- სტრატეგია

როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას

არაკეთილსინდისიერი კონკურენტები დეზინფორმაციას მიმართავენ როგორც იარაღს, მოწინააღმდეგისთვის სწრაფი ზიანის მისაყენებლად. როგორც წესი, გრძელ ვადაში ეს დეზინფორმატორს უფრო მეტად აზიანებს, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა მოკლე ვადაში ძალიან მტკივნეული, და დამღუპველიც კი, აღმოჩნდეს მისთვის, ვისზეც ეს არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ან ვისკენაც არის მიმართული. 

დეზინფორმაცია, როგორც მექანიზმი, ძირითადად ასე მუშაობს:

ა) მიმართულია რაიმე საკითხის მნიშვნელობის დაწევაზე ან პრიორიტეტის შემცირებაზე. ყურადღება გადააქვს მნიშვნელოვანი თემიდან ან ამ მნიშვნელოვან საკითხზე დაბეჯითებით და გამუდმებით იმეორებს, რომ ის სინამდვილეში მნიშვნელოვანი არ არის; თუმცა, როგორც წესი, ამას არ, ან ვერ ასაბუთებს. 

ბ) არ ამბობს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელსაც შეუძლია დეზინფორმაციის მიზნების მიღწევას შეუშალოს ხელი. ანუ, შეგნებულად მალავს რაღაც არსებით ფაქტობრივ ინფორმაციას. 

გ) ტყუილს ამბობს, ანუ იმას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამბობს იმდენჯერ, იმდენი არხის და იმდენი პირის მეშვეობით, რომ მოკლე ვადაში ამ სიცრუეს სინამდვილის ელფერს აძლევს. თანაც, ისეთი ფორმით ამბობს, რომ უკან დაბრუნება თუ დასჭირდა, მერე სხვა კონოტაციით განმარტავს იმას, რასაც დღეს თითქოს ძალიან ცხადი შინაარსი აქვს, მისი დეზინფორმაციის მიზნების შესაბამისი. 

დეზინფორმაციასთან ბრძოლა რთული არ არის, ვინაიდან, როგორც წესი, მას ძალიან ცხადი და მარტივი ინფორმაციით და არგუმენტებითაც კი შეიძლება დაუპირისპირდე. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, უგულებელყოფა არ გაუკეთო მის მნიშვნელობას, ყურადღებით დააკვირდე, გააანალიზო და სწრაფი და მაქსიმალურად სრული ან ზუსტი რეაგირება მოახდინო მასზე. მისი უყურადღებოდ დატოვება, ან სულაც იგნორირება, ყველაზე დიდი შეცდომაა.   

თუმცა, დეზინფორმაციასთან ბრძოლას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სიმართლის წერა არ ეყოფა. ასე დეზინფორმატორს მისი მიზნების მიღწევაში ხელს ან ვერ შეუშლი, ან ბევრი დრო და რესურსი დაგჭირდება ამისთვის. ამასობაში კი შეიძლება ძალიან დაზიანდე კიდევაც. მით უმეტეს, თუ ის თავისი მხრიდან ძალიან მიზანმიმართულად და წერტილოვნად სწორად მოქმედებს და რესურსებსაც და მონდომებასაც არ  იშურებს ამისთვის. 

იმისათვის, რომ დეზინფორმაციას წინააღმდეგობა გაუწიო, საჭიროა: 

1) პირველ რიგში, პრიორიტეტულობა უნდა დავუბრუნოთ საკითხს, რომელსაც დეზინფორმატორი შეგნებულად უკნინებს მნიშვნელობას. ამისათვის შესაბამისი არგუმენტების, ინფორმაციის მომზადება და გავრცელება არის საჭირო. 

2) ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ დეზინფორმატორს: რა ცხად ინფორმაციულ გეპებს ტოვებს შეგნებულად, ანუ რას არ ამბობს, ან, საერთოდაც, მალავს (ეს ეხმარება, ასევე მისი მიზნების უკეთესად გაგებასაც) და ყურადღება სწორედ ამ ინფორმაციული გეპის სწორად და ზუსტად შევსებაზე გავამახვილოთ. 

    3) არგუმენტირებული და სათანადოდ ინფორმირებული გაქარწყლება ყველა იმ ტყუილის, რომელსაც დეზინფორმატორი შეგნებულად ავრცელებს. იმის იმედად ყოფნა, რომ „ეს ხომ მაინც ტყუილია და თავისითაც ხომ გაირკვევა“, ხშირ შემთხვევაში, ძალიან სარისკოა და დეზინფორმატორიც, როგორც წესი, გათვლას ჩვენს ასეთ მოსალოდნელ ქცევაზე აკეთებს. 

      ამ სამ საკითხზე კონცენტრაციას შეუძლია მინიმალური რესურსებით წერტილოვნად მოქმედებით მაქსიმალურად შეამციროს დეზინფორმაციის უარყოფითი გავლენა. 

      ამ ამოცანების ეფექტურად გადასაწყვეტად კი, თავის მხრივ, საჭიროა ერთმანეთისგან გაიყოს ორი ამოცანა: საპასუხო ინფორმაციის მომზადება და ინფორმაციის სწორად გავრცელება.  

      როგორც წესი, დეზინფორმაციის გამაქარწყლებელი ინფორმაციის შექმნას საკმაოდ ბევრი, შემოქმედებითი მუშაობა სჭირდება და თანაც შემჭიდროვებულ ვადებში. ამისათვის აუცილებელია: 

      ა) ავტორიტეტული ექსპერტების უფრო აქტიური გამოყენება. ინფორმაციის მომზადებისას უფრო აქტიურად დაყრდნობა მათ მოსაზრებებსა და ნამუშევრებზე. 

      ბ) კვალიფიციური ჟურნალისტებისა და ქოფირაითერების ჩართვა იმისათვის, რომ მომზადებული ინფორმაციის ხარისხი, შინაარსი, სტრუქტურა, გადაცემის სტილი, გადაცემის ფორმა მიზნებისა და სიტუაციის შესაბამისად იყოს შერჩეული. 

      გ) მაგალითების, პრაქტიკების, ფაქტობრივი მონაცემების, დოკუმენტური მასალისა და ავტორიტეტული და მრავალფეროვანი წყაროების გამოყენება, რაც ინფორმაციას კიდევ უფრო სანდოს და საინტერესოს ხდის. 

      რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, ამისათვის საჭიროა: 

      1) ამ ინფორმაციით, პირველ რიგში, ჩვენი მიმდევრები აღვჭურვოთ იმისათვის, რომ მათ გაუადვილდეთ ჩვენი ინტერესების დაცვა საკუთარ სამზარეულოებში, სამეგობროებში და შემთხვევითი კამათისას. ჯერ ისინი უნდა იყვნენ ძალიან კარგად ინფორმირებული და შესაბამისი არგუმენტები და შინაარსი მათთან უნდა იყოს კარგად მიტანილი. ეს აუცილებელი, მაგრამ მაინც არასაკმარისი საშუალებაა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობისას.

        2) ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, ვისზე მიმართავს ყველაზე მეტად დეზინფორმატორი თავის ძალისხმევას და ინფორმაციას. ეს, როგორც წესი, ერთი ან რამდენიმე ადამიანია ან – ადამიანთა რამდენიმე კონკრეტული ჯგუფი, ვის აზრსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დეზინფორმატორისთვის. სწორედ ამ ჯგუფების გამოკვეთა არის საჭირო. ეს შეიძლება იყოს, მათ შორის, ცალკეული ორგანიზაციების თანამშრომლები, რომელიღაც გაერთიანების წევრები, ძალაუფლების მქონე ცალკეული პირი ან პირები და ა.შ. ამ ადამიანების სწორად ინფორმირება არის ხოლმე, როგორც წესი, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მთავარი ამოცანა. ვინაიდან, ხშირად, დეზინფორმატორის წარმატება ყველაზე მეტად სწორედ ამ ადამიანების განწყობასა და შეხედულებებზეა დამოკიდებული. 

          3) ადამიანისთვის, ან ადამიანთა ჯგუფისთვის წყაროების შერჩევა, სადაც უნდა მოხდეს ინფორმაციის გავრცელება და ინტენსივობის განსაზღვრა, რა ინტენსივობით უნდა მოხდეს და არა მხოლოდ ერთი მხრიდან, არამედ ბევრი ადამიანის პირით. რაც შეეხება წყაროებს, ის სასურველია მაქსიმალურად იყოს მიახლოებული სამიზნე აუდიტორიასთან, კერძოდ: კარგად „დაბუსტული“ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, მრავალფეროვანი ელექტრონული საინფორმაციო არხები, რაც არც თუ ისე ძვირი ჯდება, ბეჭდური რეგიონალური მედია, ან სულაც პერიოდულად დაბეჭდილი საინფორმაციო ფურცლები, რომლებიც გამომააშკარავებელ ინფორმაციას შეიცავს და კარდაკარ, ეზო-ეზო, აფთიაქებსა თუ სუპერმარკეტებში ვრცელდება პერიოდულად და ახალ-ახალი ინფორმაციით. ერთჯერად აქტივობას თითქმის არასდროს არ აქვს სათანადო შედეგი, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ინფორმაცია და როგორი ეფექტურიც — მისი გავრცელების გზები.

            თუ ინფორმაციის წარმოება პროდუქტიულად მიმდინარეობს, თუ ამ პროცესში საკმარისად ბევრი და მრავალფეროვანი მხარეა ჩართული, ხოლო ინფორმაციის გავრცელებაც ძალიან სწორი არხებით, წერტილოვნად და ინტენსიურად მიმდინარეობს, ასევე მრავალი პირის მონაწილეობით, დანარჩენი – რაც უფრო დიდია დეზინფორმაციის ტყუილი, მით უფრო ადვილია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 

            ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც დეზინფორმაციით ზიანს განიცდის, ან მოსალოდნელია, რომ ზიანი განიცადოს, ჩვენ ვურჩევთ შექმნას „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის რედაქტორის” როლი, რომელიც კონკრეტულად დეზინფორმაციის წინააღმდეგ ინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაზე იქნება პასუხისმგებელი. თუ ასეთი როლები ერთი და იმავე დეზინფორმაციით დაზარალებულ ბევრ ორგანიზაციაში იარსებებს და ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ, რომ ერთობლივად დაგეგმონ გარკვეულ ინფორმაციაზე რეაგირება, მათი მოქმედების ეფექტიც და ეფექტიანობაც ბევრად გაიზრდება.

            დაგვიკავშირდით

            მოგვწერეთ: contact@synergy.ge

            დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

            Strategy (c)2025. All Rights Reserved.