ქართული კომპანიების ხელმძღვანელების მთავარი ამოცანები 2011 წელს
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
28 თებერვალი, 2011 | წაკითხულია 4 102-ჯერ
რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია და ყოველ მათგანს საკუთარი პრობლემები, ამოცანები და პრიორიტეტები აქვთ. მიუხედავად ამისა, მაინც არის საკითხები, რომლებიც აქტუალურია საქართველოს ბიზნეს-ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისთვის. ამ სტატიაში გვინდა რამოდენიმე მათგანს შევეხოთ. სწორედ ეს ამოცანები, ჩვენი აზრით, იქნება საქართველოში ბევრი მენეჯერისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები 2011 წელს.
უფრო მეტი საინტერესო, ორიგინალური და შემოქმედებითი სიახლე
ველით, რომ 2011 წელი გამორჩეული იქნება ახალი ინიციატივების მხრივ. ბევრი კომპანია შეეცდება შემოქმედებითად მიუდგეს როგორც ბიზნეს, ისე შიდა ორგანიზაციული ამოცანების გადაწყვეტას. განვლილმა კრიზისმა ბევრად შეამცირა გათელილი გზებით სიარულის მოტივაცია პროგრესულ მენეჯერებში და ცხადად დაანახა მათ, რომ კალკირება თითქმის არასდროს არ იძლევა შედეგს. ყოველთვის უკეთესია, გადაწყვეტილება შენი უშუალო გამოცდილებიდან, შენი გარემოდან და არსებულ მომენტში არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიიღო.
წელს კომპანიების წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს:
ა) რამდენად სწრაფი იქნება რეაგირება იმ მომენტში წარმოქმნილ შესაძლებლობებზე;
ბ) რამდენად საინტერესო და ორიგინალური იქნება ნაპოვნი გადაწყვეტილება;
გ) რამდენად ბევრი იქნება ასეთი ცვლილება კომპანიაში.
ის მენეჯერები, რომლებიც შეძლებენ ორგანიზაციაში შექმნან გარემო ბევრი, სწრაფი და საინტერესო ცვლილებისთვის, გამოირჩევიან წელს და საკუთარ კომპანიებსაც გამოარჩევენ.
კვალიფიკაციის ამაღლება მმართველ გუნდში
მმართველი გუნდის კვალიფიკაცია, სადაც იგი აერთიანებს უმაღლესი მენეჯმენტისა და საშუალო რგოლის ყველაზე მნიშვნელოვანი უბნების ხელმძღვანელებს, წელს პირველი პირების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება. ხელმძღვანელები შეეცდებიან წელს კიდევ უფრო გააძლიერონ საკუთარი გუნდები. სამწუხაროდ, სწრაფი ეფექტის მიღების მიზნით ისინი ამას ძირითადად გუნდში ახალი, უფრო განათლებული და გამოცდილი ადამიანების მოყვანით შეეცდებიან. თუმცა ისეთებიც იქნებიან, ალბათ, ვინც გუნდის წევრთა სწავლებას მიანიჭებს უპირატესობას.
წელს მმართველი გუნდის კვალიფიკაციის ამაღლება მნიშნელოვანი ამოცანა იქნება თითქმის ყველა დარგში და ყველა ზომის ორგანიზაციაში. იმაზე, თუ რამდენად კარგად შეძლებენ კომპანიის უმაღლესი ხელმძღვანელები ამ ამოცანის გადაწყვეტას, დამოკიდებული იქნება მომავალ წლებში წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენების ხარისხი.
მეტი საერთაშორისო ურთიერთობები
საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება, მეტი საქმიანი კავშირები უცხოელებთან წლევანდელ წელს ასევე გამოარჩევს გასული წლებისაგან. თითქმის ყველა ზომის კომპანიები, თითქმის ყველა სფეროდან ეცდებიან წლევანდელ წელს მეტ ასეთ ურთიერთობას ჩაუყარონ საფუძველი.
გაყიდვები საზღვრებს გარეთ. შესყიდვები უცხოეთიდან. პოტენციური ინვესტორების სხვა ქვეყნებში უფრო აქტიური ძებნა ბევრისთვის გახდება რეალური ყოველდღიური საზრუნავი. ბევრი კომპანია შეეცდება, საბანკო და სადაზღვევო მომსახურებაც კი ნელ-ნელა უცხოური კომპანიებისგან მიიღოს.
რა თქმა უნდა, წელსვე ეს პროცესი დიდ, რეალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს, მაგრამ მომავალი წლებისთვის მეტ საერთაშორისო ურთიერთობას ჩაუყრის საფუძველს.
ის ხელმძღვანელები, რომლებიც ამ მხრივ ყველაზე მეტად აქტიურები და შედეგიანები იქნებიან, შესაბამისად მეტი სარგებლის მიღების წინაპირობებსაც შექმნიან მათი კომპანიებისთვის.
………………………..
სტატიის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის”.
სად იყიდება სინერჯი ჯგუფის წიგნები
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს