• მთავარი  
  • როგორ მოვიძიოთ ფინანსური რესურსები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად? 
- ზოგადი მენეჯმენტი - საზოგადოებრივი კეთილდღეობა

როგორ მოვიძიოთ ფინანსური რესურსები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად? 

საზოგადოება უნდა აფინანსებდეს თავისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეების კეთებას. ეს განსაკუთრებით აუცილებელია დღეს, როდესაც საერთაშორისო დონორებს არასამთავრობო სექტორის დახმარების შესაძლებლობა შეეზღუდათ. 

საერთაშორისო დაფინანსებას თავისი ლოგიკა აქვს. ის ხშირად უფრო დონორების მიზნებს ემსახურება, ვიდრე ადგილობრივ საჭიროებებს. თუმცა, ამ ინტერესების გადაკვეთის წერტილებში მაინც ხერხდებოდა ბევრი კარგი საქმის გაკეთება. დღეს კი, როცა არ ვიცით ეს მდგომარეობა რამდენ ხანს გაგრძელდება, აუცილებელია ორგანიზაციებმა საკუთარი მისიების დაფინანსება ადგილობრივად ისწავლონ. 

ამისათვის პირველ რიგში საჭიროა თავად ამ ორგანიზაციების მისიების გადახედვა, რომ ადგილობრივ საჭიროებებს უფრო მეტად მოერგოს. მაგრამ მთავარი მაინც ადგილობრივი დონორების მოძიება და მათთან მუშაობის სწავლაა. ამის გარეშე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საქმიანობა დარჩება დაუფინანსებელი. 

ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების მოძიებისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეულების შექმნა ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც მსგავსი დანიშნულებით მუშაობს. ამ ერთეულის ამოცანა უნდა იყოს ორგანიზაციის მისიის ისეთნაირად „შეფუთვა“ და „გაყიდვა“, რაც არსებობისა და განვითარებისთვის საკმარისი რესურსების მობილიზებას შეუწყობს ხელს. 

საქველმოქმედო მისიის „გაყიდვა“ არაფრით არ განსხვავდება კერძო კომპანიების გაყიდვების ამოცანისგან. გარკვეულ შემთხვევებში, უფრო საინტერესო და სასიამოვნო საქმეც კია. ადამიანი უფრო კმაყოფილია, როდესაც იაზრებს იმ საქმის დიდ მნიშვნელობას, რომელსაც აკეთებს. შესაბამისად, ამ ერთეულების შექმნა შეიძლება იმაზე უფრო ადვილიც კი იყოს, ვიდრე გაყიდვებისა და პროდუქტების განვითარების სამსახურების აწყობა კომპანიებში. 

ადამიანებს ბუნებრივად გვაქვს სიკეთის კეთების მოთხოვნილება. ამის განხორციელება კი საკუთარი თავის მეტად დაფასებაში, ჩვენი არსებობის მნიშვნელობის დანახვაში, უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბებაში გვეხმარება. ამიტომ, თუ ვინმე ასეთი საქმეების კეთების საშუალებას მოგვცემს, სიამოვნებით ვუერთდებით ამ ინიციატივას და შეძლებისდაგვარად ვდებთ რესურსებს მასში. ასეთი მონაწილეობით თან საკუთარ შვილებსა და ახლობლებსაც თუ ვაჩვენებთ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ, მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. მთავარია, პროცესში თავი მოტყუებულად არ ვიგრძნოთ და არც რაიმე საფრთხე შეგვექმნას. 

ამიტომ, ყველა, ვინც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, უნდა ეძებდეს იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს საქმე ამდენადვე ღირებულია და მათ ამაში უსაფრთხო, გამჭვირვალე და ღირსეული მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მისცენ. 

შესაბამისად, საქველმოქმედო ორგანიზაციებს დაფინანსების მოძიების კუთხით სამი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი: 

ა) იპოვონ პოტენციური დონორები; 

ბ) შექმნან პროდუქტები, რომლებიც დონორებს დააინტერესებს; 

გ) შეუქმნან მათ რაც შეიძლება საუკეთესო გამოცდილება – მიაწოდონ ინფორმაცია, ამ პროდუქტებით მაქსიმალურად სარგებლობის შესაძლებლობები, დაანახონ მონაწილეობის შედეგები. 

კარგი გამოცდილების შესაქმნელად ორგანიზაციებმა დამატებით შეიძლება გამოიყენონ საქველმოქმედო აუქციონებიც. აუქციონებში დონორები ან საკუთარ ნივთებს შეწირავენ, ან გამოტანილ ნივთებს იყიდიან. ეს ფორმატი ეფექტურია, არც ისე რთულად ორგანიზებადი და თანაც ხელს უწყობს თანხების უფრო დინამიურად მობილიზებას.

საქართველოში დონორების სეგმენტები ორგანიზაციის სპეციფიკაზეა დამოკიდებული. იქნება ეს ლოკალური მედია არხი, ჰოსპისი, მოხუცებულთა თავშესაფარი, გამოხატვის თავისუფლების დამცველი, მოსამართლეების საქმიანობის შემმოწმებელი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი, თუ სხვა – თითოეულ მათგანს სხვადასხვანაირი მუშაობა დასჭირდება. 

მაგრამ ძირითადი დონორები მაინც სამია: საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები, მცირე და საშუალო კომპანიები, მსხვილი კომპანიები. თითოეულ მათგანთან სხვადასხვა სტრატეგია მუშაობს.

რაც შეეხება ფონდების მოძიების მიზნით შექმნილ საქველმოქმედო პროდუქტს, მის დიზაინში სამი ასპექტია ყველაზე მნიშნელოვანი:

პირველი და ყველაზე არსებითი ნაწილი, რა თქმა უნდა, თანხის მიზნობრიობის სათანადოდ დასაბუთება და დონორისთვის მთავარი ამოცანის გადაწყვეტის მიდგომის რაც შეიძლება ცხადად ახსნაა. მათ შორის, როგორ ვაპირებთ გადავჭრათ ამოცანა, რა რესურსებია ამისთვის საჭირო და როგორ მოხდება ამ რესურსების გამოყენება. დონორს სჭირდება ესმოდეს, რომ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ მისგან მიღებული თანხები, ხოლო ის გზა, რომლითაც  ვაპირებთ ამ რესურსების გამოყენებას, მისთვის გასაგები და მოსაწონი უნდა იყოს.

საქველმოქმედო პროდუქტის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა. ეს პირები კეთილ საქმეებში იმის გამო არ მონაწილეობენ, რომ შემდეგ ამის შესახებ ყველამ გაიგოს. შეიძლება ზოგიერთ მათგანს პირიქით, არც კი უნდოდეს ამის გამჟღავნება. ასეთ შემთხვევაშიც კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოხატავთ მადლიერებას. შესაბამისად, ამ საკითხის დამუშავება და დონორის ინტერესებზე მორგება ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი შემოქმედებითი მხარეა. 

ფიზიკური პირების მიმართ მადლიერების გამოსახატად შეიძლება შეიქმნას მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტები: სტიკერები, ან საქველმოქმედო მარკები სხვადასხვა დიზაინით (მიზნობრიობიდან გამომდინარე), რომლებიც აფთიაქებში ან სუპერმარკეტებში გაიყიდება. ადამიანები სურვილისამებრ შეიძენენ კონკრეტულ პროდუქტს, გადახდილი თანხა პირდაპირ შესაბამის საქველმოქმედო ფონდში წავა, ხოლო მათ დარჩებათ შეგრძნება, რომ კარგ საქმეში შეიტანეს წვლილი. თანაც, ასეთი ხელშესახები პროდუქტების დაგროვება უფრო თვალსაჩინოს და საამაყოს გახდის მათ მონაწილეობას უფრო დიდი მიზნის მიღწევაში.  

მცირე და საშუალო იურიდიულ პირებს შეიძლება დავპირდეთ, რომ მისი სახელობის სტიპენდიას დავაარსებთ რომელიღაც სასწავლებელში, სადაც ის თანამშრომლების აყვანას ცდილობს. ან შეიძლება სამადლობელი განცხადება განვათავსოთ საიტზე, რომელზეც მათი სამიზნე სეგმენტი აქტიურად შედის, და ა.შ.

მსხვილი კომპანიებისთვის კი სულ სხვა საკითხებია საინტერესო; მაგალითად, მისი თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე არსებული კლიენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის რომ ცნობილი გახდეს რა დიდი წვლილი შეაქვს ამ ორგანიზაციას საზოგადოებრივი სარგებლის შექმნაში.

პროდუქტის დიზაინის მესამე მნიშვნელოვანი საკითხია თანხების ხარჯვის სრული გამჭვირვალობა. თითოეულ დონორს უნდა ჰქონდეს ძალიან მარტივი წვდომა ინფორმაციაზე, თუ როგორ იხარჯება მათი ფული. ამ კუთხით მათთვის არ უნდა არსებობდეს რაიმე ბუნდოვანება. 

რაც შეეხება სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თანხების მოსაზიდად უნდა შეიქმნას, ის შეიძლება რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდეს. სასურველია, მათ შორის სამუშაო დონორების სეგმენტების მიხედვით გადანაწილდეს. სხვადასხვა ადამიანი ემუშაოს ფიზიკურ პირებს, მცირე და საშუალო იურიდიულ პირებს და მსხვილ კომპანიებს. გამოცდილება და ცოდნაც შესაბამისი მიმართულებით დაიგროვონ. გარდა ამისა, სასურველია ყოველკვირეული ერთობლივი შეხვედრები მათ შორის და ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, რათა უფრო მარტივად შეძლონ სტრატეგიულ საკითხებზე ერთმანეთში კოორდინაცია და უფრო მობილიზებულად იმუშაონ. 

დონორებთან მომუშავე ადამიანების ანაზღაურების მოდელიც მარტივი უნდა იყოს: შეიძლება შედგებოდეს როგორც ფიქსირებული, ისე ცვალებადი კომპონენტისგან, რომელიც განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად შემოქმედებითად უდგებიან საქმეს და რამდენად მონდომებით მუშაობენ. სასურველია, მათი ინდივიდუალური ანაზღაურება არ შეიცავდეს პროცენტს მოზიდული თანხებიდან. ვინაიდან, ამან მათში შეიძლება არასწორი მოტივების შექმნა და ერთმანეთში არაჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება გამოიწვიოს. თუ ანაზღაურების ფიქსირებული ნაწილი სამართლიანია მათი კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მხრიდან მათ მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასება ერთი ხელფასის ოდენობის ბონუსების სახით, წესით, სრულიად საკმარისი უნდა იყოს, რომ ამ ადამიანებმა მოტივირებულად იმუშაონ.

მათი ჯამური სახელფასო და სამოტივაციო ფონდი, რა თქმა უნდა, მათ მიერ მოზიდული თანხიდან (მაქსიმუმ 10-25%) უნდა ფორმირდებოდეს, თუმცა სეგმენტების მიხედვით არ უნდა იყოფოდეს და ინდივიდუალურ ანაზღაურებაზე ამის მიხედვით არ უნდა ნაწილდებოდეს.

საბოლოო ჯამში, ფონდების მოძიების სტრუქტურული ერთეულები საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმით დაკავებული ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთი მთავარი მაცოცხლებელი ერთეულებია. მათი ფოკუსი გარე ქვეყნების დონორებიდან შიდა დივერსიფიცირებულ და გამჭვირვალე წყაროებზე უნდა გადმოვიდეს და აქედან დაიწყონ თანხების მოგროვება. ამით ერთიათად გაიზრდება ასეთი ორგანიზაციების სიცოცხლისუნარიანობაც და სარგებლის შექმნის პერსპექტივაც. 

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.