• მთავარი  
  • მომავლის უჩინარი არქიტექტორები: მასწავლებლის ინსტიტუტის მთავარი გამოწვევები
- სტრატეგია

მომავლის უჩინარი არქიტექტორები: მასწავლებლის ინსტიტუტის მთავარი გამოწვევები

მასწავლებლის ინსტიტუტის გაძლიერება საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, და თანაც გლობალური, გამოწვევაა. ადამიანების უმეტესობა ვერ იაზრებს, თუ რამხელა ზეგავლენა აქვს მასწავლებელს მოსწავლეების აღზრდით საზოგადოების მომავალზე. ამ ინსტიტუტის გაძლიერებაზე სათანადო სისტემური მუშაობა არ მიმდინარეობს, ეს კი ნელ-ნელა აზიანებს საზოგადოებას, აკნინებს მასწავლებლის რეპუტაციას და იწვევს შეუქცევად რეგრესს, რომლის გამოსწორებაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გართულდება. 

მთავარი კითხვაა – ვის და როგორ შეუძლია ამ ამოცანის გადაწყვეტა და რა საშუალებებით? მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ საკითხის გლობალურობა საზოგადოების ყველა კატეგორიას (მათ შორის არიან მოსწავლეები და მშობლები, თავად მასწავლებლები და ინსტიტუციური სექტორები) დიდ ბერკეტებს სთავაზობს ამ გამოწვევის საპასუხოდ, თუმცა ეს ბუნდოვანია, სანამ უშუალოდ ამოცანის სიღრმეებში არ გავერკვევით.

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროგრესის შედეგები (მათ შორის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ხელოვნური ინტელექტი, სწავლების ახლებური მეთოდები და მიდგომები) ეფექტიანად იყოს გამოყენებული მასწავლებლების მხრიდან, რათა ამ ინსტიტუტმა შეინარჩუნოს დასაბამიდან მისთვის მინიჭებული სტრატეგიული უპირატესობა. მოსწავლეების მხრიდან ცოდნისა და ინფორმაციის მიღების მზარდი წყურვილი ზოგჯერ დაბრკოლებად აღიქმება, მაშინ, როდესაც ეს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა მასწავლებლების უფრო სწრაფი და ადეკვატური  განვითარებისთვის. 

სასწავლო დაწესებულებების დანიშნულება ყველა ეპოქაში განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ადრე თუ ცოდნის ერთადერთი წყარო სასწავლო დაწესებულება იყო, და შესაბამისად, მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემა – მისი მთავარი დანიშნულება, დღევანდელ მოცემულობაში განსაკუთრებით აქტუალური ხდება მოსწავლისათვის სწორად აზროვნების უნარის განვითარება, არა მარტო იმიტომ, რომ ისწავლოს, არამედ – შეძლოს იმის იდენტიფიცირება თუ რის ათვისება სურს, ანუ საჭიროებების აღმოჩენისა და სათანადოდ ათვისების უნარი შეიძინოს. 

ამ დანიშნულებას ემსახურება ყველა ის ამოცანა, რომელზეც მასწავლებლები სწავლების პერიოდში უნდა კონცენტრირდებოდნენ. მათ შორის: (1) გადასაცემი ცოდნის სწორად მომზადება და მისი სწორი ფორმით გადაცემა, (2) მოსწავლის კოგნიტური უნარების განვითარება, რათა მან სწორად აითვისოს და გადაამუშაოს მიღებული ინფორმაცია და (3) ემოციური ინტელექტისა და თვითრეგულაციის უნარის განვითარება, იმისათვის, რომ მიღებული ცოდნა მოსწავლემ პრაქტიკაში სწორად გამოიყენოს.

დღეს ეს დანიშნულება საზოგადოებაში განსხვავებულად აღიქმება, რაც იწვევს ადამიანებში შეფასების განსხვავებული სტანდარტების თვითნებურ დაწესებას. იმისათვის, რომ მასწავლებლის დანიშნულება სწორად იყოს აღქმული – როგორც თავად მასწავლებლებისთვის, ასევე მთლიანი საზოგადოებისთვის – საჭიროა ყურადღების კონცენტრირება სამ მნიშვნელოვან ასპექტზე:

(1) მასწავლებლის შეფასების სისტემის გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება – ეს ხელს შეუწყობს ყველა ადამიანის მხრიდან იმ მთავარი ღირებულებებისა და შედეგების სწორად შეფასებას, რასაც მასწავლებელი მოსწავლეებთან მუშაობაში უნდა ავლენდეს.

(2) მასწავლებლის უწყვეტი განვითარება და ტექნოლოგიური თუ სოციალური პროგრესის ტემპთან სინქრონიზაცია – ეს დაეხმარება მათ მოსწავლის მოთხოვნილებებთან თანხვედრის შენარჩუნებაში და რეალურ დროში არსებული ხელსაწყოების სრულად და ეფექტიანად გამოყენებაში.

(3) მასწავლებლის ინსტიტუტის რეპუტაციული განვითარება და აქტუალობის გაზრდა – თვალსაჩინოს გახდის, თუ რამდენად საჭიროა მასწავლებელი, და შესაბამისად, გაზრდის მასწავლებლის ინსტიტუტზე საზოგადოების მოთხოვნას; მასწავლებლის აქტუალობა ზუსტად ისეთივე სიმწვავით უნდა იყოს აღქმული, როგორც თავად ის დანიშნულება, რომელთა განმახორციელებლებიც არიან.

მასწავლებლის შეფასების ერთიანი სისტემა პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის ინსტიტუტის გარშემო აზრთა სხვადასხვაობის მოწესრიგებას. ეს გულისხმობს საზოგადოებაში კრიტერიუმებისა და ღირებულებების ისეთი ერთობლიობის დანერგვას, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთიან წარმოდგენას შექმნის, თუ რას უნდა აკეთებდეს მასწავლებელი, რა მეთოდებით, და, საბოლოოდ, რა შედეგებს უნდა დებდეს.

მასწავლებლების ინდივიდუალური განვითარება, გლობალურ განვითარებასთან თანხვედრით, მოიაზრებს იმ ახალი შესაძლებლობების გამოყენებას, რასაც თანამედროვეობა გვთავაზობს, და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას. მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება, რომლითაც თავად მასწავლებელსაც უჩნდება ახალ ხელსაწყოებზე წვდომა და ასევე შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებს მისი სწორად გამოყენების ბერკეტები მისცეს.

სამყაროში დაგროვილი ის უზღვავი ცოდნა, რომელიც სწავლების ახლებურ მეთოდებში ითარგმნება, დღეს იძლევა იმის საშუალებას, რომ მასწავლებელმა მოსწავლეზე გაცილებით უფრო ნაკლები ძალისხმევით დიდი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს და მისცეს ისეთი შესაძლებლობები, რომლებზეც მოსწავლეს პატარა ასაკში ჯერ კიდევ არ აქვს წარმოდგენა.

რაც მთავარია, ამ ხელსაწყოების მარტო, პროფესიონალური ზედამხედველობის გარეშე ათვისება პატარა ასაკის ადამიანებისთვის საშიშია, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შეიძლება ჯერ კიდევ არ ჰქონდეთ ინფორმაციის სწორად გადამუშავების უნარი და მასწავლებლის როლი, ამ შემთხვევაში, სწორედ ამ უნარის განვითარებაშია.

მასწავლებლის ინსტიტუტის რეპუტაციულ განვითარებას რაც შეეხება, ეს ერთგვარად შედეგიცაა და ისეთი ამოცანაც, რასაც მუდმივი მუშაობა ესაჭიროება საზოგადოების თითოეული ნაწილისგან. დღევანდელი კონკურენტული მოცემულობის ფარგლებში, როცა ადამიანს ნელ-ნელა ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის აქტუალობის წინ წამოწევა და ეს, პირველ რიგში, საზოგადოების მოთხოვნილება უნდა იყოს იმ შედეგის ღირებულებიდან გამომდინარე, რაც მის შრომას მოყვება.

იმისათვის, რომ აღნიშნული ამოცანები გადაიჭრას, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და მისი თითოეული ჯგუფის მხრიდან შესაბამისი წვლილის შეტანა. მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და სხვა პირებმა, შეიძლება ამ მიმართულებით გადადგმული ინდივიდუალური, გააზრებული ნაბიჯებითაც კი დიდი ღირებულება შექმნან დროთა განმავლობაში; ხოლო მასობრივი ძალაუფლების მქონე სექტორებს: საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორს ამ ამოცანის გადაჭრის ინიცირება უფრო ფართო მასშტაბის დონეზე შეუძლია.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.