როდესაც მოსამართლე თავს უფლებას აძლევს, წინასწარგანზრახულად მიიღოს უსამართლო გადაწყვეტილება, მას ან ვიღაცის ეშინია ან ანგარებით მოქმედებს – ორივე შემთხვევაში ჩანს, რომ მოსამართლის მანტიის ღირსება მისთვის უპირატეს ღირებულებას არ წარმოადგენს და მოსამართლეობას როგორც ერთ-ერთ, რიგით სამსახურს, ისე უდგება. სათანადოდ არ აქვს გათვითცნობიერებული მოსამართლის დანიშნულება და ის ვალდებულებები, რომელსაც ამ სახელთან ერთად ატარებს.
თუ მხოლოდ ერთეული მოსამართლეები იქცევიან ასე, ამ შემთხვევაში, ჯანსაღი, სწორად მომუშავე სისტემა ამაზე სწორად რეაგირებს; კერძოდ, არაჯანსაღ უჯრედს პოულობს და მისი აღმოფხვრით ან გამოსწორებით სასამართლო კორპუსს წმენდს. მაგრამ როდესაც სისტემა ამას არ აკეთებს, ან უფრო მეტიც, პირიქით ხელს უწყობს, რომ მოსამართლემ დაკარგოს მანტიის ღირსების განცდა, ვიღაცის ან რაღაცის შიშით ან ანგარებით დაიწყოს ან განაგრძოს უსამართლო გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ საფრთხე, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი დაულპება და ჩამოეშლება, თითქმის ასი პროცენტია.
იმ შემთხვევაში, როდესაც თუნდაც ერთი მოსამართლე აძლევს თავს უფლებას, რომ წინასწარგანზრახულად მიიღოს უსამართლო გადაწყვეტილება და სისტემა ამაზე არ რეაგირებს, ან არასწორად რეაგირებს, ეს სასამართლო სისტემის შიდა პრობლემა ვეღარ იქნება. ამ პრობლემაზე გარედან რეაგირება კი სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევად ვერ ჩაითვლება. უფრო მეტიც, საზოგადოება ვალდებული ხდება, იმოქმედოს, ვინაიდან ეს „ავადმყოფობა“ არამარტო სასამართლო სისტემას ემუქრება გახრწნით, არამედ ხელისუფლების სხვა შტოებსაც დააავადებს; ამ ყველაფრისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა კი უფრო და უფრო რთული გახდება. ეს, საბოლოოდ, მთლიანად სახელმწიფოს დაასნეულებს და საზოგადოებაზეც მოახდენს შესაბამის გავლენას.
რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ ასეთ დროს და, საერთოდ, შეუძლია თუ არა რამის გაკეთება? როგორ და კონკრეტულად ვინ შეიძლება იმოქმედოს იმისათვის, რომ ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს და რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს როგორც თვითონ სასამართლოს, ისე საზოგადოების მხრიდან ამ ინსტიტუტისა და, ზოგადად, მოსამართლისადმი ნდობასა და პატივისცემას?
იმისათვის, რომ მოსამართლე მაქსიმალურად მოქმედებდეს სამართლის უმაღლესი სტანდარტით და საკუთარი კვალიფიკაციიდან და განსჯის უნარიდან გამომდინარე ცდილობდეს რაც შეიძლება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, სამი მთავარი წინაპირობაა საჭირო:
ა) მოსამართლის მანტიის ღირსება მისთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა უნდა იყოს. ეს სტატუსი საამაყო უნდა იყოს, სრულად უნდა გრძნობდეს ამასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს, ყველანაირად ცდილობდეს, ღირსეულად ატაროს მოსამართლის სახელი და არც ერთი გადაწყვეტილებით არ მოსცხოს მას ჩირქი, ოდნავადაც კი. უნდა უფრთხილდებოდეს და ინარჩუნებდეს სამართლიანი მოსამართლის რეპუტაციას, პირველ რიგში, საზოგადოების თვალში.
ბ) გადაწყვეტილების მიღებისას სამართლის უმაღლესი სტანდარტით მოქმედების არ უნდა ეშინოდეს. ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მისი სახელი, ავტორიტეტი, უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული, და რაც უფრო რთული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, უფრო დიდი იქნება საბოლოო საზღაური, ყველაზე მინიმუმ, მადლიერება და პატივისცემა, რომელსაც იგი საზოგადოებისგან მიიღებს.
გ) მეორე მხრივ, უნდა ეშინოდეს უსამართლო, განსაკუთრებით კი – ანგარებიანი გადაწყვეტილების მიღების. ზუსტად უნდა იცოდეს, რომ არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება არ დარჩება შეუმჩნეველი, გამოუკვლეველი და სათანადოდ დაუსჯელი (იმის მიუხედავად, თუ ვისი თხოვნით ან დავალებით იღებს ამ გადაწყვეტილებას). უნდა აცნობიერებდეს, რომ ყოველი ასეთი გადაწყვეტილებით მეტი და მეტი ზიანი მიადგება სასამართლო სისტემას და პირადად მასაც. და რაც უფრო თვალსაჩინო იქნება გადაწყვეტილების უსამართლობა, მით უფრო შესამჩნევი იქნება ეს ზიანიც.
საზოგადოება თუ შეძლებს, რომ მოსამართლეებს ზემოთ ჩამოთვლილი ეს სამი მოტივი როგორმე ჩამოუყალიბდეთ და გაუმტკიცდეთ, ვფიქრობთ, მათი მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, და შესაბამისად ალბათობაც, შემცირდება.
თუ ამას, როგორც ერთ რთულ ამოცანას, ისე შევხედავთ, შეიძლება მისი დაშლა სამ, შედარებით ნაკლები სირთულის, ამოცანად და ამის მიხედვით მოქმედება, კერძოდ:
1. თითოეულ მოსამართლეში მოსამართლის სახელის ტარებასთან დაკავშირებული სწორი მოტივაციის შექმნა და განვითარება. (ეს, მათ შორის, გულისხმობს როგორც საზოგადოებაში, ისე მოსამართლეებშიც მოსამართლისა და სასამართლოს რეპუტაციის მაქსიმალურად გაძლიერებასაც.)
2. მოსამართლეების დაცვა ზემოქმედებისგან, საფრთხისგან – როგორც სისტემის შიგნიდან, ისე ნებისმიერი გარე საფრთხისაგან; კერძოდ, როდესაც მათ რაიმე სახის ზეწოლით აიძულებენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რაც, კანონისა და კეთილსინდისიერი განსჯით, უსამართლოა.
3. სასამართლო სისტემაში და მოსამართლეთა საქმიანობაში კორუფციის, სუბიექტური ინტერესებისა და ანგარებიანი მოქმედებების, ასევე, სხვა რაიმე მიზეზით მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების კვლევა და ასეთ შემთხვევებზე მაქსიმალურად დროული და სწორი რეაგირება.
თუ საზოგადოება მოახერხებს ჩამოთვლილი ამ სამი ამოცანის გადაწყვეტას, სასამართლოს სამართლიანობის ხარისხი შედარებით გაუმჯობესდება. უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებაც უფრო გართულდება თითოეული მოსამართლისთვის.
თითოეული ზემოთ მოცემული ამოცანა რთული სისტემური ამოცანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გადაწყვეტა ერთჯერადი შედეგის მიღებას არ ისახავს მიზნად, არამედ პერმანენტული, პროგრესირებადი შედეგი უნდა გამოიღოს. შესაბამისად, საჭირო სისტემები თუ არ შეიქმნა ამისათვის, ისე, მხოლოდ სხვადასხვა ერთჯერადი მოქმედებებით ეს ამოცანები ვერ გადაიჭრება.
ჩვენი აზრით, ამ სამი ამოცანის პერმანენტულ გადაწყვეტას მინიმუმ ორი ძლიერი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია სჭირდება, რომლებიც სათანადოდ უნდა იყვნენ სტრუქტურირებული და საჭირო, გამჭვირვალე, ასევე საზოგადოებისგან მიღებული ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფილი.
აქედან პირველი არის ორგანიზაცია, რომელიც უნდა იკვლევდეს უსამართლო გადაწყვეტილებებს, მათ მიმღებ მოსამართლეებს, სასამართლო სისტემასა და მოსამართლეების საქმიანობაში ანგარებას, კორუფციასა და სუბიექტურ ქცევას; აგროვებდეს მასალებს და შესაბამის მიმართულებას აძლევდეს როგორც სამართალდამცავი, ისე საინფორმაციო და საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოებში. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია რა დონეზეც იძლევა ასეთი კვლევის შესაძლებლობას, ამ ორგანიზაციამ უნდა შეძლოს და ამისათვის საჭირო მეთოდები მაქსიმალურად აითვისოს. რაც უფრო ძლიერი იქნება ეს ორგანიზაცია, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ მოსამართლეებს, რომ ანგარებითა და სუბიექტური ინტერესებით იმოქმედონ.
მეორე ორგანიზაცია, რომელიც ასევე საზოგადოებრივ საწყისებზე უნდა შეიქმნას, ორიენტირებულია მოსამართლეთა დაცვაზე, სასამართლო სისტემის რეპუტაციისა და ღირსების ამაღლებაზე და სწორედ ამ დანიშნულებით უნდა ჩამოყალიბდეს. სამართლიანი მოსამართლეები უნდა დაიცვას, მათ შორის, პირველი, ზემოთ ნახსენები ორგანიზაციის არასწორი და არასათანადოდ არგუმენტირებული ეჭვებისგან. თუმცა, მისი იმედი, პირველ რიგში, იმ მოსამართლებს უნდა ჰქონდეთ, ვისაც შანტაჟით, სხვადასხვა ტიპის საფრთხის შექმნით ემუქრებიან და აიძულებენ არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ამ ორგანიზაციისთვის ასევე მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს მოსამართლეების ღირსებაზე ზრუნვა; მათი სახელი მაქსიმალურად საპატიო რომ გახადოს, პირველ რიგში, მოსამართლეებისთვის, და შემდეგ – მთლიანად საზოგადოებისთვის.
ამ ორი მისიის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანებაც შეიძლება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად დაასუსტებს ასეთი ერთიანი ორგანიზაციის სიმძლავრეს. ეს ორი დანიშნულება თავისი არსით ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ისეთ კონფლიქტებს ქმნის, რომელიც საჯაროს ხდის თითოეული მიმართულებით მუშაობის პროცესსა და შედეგებს. მათი გაერთიანებით კი ეს კონფლიქტები ერთი ქოლგის შიგნით შევა, რაც ორგანიზაციას უფრო ჩაკეტავს და ორივე მიმართულებით გაურთულებს მოქმედებას.
ამ ორივე ორგანიზაციის სტრუქტურა ისე უნდა იყოს აგებული, რომ ახერხებდეს არა მარტო საკუთარი ძირითადი საქმის მაღალ პროფესიონალურ დონეზე კეთებას, არამედ ამ საქმიანობისთვის ფინანსების, პირველ რიგში, ქვეყნის შიდა, დივერსიფიცირებული წყაროებიდან მობილიზებას. უნდა ახერხებდეს, რომ კერძო ბიზნესი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეები დაარწმუნოს ამ მისიების მნიშვნელობაში და მოახერხოს მათგან დივერსიფიცირებული სტაბილური ფინანსური წყაროების შექმნა.
დასაწყისისთვის კი, საჭიროა გამოჩნდეს ერთი, ან ორი ადგილობრივი კომპანია, რომლებსაც ის მინიმალურად საკმარისი რესურსი აქვთ, რაც ამ ორი სტრუქტურის შექმნის ინიცირებას სჭირდება. კომპანიები, რომლებსაც ზუსტად ესმით სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობა სახელმწიფოს არათუ მშენებლობის საქმეში, არამედ მისი არსებობისთვის.
ჩვენნაირ ორგანიზაციებს კი შეუძლიათ მათი დახმარება ასეთი სტრუქტურების შექმნაში და ამუშავებაში, დაკომპლექტებაში ისეთი კვალიფიციური თანამშრომლებით, რომლებიც მომავალში თავად უზრუნველყოფენ ფინანსურად მდგრად განვითარებას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციების შექმნაში ჩართულმა მხარეებმა ასევე მოახერხონ ისეთი საზოგადოებრივი მეთვალყურეობის მექანიზმების შექმნა, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მათ გამჭვირვალობას და გრძელვადიან კეთილსინდისიერ საქმიანობას.