ფავორიტობის მანკიერი მხარეები
სტატიის ავტორი: მარიამ მუნჯიშვილი
7 ნოემბერი, 2012 | წაკითხულია 2 766-ჯერ
ზოგჯერ, ძალიან არასწორად, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელმძღვანელის გული მოვიგოთ, გავხდეთ მისი ფავორიტი და დავტკბეთ იმ „პრივილეგიებით“, რასაც ეს მდგომარეობა გვთავაზობს. ამით ძალიან სახიფათო და არასახარბიელო გზას ვადგებით.
ამ სტატიაში გვინდა გადმოგცეთ, რა უარყოფითი მხარეები და საფრთხეები აქვს ხელმძღვანელის ფავორიტობას და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს პროცესი ვმართოთ და საფრთხეები თავიდან ავირიდოთ.
სამი ყველაზე მთავარი, უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოვყოთ, ხელმძღვანელის ფავორიტობას რომ მოაქვს:
კარგი საშუალებაა კოლეგებთან ურთიერთობების გაფუჭებისთვის
როცა ხელმძღვანელის აშკარა ფავორიტი ხარ, როგორ წესი, თანამშრომლები ცდილობენ ძალიან დაგიახლოვდნენ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ შენთან, რადგან ფიქრობენ, რომ ასე უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, უფრო ნაკლები საფრთხის ქვეშ იმედით, რომ „პატარა ლუკმა“ მათაც შეხვდებათ. ფაქტობრივად კი ეს ის თანამშრომლები არიან, რომელთა აგრესიის, ჭორაობის და ეჭვის ობიექტი ხდები. ერთ დღესაც ისინი ძირს გამოგითხრიან, ასე „უსაფუძვლოდ“ რომ წაართვი მათ ხელმძღვანელის სიმპათიები.
საუკეთესო გზა, იმ საფრთხეების გასაზრდელად, რაც ჩვენთან დაკავშირებული მოლოდინების ვერგამართლებას მოჰყვება
ხელმძღვანელის ფავორიტობა ნიშნავს იმას, რომ შენზე ბევრად მეტ მოლოდინებს ამყარებენ, ბევრად უკეთეს შედეგებს ელიან, უფრო გენდობიან. შესაბამისად, უფრო მომთხოვნები არიან შენს მიმართ, უფრო სენსიტიურები შენი სულ პატარა შეცდომების მიმართაც და უფრო მკაცრები შენი წარუმატებელი შედეგების შეფასებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როცა ძალიან პატარა მიზეზითაც კი ვერ გაამართლებ ხელმძღვანელის მოლოდინს (რაც ძალიან ბუნებრივი შეიძლება იყოს, რომ მოგივიდეს) მისი მხრიდან რეაქცია ბევრად უფრო მყისიერი, ხოლო პასუხისგებაზე მოთხოვნა ბევრად უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ეს სხვა თანამშრომლის მიერ უფრო დიდი შეცდომის დაშვებისას იქნებოდა. ძალიან პატარა ნაბიჯია ფავორიტობიდან შენს მოძულებამდე.
შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც შეიძლება ნაკლები დრო დავუთმოთ თვითგანვითარებას
ადამიანის ბუნებაა ასეთი, რომ ძალიან მალე ხელმძღვანელის ფავორიტობას შენს მონაპოვრად და დამსახურებად ჩათვლი. სულ უფრო ნაკლებად თვითკრიტიკული გახდები საკუთარი ნამოქმედარის მიმართ, კიდევ უფრო ღრმად იქნები დარწმუნებული, რომ უკვე ძალიან ბევრი რამ იცი და შეგიძლია, სულ უფრო ნაკლებს იზრუნებ იმაზე, რომ ისწავლო სხვებისგან, იფიქრო საკუთარი მუშაობის მიდგომების და მეთოდების გაუმჯობესებაზე.
როგორც ხედავთ, ხელმძღვანელის ფავორიტობა, საბოლოო ჯამში, არამყარი და საფრთხის მომტანია შენი მომავალი ურთიერთობებისთვის, კარიერის განვითარებისა და ზრდისთვის. ამიტომ, აჯობებს, ამ ცდუნებაზე მალევე თქვა უარი, რათა საკუთარი თავი თვითონვე არ ჩაიგდო საფრთხეში.
გამოსავალია ის, რომ დაიცვა ბალანსი ფავორიტობასა და ჩვეულებრივ თანამშრომელს შორის, მართო ეს პროცესი, რათა თავიდან აიცილო ის საფრთხეები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, აკეთო შენი საქმე მშვიდად და კარგად, და განვითარდე.
რა თქმა უნდა, ეს სტრატეგია არ ნიშნავს, რომ საკუთარი შესაძლებლობების დემონტრირებას არ უნდა შეეცადო, წინსვლისთვის არ იბრძოლო. პირიქით, შენი საქმე ისეთივე მონდომებით უნდა აკეთო, როგორც აქამდე, უბრალოდ, როგორც კი იგრძნობ ხელმძღვანელის მხრიდან ზედმეტ ყურადღებას, მეტ ნდობას, გარკვეულ პრივილეგიას, ისეთს, რომელიც სხვა თანამშრომლის მიმართ არ გამოუჩენია, რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს ეს ჩვენთვის, არ უნდა დავიწყოთ ამით ტკბობა, უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მალე საფრთხეში არ აღმოვჩნდეთ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც შეიძლება გამოგადგეთ:
- რაც უნდა სასიამოვნო იყოს წარმატებული შედეგისათვის ხელმძღვანელის მხრიდან შექება, შეეცადე არ მიიღო ეს ქება მარტომ. ეცადე, ახსენო სხვა შენი კოლეგაც, ხაზი გაუსვა მის წვლილს ამ შედეგში, რომ მის გარეშე ასეთ შედეგს ნამდვილად ვერ მიაღწევდი. ასევე, ხშირად გაუსვი ხაზი სხვების წარმატებულ სამუშაო მიდგომებსა და მეთოდებს, როგორი გამორჩეულები და სამაგალითოები არიან ისინი. ასე ხელმძღვანელის ზედმეტი ყურადღების ცენტრში არ მოექცევი და არ გახდები სახიფათო ფავორიტობის სამიზნე ობიექტი. თან თანამშრომლების გულსაც მოიგებ.
- შექმენი სწორი მოლოდინები და არასდროს გასცე ხელმძღვანელთან ზედმეტი დაპირებები. ნუ შეეცდები ზედმეტი პასუხისმგებლობების აღებით თავი გამოიჩინო, ვინაიდან უარს ამაზე არავინ გეტყვის, ვერგამართლების შემთხვევაში კი შენს კარიერას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნი.
- დაიჭერე ზომიერი დისტანცია ხელმძღვანელთან ურთიერთობაში. პირად ურთიერთობებში განსაკუთრებული სიახლოვე ზრდის იმის საფრთხეს, რომ უფრო დიდი მოლოდინები გექმნება შენც მის შენდამი დამოკიდებულებაზე და ანალოგიურად მასაც, შენს შედეგებთან მიმართებაში. ეს კი მეორე პუნქტში აღწერილ საფრთხეს ააქტიურებს.
- რაც მალე დავიწყებთ საკუთარი თავის კონტროლს და ამ პროცესის მართვას, მით უკეთ შევძლებთ ბალანსის დაცვას. წარმატებებს გისურვებთ ამ გამოწვევის წინაშე მყოფებს!
იკითხეთ „სინერჯი ჯგუფის წიგნები“ და გაიმარტივეთ გზა დიდ წარმატებამდე.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “მე, როგორც თანამშრომელი“|ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს