არჩევანი ადრეულ ასაკში – პროფესია თუ საკუთარი ბიზნესი?
სტატიის ავტორი: ლაშარი გოჩიაშვილი
5 ოქტომბერი, 2012 | წაკითხულია 3 547-ჯერ
ძირითადად, 20–25 წლის ასაკში ბევრს უწევს გადაწყვეტილების მიღება – დაიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გაყვეს კონკრეტულ პროფესიას და გახდეს პროფესიონალი ამ მიმართულებით. გარი ვაინერჩუკს, რომელიც ცნობილი ბიზესმენია და ამავე დროს პუბლიცისტი, კარგად აქვს ნათქვამი – I am not a businessman, I am a business, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ თუ ჩვენს თავს შევხედავთ, როგორც „ბიზნესს“, რომელიც პერსპექტიული და მაღალ რენტაბელურია, ვიზრუნებთ მის განვითარებაზე და მივცეთ სწორ ორიენტირს – ამ შემთხვევაში „ბიზნესი“ ბევრად უფრო მეტი სარგებლის შექმნას შეძლებს ჩვენთვის ასეთ ასაკში, ვიდრე რაიმე ბიზნესის წამოწყება.
რატომ ამჯობინებენ საკუთარი ბიზნესის დაწყებას ადრეულ ასაკში
თავისუფლება
ასეთ ასაკში ვფიქრობთ, რომ ნაკლები თავისუფლება გვექნება თუ შევუერთდებით რომელიმე კომპანიას ჩვენთვის სასურველი პროფესიით, გვგონია, რომ ასეთ დროს სამსახურზე დამოკიდებულები გავხდებით; ვერ დავისვენებთ როგორც გვინდა ისე, ვერ მივიღებთ სასურველ ანაზღაურებას; გვგონია, რომ ასეთ ასაკში წინ არავინ გაგვიშვებს და თავისუფლებას ადვილად არავინ მოგვცემს, ვერ განვახორციელებთ ჩვენს იდეებს, ვიქნებით ჩვენი ხელმძღვანელის დავალებების შემსრულებლები – რაც ბევრს გვრთგუნავს და გვიბიძგებს იმისკენ, რომ შევქმნათ საკუთარი ბიზნესი, თუნდაც პატარა და თავი გამოვაცხადოთ ამ პატარა სამეფოს მმართველებად, რადგან ვისაც გვინდა იმას დავიქირავებთ, როცა გვენდომება მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი მიდგომით და ა.შ.
აზარტი
თუ თავისუფლების წყურვილს ემატება აზარტი – ახალი, საკუთარი ბიზნესის დაწყების, უფრო ღვივდება სურვილი, რომ დაჩქარდეს ეს პროცესი. გვიჩნდება ინტერესი ახალი შესაძლებობების გამოყენების, ახალი მწვერვალების დაპყრობის, გვინდა ყველას გაკვირვება თუ როგორ შევძელით და ავითვისეთ ახალი ბიზნეს გარემო, როგორ მივიღეთ გადაწყვეტილება და შევქმენით ახალი პროდუქტი, როგორ განვავითარეთ საკუთარი კომპანიის ბრენდი; გვინდა ადრეულ ასაკშივე მოვასწროთ ყველაფერი; აქვე შევიძინოთ გამოცდილება და ა.შ.
შემოსავლის მიღება
როდესაც ვამთავრებთ უნივერსიტეტს, არ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული პროფესია, გვგონია, რომ ბევრი ღირებულების შექმნას ვერ შევძლებთ დამქირავებელებისთვის და შესაბამისად ანაზღაურებასაც არ მოგვცემენ თავიდან იმდენს, რამდენის მოთხოვნილებაც გვაქვს. ამის ფონზე მარტივ გამოსავლად მიგვაჩნია დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი, მივიღოთ შემოსავალი ჩვენი ფირმის მიერ შექმნილი პროდუქტებისა და მომსახურებების რეალიზაციიდან. მივიღოთ იმდენი, რასაც დავგეგმავთ.
რატომ ჯობია ადრეულ ასაკში პროფესიის გაყოლა საკუთარი ბიზნესის წამოწყებას
ნაკლები რისკი
უფრო ნაკლებრისკიანი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება – თუ ადრეული ასაკიდანვე ჩვენ თავს ვუწოდებთ „ბიზნესს“. ამ „ბიზნესის“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში აღმოვაჩინოთ ჩვენი ნიჭი, გავიგოთ რისი გაკეთება გვსიამოვნებს და მის შესაბამისად ავირჩიოთ ჩვენთვის ყველაზე სასურველი პროფესია, დავისახოთ მიზანი, გავიმდიდროთ ცოდნა და გამოცდილება, გავიკვალოთ კარგად დაგეგმილი გზა პროფესიონალამდე. თუ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომ წამოვიწყოთ ბიზნესი ადრეული ასაკიდან ამის გაკეთება, მათთვის უფრო ნაკლებრისკიანია ვისაც აქვს პროფესია, რადგან თუ რაიმე მოუვა ახალ წამოწყებულ ბიზნესს შესაძლებელია უკვე შეძენილი პროფესიით ადვილად გავაგრძელოთ კარიერა. ხშირად ხდება რომ ახალი ბიზნესი ვერ გადის ფონს და ადამიანები, რომლებმაც ეს საქმე წამოიწყეს 25 წლის ასაკში რჩებიან პროფესიის გარეშე.
სწორად ჩამოყალიბებული ფოკუსი
სწორი ფოკუსი ანუ სპეციალიზაცია რიამე საქმეში რეალურად უფრო მომგებიანია. სპეციალიზაცია – ეს ხომ ისაა რისი მეშვეობითაც განვითარდა კაცობრიობა. დაწყებული იქიდან, რომ მიწათმოქმედება გამოეყო ნადირობას, დამთავრებული FedEx–ის მაგალითით, როდესაც მთავარ მიმართულებად აიღო მცირე ზომის ამანათების 24საათში გადაზიდვა. პროფესიონალის ხედვა უფრო ფართოა, ასეთ დროს ადვილია რთული პრობლემების გადაჭრა. პროფესიონალს ხომ ნებისმიერ დროს შეგვეძლება იგივეს გაკეთება, რასაც ადრეულ ასაკში ვოცნებობობდით და ვიკარგებოით იმ გზების ძიებაში, რომელიც დაგვეხმარებოდა ახალი კომპანიის შექმნაში, მომგებიანი ბიზნეს მოდელის შემუშავებაში, კარგი იდეის აღმოჩენასა და მსგავს საკითხებში.
პროფესიონალი ყოველთვის პოულობს მისთვის სასურველ ადგილს
სადაც უფრო მეტი სარგებლის შექმნა შეუძლია საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის, სადაც უფრო ბედნიერი და ყველასთვის სასურველი იქნება. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თუ ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ, ადვილად შევძლებთ ჩვენი თავის რეალიზებას როგორი უცხო და უჩვეულო გარემოც არ უნდა დაგხვდეს. ვიცით, რომ პროფესიონალები ფასობენ ნებისმიერ ქვეყანასა თუ ქალაქში. როგორი რასის და მრწამსის ადამიანიც არ უნდა იყოს, ყველა ფიქრობს, რომ პროფესიონალი დასაფასებელია.
წარმატებების მიღწევის დიდი ალბათობაა
არსებობს განვითარების კარგი გარემო. ყველა კომპანიას სურს აიყვანოს პროფესიონალები, შესაბამისად მოთხოვნაც დიდია მათზე. თუ ჩვენი საქმის პროფესიონალები ვიქნებით უფრო დიდია ალბათობა, გვქონდეს წარმატებული კარიერა, შევუერთდეთ სასურველ ორგანიზაციას, მივიღოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც სხვა დიდი წარმატებების საფუძველი გახდება. როდესაც წარმატებულები, გამოცდილები და პროფესიონალები ვართ – ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი, რაზეც ასე ვოცნებობდით ადრეულ ასაკში. თუმცა, ამ გადაწყვეტილებასაც კარგი ანალიზი სჭირდება.
…………..
გარდა იმ შემთხვევებისა თუ განსაკუთრებულად ნიჭიერი არ ვართ ან არ ვფლობთ ინოვაციურ მიგნებას – სჯობს ადრეულ ასაკში ავიმაღლოთ საკუთარი პროფესიონალიზმი, უკეთესია თუ დროს მეტ სწავლას დავუთმოთ და მივიღებთ საჭირო გამოცდილებას.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს