მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
7 ივნისი, 2010 | წაკითხულია 10 178-ჯერ
წელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეურთდება სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიგებს. მათთვის, ვინც ახლა იწყებს მაღალი თანამდებობებისკენ მიმავალი რთული გზის გავლას, უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება გაიკვლიონ გზა შიდა ორგანიზაციული ურთიერთობების ლაბირინთებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინსტრუქციებსა და დარიგებებს ალბათ მათ ორგანიზაციებშიც მისცემენ, ჩვენც გვინდა რამოდენიმე რჩევა მივცეთ, თუ როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და რაც მთავარია რა არ გააკეთონ იმისთვის, რომ ახალ სამსახურთან შეგუებაც გაუადვილდეთ და კარგი კარიერის წინაპირობაც შეიქმნან.
მაშ ასე:
1. მიდით სამსახურში ხელმძღვანელზე და დანარჩენ თანამშრომლებზე ცოტა ადრე და წამოდით მათზე ცოტა გვიან – გახსოვდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება თქვენ შესახებ სწორედ თქვენი ოფისში ყოფნის ინტენსივობის მიხედვით ჩამოყალიბდება, შეგაფასებენ პირველ რიგში სწორედ იმის მიხედვით, რამდენ დროს ატარებთ მათ თვალწინ. ყოველი დაგვიანება ძვირად დაგიჯდებათ, ისევე, როგორც ოფისიდან ადრე წასვლის შემთხვევა.
2. არასოდეს, არსად, არავისთან არ თქვათ არაფერი ცუდი არც უფროსზე, არც კოლეგებზე და არც ორგანიზაციაზე. მაშინაც კი, როცა რაღაც ხარვეზებს ცხადად ხედავთ – გახსოვდეთ, ხარვეზები ყველგან არის, თქვენ კი ერთი უადგილოდ ნათქვამი სიტყვა აუცილებლად დაგიბრუნდებათ ბუმერანგივით უკან. თუ რაიმე არ მოგწონთ, პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელთან განიხილეთ და ესეც მხოლოდ იმის შემდეგ, როცა თქვენი აზრი საკმარისი ყურადღების ღირსი გახდება.
3. ყოველთვის დაიცავით სუბორდინაცია – გახსოვდეთ, ხელმძღვანელებს არ უყვართ, როცა მათი ნებართვის გარეშე ვინმე მათ ხელმძღვანელებს რაიმე ინფორმაციას აძლევს ან დავალებებს უსრულებს. და თუ ისე მოხდა, რომ ვინმემ მისი გვერდის ავლით რაიმე დავალება მოგცათ, აუცილებლად განიხილეთ ეს შემთხვევა თქვენს უშუალო ხელმძღვანელთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მისი სახით სერიოზული მტერი გაიჩინოთ.
4. ღიად გამოიჩინეთ აქტიური ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც თქვენს გარშემო კეთდება. კარგად დააკვირდით ყველას, ვინ რას როგორ აკეთებს და შეაწუხეთ ისინი შეკითხვებით, თუ რატომ აკეთებენ სწორედ ასე – გახსოვდეთ, ადამიანების უმეტესობას მოსწონს, როცა ვინმეს რამეს ასწავლის, მთავარია მისგან საფრთხეს არ გრძნობდეს. ეს თქვენ ერთის მხრივ, ხალხის სწრაფად გაცნობაში დაგეხმარებათ, მეორეს მხრივ, საქმესაც უკეთ და სწრაფად შეისწავლით და ინტერესიანი და სწრაფად მზარდი თანამშრომლის იმიჯსაც მალევე შეგძენთ. მთავარია, უშუალო ხელმძღვანელი არ მოაცდინოთ თქვენი შეკითხვებით (ეს შეიძლება კოლეგებისთვისაც გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს და მეტიჩრობაში და თავის გამოჩენაში ჩაგითვალონ) და სხვებიც ძალიან არ შეაწუხოთ.
5. გამოიჩინეთ ინიციატივა – გახსოვდეთ, ყველას, ვინც იდეებით გამოდის, გზებს ამბობს და მოქმედების მზადყოფნასაც გამოხატავს, მეტი შანსი აქვს კოლეგებისა და ხელმძღვანელების მხრიდან ნდობა, პატივისცემა და თანადგომა დაიმსახუროს. ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან, შესაბამისად, თქვენი მონდომება მალე გამოგაჩენთ და ხელმძღვანელების ყურადღებასაც სწრაფად დაიმსახურებთ. მთავარია ინიციატივებით თქვენი სამსახურის შიგნით გამოხვიდეთ აქტიურად, თორემ თქვენი ხელმძღვანელის ხელმძღვანელებთან გამოთქმული იდეები და მოსაზრებები შესაძლოა ისევ საპირისპიროდ მოგიბრუნდეთ. აუცილებლად გეტყვიან რამეს, თუ ფიქრობდი და იდეები გქონდა, ჯერ აქ გეთქვა, სანამ გარეთ დაიწყებდი მათზე საუბარსო.
6. ყოველთვის გამოთქვით აზრი მაშინ, როცა მას გეკითხებიან, ვინაიდან რამოდენიმეჯერ აზრის გამოთქმისგან თავის შეკავება იმის შიშით, რომ თქვენი მოსაზრება არც ისე ბრძნული აღმოჩნდება საბოლოოდ შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ აღარასოდეს გკითხონ აზრი. გახსოვდეთ, გადაწყვეტილებას თქვენი ნათქვამის მიხედვით მაინც არ მიიღებენ, თუმცა რაღაცაში ოდნავ მიანც დაეხმარებათ. მთავარია ისეთ საკითხებზე არ ილაპარკოთ ბევრი, სადაც აზრს არ გეკითხებიან, პირველი შემთხვევისგან განსხვავებით ასეთი აქტიურობა შესაძლოა მეტიჩრობაში ჩაგეთვალოთ, ნათქვამის შინაარსის მიმართაც ბევრად მეტი კრიტიკა და შენიშვნები ექნებათ, საბოლოო ჯამში შესაძლოა პირიქით უფრო გააღიზიანოთ კოლეგებიც და ხელმძღვანელობაც.
7. როცა რაღაც დავალებაზე მუშაობთ, გაიარეთ კონსულტაციები, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, მათ შორის უშუალო ხელმძღვანელთან. ნუ ეცდებით, რაღაცა სრულიად დამოუკიდებლად გააკეთოთ იმის შიშით, რომ ვიღაცასთან დიდების გაზიარება არ მოგიწიოთ – გახსოვდეთ, ასე საქმის უკეთესად გაკეთების შანსიც მეტი იქნება, კოლეგების ჩართულობაც და დახმარების სურვილიც და შედეგების შეფასებისასაც ნაკლებად კრიტიკულები იქნებიან. მთავარია ამას კონსულტაციების გავლის სახე ჰქონდეს და არა პასუხისმგებლობის გადაბარების. საბოლოო გადაწყვეტილებები, თუ რომელი რჩევა როგორ გაითვალისწინოთ მაინც თქვენ უნდა მიიღოთ და შედეგებზე პასუხისმგებლობაც, შესაბამისად, თქვენვე უნდა დაიტოვოთ.
8. ეცადეთ, ყოველთვის იმოქმედოთ პრინციპით – როცა რაღაცა კარგად გამოდის ეს უპირველესად თქვენი კოლეგების და ხელმძღვანელის დამსახურებაა, ხოლო თუ რაიმე არ გამოდის, მთლიანად თქვენი – სამწუხაროდ ადამიანები ხშირად ზუსტად პირიქით აფასებენ და იქცევიან, რითაც ძალიან ირთულებენ ურთიერთობებს, თვითონვე იმძიმებენ საკუთარ სამუშაო განწყობილებას და სწავლისა და განვითარების სურვილსაც იმცირებენ.
9. თუ რამით შეძლებთ, ყოველთვის ეცადეთ მაქსიმალურად დაეხმაროთ კოლეგებს მათი მოვალეობების უკეთესი ხარისხით შესრულებაში – გახსოვდეთ, თქვენი წარმატების შანსებს თქვენი კოლეგების წარუმატებლობა არაფრით არ ზრდის. სამაგიეროდ თქვენც ასეთივე თანადგომას მიიღებთ თქვენს საქმეებში, რაც უფრო ბევრის უფრო კარგად გაკეთების საფუძველი გახდება, ეს კი სწორედ ის არის, რის მიხედვითაც ზემდგომებიც და კოლეგებიც შეგაფასებენ.
10. რაიმეს კეთებისას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დეტალებს – გახსოვდეთ, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს საკითხის გადაწყვეტის თქვენეული საერთო ხედვა საბოლოო ჯამში მაინც შესრულების დეტალები გახდება თქვენი შეფასების საფუძველი. ერთი პატარა შეცდომაც კი სალაპარაკო გახდება და ბევრი იტყვის, რომ თქვენ უყურადღებოდ აკეთებთ საქმეს და თქვენი ნამუშავარი ლაფსუსებით არის სავსე.
კიდევ ბევრის თქმა შეიძლება იგივე თემაზე, თუმცა დასაწყისისთვის ვფიქრობთ ეს ათიც საკმარისია. ეცადეთ გახსოვდეთ ეს რჩევები, ყოველდღიურად იყენებდეთ მათ და შედეგებიც არ დააყოვნებს.
ბევრი რამ, რაც აქ წერია შესაძლოა არ მოგეწონოთ, იფიქროთ, რატომ ფასდება ესა თუ ის ქცევა კარგად ან რატომ ცუდად. ჩვენც ბევრი რამე შესაძლოა არ მოგვწონდეს ამაში, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არ არის მთავარი. მთავარია მივიღოთ ეს გარემო პირობები, როგორც რეალობა, ვეცადოთ კარგად გამოვიყენოთ საკუთარი კარიერის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში. ვინაიდან ორგანიზაციების უმრავლესობაში სწორედ ამ სტრატეგიით შეიძლება გაიადვილოთ, როგორც კოლექტივთან ინტეგრირება, ისე სწრაფი წინსვლისთვის შეიქმნათ უკეთესი საფუძველი.
წარმატებებს გისურვებთ
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
7 კომენტარი სტატიაზე “მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
8 ივნისი, 2010 06:40
ძალინ კარგი სტატია იყო, რამოდენიმეს არ ვაქცევდი ყურადღებას აქამდე და ვფიქრბ მომავალში დამეხმარება, სტატიის ავტორს მადლობა!
8 ივნისი, 2010 20:45
საინტერესო სტატიაა მთლიანობაში, უკვე რამოდენიმეჯერ გადავიკითხე.
მადლობა სტატიის ავტორს, ბევრს დააფიქრებს და დაეხმარება :)
თუმცა, მე მე-8 პრინციპს არ ვეთანხმები, სხვა მოსაზრება მაქვს… :)
9 ივნისი, 2010 15:14
ვეთანხმები ქეთის და მინდა ვთქვა, რომ მართლაც საინტერესო სტატიაა. თუმცა მისგან განსხვავებით, მე-8 პრინციპსაც ვეთანხმები. ცხადია, ძალიან რთულია მისი დაცვა, როგორც ჩემთვის ისე ალბათ, უმეტესობისათვის. თუმცა, “მე მე მე”-ს პრინციპი ვფიქრობ რომ დამღუპველია ნებისმიერი ადამიანის პროფესიული განვითარებისათვის, ეს არ ერთგვარი დაბრკოლება.
9 ივნისი, 2010 19:45
რადგან ასეა, ავხსნი რას ან რატომ არ ვეთანხმები :)
ციტატა: “როცა რაღაცა კარგად გამოდის ეს უპირველეს ყოვლისა თქვენი კოლეგების და ხელმძღვანელის დამსახურებაა, ხოლო თუ რაიმე არ გამოდის მთლიანად თქვენი”
კონკრეტულ სიტუაციაში შესაძლოა ზუსტად ასე იყოს, მაგრამ როცა გადაწყვეტილებას ხელმძღვანელი იღებს? სხვა საკითხია შესრულების ხარისხი.
მეორე მხრივ, ეს გულისხმობს, რომ ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებ. ასე ფიქრით თავს გუნდის სრულფასოვან წევრად ვერ იგრძნობ, ცალ-ცალკე იქნება “მე” და “ისინი”, არადა წარმატებას თუ წარუმატებლობას მათთან ერთად თუ გაიზიარებ, ბევრად პოზიტიურია ჩემი აზრით, “ჩვენ” უმჯობესია…
მნიშვნელოვან და გადამწყვეტ
გარდა ამისა, ფსიქოლოგიური კუთხით, მუდმივად დამნაშავის როლში ყოფნა ამცირებს თვითშეფასებას და ეს ნეგატიურად მოქმედებს. ეს ჩემი პირადი მოაზრებაა, შესაძლოა ვცდები… :)
7 ივლისი, 2010 14:41
საინტერესო სტატიაა მართლაც:) დარმუნებული ვარ, რომ დამეხმარება; მქონდა რამდენიმე ამ სტატიაში არსებულ პუნქტთან გაურკვევლობა აქამდე.. ამის წაკითხვის შემდეგ რაღაც-რაღაცეებში დავრწმუნდი, რაღაცეებს შევცვლი კიდეც..: ) ქეთის ვეთანხმები ნაწილობრივ, რაიმეს არგამოსვლის მუდმივად საკუთარი თავისთვის დაბრალება უარყოფითად იმოქმედებს, შებოჭავს ადამიანს, რაღაც მომენტში დააკარგვინებს საკუთარი თავის რწმენას…
მთლიანობაში საინტერესოდ იყო გადმოცემული ის, რაც ამ მომენტში ვიცი გამომადგება: )
მადლობა სტატიის ავტორს: )
25 ნოემბერი, 2010 20:30
ნამდვილად კარგი სტატიაა და ბევრ ახალგაზრდას დაეხმარება გაეცნონ ორგანიზაციულ ქცევის წესებს. თუმცა მინდა აგვნიშნო, რომ ამ 10 წესის დაცვა უნდა მოხდეს გააზრებულად და რაც შეიძლება მეტად ბუნებრივად, რადგანაც ხშირად ადამიანებს ყვლაზე მეტად სიყალბე გვაღიზიანებს!
მე დღეს აღმოვაჩინე ეს ბლოგი და ნამდვილად კმაყოფილი დავრჩი.
8 თებერვალი, 2011 16:02
კარგი და ღირებული სტატიაა :) პრინციპში როგორც ამ საიტზე სხვა ბევრი სტატია.. რაც შეეხება მე-8 პუნქტს, მე ვიზიარებ იმ აზრს რომ წარუმატებლობის მიზეზი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ეძებო და არა სხვებში ანუ კოლეგებში, ხელმძღვანელობაში ან ყველაფერი იმას დავაბრალოთ რომ იმ დღეს ცუდი ამინდი იყო ან გამოსვლისას შავმა კატამ გადაგვირბინა :) .. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ვისწავლოთ დაშვებულ შეცდომებზე, ხოლო წარმატება თავში არ აგვივარდეს და განდიდების მაინად არ გვექცეს :)