• მთავარი  
  • სანთლით საძებარი ექიმების ტრაგედია
- საზოგადოებრივი კეთილდღეობა

სანთლით საძებარი ექიმების ტრაგედია

ჯანდაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია, თუმცა, დღეს საქართველოში ეს დარგი, პროგრესის ნაცვლად, სერიოზულ რეგრესს განიცდის. ამ კრიზისის სათავე საზოგადოებაში არსებული მზარდი უნდობლობაა, რაც ორი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული: ერთი მხრივ, სისტემაში არასახარბიელო რეპუტაციის მქონე ექიმების სიმრავლე და, მეორე მხრივ, კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი ექიმების ერთმანეთისგან გამიჯვნის მექანიზმის არარსებობა. სწორედ ეს მოცემულობა ქმნის გარემოს, სადაც პაციენტისთვის ნებისმიერი თეთრხალათიანი წინასწარვე არასანდოდ აღიქმება.

ექიმების უარყოფითი რეპუტაციის ჩამოყალიბებას, მათ საქმიანობაში შემდეგი სამი ფაქტორი განაპირობებს: 

1) არასაკმარისი ცოდნა 

2) შეუსაბამო სამუშაო პირობები

3) არასწორი მოტივაცია

არასაკმარისი ცოდნა და შეუსაბამო სამუშაო პირობები, ბუნებრივია, რეპუტაციულ ზიანს იწვევს და ექიმის ძალისხმევას ხელის ერთი მოსმით აუფასურებს. თუმცა, დღეს ეს პრობლემები ნაკლებად მწვავეა, რადგან ცოდნა ადვილად ხელმისაწვდომია, სამუშაო პირობების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს კი სახელმწიფო ორგანოები რეგულარულად ახორციელებენ.

რაც შეეხება არასწორ მოტივაციას, საქართველოში ეს, ზემოთ მოცემული სამიდან, ყველაზე მწვავე და უმართავი პრობლემაა. მას ხანგრძლივი ისტორია აქვს და, ხშირად, სააფთიაქო ქსელებთან ექიმების „მომგებიან ურთიერთობებს“ უკავშირდება. ეს თანამშრომლობა გულისხმობს პაციენტებისთვის ზედმეტი ან კონკრეტული (როგორც წესი, უფრო ძვირადღირებული) ბრენდის მედიკამენტების გამოწერას ისეთი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, როგორიცაა გაყიდული წამლებიდან მიღებული წილი, ან ე.წ. სამეცნიერო კონფერენციებზე მოგზაურობის დაფინანსება. სამწუხაროდ, ამ სფეროში ეს ყველაფერი დღეს ნორმადაა ქცეული და მისი გამოსწორების იმედი მხოლოდ ერთეულებზე თუ დგას.

არასწორი მოტივაცია, როგორც წესი, ფინანსური ინტერესების უმართაობითა და ექიმებში ღირებულებითი სიმყარის ნაკლებობითაა განპირობებული. დღევანდელ სისტემაში არსებული ისეთი გაუმართლებელი მექანიზმები, როგორიცაა ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული ფარული ბონუსები და სადიაგნოსტიკო ცენტრებიდან პაციენტის რეფერალის სანაცვლოდ დარიცხული საკომისიოები დაუსჯელი რჩება, და  აუფერულებს განცდას, თუ რამდენად მავნეა მსგავსი მატერიალური სტიმულები. სწორედ ეს ფინანსური მექანიზმები უდევს საფუძვლად იმ პრაქტიკას, რომელიც, ერთი შეხედვით, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ არაერთხელ გაგვიგია: ჯანმრთელი ადამიანებისთვის ფინანსურად მომგებიანი ოპერაციების ჩატარებას, შეუსაბამო მედიკამენტების ჭარბ დანიშვნასა და პაციენტთა დაყოლიებას ძვირადღირებულ, კლინიკურად დაუსაბუთებელ კვლევებზე.

რაც შეეხება ღირებულებითი სიმყარის ნაკლებობას, პრობლემა სათავეს ტრადიციული სამედიცინო ეთიკის დაკნინებაში იღებს, როდესაც პაციენტზე ზრუნვა და ექიმის მაღალი პასუხისმგებლობა მეორეხარისხოვანი ხდება, წინა პლანზე კი ფსევდოღირებულებებზე დამყარებული კარიერიზმი იწევს. ექიმებს დაკარგული აქვთ მათ პროფესიაში ოდითგანვე ჩადებული დანიშნულების აღქმა და იმ პასუხისმგებლობების გააზრება, რომლებიც ამ დანიშნულებას თან სდევს. შესაბამისად, ღირებული დახმარების გაწევით გამოწვეული სიხარული მათ მოტივაციას საერთოდ არ აძლევს და ისღა დარჩენიათ, საკუთარი ეგოიზმი და დაუოკებელი პირადი ამბიციები — დაფასებისა და კეთილდღეობის სურვილი — დაიკმაყოფილონ. პაციენტის კეთილდღეობა კი, ამასთან შედარებით, მათთვის ნაკლებად პრიორიტეტულია.

ამასთანავე, ექიმებზე მუდმივად მოქმედებს მძლავრი პირადი და პროფესიული წნეხი. პროფესიულ დონეზე ეს გამოიხატება ადმინისტრაციულ შანტაჟში, რადგან სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტი ჯანდაცვის სფეროს, ხშირად, მხოლოდ მაქსიმალური მოგების მიღების საშუალებად განიხილავს. შესაბამისად, ექიმს, მსგავსი არაკეთილსინდისიერი დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კარიერული წინსვლის შეფერხებით, პაციენტების ჩამორთმევით ან სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან. პარალელურად, არსებობს არაკეთილსინდისიერი ექიმებისგან მომდინარე კლანური წნეხიც, რომელიც, გარიყვის შიშით, ადამიანს აიძულებს, მიჰყვეს დამკვიდრებულ „სტანდარტებს“ და არწმუნებს მას, რომ ეთიკური ქცევა მოცემულ რეალობაში ჩამორჩენილობის ტოლფასია.

დასაწყისში როგორც აღვნიშნეთ, სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ სისტემაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ექიმებს მათი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის მიხედვით ერთმანეთისგან გამიჯნავდა. დღესდღეობით არ გვაქვს ექიმების შეფასების სტანდარტიზებული სისტემა და არც ისეთი არხები, რომლებიც საზოგადოებამდე ობიექტურ ინფორმაციას მიიტანდა. შესაბამისად, პაციენტს არ გააჩნია ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კეთილსინდისიერი პროფესიონალი არაკომპეტენტურისაგან განასხვავოს. საბოლოო ჯამში, საზოგადოება ირჩევს თავდაცვის ყველაზე მარტივ გზას — უნდობლობას, რაც ნებისმიერ ექიმს, მიუხედავად მისი პერსონალური ღირებულებებისა, ავტომატურად ერთ პრიზმაში ატარებს.

მოცემული სტატია ემსახურებოდა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთ-ერთი დიდი პრობლემის მიზეზებისა და სიმწვავის დეტალურ ანალიზს. იმის შესახებ, თუ როგორი მიდგომითა და გადაწყვეტებით წარმოუდგენია „სინერჯი ჯგუფს“ ამ პრობლემის მოგვარება, იხილეთ შემდეგ სტატიაში.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.