სწრაფი ბმულები:
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი 2025

კონტაქტი

  • ტელ:  +995 595 24 78 63

  • ელ-ფოსტა:  contact@synergy.ge

  • E-ვებ-გვერდი:  www.strategy.ge | www.synergy.ge

  • მთავარი  
  • ურთიერთშეთანხმებულად მოქმედ მედიას ქვეყანაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ამოცანის უკეთ გადაწყვეტა შეუძლია
- მედია - სტრატეგია

ურთიერთშეთანხმებულად მოქმედ მედიას ქვეყანაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ამოცანის უკეთ გადაწყვეტა შეუძლია

ცნობილია, რომ ძლიერი საზოგადოება არის ინფორმირებული საზოგადოება. შესაბამისად, თუ მედია ახერხებს, რომ სწორი ინფორმაციით საზოგადოების დიდ ნაწილს მისწვდეს, მაშინ მას შეუძლია, არსებითად შეუწყოს ხელი საზოგადოების გაძლიერებას, გადაწყვიტოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ამოცანა, ან, მინიმუმ, დიდი წვლილი შეიტანოს მათ გადაწყვეტაში.

პრობლემა ისაა, რომ ყველა მედიას თავისი აუდიტორია ჰყავს, რომლიდან გასვლასაც ძალიან ძნელად თუ ახერხებს (ან, საერთოდ ვერ ახერხებს). აქედან გამომდინარე, მისი კონტენტიც მუდმივად ერთსა და იმავე ადამიანებზე მუშაობს. საბოლოო ჯამში კი, ეს არც კონტენტს ავითარებს, არც მედიას, არც აუდიტორიას ხდის უფრო ინფორმირებულს და, შესაბამისად, საზოგადოების განვითარებასაც დიდად არ ეწყობა ხელი.

მედია საშუალებების თუნდაც მცირე ნაწილი ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმიდან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმზე თუ გადავლენ, გაცილებით მარტივად შეეძლებათ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მთელი რიგი ამოცანების გადაწყვეტა. მათ შორის ისეთების, როგორიცაა: კორუფციის შემცირება, დემოკრატიის დაცვა, მნიშვნელოვანი სოციალური პრობლმების მოგვარება, სამართლიანობის დაცვა, სხვადასხვა სახელისუფლებო შტოებზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება და ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირება და ა.შ.  

კონკურენციაზე უარის თქმამ, ერთობლივად მუშაობის წესებსა და პრინციპებზე შეთანხმებამ შესაძლებელი უნდა გახადოს:

ინფორმაციისა და რესურსების გაცვლა/გაზიარება:

  1. აუდიტორიის გაცვლა, საკუთარი მასალის გავრცელების არეალის გაფართოება და, შესაბამისად, რეკლამის დამკვეთების ინტერესის გაზრდა, თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე.
  2. ინფორმაციის გაცვლა, ან ხარისხიანი მასალის გაცვლა და ამით თითოეულის აუდიტორიის ინფორმირებულობის დონის გაუმჯობესება.
  3. გამოცდილების, იდეებისა და მოსაზრებების, ინფორმაციის წყაროების, აუდიტორიის, დაფინანსების გზების გაფართოვების შესაძლებლობების შესახებ იდეების უწყვეტად და რეგულარულად გაცვლა. 
  4. ტექნიკური საშუალებების გაცვლა ან გაზიარება, და რაღაც შემთხვევებში სამუშაო რესურსისაც, პავილიონების, ჟურნალისტებისაც კი, თუ ეს მასალის საიმედოობისა და ხარისხის ზრდას დაეხმარება.

კოორდინირებული დღის წესრიგი და ერთობლივი მოქმედება:

  1. ერთობლივი ძალებით უფრო ეფექტიანად ებრძოლონ დეზინფორმაციას – ამაზე შეთანხმებული, სწრაფი, ერთნაირი და ერთდროული, საერთო რექციის მოხდენით.
  2. კოორდინირებული დღის წესრიგის საფუძველზე, ყველა იმ ადამიანის გავლენის შეზღუდვა და მათი „დაცენზურება“, ვინც ზიზღსა და სიძულვილის ენას ავრცელებს.
  3. ცალკეულ ამბებზე, ფაქტებზე, ადამიანებზე, ან მათ პოზიციებზე მოსაზრებებისა და შეხედულებების გაცვლა იმისათვის, რომ ერთობლივი, უფრო კომპლექსური ხედვა ჩამოუყალიბდეთ მოვლენებზე მათაც და, შესაბამისად, მათ აუდიტორიებსაც.
  4. სტუმრების გაცვლა და ერთად დაგეგმვა, ვინ როდის სად ჯობს რომ მივიდეს იმისთვის, რომ აუდიტორიას მეტი ადამიანის მოსაზრებაზე გაუჩნდეს წვდომა.
  5. არ შეამცირონ ერთმანეთის სიმძლავრე მოვლენების გაშუქებისას ერთმანეთის დროში გადაფარვით.
  6. და პირიქით – ერთსა და იმავე ამბებზე შეთანხმებული რაკურსით ერთობლივად გააძლიერონ აუდიტორიის ყურადღება მაღალი პრიორიტეტის მქონე საკითხებისათვის მეტი მნიშვნელობის შესაძენად.

ამას გარდა, მედია ორგანიზაციების ურთიერთკოორდინაციამ კიდევ ბევრი სხვა სარგებელი შეიძლება მოიტანოს. მეორე მხრივ, ბევრად მოწყვლადი და სუსტი ხდება მედია მთლიანობაში, როდესაც მისი წარმომადგენლების თუნდაც მცირე ნაწილი მაინც ვერ ახერხებს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით თანამშრომლობას.  

თუმცა, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, ასეთი კოორდინაციის მიღწევა რთული სისტემური ამოცანაა და მისი გადაწყვეტისათვის სწორი სტრუქტურული და ტექნიკური მექანიზმების შექმნაა საჭირო. 

მათ შორის კოორდიანციის ასეთი მექანიზმები შეიძლება იყოს: 

ა) ერთიანი ნიუსრუმის ჩამოყალიბება

ეს ტექნიკური, ტექნოლოგიური სისტემაა, რომელიც სწრაფად იძლევა ინფორმაციის გაცვლის, მიმდინარე მოვლენებზე პოზიციების, რეაგირების პოლიტიკის შეჯერების, დავალებების გადანაწილების და რეაგირების მონიტორინგის შესაძლებლობას. ერთიანი ნიუსრუმი ამ პროცესის მართვის გაზიარებული მექანიზმი უნდა გახდეს. თუმცა, ბევრად ეფექტური შეიძლება იყოს ფიზიკური საერთო საშტაბო სივრცის შექმნაც, სადაც ყველა მონაწილე მედიის გამოყოფილი წარმომადგენლები ფიზიკური დასწრების დონეზე ბევრად ადვილად შეძლებენ თანამშრომლობას. 

ბ) საერთო სარედაქციო საბჭოს შექმნა და კოორდინაცია სარედაქციო პოლიტიკის დონეზე 

ერთიანი ჩათის შექმნა და რეგულარული შეხვედრები საკოორდინაციოდ გამოყოფილი რედაქტორების ან, საერთოდაც – მთავარი რედაქტორების დონეზე. ეს შესაძლებელს გახდის, უფრო მოქნილად შეთანხმდეს ერთმანეთში: სარედაქციო პოლიტიკა, აქცენტები, რესპონდენტები, საეთერო ბადე, ტექნიკური საშუალებები და გადაწყვეტილებები სამუშაოების გადანაწილებაზე. 

გ) თავისუფალი და დემოკრატიული მედიის ხელშეწყობის ფონდის ჩამოყალიბება და ამუშავება 

ისეთი პოტენციური სპონსორებისთვის (პრიორიტეტულად ადგილობრივი საშუალო და მცირე ზომის იურიდიული პირები), რომლებსაც ესმით თავისუფალი და დემოკრატიული მედიის მნიშვნელობა, ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა თანხების ღიად დონაცია ისეთი ფონდში, რომელსაც საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ გამჭვირვალედ შეუძლია რესურსების გამოყოფა კოორდინირებული მედიებისთვის კონკრეტული მასალის შესაქმნელად. ასევე, ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება ცხადი პრიორიტეტებით და კონკრეტული მიზნობრიობით (მაგალითად, თანხა უნდა გამოიყოს კონტენტის შესაქმენლად, და არა ადმინისტრაციული დანახარჯებისთვის).

განსაკუთრებით ადვილია ასეთი კონტენტის შექმნის დაფინანსება რეგიონალური და ელექტრონული მედია საშუალებებისთვის, რაც მათთვის ასეთ კოორდინაციაში შემოსვლას კიდევ უფრო ღირებულს ხდის. 

თუ ისეთი ფონდი შეიქმნება, რომელსაც ასეთი დონორების მოძიების სტრუქტურული მექანიზმები ექნება აწყობილი, ასევე ექნება მკაფიო პრიორიტეტები და პოლიტიკა,  დაფინანსების მიცემაზე საზოგადოებისათვის ძალიან გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების სისტემა – ამ ფონდს შეეძლება გააჩინოს მეტი გასაქანი მედიებისთვის, რომ იმოქმედონ და მეტი ინტერესი, რომ ასეთი კოორდინაციის ნაწილი გახდნენ. 

საიდან შეიძლება დაწყება:

თუნდაც ერთი მედია, ან ერთი ჟურნალისტი, ან ერთი მედია მენეჯერი, რომელიც საკმარისად ავტორიტეტულია იმისათვის, რომ ჟურნალისტურ წრეში მინიმუმ საწყისი ნდობა მოიპოვოს, თუ გადაწყვეტს ამ პროცესის ინიცირებას, პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე შესაძლებელი გახდება. 

პირველ რიგში, თუნცად ორი მედია საშუალების მზაობა (არ არის აუცილებელი, ორივე სატელევიზიო მედია იყოს) საკმარისია იმისათვის, რომ პროცესი დაიწყოს. 

ამის შემდეგ, უნდა დაიწყოს ერთიანი სარედაქციო საბჭოს ჩამოყალიბება, საერთო ნიუსრუმის აწყობა და ფონდის ფორმირება. ამ სამუშაოებში დახმარებაზე, ვფიქრობთ, ანაზღაურების გარეშეც არ იტყვიან უარს ჩვენი მსგავსი საკონსულტაციო კომპანიები მართვის, ფინანსების, იურიდიული, IT თუ მარკეტინგული მიმართულებით.  

პირველივე ერთობლივი, წარმატებული შეთანხმებული მოქმედების, დონორებთან ნაყოფიერი ურთიერთობის, ერთობლივი მასალების შექმნის შემთხვევები, ვფიქრობთ, სხვა მედიებსაც სწრაფად გაუჩენს თანამშრომლობის სურვილს. 

მოკლედ, თუ კოორდინაციაში ჩართულ მედიებს არ დაავიწყდებათ, რომ მათ უარი თქვეს ერთმანეთთან კონკურენციაზე და გამჭვირვალედ და გახსნილად თანამშრომლობენ, თუ მოახერხებენ, რომ ექსკლუზივის ცდუნებას გაუძლონ და განუხრელად დაიცვან ერთმანეთს შორის შეთანხმებული პრინციპები და წესები, ისინი შეძლებენ შექმნან და შეინარჩუნონ ურთიერთნდობა, რაც შესაბამისი კოორდინაციის მექანიზმების შექმნის და განვითარების შემთხვევაში, ბევრჯერ გაზრდის მათ როგორც ინდივიდუალურ, ისე საერთო ეფექტიანობას.  

დღევანდელ რეალობაში ძალიან ბევრი და ბევრს ლაპარაკობს ერთიანობაზე. ჩვენი აზრით, მედია ორგანიზაციებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ ერთიანობისა და ერთად მოქმედების მაგალითის ჩვენება, ყველაზე მეტად ევალებათ ეს და შედეგისთვისაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იქნება, თუ ისინი (მათი თუნდაც მცირე ნაწილი) ასეთ თანამშრომლობას მოახერხებენ. 

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.