სწრაფი ბმულები:
სამშაბათი, 21 ოქტომბერი 2025

კონტაქტი

  • ტელ:  +995 595 24 78 63

  • ელ-ფოსტა:  contact@synergy.ge

  • E-ვებ-გვერდი:  www.strategy.ge | www.synergy.ge

- Business - კადრების მართვა

ღირებული რეკომენდაცია

ოფისი დღეს ჩვეულებრივზე ჩუმია. 

თერთმეტის ნახევარია და ჯერ მხოლოდ მე და ლიკა ვართ შეხვედრების ოთახში. 

პრინციპში, გუშინ ღამე ფეხბურთი იყო. 

ჯერ კიდევ მტკივა თავი და ყავის ჭიქა მიმაქვს ცხვირთან, იქნებ სუნმა გამომაცოცხლოს, სანამ კოფეინი იზამს თავისას. 

ლიკა, ჩვენი პროექტების მენეჯერი, უხმაუროდ გადაადგილდება ოთახში. ანგარიშგების ფურცლებს და კალმებს მაგიდაზე ალაგებს, შეხვედრაზე დამსწრეებისთვის. ჩემთან რომ მოდის, მხოლოდ მაშინ იღიმის თავაზიანად და დოკუმენტებს წინ მიდებს, თეთრ კალამს ზემოდან ადებს და ისევ ისე, უხმოდ მშორდება. 

მეც ვუღიმი და მადლობას ვუხდი. 

ამასობაში, შეტყობინება მომდის Exactly-ს გუნდისგან; იმ ორგანიზაციიდან, რომელიც ჩემნაირი რეკომენდატორების მეშვეობით საჭირო კადრებს პოულობს კომპანიებისთვის. 

ეგრევე ვხსნი, მაინტერესებს, ამჯერად ვის ეძებენ. 

როგორც წესი, ისეთ დახასიათებებს მიგზავნიან, რომ ეგეთი ადამიანი ძალიან რთულად საპოვნელია: მძღოლი, რომელმაც მანდარინი იცის, მარკეტინგის დირექტორი, რომელიც ისეთი ცნობილია ვაკეში, რომ ყველა ელიტურ ივენთზე იქნება დაპატიჟებული… 

ჩემთვის სწორედ ეგაა ყველაზე საინტერესო ნაწილი – ჩემს სანაცნობო წრეში ასეთი იშვიათი მარგალიტების მოძებნა. თან, ვხალისობ, დიდი დროც არ მიაქვს ასეთ დავალებებს. Treasure Hunt-ივით არის. 

მესიჯიდან ვიგებ:

„ვეძებთ ისეთ ადამიანს, ვინც კრიტიკულ სიტუაციებში არ იბნევა და შეუძლია მარტივად იპოვოს ისეთი გამოსავალი, რაც სხვებს თავში აზრად ვერ მოუვათ (ან შეიძლება მოუვიდეთ, მაგრამ ვერ ბედავენ თქმას). 

უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და ორგანიზებულიც, უნდა იცოდეს ადამიანებთან ურთიერთობა და გამოსდიოდეს მათი მართვაც. 

სანამ სხვები პრობლემებზე მსჯელობენ, ის უკვე გადაწყვეტებს უნდა ხედავდეს.“

აუჰ. ნამეტანი მოთხოვნებია. 

ვცდილობ გონებაში ყველა იმ ადამიანს გადავავლო თვალი ჩემი სანაცნობოდან, ვინც შეიძლება ამ აღწერას შეესაბამებოდეს. 

ერთი ვიცი: მოწესრიგებულია და ორგანიზებული. ყოველთვის დროზე ადრე აკეთებს ხოლმე ყველაფერს. მეგობრებთან შეხვედრაზეც კი ყველაზე პირველი ის მიდის. მოგზაურობების დროს ყველაფერი წინასწარ გაწერილი და გათვალისწინებული აქვს. მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნა… მაგაზე თავს ვერ დავდებ. თვითმფრინავი რომ გაუფრინდეს, თვითონაც გააფრენს, მაგრამ სხვა გასაფრენსაც ვერ მოძებნის. 

ამასობაში, ხალხი შეგროვებას იწყებს. თან მესმის, ფეხბურთში ჩვენი გუნდის დამარცხებას როგორ განიხილავენ.

მეორეც მახსენდება: იმას უფრო ახასიათებს გადაწყვეტების პოვნა. თან ისეთის, მართლა რომ არავის მოუვა თავში და რომც მოუვიდეს, რომ არ იტყვის… თავის კომპანიაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ისე შეცვალა ბიზნეს პროცესები, რომ ბევრად უფრო ნაკლები დანახარჯით, მეტ მოგებას ნახულობენ. ერთი ისაა, რომ საშინლად არაორგანიზებულია. გუნდი რომ არ ჰყავდეს მუშა, მისი გენიალური იდეები ჰაერში დარჩებოდა ჩამოკიდებული.

ამასობაში, ჩვენი დირექტორიც გვიერთდება. ლიკა ცდილობს აქა-იქ დარჩენილ კომენტარებს გუშინდელ ფეხბურთზე თავი მოუკრას და ხალხი საქმეზე დააკონცენტრიროს. 

შეხვედრის პარალელურად, ისევ იმ მესიჯისკენ გამირბის გონება და სხვა ადამიანებს ვასკანერებ მეხსიერებაში. თუმცა, უშედეგოდ. 

რაღაც მომენტში, დაძაბულობას ვგრძნობ. 

დირექტორმა ახალი ამბავი მოიტანა: თურმე IT კომპანიის ვალი დაგვიგროვდა, რომელიც ტექნიკურ მხარდაჭერას გვიწევს. უარს ამბობენ ჩვენი მომსახურების გაგრძელებაზე, სანამ ბოლომდე არ გადავუხდით.

ყველა აფორიაქებული ჩანს, დაძაბული სახეებით სხედან. დირექტორი გადაწყვეტას ითხოვს, მაგრამ იდეები არავის აქვს. ფინანსური მენეჯერი მარტო იმას ამბობს, რომ ჩვენი ანგარიშები ისევ დაბლოკილია. პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე კიდევ, ჩვენი მუშაობა წარმოუდგენელია…

ხალხი ახლა ამის განხილვაზე გადადის, რა გვეშველება, როგორ დავბრკოლდებით, როგორ მოვემსახურებით აწი ჩვენს კლიენტებს…

– დავუბრუნდეთ ექსელებს, რა პრობლემაა… – ისმის მაგიდის ბოლოდან და ამას კიდევ უფრო მეტი ჩოჩქოლი მოყვება.

– ჩვენ რომ შევთავაზოთ რამე სერვისი სანაცვლოდ? – ამბობს ლიკა მშვიდი ტონით და ყველა მისკენ იხედება, – დათოსგან ვიცი, მათი პროექტების მენეჯერისგან, სულ პრობლემა აქვთ ხოლმე ხარჯთაღრიცხვებზე და ანგარიშგებაზე. უზარალიათ კიდეც მაგის გამო. შეგვიძლია ფინანსური სისტემების ოპტიმიზაციაში დავეხმაროთ. ბიუჯეტის კონტროლის ან ხარჯების მონიტორინგის სისტემას თუ გავუკეთებთ, მაგალითად. ან, მცირედი კონსულტაცია მაინც რომ გავუწიოთ; ეგეთი დახმარება ბევრად ძვირია, ვიდრე ჩვენი დავალიანებაა… 

თან გაფართოებული თვალებით უყურებს დირექტორს. 

ყველანი სუნთქვაშეკრული ველოდებით მის პასუხს. 

დირექტორი ტუჩებს მუწავს, მერე თავს ორაზროვნად აქნევს და ბოლოს განაცხადებს:

– არ გამოვა ეგრე. ჩვენებს ეხლა მაგაზე ვერ დავღლით კიდევ, ათასი საქმე აქვთ ისეც. – მერე ჩერდება და აქეთ-იქით იხედება, – სხვა იდეები არ გაქვთ ვინმეს?!

ლიკას მხრები ეგრევე დუნდება და დამარცხებული სახით პატარავდება სავარძელში. 

ვაკვირდები. 

არაა ცუდი გოგო. 

მოწესრიგებული ნამდვილად არის. 

ხალხის ორგანიზებაც გამოსდის. 

პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აკლია… 

თან, რაც უფრო ვატრიალებ თავში მის ნათქვამს, ნამდვილად არ ჩანს ურიგო აზრი, ყოველ შემთხვევაში, უბრალოდ ცდას მაინც არ უდგას არაფერი წინ. 

ვცდილობ, წინა იდეებიც გავიხსენო, რაც აქამდე დაუფიქსირებია ასეთივე მორიდებული ხმით, მაგრამ არანაირი აღიარება არ დაუმსახურებია არც ამ იდეებს. რატომღაც, დირექტორი ყოველთვის ეგრევე იშორებს ხოლმე თავიდან, თან ისე, რომ განმარტებასაც არ აძლევს, რატომ. 

სხვებიც დიდად არ იტაცებენ მის ნათქვამს, თორემ ერთიანობა მაინც შეკრავდა და მისცემდა გზას ამ აზრს. 

საინტერესოა. 

ისევ იმ მესიჯს ვუბრუნდები და ახლა უკვე ცხადია, ვინც შეიძლება იყოს ეს ადამიანი. გული მიჩქარდება. არ ვიცი, ყავის ბრალია თუ ამ ძაფების დაკავშირებით გამოწვეული კმაყოფილების. ხანდახან, როცა რაღაც სწორია, სხეული თვითონ გაგრძნობინებს ამას. 

თითები გამირბის.  

მობილურს ვიღებ და მესიჯის წერას ვიწყებ.

მერე უცებ მახსენდება, რომ თუ ამას ვიზამ, შეიძლება ჩემმა კომპანიამ დაკარგოს ძალიან ღირებული ადამიანი. 

ლიკას ვუყურებ, რომელიც ისევ ისე ზის, მოწყენილი, დაპატარავებული. 

ცოტა მეტი გამბედაობა სჭირდება. მეტი თავდაჯერება. ეგ რომ ჰქონდეს, ლომივით დაიცავდა ამ იდეას და გაიტანდა კიდეც თავისას. დაარწმუნებდა დირექტორს, რომ ასეა საჭირო და მორჩა! 

შეიძლება, უბრალოდ, გარემო სჭირდება ისეთი, სადაც ნელ-ნელა მიხვდება, რომ მის აზრსაც აქვს მნიშვნელობა, სადაც უფრო დააფასებენ და მისცემენ შანსს, რომ სცადოს თავისი. დროთა განმავლობაში თავდაჯერებაც მოემატება და იმ ორგანიზაციასაც დაეხმარება, რომლის ნაწილიც იქნება. 

მყავს ეგეთი ადამიანი.“ – ვწერ მესიჯს და ვაგზავნი. თან სახელს, გვარს და საკონტაქტო ინფორმაციასაც ვაყოლებ. მეტს არაფერს ითხოვენ.

იმასაც ვერავინ გაიგებს, რომ მე გავუწიე რეკომენდაცია. წესით, ყველა მოგებული დარჩება. 

მერე ისევ ლიკას ვუყურებ და მეღიმება. მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება ისეთ ადგილას აღმოჩნდეს, სადაც უფრო დიდ ადგილს დაიკავებს შეხვედრების მაგიდასთან.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.