტყოდა. ფაქტი იყო, ვიღაცას ღამით ტემპერატურის შემოწმება დაავიწყდა.
– მე ის უფრო მაინტერესებს, მაგ შეცდომის თავიდან არიდება როგორ ვერ შევძელით. – გახედა დირექტორმა ხარისხის დეპარტამენტის უფროსს, ნანიკოს.
ნანიკო, ერთი შეხედვით, მშვიდად იჯდა. იდაყვებით მაგიდას დაყრდნობოდა და თითები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჭდობილი. შეკითხვაზე სხარტად აწია თავი და თვალები დირექტორს გაუსწორა.
– გადავამოწმეთ და ბოლოს რო წაიღეს ნიმუში ლაბორატორიაში, ყველაფერი წესრიგში იყო. მეორე დილამდე რა მოუვიდა, მაგას უკვე ლაბორატორია ვერ აიღებს თავის თავზე.
დირექტორი ამჯერად მაგიდისკენ გადმოიხარა და წარბებშეკრულმა ოდნავ აუწია ხმას:
– პროდუქტი რო გაფუჭდა, ეგ ლაბორატორიის ბრალი არაა, რა თქმა უნდა. მაგრამ ხარისხის დეპარტამენტმა ხო უნდა იზრუნოს, რო საბოლოო პროდუქტი ყველა ვარიანტში მაღალი ხარისხის გავიდეს! სადღაც შეცდომა გაიპარა, ფაქტია, თქვენი ვალდებულებაა ზუსტად, რო ეგეთი შეცდომებისგან დაგვაზღვიოთ!
ნანიკოს პოზა არ შეუცვლია, თუმცა ლოყები შეუვარდისფრდა. შესამჩნევად გადაყლაპა ნერწყვი და ჩაახველა.
– შეგვეშალა ნამდვილად. – დაიწყო შეძლებისდაგვარად მშვიდად, – და კიდევ ბევრჯერ შეგვეშლება, თუ რამეს არ შევცვლით. მთელ კომპანიაში ერთ გუნდს გვაწერია მარტო ხარისხიც, ჰიგიენა-სანიტარიის დაცვაც, სტანდარტების გაწერაც და თან შემოწმებაც; მაგის გამოა, რო ვეღარ ავუდივართ. სამი ადამიანი მყავს გუნდში და როგორ წარმოგიდგენიათ ამხელა ამოცანების ეგრე სრულყოფილად შესრულება? ყველა წერტილს ჩვენ რანაირად გავაკონტროლებთ…
– მაშინ უნდა თქვათ, ნანიკო, რა არი საჭირო… – არ ნებდებოდა დირექტორი, – ეგეთი ელემენტარულები თუ შეგვეშალა, აბა საერთოდ რა განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია. ახალი საწარმო გავხსენით აგერ და შეკვეთას შეკვეთაზე გვაძლევენ. რა პასუხი უნდა გავცეთ ეგეთ შეცდომებზე?
ნანიკოს სახე კიდევ უფრო მოეღუშა. თითები უფრო მჭიდროდ გადააჭდო ერთმანეთს. პირი გააღო პასუხის გასაცემად, მაგრამ ამჯერად წარმოების დაგეგმვის მენეჯერი ჩაერია. დამსწრეთა მზერამაც, შესაბამისად, მისკენ გადაინაცვლა.
– ისე, ერთი რამე უნდა ვთქვა, შეკვეთები დაგეგმილად რო მოგქონდეთ გაყიდვებს, ეგეთი შეცდომის ალბათობაც დაბალი იქნებოდა. გაწერილი გეგმა რო არასოდეს მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს და სულ ზედმეტის წარმოება გვიწევს, არაა გასაკვირი, რო სადღაც რაღაცა გაიპარებოდა. ვერ აუდის საწარმო ამხელა დატვირთვას.
– აბა კლიენტს შეკვეთაზე უარი როგორ უნდა ვუთხრათ?! მით უმეტეს თუ უკვე დიდი ხანია ჩვენი კლიენტია. გასაგებია, რო არაა მარტივი, მარა ეგეთია ბიზნესი. – არ დანებდა გაყიდვების უფროსი.
– აბა დახოცილი საქონელი ჯობია მაგას? – ნანიკო ოდნავ გამოცოცხლდა. აკანკალებული თითები ერთმანეთს მოაშორა და წელში გაიმართა. – თან მით უმეტეს, თუ მარტო ჩემ თავზე უნდა ავიღო მაგხელა პასუხისმგებლობა…
– თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რო უმაღლესი ხარისხის საკვები ვაწარმოოთ. თქვენი ამოცანა ეგაა. – შეუტია ისევ დირექტორმა, – თუ არ შეგიძლიათ, მაშინ ვთქვათ და სხვანაირად გადავწყვიტავთ მერე მაგას… სისტემა უნდა იყოს ისეთი, რო ყველანაირ შეკვეთას აუდიოდეს იდეალურად!
ეკა თვალებგაფართოებული უსმენდა ამ განხილვას და თან ადგილზე ცმუკავდა. ერთი სული ჰქონდა, ამ განხილვას მორჩენილიყვნენ და პრეზენტაციაზე გადასულიყვნენ, იმიტომ რომ ის პასუხები, რასაც ისინი ეძებდნენ, სწორედ ამ სლაიდებზე იყო. გიორგიმაც, თითქოს მისი აზრები წაიკითხაო, მაშინვე ჩაერია განხილვისთვის მიმართულების შესაცვლელად.
– მესმის, რომ კრიტიკული სიტუაციაა, მაგრამ ჯობია ამ პრობლემის გადაჭრაზე ვიფიქროთ, ვიდრე დამნაშავის ძებნაზე. მაგის დრო არაა მგონი ახლა.
– და გვითხარით მაშინ რა ვქნათ, ეს პროექტიც ხო მაგიტო დავიწყეთ, ხარისხისთვის რო გვეშველა… – დირექტორი გაღიზიანებული ჭმუჭნიდა ხელში პლასტმასის ჭიქას. – ფაქტია, არ მუშაობს გუნდი ისე, როგორც საჭიროა.
ისევ ნანიკოს გახედეს, რომელსაც თავი დახრილი ჰქონდა და ტუჩები მწარედ მოეკუმა.
– შენ რას იტყვი, ნანიკო? – თანაგრძნობით გაუღიმა გიორგიმ.
ნანიკოს კიდევ ერთხელ გადაუარა სახეზე ალმურმა. ხმაურიანად ამოიოხრა და ამოხედა.
– მე თვითონ ვითხოვე ამ პროექტის დაწყება ზუსტად მაგის გამო. ჩემზე კარგად არავინ არ იცის, რო პრობლემები გვაქვს. რანაირად გვეყოფა რესურსები სამ-კაციან გუნდში, რო ყველაფერი ჩვენ ვაკეთოთ, ორი საწარმოს ხარისხზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, ყველა წერტილი ვამოწმოთ და თან კიდე რისკები დავაზღვიოთ. რამდენჯერ მილაპარაკია მაგაზე აქამდე, თუ რამე არ შევცვალეთ, თუ გუნდი არ გავაძლიერეთ, უეჭველი სადღაც ფეხი დაგვიცდებათქო, მარა არავინ მომისმინა. ეს შეცდომაც ზუსტად მაგის შედეგია ეხლა.
ეკას ზუსტად ახსოვდა, სიტყვასიტყვით, ნანიკოს ინტერვიუ პროექტის დასაწყისში. გულწრფელად აღიარებდა თავის სისუსტეებს. პირველი შემთხვევა იყო, როცა ადამიანი ასე ობიექტურად, კრიტიკულად აფასებდა თავის შესაძლებლობებს. არაფრის დამალვას არ ცდილობდა და არც იმის ერიდებოდა, რომ საჭირო ადამიანებისთვის დახმარება ეთხოვა.
ალბათ ზუსტად მაგის გამო იყო, რომ ორივეს განსაკუთრებით ახლოს ჰქონდა გულთან მიტანილი მისი მდგომარეობა და მთელი ძალით ცდილობდნენ ამ სიტუაციიდან ყველაზე შესატყვისი გამოსავლის მოძებნას.
გიორგიმ შუბლი მოისრისა და რამდენიმე-წამიანი ფიქრის შემდეგ ამოიხედა:
– ჩვენ გვგონია, რომ ხარისხის მიმართულებით ამოცანების სწორად გადანაწილება და კონტროლის წერტილების გაჩენა მთელი კომპანიის დონეზე, ამ პრობლემას გადაჭრიდა. სისტემას თუ შევქმნით ეგეთს და ავამუშავებთ, ნელ-ნელა შედეგსაც გამოიღებს.
– ანუ? რა წერტილების გაჩენას გულისხმობთ? – დაინტერესდა დირექტორი.
– ეგ სისტემა როგორ უნდა შეიქმნას? – ჩაეძია გაყიდვების უფროსიც.
ნანიკო წარბშეკრული იჯდა და გიორგის აკვირდებოდა.
– აგიხსნით. – გაეღიმა გიორგის და ეკას გადმოხედა, – ეკა, გახსენი პრეზენტაცია.
ეკამ ლეპტოპში იმ დღევანდელი შეხვედრის პრეზენტაცია გახსნა. პროექტორი შეაერთა და მთელ ეკრანზე გააშუქა სლაიდი.
– ეს არის ხარისხის პოლიტიკის ის ნაწილი, რაც ჩვენ დავამუშავეთ თქვენთან ჩატარებული ინდივიდუალური ინტერვიუების საფუძველზე. – მიუთითა გიორგიმ ეკრანზე, – ეს ნაწილი ეხება ზუსტად ხარიხის კონტროლის საკითხს.
– ეგ გვჭირდება ჩვენც ზუსტად. – დირექტორი უფრო წინ გადმოიხარა, თვალები მოჭუტა და სლაიდზე დაწერილი ტექსტის კითხვა დაიწყო.
– ჩვენ როგორც დავინახეთ, პოლიტიკის დონეზეა გასაწერი რამდენიმე ძირითადი საკითხი. – დაიწყო ახსნა გიორგიმ, – მარტო საწარმოო პროცესების კონტროლი არ იქნება საკმარისი, ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის და შენახვის პირობების კონტროლიც აუცილებელია; მაგის გარდა, ტრანსპორტირების კონტროლი, კლიენტებთან და მაღაზიაში როგორ ინახება პროდუქტი, მაგის კონტროლიც…
– ტრანსპორტირებას რატო უნდა ვაკონტროლებდეთ? ან კლიენტებთან შენახვას… – თავი წამოწია და ხმადაბლა იკითხა საწყობის მენეჯერმა დათომ.
– ეგ გვინდა, კი, – თითი გაიშვირა გაყიდვების უფროსმა ეკრანისკენ, ისე, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს მიაგნოო, – გადაზიდვის დროს გაფუჭებულა ზოგჯერ სიცხეში პროდუქტი, ან დილერმა შეინახა არასწორად და მერე შარი მოგვდეს ჩვენ. მაგასაც თუ გავაკონტროლებთ, დაზღვეული ვიქნებით.
– ზუსტად! – გიორგის კმაყოფილების ღიმილმა გადაუარა და გააგრძელა, – ყველა ამ წერტილში თუ სწორად გაკონტროლდება, ნაკლები შანსი იქნება შეცდომებისაც. ახლა, ჩვენ როგორც დავინახეთ, მარტო წარმოების პროცესზეა აქცენტი, არადა ეგ საკმარისი არაა. რაც უფრო მეტი საკონტროლო წერტილი იქნება, უფრო სწორ დროს შეიძლება დაიჭიროთ ხარვეზიც.
– მე მგონი, გასაშვები პროდუქტის მეორედ და მესამედ გადაკონტროლებაც სავალდებულო უნდა იყოს, ერთი ადამიანის კეთილ ნებაზე რო არ ვიყოთ სულ დამოკიდებული. – დააფიქსირა მოსაზრება წარმოების დაგეგმვის მენეჯერმა.
გიორგიმ ისევ კმაყოფილმა დაუქნია თავი და ეკას ანიშნა, რომ ბლოკნოტში ჩაენიშნა ეს აზრი. მაგიდის გარშემო მსხდომებმაც თავი დააქნიეს და სლაიდების კითხვა გააგრძელეს.
– რას იტყვი, ნანიკო? – კიდევ ერთხელ ჰკითხა გიორგიმ.
– ეგ მე და ჩემ გუნდს უფრო მოგვიმატებს საქმეს. არ ვიცი რანაირად გავწვდებით ასეთი პატარა რესურსით… – ამოიოხრა და თავი ოდნავ გააქნია.
გიორგიმ ეკას გადმოხედა. ისიც, ეგრევე მიხვდა, რაც იყო სათქმელი. სწორედ ამ მნიშვნელოვან კითხვაზე იმსჯელეს წინა დღეს ოფისში და პირველად იამაყა, რომ თავისით, გიორგის გარეშე მოაფიქრდა გადაწყვეტაც.
– ეკა, აბა აგვიხსენი. – უთხრა გიორგიმ და ყურადღებაც მთლიანად მისკენ გადმოვიდა.
უცებ ტანში თითქოს დენმა დაუარაო, ეკა სკამზე წამოხტა და თვალები გაუშეშდა. გიორგი უღიმოდა და თავს უქნევდა, აბა შენ იციო.
ეცადა, ყურადღება მოეკრიბა და აზრი ჩამოეყალიბებინა. გრძნობდა, როგორ იყო ყველას თვალი მისკენ მოშვერილი.
– ვიფიქრეთ… – ნერწყვი გადაყლაპა და ფრთხილდ დაიწყო, – ხარისხის კონტროლის, როგორც ერთეულის ცალკე გამოყოფაზე რას იტყვით? ანუ ნანიკოს დეპარტამენტისგან დამოუკიდებლად რომ მუშაობდეს… მარტო შეცდომების აღმოჩენაზე ქონდეს ფოკუსი და პირდაპირ დირექტორს აწვდიდეს ანგარიშებს?
– მოიცა… – გააჩერა ნანიკომ, – ანუ ჩემ გუნდში არ იქნება?
ეკამ თავი გააქნია.
– არა. მაქსიმალურად სწრაფად რო დააფიქსიროს ყველა შეცდომა, მაგიტო ვიფიქრეთ, ეგრე ხო არ აჯობებდა… როგორც დამოუკიდებელი ერთეული, ეგრე იმუშავებდა.
– და სტანდარტები? სტანდარტებს ვინ გაწერს? ან გაიდლაინებს საიდან აიღებს? – ისევ გამოუცოცხლდა სახე ნანიკოს.
– სტანდარტებს შენ და შენი გუნდი გაწერთ. – ჩაერთო გიორგი, – ეგ იქნება თქვენი ძირითადი ამოცანა, რო გლობალურად შეხედოთ ყველაფერს და რაც შეიძლება საუკეთესო პროცესები შეიმუშაოთ პროდუქტის წარმოებისთვის, ნედლეულის შესყიდვიდან დაწყებული, კლიენტამდე მიტანით დამთავრებული. სად რა ტემპერატურაში უნდა ინახებოდეს, ეგეც, – გაეღიმა, – ცალკე ხარისხის კონტროლის ერთეული კიდევ იმას უზრუნველყოფს, რომ სტანდარტების შეუსაბამოდ წარმოებული პროდუქცია მომხმარებლამდე არ მივიდეს. არც ერთი წერტილიდან!
– და… ჩემმა გუნდმა თუ დაუშვა შეცდომა სტანდარტების დამუშავებაში? – ეჭვნარევად იკითხა ნანიკომ.
– კარგი კითხვაა. მაგასაც გააკონტროლებს. ვალდებული იქნება, რო სტანდარტებშიც კი შეიტანოს ეჭვი, თუ საჭირო გახდა. ლაბორატორიასაც კი გააკონტროლებს, უკეთესად რო დაიზღვიოთ თავი შეცდომებისგან. თავის დროზე აღმოაჩენს ყველა გადაცდენას და პასუხსაც მოთხოვს ვისაც საჭიროა, იმას.
ნანიკო რამდენიმე წამით სლაიდს მიაშტერდა. მერე მათკენ გამოიხედა და სახის კუნთები ნელ-ნელა მოეშვა.
– მე მგონი, კარგი ვარიანტია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უფრო კარგად შევძლებთ მერე იმის კეთებას, რაც მართლა ჩვენი საქმეა.
– ზუსტად! – გაუნათდა გიორგის თვალები და დანარჩენებს გადახედა, – რას იტყვით თქვენ?
– კაი რამეა, მგონი. – გაყიდვების უფროსმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
– ესე იგი, – ხელი აწია კადრების მოძიების მენეჯერმა და დირექტორს გახედა მორიდებით, – ახალი თანამშრომელი გვეყოლება ასაყვანი ხარისხის კონტროლის პოზიციაზე…
– დავიწყოთ ძებნა. ღირებული ინვესტიცია შეიძლება იყოს. – გახედა დირექტორმა, – ისე, მადლობის წერილი კაი იქნებოდა ლაბორატორიის თანამშრომლისთვის…