- ისტორიები

გაფუჭებული ვაშლი

საკლასო ოთახის კარი 20 წუთის დაგვიანებით შეაღეს. გიორგიმ ჯერ ეკა შეუშვა, რომელმაც უხერხული ღიმილი მოავლო შემხვედრ სახეებს და წელში მოხრილი, ნელი ნაბიჯებით შევიდა შიგნით. გიორგიც ეგრევე შემოყვა და პირდაპირ წავიდა წინ გაშვერილი ხელით. 

– მაგარი საცობები იყო, ძალიან დიდი ბოდიში! იმედია ძაან არ გალოდინეთ. 

– არაა… აი ეხლა შევიკრიბეთ ჩვენც ზუსტად, ცოტა ხანია. – მაღალმა, წარმოსადეგი აღნაგობის კაცმა, რომელიც, ეკას ვარაუდით, სკოლის დირექტორი უნდა ყოფილიყო, გიორგის ხელი მაგრად ჩამოართვა და მთელი სახით გაუღიმა, მერე დაჯდა და მათ მოპირდაპირე მხარეს ორი თავისუფალი მერხისკენ მიუთითა. 

მერხები ფართოდ იყო გაშლილი და წრეზე დალაგებული. გარშემო მჯდარი, დაახლოებით ათი-თხუთმეტი ადამიანიდან ყველა ხედავდა ერთმანეთის სახეს. თვითონაც ჩამოსხდნენ სკამებზე და გაჭირვებით შეატიეს ფეხები მერხების ქვეშ. ეკამ ყავის ჭიქა წინ დაიდო და თავსახური მოხადა. ხელი პირისკენ წაიღო, მთქნარება რომ შეეკავებინა.

– არ შეგაწუხებდით ამ შაბათ დილას, მარა ამ საკითხის უთქვენოდ გადაწყვეტა არ გვინდოდა. – დირექტორი ორივე ხელით წითელ კალამს ათამაშებდა. 

გიორგიმაც თავი დაუქნია, არ არის პრობლემაო, და პატარა სკამის საზურგეს მიეყრდნო. 

ეკამ ბლოკნოტი გადაშალა და წრეზე მსხდომთ მოავლო თვალი. ამ ადამიანებიდან არც ერთს არ იცნობდა. ერთი წლის წინ, როცა სკოლამ კონსულტანტებს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში სთხოვა დახმარება, თვითონ ჯერ ამ გუნდის წევრი არ იყო. ამის მიუხედავად, დაკვირვებით ჰქონდა წაკითხული თითქმის ყველა ის დოკუმენტი, რაც მაშინდელმა კონსულტანტებმა სამუშაო შეხვედრების და განხილვების შედეგად შექმნეს. 

აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი რამდენიმე ათეულ-პუნქტიანი პოლიტიკა იყო, სწავლისა და სწავლების ხარისხის განსავითარებლად შემუშავებული. პოლიტიკის ამოსავალი წერტილი კი მოსწავლეებისთვის სწავლის შეყვარება, ცნობისმოყვარეობის განვითარება და მოტივაციის გაჩენა იყო. ყველა პუნქტიც, შესაბამისად, ისე იყო გაწერილი, რომ ამ დევიზს ატარებდა ქვეტექსტად. 

განსაკუთრებით საინტერესო იყო, და ბლოკნოტშიც ამოწერილი ჰქონდა, ერთი პუნქტი, მასწავლებლების შერჩევასთან დაკავშირებით; კერძოდ, რა ადამიანური ღირებულებები უნდა ჰქონოდა მასწავლებელს, მოსწავლეებთან ურთიერთობის უნარის შეფასებაზე, ბავშვების მიმართ ტოლერანტულობაზე, თითოეული მათგანის დაინტერესებაზე და საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე.

გულის სიღრმეში მაინც არ იყო დარწმუნებული, რომ ამ, ერთი შეხედვით, იდეალისტურ პრინციპებს რეალურად ახორციელებდნენ. ამაში დასარწმუნებლად ამ განსაკუთრებული სკოლის საკუთარი თვალით ნახვა იყო საჭირო. 

– ესეთი შემთხვევა გვაქვს მოკლედ, ჩვენი ერთი მოსწავლე საკონტროლო წერის დროს ბიოლოგიის მასწავლებელმა ხმაურის გამო დასაჯა. არ ისვენებდაო, ყველას ხელს უშლიდა და რაღაცეებს ეკითხებოდაო… როგორც არის ხოლმე რა. გადაწერა უნდოდა. ძაან ცელქობს ეს ბავშვი სულ, ისეც, ყველასთან. ხოდა, ამ მასწავლებელმა შუა წერის დროს მერხი გამოაწევინა დაფის წინ და ასე გამოცალკევებით დასვა. თან მთელი კლასისთვის უთქვამს ხმამღლა, სანდრო ასე თუ გააგრძელებს, ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაშიო. არც არავის ენდომება ამასთან მეგობრობაო, სულ სხვების ხარჯზე თუ უნდა იყოსო… – დირექტორმა ორივეს ამოხედა და წარბების აწევით დაასრულა, ასეა საქმეო. 

არც ისე კარგი დასაწყისი იყო.

– კლასი გაჩუმებულა, ვერავინ ვერაფერი თქვა… 13 წლის ბიჭია. დედამისმა, ბავშვი სახლში შერცხვენილი მოვიდაო, არ ლაპარაკობდაო… და ეხლა ითხოვს, რომ ამ მასწავლებელს რამე მოვუხერხოთ, ან გაფრთხილება, ან გაგდება… – დირექტორმა მძიმედ აიჩეჩა მხარი და კალამი მაგიდაზე დადო, – მანამდე სკოლაში არ გამოვუშვებო… – ისევ ისე აწია წარბები და მხრებიც ააყოლა უიმედოდ. – რა ვუყოთ ეხლა ამ ბავშვის მოტივაციას?

– და მასწავლებელი რით ხსნის ამას? რას ამბობს? – გიორგიმ ირგვლივ მსხდომ მასწავლებლებს გადახედა და ხმას ოდნავ აუწია, რომ აქა-იქ შიდა ჩურჩულები გადაეფარა. 

დირექტორმა ხელი მსუბუქად დააბრახუნა მაგიდაზე და დაბღვერილმა მიმოიხედა. ჩურჩული მაშინვე მიწყდა. 

– მასწავლებელი, შენ წარმოიდგინე და, არ თვლის, რო რამე არასწორად გააკეთა. სანდრო ყოველთვის ხმაურობს და არასდროს მიჯერებსო. ყველას ხელს უშლის და არ აცდის სწავლასო. გინდა არ გინდა, რამე უნდა გამეკეთებინა ისეთი, რითაც გავაჩუმებდიო. გააჩუმა კი არა, სკოლიდან მოიკვეთა ბავშვმა ლამის ფეხი. – ჩაეცინა დირექტორს.

გიორგიმ სერიოზული სახით თითები ნიკაპზე მოისვა. 

– თორნიკე, თქვენ დაელაპარაკეთ მასწავლებელს? – გახედა დირექტორის მარჯვნივ მჯდომ ახალგაზრდა კაცს, რომელიც მაშინვე მობილიზდა. 

– დიახ… კი, რა თქმა უნდა. – ჩაიწმინდა თორნიკემ ხმა და მორიდებულად დაიწყო, – მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში რაც ჩავწერეთ შარშან, იმას ეწინააღმდეგება ეს საქციელი. ცალსახად! ბავშვს სწავლის მოტივაცია დაუკარგა, ფაქტობრივად, ეგრე გამოდის. არადა, ჩვენი ყველა მეთოდი, მიდგომა, კურიკულუმი… მაგაზეა ორიენტირებული, ბავშვებს სწავლა შეაყვაროს. პოლიტიკის მიხედვით, კათედრები ყოველ კვირა ხვდებიან და განიხილავენ პრობლემებს, ახალ-ახალ მიდგომებს. მე პირადად ვკურირებ მაგ შეხვედრებს და ჩართულები არიან ყველანი. ქალბატონ ნანასაც შეეძლო სანდროს საკითხი კათედრის შეხვედრაზე გამოეტანა და იქ გადავწყვეტდით ერთად. საჩვენებელ გაკვეთილს ჩავუტარებდით, ან რამე; ვერაფერს მიაღწევ და არაფერი გამოგივაო რო ეუბნება, ეგ სიტყვები მთელი ცხოვრება შეიძლება გაყვეს ბავშვს…  

ეკას მხოლოდ ის კითხვა აწუხებდა, თვითონ ის მასწავლებელი რატომ არ ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც მისი საკითხი განიხილებოდა. 

– ჰმ… – გიორგიმ მარცხნივ გაიხედა მიზანმიმართულად, – და კათედრის ხელმძღვანელი რას ფიქრობს? 

ქალს, რომლისკენაც იყო მზერა მიმართული, მობილური ეჭირა ორივე ხელით და ეკრანს უყურებდა. უცებ აწია თავი, ცხვირიდან სათვალე მოიშორა და ტელეფონი დადო. ეკამ ვერანაირი აღელვება ვერ შეატყო სახეზე, თეთრი თვალები თითქოს გაქვავებული ჰქონდა.  

– მე აქამდეც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და კიდევ გავმეორდები: არ ვემხრობი მასწავლებლის გამტყუნებას. ნანა ძალიან ძლიერი პედაგოგია, თავისი საქმის პროფესიონალი, უნივერსიტეტის პროფესორი… იცის თავისი საქმე. მაგ ბავშვს კიდევ სხვა მასწავლებლებთანაც აქვს პრობლემები და ვერავინ მოთოკა. ყოველთვის არღვევს წესრიგს და სხვებსაც ხელს უშლის. სადაური წესია, ის ბავშვი გამართლდეს, რომელიც არც თვითონ ვარგა არაფერში და სხვა ბავშვებსაც არ აცდის სწავლას. გაფუჭებული ვაშლი, ზუსტად! 

საკლასო ოთახის სამი მხრიდან შეშფოთებული ჩოჩქოლი წამოვიდა. მხოლოდ ის მხარე იყო ჩუმად, რომელიც კათედრის ხელმძღვანელის გაყოლებაზე იჯდა. 

– მარტო ბავშვის მხარეს არავინ იცავს აქ! – აიმაღლა ხმა დირექტორის მარცხნივ მჯდომმა ქალმა, შავად შეღებილი თმა უკან ჰქონდა გადაწეული. გრძელი შავი ფრჩხილები და მოელვარე თვალები საბრძოლოდ იყო თითქოს გამზადებული; – ნანასაც დაველაპარაკეთ არაერთხელ და მივეცით მიმართულება, აგერ თორნიკემაც არაერთხელ აუხსნა როგორ უნდა მოიქცეს ბავშვებთან და როგორ უნდა მართოს კლასი. უბრალოდ, ზოგიერთებს გონიათ, რომ თვითონ არიან ყველაზე ჭკვიანები და არაფერი ესწავლებათ. – ზიზღით აემრიზა ქალს სახე, – სანდრო კიდევ, ჩემი გაზრდილია დაწყებითში. ცელქი ბავშვია, კი, და თავისებური მიდგომა სჭირდება. გაფუჭებული არ ეთქმის ნამდვილად! 

– ხო, ეტყობა ვისი გაზრდილიცაა, კიი… – ღიმილით ჩაილაპარაკა კათედრის ხელმძღვანელმა, სათვალე ისევ გაიკეთა და ტელეფონი დაიბრუნა ორივე ხელში. 

– ბატონო?! – კიდევ უფრო წამოენთო შავგვრემანი ქალი. დირექტორმა მხარზე მსუბუქად დაადო ხელი და თავი გააქნია. 

კათედრის ხელმძღვანელის გაყოლებაზე, სამი ადამიანის იქით მჯდარმა, შედარებით ახალგაზრდა ქალმა გამოწია თავი და სიფრთხილით მიმართა ოთახს:

– ქალბატონი ნანა ძალიან ბევრ მშობელს უყვარს. რამდენიმე მშობლისგან ვიცი ზუსტად, მარტო იმიტომ შემოიყვანეს შვილები აქ, სამედიცინოზე რო მოხვდნენ მერე… 

ეკას თვალები გაუფართოვდა. თავი მსუბუქად გააქნია და ყავა მოსვა. თავისი კლასელი გაახსენდა, რომელსაც ქიმიის მასწავლებელი სულ ათიანებს უწერდა, არადა იმ ბავშვმა წყალბადის ნიშანი როგორ იწერებოდა, ეგეც არ იცოდა. 

– მოსწრება როგორი აქვს ამ ბავშვს? – იკითხა გიორგიმ, ჩოჩქოლის ტალღა ოდნავ რომ მიწყნარდა. 

დირექტორმა თორნიკეს გადახედა, მისგან ითხოვდა პასუხს. 

– მათემატიკაში საუკეთესოა. ინგლისურშიც. თითქმის ყველა საგანში მაღალი ქულები აქვს; – უპასუხა თორნიკემ და ხმა ჩაიწმინდა, – ბიოლოგიის გარდა…

გიორგის გაეღიმა და თავი მსუბუქად დაუქნია. მერე დირექტორს გახედა. ეკამაც ინსტინქტურად იქითკენ მიმართა მზერა. დირექტორი სერიოზული სახით ჩაშტერებოდა გადაშლილ ბლოკნოტზე დადებულ ფურცელს.  

– პოლიტიკაში, როგორც მახსოვს, ზუსტად წერია ის მიზეზები, რის გამოც შეიძლება მასწავლებელი გაუშვას სკოლამ. – გიორგიმ წარბები აწია და ფრთხილი ტონით შეახსენა დამსწრეებს დოკუმენტის არსებობის შესახებ, –  ვის მოსწავლეებსაც დაბალი მოსწრება აქვს და თან არც ცდილობს, რომ გააუმჯობესოს შედეგები, ვინც ვერ მართავს კლასს და არასწორად ექცევა მოსწავლეებს…

კათედრის ხელმძღვანელმა დამცინავად გაიღიმა: 

– უკაცრავად, მაგრამ ეს სკოლა მაგ პოლიტიკის გარეშეც არსებობდა უკვე ამდენი ხანი. ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ, მაგრამ გარედან მოსული ადამიანები ვერ გადაწყვეტენ, ვინ როგორ უნდა გაუშვან სამსახურიდან.

ეკამ მომენტალურად დაიჭირა ამ ქალის გასწვრივ მჯდომი მასწავლებლების მზერა, კათედრის ხელმძღვანელს, როგორც მხსნელს და ლიდერს, ისე უყურებდნენ. თვითონ გიორგის გახედა და ამჯერად მისი რეაქციის მოლოდინში დაეძაბა თვალები. 

გიორგიმ ჩაახველა და თითები გაატკაცუნა. 

– ქალბატონო ინგა, თქვენ შეიძლება არ გვესწრებოდით სამუშაო შეხვედრებზე, მაგრამ მე არც ერთი არ გამიცდენია და კარგად მახსოვს, ვინც იყო ჩართული პოლიტიკის შემუშავებაში, ყველა მასწავლებელი თუ ხელმძღვანელი გახსნილად აფიქსირებდა თავის პოზიციას. ძალიან ბევრი შეხვედრა და ჩასწორებები დაგვჭირდა, საბოლოო დოკუმენტი რომ მიგვეღო. თუ ამ პოლიტიკას თქვენთვის არანაირი ძალა არ აქვს, მაშინ შევთანხმდეთ, რომ ტყუილად გვიმუშავია ამდენ ადამიანს. 

კათედრის ხელმძღვანელმა თავი უკმაყოფილოდ გააქნია, აზრი არ აქვს ამასთან ლაპარაკსო, ისევ ტელეფონს ჩახედა უმისამართოდ.

დირექტორმა გაორებული სახით ამოიხედა, ბლოკნოტზე დადებული ფურცელი აიღო და გიორგის მიმართა. 

– კიდევ ერთი რაღაცაა… პოლიტიკაში ისიც ჩავწერეთ, რომ ბავშვს ცუდი მოსწრების გამო არ ვუშვებთ სკოლიდან. მაგრამ, თუ მისი ქცევის გამო ხელი ეშლება საგაკვეთილო პროცესს და ეს სხვა ბავშვებს უშლის ხელს სწავლაში… – თითქოს ზეპირად ამბობდა იმას, რაც, სავარაუდოდ, იმ ფურცელზე ეწერა. 

ეკასაც მაშინვე გაახსენდა ეს ნაწილი. ახლა უკვე ბავშვისკენაც აღარ იხრებოდა პოლიტიკა. 

გიორგიმ თავი დაუქნია, მესმისო, და ცოტა ხანში დაიწყო:

– ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია. მაგრამ პოლიტიკა იმასაც ხომ ამბობს, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. მარტო იმის გამო თუ გავუშვებთ ბავშვს, რომ ცუდად იქცევა და ყურადღებას ვერ იკრებს, მაშინ ნახევარი სკოლა დარჩენილა მარტო… ნახევარიც არა, შეიძლება. რადგან შეთანხმდით თავის დროზე, რომ ბავშვი და მისთვის სწავლის სურვილის გაღვიძება სკოლისთვის პრიორიტეტია, მასწავლებლის პრიორიტეტიც ეგ უნდა იყოს. ცელქი და ცუდი ყოფაქცევის ბავშვებისთვის ფსიქოლოგი არსებობს, ქცევის მართვა, უამრავი მეთოდია საქციელის გამოსასწორებლად. მასწავლებელმა შეიძლება დაუფიქრებლად თქვა ის, რაც თქვა. ან შეიძლება განზრახაც, შეიძლება ეგონა, ასე უფრო მოთოკავდა. ფაქტია, ბავშვზე ამან კარგად არ იმოქმედა. და ჩემი აზრით, ეგ უნდა იყოს ზუსტად გადამწყვეტი. 

დირექტორმა, წარბშეკრულმა, თავი დაუქნია. 

– კენჭი ვყაროთ! – გადახედა კოლეგებს. 

კენჭი ყარეს. მასწავლებლის მხარეს საკლასო ოთახის მხოლოდ ნახევარი იჭერდა. მეორე ნახევარი თავს იკავებდა მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან. 

საბოლოო სიტყვა დირექტორის იყო.

– ისე, სხვათა შორის… – კათედრის ხელმძღვანელმა სათვალის ზემოდან გახედა დირექტორს, – ნანა ჯერ კიდევ ბატონი დავითის დროიდან მოყოლებულია ამ სკოლაში. პირველივე დღიდან, დაარსების დღიდან… აქამდე ეგეთი პრობლემა არ ყოფილა. 

რამდენიმე ადამიანმა დანანებით გახედა დირექტორის თავზე, დაფის ზემოთ დაკიდულ სურათს, რომლიდანაც სავსე კაცი სანდომიანი ღიმილით ბედნიერად იხედებოდა აქეთ. სახე დირექტორისას მიუგავდა ზუსტად, უბრალოდ ჭაღარა იყო. 

დირექტორმა გიორგის გამოხედა, თვალები აატრიალა და გაეღიმა. მერე მხრები გაშალა და წელში გასწორდა, კიდევ უფრო დიდი გამოჩნდა სხვებთან შედარებით.  

– მე მგონია, რომ ბავშვებისთვის სწავლის შეყვარებაა მთავარი, ჯანსაღი გარემოს შექმნაა მთავარი, აქ მოსვლა უნდა უხაროდეს ყველას! ეს რაღაც ფილოსოფია კი არაა მარტო, ჩვენი სკოლის პრინციპია, დათოს ჩადებული პრინციპია ზუსტად! – ხელი აწია უკან, სურათისკენ, – მასწავლებელი კიდევ, ადამიანი უნდა იყოს პირველ რიგში და მერე – პროფესიონალი. – ბლოკნოტიდან გადაკეცილი ფურცელი ამოიღო ისევ, მეორე მხარეს გადაატრიალა და დახედა; ცოტა ხანში გააგრძელა – მასწავლებელმა ისე უნდა მოახერხოს კლასის მართვა, რომ ბავშვებს სკოლაში მოსვლის სურვილი არ დაეკარგოთ. ეგეთი მანიპულატორული სასჯელების გამოყენებას და მოსწავლეების შეურაცხყოფას თუ წავახალისებთ, საერთოდ ვერ ისწავლიან ეგრე კლასის სწორად მართვას და ვერც რთულ ბავშვებთან მოქცევას. ჩვენ კიდევ, გამოდის, ბავშვებზე და იმათ მომავალზე საერთოდ არ ვზრუნავთ. ხოდა, ამიტომ აღარ უნდა დავუშვათ ეგეთი რამის გამეორება! არავითარ შემთხვევაში! – ფურცელი მტკიცედ დადო მაგიდაზე და ხელი დაადო.  

ჩოჩქოლი ატყდა. ამჯერად უფრო აღელვებული ხმები დატრიალდა წრეზე. 

კათედრის ხელმძღვანელი ხელებგადაჯვარედინებული იჯდა სკამის საზურგეზე მიყუდებული. სათვალის უკან თვალები აღარ ჩანდა.

ეკამ ხარბად მოსვა გაციებული ყავა. 

დირექტორის გვერდით მჯდარ შავგვრემან ქალს კმაყოფილი, გამარჯვების ღიმილი შეატყო სახეზე. 

აქ არ დამთავრდებოდა ეს ამბავი. 

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.