• მთავარი  
  • რა მნიშვნელობა აქვს ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფს და როგორ უნდა იყოს ორგანიზებული მისი საქმიანობა?
- სტრატეგია - ტაქტიკა

რა მნიშვნელობა აქვს ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფს და როგორ უნდა იყოს ორგანიზებული მისი საქმიანობა?

როდესაც შენი მოწინააღმდეგე ტაქტიკურ დაგეგმვაში ძლიერია, მაშინაც კი, თუ შენ სტრატეგიული უპირატესობები გაქვს, შეიძლება ისე გებრძოლოს, რომ რესურსებისგან დაგცალოს და, საბოლოოდ, გამარჯვების შანსი არ დაგიტოვოს, ან ძალიან შეგიმციროს. ამიტომ, ყველა ბრძოლაში, და განსაკუთრებით კი ასეთ მოწინააღმდეგესთან, ტაქტიკური დაგეგმვის ხარისხს, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ტაქტიკური დაგეგმვის მიზანია, დროის ნებისმიერ მომენტში ყველა შესაძლო მოქმედი პირისთვის არსებობდეს მიზნების, სტრატეგიის და იმ მომენტში ხელმისაწვდომი რესურსების შესაბამისი ურთიერთ-კოორდინირებული სამოქმედო გეგმები, რომლებიც მაქსიმალურად ეფუძნება ხელმისაწვდომ ინფორმაციას და ითვალისწინებს მოწინააღმდეგისგან და გარემოდან მომდინარე საფრთხეებს.

ტაქტიკური დაგეგმვის ხარისხის გაუმჯობესება სპეციალური შეხვედრებითაც შეიძლება, სადაც ყველა მონაწილე ერთად იხილავს ვინ რას და როგორ აკეთებს და ერთმანეთში გადაკვეთებზე თანხმდებიან, იმისათვის, რომ ტაქტიკური დაგეგმვის ხარისხი გაუმჯობესდეს. ამის მიუხედავად, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, გეგმების განხორციელების პროცესისგან ცალკე გამოიყოს ტაქტიკური დაგეგმვა და ისე აეწყოს რუტინულ ფუნქციად. ანუ, შეიქმნას სპეციალური ერთეული, ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფი, რომელიც მონაწილეების მოქმედების ხარისხიანი გეგმების მომზადებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ტაქტიკური დაგეგმვის ასეთ ჯგუფებს აკეთებენ დიდი ორგანიზაციის პირველი პირებიც, იმისათვის, რომ მან განუსაზღვროს, თუ როდის რა უნდა აკეთოს, ისე, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს ყოველი დღე. თუმცა, ასეთი ჯგუფის შექმნა უფრო მეტად ისეთი პირებისთვის არის მიზანშეწონილი, რომლებსაც ერთად, კოორდინირებულად მოქმედება სჭირდებათ გარკვეული ძალიან რთული საგანგებო სიტუაციის დროს, ან ძლიერ, კარგად კოორდინირებულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. 

ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფის მუშაობის ხარისხს, მართალია, მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს მისი შემადგენლობა და ადამიანების რაოდენობა, რომელიც მის მუშაობაში არის ჩართული, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ არის ეს ჯგუფი ორგანიზებული. ანუ, როგორ არის მასში განაწილებული როლები და პასუხისმგებლობები და როგორ კოორდინირდებიან ეს ადამიანები ერთმანეთთან ყოველდღიურ საქმიანობაში. 

ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფი, მინიმუმ, ოთხ-განზომილებიანი სტრუქტურაა. ანუ, მასში პასუხისმგებლობები, მინიმუმ, ოთხ ჭრილში უნდა იყოს განაწილებული. კერძოდ: 

1. გეგმებზე პასუხისმგებლები, მოქმედი პირების მიხედვით. ანუ, ამ ადამიანებს შორის ნაწილდება გეგმების მომზადების ვალდებულება თითოეული მონაწილისთვის, ვისაც უშუალოდ მოქმედება ევალება. 

2. გეგმებზე პასუხისმგებლები, ამოცანების მიხედვით. ამ ადამიანების ვალდებულებაა, მოქმედებები დაგეგმონ სტრატეგიული ამოცანების მიხედვით. ანუ, თითოეულ ამოცანას, რომელიც იდენტიფიცირებულია, ან პროცესში იდენტიფიცირდება, უჩნდება პასუხისმგებელი, რომელიც ამ ამოცანის გადაწყვეტის გეგმის მომზადებაზეა პასუხისმგებელი. 

3. პასუხისმგებლები რისკებზე. ეს არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც კონკრეტული რისკების მიხედვით ამუშავებენ მოქმედებების სცენარებსა და სქემებს რისკებზე, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია, ან სამუშაო პროცესში იდენტიფიცირდება.

4. და პასუხისმგებლები დაკვირვებაზე, შეფასებაზე და ინფორმაციის მოგროვებაზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ევალებათ ამა თუ იმ მიმართულებაზე დაკვირვება, კონკრეტული წყაროებიდან ინფორმაციის მოგროვება და კონკრეტული მიმართულებებით სიტუაციის შეფასების მომზადება. 

    კონკრეტული ბრძოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, სტრუქტურის ჭრილები დაემატოს, თუმცა, ეს ოთხი ჭრილი თითქმის ყველა კომპლექსურ ბრძოლაში აუცილებელია. (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხოლოდ ერთი პირის ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფია, ასეთ დროს პირველი ჭრილი აღარ იქნება საჭირო.)

    მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს საკმარისი ადამიანური რესურსი ამ ოთხივე ჭრილში პასუხისმგებლობების განაწილებისთვის, როლები უნდა იყოს სწორად იდენტიფიცირებული, საჭიროების მიხედვით, და უბრალოდ მათი შეთავსება შეიძლება ცალკეულ ადამიანებში. ანუ, რომელიმე ერთ ადამიანს შესაძლოა ჩაბარებული ჰქონდეს რომელიმე კონკრეტული მოქმედი პირის გეგმების მომზადება, რომელიმე კონკრეტული ამოცანა, რომელიმე კონკრეტული საფრთხის ჯგუფები, ან საინფორმაციო არხები, ან დაკვირვების ობიექტები შეფასებისთვის. თუმცა, დავალებების ასეთი კომპლექსურობა ადამიანების შრომის ნაყოფიერებას და, შესაბამისად, გეგმების ხარისხს ძალიან ამცირებს. 

    ეს ადამიანები თავ-თავის ნაწილში საჭიროებენ გარკვეულ გაიდლაინს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ გადაკვეთების პოვნა, სადაც ისინი ერთმანეთის სამუშაოს განსაზღვრავენ. 

    ამისათვის მათ სამი ტიპის რეგულარული შეხვედრები სჭირდებათ, რომელთა ინტენსივობაც იმის მიხედვით უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რამდენად ინტენსიურია მოქმედებების ფრონტი: 

    1. სტრატეგიის შეხვედრები, სადაც შემსრულებლების და ამოცანების მიხედვით, გეგმების მომზადებაზე პასუხისმგებელი ადამიანები იხილავენ ამოცანებს და სამოქმედო გეგმებს და მოქმედებების განაწილებას, შემსრულებლების მიხედვით. ასევე, აქ განისაზღვრება, რა დამატებითი ინფორმაციებია საჭირო უკეთესი დაგეგმვისთვის და რა საფრთხეებს სჭირდება დამატებით გააზრება და დამუშავება, ხოლო რომელ რისკებს – ხეჯირების სქემების მომზადება. 

    2. ცალკე შეხვედრები უნდა იგეგმებოდეს რისკების და საფრთხეების მართვის მიმართულებით. ეს შეხვედრები უნდა არჩევდეს თითოეულ საფრთხეს ან რისკს, რომელიც ან ამავე შეხვედრებზე იდენტიფიცირდება, ან სტრატეგიის შეხვედრებზე. ამ რისკების და საფრხეების კონტროლისა და აცილებისთვის საჭირო სცენარები და მოქმედებები მუშავდება და ანალიზდება ამ შეხვედრებზე. 

    3. ინფორმაციის მოგროვების შეხვედრები იხილავს წყაროებს, შეფასებისა და დაკვირვების მიმართულებებს, თითოეული წყაროდან ინფორმაციის მოგროვებისთვის საჭირო მოქმედებებს და მიღებული ინფორმაციის შემდეგი დამუშავების ნაბიჯებს.

      ამ სამივე მიმართულებით მუშაობის საბოლოო შედეგი მონაწილე მხარეების მიხედვით გეგმების მომზადებასა და განახლებაზე პასუხისმგებელი ადამიანების მომზადებული პროდუქტებია, რომლებიც ამავე ადამიანების მიერ უნდა მიეწოდებოდეს მოქმედი პირების მხარეს სპეციალურად დადგენილ პიროვნებებს, რომელსაც მოქმედი პირების შესაბამის რგოლებში უნდა ჩაჰქონდეს და ანაწილებდეს ამ დავალებებს (თუ მოქმედების რეკომენდაციებს). 

      მოქმედი პირების მიხედვით დაგეგმვაზე პასუხისმგებელი ადამიანები რჩებიან მათთან კონტაქტზე და იქ გაჩენილი ნებისმიერი კითხვა, გართულება თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია შემოაქვთ უკან ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფში და სტრატეგიის, რისკების, ან ინფორმაციის მოგროვების შეხვედრების მეშვეობით უზრუნველყოფენ მათზე სათანადო რეაგირებას. 

      დროთა განმავლობაში, მოქმედი პირების მიხედვით გეგმებზე პასუხისმგებელი ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტ კომპეტენციას აგროვებენ მოქმედი პირების უნარებზე, რესურსებსა და მუშაობის სპეციფიკაზე. მათგან მოდის ყველა ძირითადი დაკვეთა ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფზე და მათი მეშვეობით გადის ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება, თუ როდის რა არის მიზანშეწონილი, რომ აკეთონ მოქმედმა პირებმა. შესაბამისად, ყველაზე დიდი გავლენა ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფში სწორედ ამ ადამიანებს აქვთ. თუმცა, იმისათვის, რომ მათი პროდუქტის ხარისხი გაიზარდოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების მუშაობას, ვინც ამოცანების მიხედვით – გეგმებზე, საფრთხეების მიხედვით – სცენარებზე და არხებისა და დაკვირვების ობიექტების მიხედვით, ინფორმაციის მოგროვება-დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. 

      ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფი, სასურველია, ერთ სივრცეში იჯდეს და საშტაბო სქემით მუშაობდეს, თუმცა, სრულიად შესაძლებელია, მათი დისტანციურად მუშაობა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან და ისე, რომ შესაძლოა ერთმანეთს პირადად არც იცნობდნენ და არც არასდროს შეხვდნენ. 

      ის, თუ რამდენად სტაბილურია ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფის მუშაობა და რამდენად შეწყობილად მუშაობენ ისინი, დროთა განმავლობაში სულ უფრო სინქრონულს და ეფექტიანს ხდის მოქმედი პირების ერთობლივ მოქმედებას და, შესაბამისად, მათ წინაშე არსებულ მიზნებსაც უფრო მიღწევადს ხდის. 

      „სინერჯი ჯგუფი“ მსგავსი ტიპის ერთეულების ფორმირებაში და გამართვაში ეხმარება არა მარტო ორგანიზაციებს, ვისაც ის სჭირდება, არამედ მხარეებს, ვისაც ასეთი მაკოორდინირებელი მექანიზმი ერთობლივად შეიძლება დასჭირდეთ.

      დაგვიკავშირდით

      მოგვწერეთ: contact@synergy.ge

      დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

      Strategy (c)2025. All Rights Reserved.