• მთავარი  
  • უნდობლობა ექიმებისადმი – ერის განუკურნებელი სენი თუ რიგითი რთული ამოცანა?
- საზოგადოებრივი კეთილდღეობა

უნდობლობა ექიმებისადმი – ერის განუკურნებელი სენი თუ რიგითი რთული ამოცანა?

წინამდებარე სტატია მომზადებულია კომაროვის სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სტრატეგიული წრის წევრების მიერ. წრის ფარგლებში ისინი იკვლევენ, აანალიზებენ და ამუშავებენ აქტუალურ სტრატეგიულ ამოცანებს. კლუბის მიზანია არა მხოლოდ ამ პრობლემების თეორიული შესწავლა, არამედ პრაქტიკული, ეფექტიანი გადაჭრის გზების შემუშავება.

ავტორები: დავით სვანიძე, თამარ ჯინჭარაძე, დავით ლომთაძე, ნიკოლოზ ბლავატსკი, ანანო მღებრიშვილი.

მედიცინის სფერო საზოგადოების კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. შესაბამისად, ამ სფეროს კომპლექსური პრობლემები შესამჩნევ გავლენას ახდენს როგორც ამ სფეროში მოღვაწე პირებზე, ისევე – მათზე დამოკიდებულ მოსახლეობაზე. ერთ-ერთი ასეთი  პრობლემა, რომელიც დღევანდელ ციფრული ინფორმაციის საუკუნეში კიდევ უფრო გამწვავებულია, არის სამედიცინო პერსონალისადმი უნდობლობა.

ამ უნდობლობის მიზეზებზე უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში – „სანთლით საძებარი ექიმების ტრაგედია“, ხოლო მისი შედეგები კი მკვეთრად გამოიხატება მრავალი ადამიანის ყოველდღიურ ურთიერთობაში ექიმებთან, სამედიცინო პერსონალთან, მათ მიერ დასმულ დიაგნოზებთან და გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით. ხშირია მომენტები, როდესაც პაციენტი არ ენდობა მედიცინის პროფესიონალს და არჩევს სხვა, ალტერნატიული მკურნალობის მეთოდს, რომელიც მათ პრობლემას არა თუ აგვარებს, არამედ მეტადაც შეიძლება ამწვავებდეს.

იმისათვის, რომ გადავჭრათ ექიმების მიმართ უნდობლობის, ერთი შეხედვით გადაუჭრელი, პრობლება, საჭიროა, რომ  ის ჩავშალოთ სამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, ქვეამოცანად, რომელთა წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, ეს ინტერნალიზირებული უნდობლობა, ვფიქრობთ, ბუნებრივად გაიფილტრება საზოგადოებიდან. 

ეს სამი ამოცანა არის:

(1) მომავალმა ექიმებმა ყოველთვის მიანიჭონ პრიორიტეტი პაციენტის ინტერესებს;

(2) სწორი პრიორიტეტების მქონე ექიმების სათანადოდ ხელშეწყობა და წახალისება;

(3) კეთილსინდისიერი ექიმებისთვის კორუფციული რისკების მინიმიზაცია ახლო სანაცნობო წრისგან. 

ზემოთ ჩამოთვლილი სამი ქვეამოცანა ემსახურება ამ პრობლემის მცირე, რეგულირებად და დაკვირვებად ნაწილებად დაშლას. ამ გზით, ჩვენ შეგვიძლია ინდივიდუალურად გავაანალიზოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები, გადაჭრის სისტემური ხერხები და მათ განსახორციელებლად საჭირო რესურსები; პარალელურად კი, დავაკვირდეთ, თუ ამოცანის რა ნაწილი მოითხოვს ყველაზე მეტ ყურადღებას. 

უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულია მომავალი ექიმების აღზრდა პაციენტის ინტერესის გარშემო. ლათინური ფრაზა primum non nocere (არ ავნო) ჰიპოკრატეს ფიცის ერთ-ერთი ფუნდამენტია, რომელიც სამედიცინო სფეროს ყოველმა წარმომადგენელმა ერთმნიშვნელოვნად უნდა დაიცვას. ახალ თაობაში აღნიშნული იდეოლოგიის მტკიცედ ჩანერგვით, ჩვენ მივაღწევთ მდგრადი ღირებულებების მქონე ინდივიდების ჩამოყალიბებას, რომელთა პრიორიტეტი არა თუ პირადი, არამედ ყოველთვის პაციენტთა კეთილდღეობა იქნება. ამას კი სამედიცინო სასწავლებლებში ეთიკის კომიტეტის ჩამოყალიბებით, არაკეთილსინდისიერ ექიმთა ნეგატიური გავლენის დემონსტრაციით, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობითა და შემოღებით თუ შევძლებთ.

მიუხედავად სწორი აღზრდის ახლადშემუშავებული ხერხებისა, ამ დროისთვის არსებული სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი ამ ღირებულებებით არ ყოფილა აღზრდილი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი ექიმებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თავდადებული მენტალიტეტისთვის ისინი არა თუ დაისჯებიან, არამედ წინსვლის კარს გაიხსნიან. მაგალითად, „სანთალით საძებარ ექიმთა“ ბაზის შექმნით, რეპუტაციის ამაღლებით, მათთვის დაწინაურების, კარიერული წინსვლის შესაძლებლობების მიცემით, საბოლოოდ, მივიღებთ ექიმთა ახალ ნაკადს, რომელიც ნაკლებად იქნება მიდრეკილი ნეპოტიზმისა და კორუფციისკენ, დრო კი ამგვარი ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით ბუნებრივად გაზრდის საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობას.

ზემოხსენებული ნაბიჯების მიუხედავად, გრძელვადიან პერიოდში მაინც არსებობს პირადი კეთილდღეობის ცდუნება, კვალიფიციურ ექიმებშიც კი. ეს ყოველივე გამოწვეულია სოციალური ზეწოლისგან, რომელიც ჩნდება პირადი კარიერული წინსვლისა და ოჯახური თუ სხვა ტიპის ფინანსური კეთილდღეობის საკითხებში. იმისთვის, რომ მსგავსი წნეხის ქვეშ მყოფმა ექიმებმა სწორ გზას არ გადაუხვიონ, საჭიროა, მინიმუმამდე დავიდეს ეს სოციალური ზეწოლა, და თვითონ ექიმებშიც გაიზარდოს ამგვარი წნეხის მიმართ რეზისტენტულობა. ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება, თუ სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სწორ კამპანიებს წამოვიწყებთ, და სოციალურ ქსელებში ექიმის პერსპექტივას შემოვითანთ, რითაც საზოგადოებაში ექიმებისადმი ემპათია გაიზრდება. 

ზემოთ როგორც აღვნიშნეთ, პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ჩამოთვლილი სამი ქვეამოცანიდან განისაზღვროს, რომელ მათგანს უნდა დაეთმოს ყველაზე მეტი ყურადღება მაქსიმალური შედეგის მისაღებად. ამ შემთხვევაში, აღნიშნული სამიდან, ვფიქრობთ, ყველაზე მეტად საყურადღებო არის მეორე ქვეამოცანა: სწორი პრიორიტეტების მქონე ექიმების სათანადოდ ხელშეწყობა და წახალისება, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს კეთილსინდისიერად აღზრდილი ექიმების როგორც სისტემურ წახალისებას, ასევე ამცირებს მათზე სოციალური წნეხის გავლენას.

სწორი პრიორიტეტების მქონე ექიმების ხელშეწყობისთვისა და დაჯილდოვებისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, სწორი კრიტერიუმები შემუშავდეს სამაგალითო ექიმების საპოვნელად. აღნიშნული კრიტერიუმები დაგვეხმარება სამიზნე ჯგუფის სწორად ამორჩევაში და, მეორე მხრივ, უფრო მარტივი იქნება წახალისების ოპტიმალური მეთოდებისა და მათი რეალიზების ხერხების მოფიქრება, რაც მეტწილად გადაწყვეტს აღნიშნულ ქვეამოცანას. 

ჩვენი მთავარი ამოცანა – ექიმებისადმი უნდობლობის აღმოფხვრა – ეფუძნება არა იმდენად სამედიცინო სფეროში მოღვაწეთა არაკვალიფიციურობას, რამდენადაც – საზოგადოების მხრიდან მათ არაადეკვატურ აღქმას. შესაბამისად, ამ ყველაფერთან ერთად, საჭიროა, უნდობლობით აღსავსე სოციუმში ავამაღლოთ ისეთი ექიმების ცნობადობა, რომელთა მორალური უპირატესობაც პირველი ორი პუნქტის საშუალებით განვსაზღვრეთ.

საპროექტო დაშლის მთავარ მიზანს მივაღწიეთ: მივიღეთ სხვადასხვა სიმძიმის ამოცანები, რომელთა საშუალებითაც პრობლემა უფრო თვალსაჩინო გახდა. თუმცა, რეალურ პირობებში ცხადია, რომ ანალიზი პრობლემის გადაჭრის მხოლოდ პირველი საფეხურია და სრულყოფილ დამუშავებას სწორი იდეების გენერაცია და მათი რეალიზება სჭირდება. ამისათვის, საჭიროა შეიქმნას ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს ავტონომიურად და საფუძვლიანად წარმათავს, რაშიც მოიაზრება ტაქტიკური გეგმის, განხორციელების მეთოდებისა და  ვადების გაწერა.

რეალიაზაციაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ვადებისა და მოქმედებათა ქრონოლოგიის დაცვაც – ფურცელზე გაწერილი იდეები და ამოცანები მხოლოდ შაბლონია, რის საშუალებითაც ფიზიკურ ცვლილებებს ვახდენთ. შესაბამისად, აუცილებელია იდეებისათვის ტაქტიკური გეგმის დართვაც:

1. საზოგადოებრივი გამოკითხვები კითხვებით: 

1.1. „თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი?“ 

1.2. „გაგვიზიარეთ სანდო ექიმის 5 მაგალითი თქვენი პირადი გამოცდილებიდან.“

1.3. „რა გიქმნით ექიმის მიმართ უნდობლობის განცდას?“

2. ნაპოვნი ექიმების გამოცდა/გადამოწმება.

2.1. ინტერვიუ სწავლების უნარისა და კომპეტენციის დასადგენად;

2.2. ექიმების რეალურ სიტუაციაში გამოცდა მათი გულისხმიერი მოტივების გასარკვევად;

3. კარგი ექიმებისა და სამედიცინო სასწავლებლის პროფესიონალთა დახმარებით, სამედიცინო სფეროს სანდოობის ამაღლების კომიტეტის შექმნა.

3.1. სილაბუსის შემუშავებაზე მუშაობის დაწყება;

3.2. საერთაშორისო სტანდარტების ანალიზი;

3.3. წევრების შეკრება, რომელთა შორისაც შეიძლება იყვნენ: ევროპაში მომუშავე ქართველები, სანდო ექიმები და რექტორები.

მოცემული ტაქტიკური გეგმის საშუალებით ვქმნით იმის გარანტიას, რომ, დროთა განმავლობაში, საზოგადოების მხრიდან ექიმების მიმართ ნდობის ამაღლების შანსი ძალიან მაღლა აიწევს.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.