• მთავარი  
  • როგორ შეგვიძლია ყველაზე მარტივად შევუწყოთ ხელი რეგიონების განვითარებას?
- საზოგადოებრივი კეთილდღეობა - სტრატეგია

როგორ შეგვიძლია ყველაზე მარტივად შევუწყოთ ხელი რეგიონების განვითარებას?

როდესაც საქართველოს რეგიონებში დაცლილ სოფლებსა და მიტოვებულ ეზოებს ვხედავთ, ეს, სამწუხაროდ, ნაკლებად გასაკვირია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ციფრებს შევხედავთ — ყველა რეგიონის მიერ ერთად შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი თბილისის მაჩვენებელსაც კი ვერ აღემატება.

დღეს უკვე რთულია იმის დაჯერება, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორება ცალკეული, ფრაგმენტული პროექტებით გახდება შესაძლებელი. თუმცა, არც მხოლოდ მასშტაბური სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი. არსებულ სიტუაციაზე ეფექტიანი გავლენის მოხდენა, შესაძლოა, შედარებით მცირე რესურსებითაც გახდეს შესაძლებელი, თუ ადგილობრივ პოტენციალს ვინმე სისტემატურად გამოიკვლევს და შედეგებსაც სათანადოდ გაავრცელებს.

როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონები?

მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის განვითარება, როგორც წესი, სამ ქვეამოცანად იშლება და მოიცავს: ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ხარისხიან ინფრასტრუქტურა – ჯანდაცვასა და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფას. 

თუმცა, მათ შორის ყველაზე კრიტიკული, ალბათ, მაინც ფინანსური კეთილდღეობის გაჩენაა. სწორედ ეკონომიკის განუვითარებლობა და დაბალი შემოსავლები ხდება ხოლმე რეგიონების დაცლის მთავარი მიზეზი. ამიტომ ამ ამოცანის გადაჭრას, წესით, ყველაზე დიდი გავლენა და ჯაჭვური ეფექტი უნდა ჰქონდეს რეგიონების განვითარების მთავარ ამოცანასთან მიმართებით.

ამ ქვეამოცანის გადასაჭრელად კი ყველაზე ეფექტიანი გზა სწორედ რეგიონული პოტენციალის კვლევა შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე მცირე დანახარჯებით ახერხებს მთავარი მხარეების — კერძო და საჯარო სექტორის ყურადღების ერთ წერტილში დაკონცენტრირებას და რესურსების მის ათვისებაზე მიმართვას.

რეგიონული პოტენციალის კვლევა, როგორც ეკონომიკური განვითარების საფუძველი

მონაცემებით დასაბუთებული პოტენციალი, როგორც წესი, რამდენიმე მიმართულებით იწყებს მოქმედებას:

პირველ რიგში, ის ბუნებრივად აღვივებს კერძო სექტორის ინტერესს. როდესაც ინვესტორი მკაფიო ციფრებსა და შესაძლებლობებს ხედავს, გადაწყვეტილების მიღებაც უმარტივდება.

მაგალითად, თავის დროზე ჩილეში, ატაკამას უდაბნოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ტერიტორიაზე მზის გამოსხივების უნიკალურად მაღალი მაჩვენებელი და თითქმის ნულოვანი ტენიანობა იყო. ამ მონაცემებმა კერძო სექტორს მკაფიო სიგნალი მისცა და დღეს ეს ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იაფ და სუფთა ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

მეორე მხრივ, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები საჯარო სექტორის ეფექტიანობასაც ზრდის. ადგილობრივ თვითმმართველობებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ არსებული მცირე რესურსები სწორედ გამოვლენილი პოტენციალის ირგვლივ მიმართონ.

დაახლოებით ასე მოხდა ჩინეთშიც, როდესაც პატარა მეთევზეთა სოფელ შენჯენში, ჰონგ-კონგთან სიახლოვის გამო, სტრატეგიული პოტენციალი დაინახეს. სახელმწიფომ ყურადღება ამ შესაძლებლობაზე გაამახვილა — შექმნა საგადასახადო შეღავათები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა — რამაც დასახლება რამდენიმე ათწლეულში მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ჰაბად აქცია.

ბოლოს კი, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაბუთებული პოტენციალი კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს, რაც საფუძველს უყრის უფრო ხანგრძლივ, მასშტაბურ და სტრატეგიულ პროექტებს.

როგორ შეიძლება რეგიონული პოტენციალის კვლევები მუდმივად ხორციელდებოდეს?

იმისათვის, რომ ქვეყანაში მუდმივად მიმდინარეობდეს კვლევა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონები ან რა პოტენციალია იქ ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, მუნიციპალიტეტების დონეზე შეიძლება შეიქმნას მცირე ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი შესაძლებლობების გამოკვლევაზე იქნება ორიენტირებული. ამ ჯგუფს შეუძლია ითანამშრომლოს კვლევით ორგანიზაციებთან, მოიწვიოს ექსპერტები და ეტაპობრივად გაზარდოს ადგილობრივი ანალიტიკური კომპეტენცია.

ასევე, სასარგებლო შეიძლება იყოს პერიოდული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სადაც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები მიმდინარე პროექტებსა და ახალ შესაძლებლობებს განიხილავენ.

გარდა ამისა, ადგილობრივ მმართველობებს შეუძლიათ გამოსცადონ კერძო სექტორთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმა, იქნება ეს — სტრატეგიული კვლევების თანადაფინანსება, ბიზნესფორუმების მოწყობა, თუ საბაზისო კვლევების თავად განხორციელებით რეგიონზე ძირითადი მონაცემების მომზადება, რაც ბიზნესს დამატებითი თემატური კვლევების ჩატარებისკენ უბიძგებს.

საბოლოოდ, საქმე მხოლოდ რეგიონების ეკონომიკის განვითარებაში არ არის

ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენა, თავის მხრივ, ბუნებრივად ქმნის მოთხოვნას უკეთეს ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ სერვისებზე, რასაც შემდეგ იგი თავადვე თანმიმდევრულად ავითარებს. შესაბამისად, რეგიონული პოტენციალის კვლევა შეიძლება ის მცირე, მაგრამ პრაქტიკული მექანიზმი აღმოჩნდეს, რომელიც ეტაპობრივად შეცვლის ადგილობრივ რეალობას.

საბოლოო ჯამში, მიგვაჩნია, რომ რეგიონული პოტენციალის კვლევა ადგილობრივი თვითმმართველობების ხელთ არსებული რესურსებით პრაქტიკულად განხორციელებადი ის მექანიზმია, რომელსაც რეალური გარდატეხის მოხდენა შეუძლია, ჯერ ადგილობრივ ეკონომიკაში, შემდეგ კი — მთლიანად რეგიონის განვითარებაში. 

სწორედ ამის დასაბუთებასა და განხორციელებისთვის რამდენიმე იდეის გაზიარებას ემსახურებოდა „სინერჯი ჯგუფის“ მიერ მომზადებული ეს სტატია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივად შესტკივა გული საქართველოს რეგიონებზე და იმ აუთვისებელ პოტენციალზე, რაც იქ იმალება.

დატოვე კომენტარი

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.