ერთ-ერთი ტენდენცია რომელსაც საქართველოს ეკონომიკის გამოკეთება შეუძლია
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
3 ივლისი, 2009 | წაკითხულია 5 426-ჯერ
იცით თუ არა, რომ: საქართელოში 2008 წელს 22 მილიონი დოლარის ღირებულების კარტოფილი, 12 მილიონის ლობიო, 18 მილიონის პომიდორი, 17 მილიონის ღირებულების ხახვი არის იმპორტირებული სხვადასხვა ქვეყნებიდან. მხოლოდ ამ ოთხმა კულტურამ 70 მილიონი შეადგინა. მთლიანად იმპორტირებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ კი 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს, ჩვენი გათვლებით მინიმუმ 100 000 დასაქმებული ადამიანის ექვივალენტია თუკი ამ რაოდენობის პროდუქიის წარმოება ჩვენთან მოხდებოდა.
მაშინ, როდესაც:
ა) სახნავ-სათესი მიწების 40 პროცენტიც კი არ არის ათვისებული;
ბ) ათიათასობით ოჯახი დაუსაქმებელია და შემოსავლის გარეშე ცხოვრობს დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში;
გ) ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესაძენად ადამიანები დილით ადრე დგებიან და ქალაქების გარეუბნებში სპეციალურად ამისთვის ქაოსურად მოწყობილ ბაზრებზე მიდიან, სადაც, ცოტა რომ დაგაგვიანდეს, ვეღარაფერს იყიდი.
თითქოს ყველაფერი მარტივია – დაუსაქმებელმა ადამიანებმა დაამუშაონ მიწა და აწარმოონ სოფლის მეურნეობის იმპორტშემცვლელი ადგილობრივი პროდუქცია. ამით თვით ეს ხალხი და მთლიანად ქვეყანაც მნიშვნელოვან სარგებელს უნდა იღებდნენ.
თუმცა ეს ყველაფერი ასე არ ხდება და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის უჩინარი ხელი აუტანლად დიდი ხანი უნდება ამ გაუგებარი, არარაციონალური სიცარიელეების შევსებას და არსებული, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუყენებელი რესურსების ამოქმედებას მოსახლეობის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის მოსახლეობას სოფლის მეურნეობას მიჰყოს ხელი, ბევრია, საკითხი რთულია და კომპლექსური. იგი უკავშირდება, როგორც რაციონალურ, ისე მენტალურ ბარიერებს. ბევრი მიზეზის გამო შრომისუნარიანი, მაგრამ დაუსაქმებელი ადამიანები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით ნაბიჯის გადასადგმელად. არადა, როგორი მნიშვნელოვანი და საჩქაროა ახლა ქვეყნისთვის, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს აქტიურად ჩართული სოფლის მეურნეობაში, ქმნიდეს პროდუქტს, რომელსაც ბაზარზე არსებული დიდი, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შევსება, იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩანაცვლება, ყოველწლიურად მილიარდამდე ლარის ქვეყანაში დატოვება შეუძლია.
გადავწყვიტეთ გამოგვეყო სამი მთავარი საკითხი, რომელიც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად შეძლებს, საფუძველი ჩაუყაროს ადამიანების სოფელში გადასახლების ტენდენციას. ტენდენციას, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის გამოკეთება შეუძლია:
ა) მცირე ფერმერების, გლეხების დახმარებას წარმოებული პროდუქციის გაყიდვაში, შეუძლია არსებითად შეცვალოს მოსახლეობის დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი.
ბ) მოსავლის დაზღვევა, აუცილებელია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გაბედოს და გადადგას ნაბიჯი სოფლისაკენ. ამასთან იგრძნოს თავი დაცულად ძირითადი რისკებისაგან.
გ) არსებული და პოტენციური გლეხების, მცირე ფერმერების სწავლება-ინფორმირება, როგორ აწარმოონ საკუთარი მეურნეობა, რა ტექნოლოგიები შეიძლება იყოს ეფექტური ამისათვის, რისი წარმოება, რა მოცულობით და რა მახასიათებლებით შეიძლება იყოს ყველაზე რენტაბელური, მიზანშეწონილი და საინტერესო ბაზრისათვის.
თუ ხელისუფლება ეფექტურად შეძლებს ამ ამოცანების გადაწყვეტას, დაიწყება სოფლისკენ მოძრაობის ტენდენცია. ამის შედეგად ყველა დანარჩენი პრობლემა ან თავისით, კერძო ინიციატივაზე დაყრდნობით, ან კი ისევ ხელისუფლების მიერ, მაგრამ უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ, გაცილებით უფრო იოლად მოგვარდება.
ამ სამი ამოცანის გადაწყვეტა კი თავისთავად ძალიან რთული არ უნდა იყოს:
დახმარება წარმოებული პროდუქციის გაყიდვაში
ყველაზე ეფექტური საშუალება გაყიდვების ხელშეწყობისათვის აგრარული ბაზრების და პერიოდული ბაზრობების ორგანიზება შეიძლება გახდეს. თუ სახელმწიფო ყველა დიდ ქალაქში, პირველ ეტაპზე, თუნდაც ერთ ასეთ ბაზარს მოაწყობს და რეკლამირებას გაუკეთებს მას როგორც ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვის ადგილს, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. მართალია ამ მიმართულებით მოსახლეობაში უკვე არსებობს ჩამოყალიბებული მოთხოვნა, მაგრამ იმდენად არაორგანიზებულია ბაზარი, იმდენად ცოტაა წარმოება, რომ ქართული პროდუქციის ყიდვა ძვირიც არის და ძნელი საშოვნელიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც იმპორტირებულ პროდუქციას გარეგნულად ამსგავსებენ ქართულს და ბევრად უფრო ძვირად ყიდიან. ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდამ ფასებიც უნდა დაარეგულიროს და საშოვნელადაც უნდა გააადვილოს.
ამას თუ დაემატოს კამპანია, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს იყიდონ ადგილობრივი პროდუქცია, რითიც დაეხმარებიან სოფლის მეურნეობის განვითარებას, ფერმერებს და ქვეყანას, ეს კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას ქართულ პროდუქტზეც და ამ ტიპის ბაზრებსაც მუდმივი კლიენტებით უზრუნველყოფს.
ტექნიკურად კი ალბათ უმჯობესი იქნება, ბაზრებზე განაწილდეს დახლები და სხვა სავაჭრო ადგილები რაიონების, სოფლების მიხედვით, შეუთანხმდეს რაიონების ხელმძღვანელებს შემოსატანი პროდუქციის სახეობაზე, რაოდენობაზე (მაგალითად პომიდორი ჭოპორტიდან, კარტოფილი ახალციხიდან, ვაშლი შიდა ქართლიდან წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით) ხარისხზე და წარმოშობაზე პასუხისმგებლობაც რაიონის გამგეობას დაეკისროს.
ის, რომ მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია იყიდებოდეს, ამას ხელს შეუწყობს, ჩვენი აზრით, თვითონ ამ ბაზრის, როგორც ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვის ადგილის რეკლამირება. ვფიქრობთ, გამყიდველები თვითონაც არ დაუშვებენ გასაყიდად ვინმეს მიერ თურქული, ირანული ან ჩინური საქონლის შეტანას. თუმცა ბაზრის პერიოდული ინსპექტირება, მწარმოებელი გლეხის შემოწმება, პროდუქტის მინიმუმ ვიზუალური დათვალიერებაც კი საკმარისი შეიძლება იყოს იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვის ფაქტების მინიმიზაციისათვის.
მოსავლის დაზღვევა
რაც შეეხება მოსავლის დაზღვევას, მასზე უკვე არსებობს კარგად ჩამოყალიბებული მოთხოვნა. ბევრი გლეხისა და ფერმერისთვის მოსავლის დაზღვევა უპირატესად მაშინ ხდება, როცა ბუნებრივი მოვლენების შედეგად მოსავალი ზიანდება. ძირითდი პრობლემა სადაზღვევო კომპანიების სკეპტიკური დამოკიდებულებაა ამ პროდუქტის მიმართ. ეს ერთის მხრივ თითქოს ბაზრის სიმცირით, ხოლო მეორეს მხრივ ამ მიმართულებით გამოცდილების არ არსებობით არის გამოწვეული. სოფლისაკენ ადამიანების დასაძრავად მნიშვნელოვანია ორი ტიპის სადაზღვევო პროდუქტი: ”პირველი” მოსავლის დაზღვევა, რომელიც, ფაქტობრივად, ბიზნეს რისკის დაზღვევას წარმოადგენს და ჩვეულებრივი მოსავლის დაზღვევა (ყოველწლიურად), რაც სხვა ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული პროდუქტია.
ვფიქრობთ, მოსავლის დაზღვევის გავრცელება ისეთივე მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევა ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობთ, სახელმწიფო ვალდებულია ამ ბაზრის გააქტიურებას დრო, ყურადღება და რესურსები დაუთმოს. ამისთვის მან უნდა შექმნას გარანტირებული ბაზარი სადაზღვევო კომპანიებისთვის. ეს მათ მოტივაციას გაუჩენს, რათა შეისწავლონ მიმართულება, დაიწყონ მისთვის პროდუქტების შექმნა. ამისთვის სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს საბაზისო პროდუქტი, რომელიც მხოლოდ ძირითად რისკებს დააზღვევს. ხოლო სადაზღვევოებს მიეცეთ წინადადება, გააკეთონ საკუთარი დანამატები ამ პროდუქტზე და მის გავრცელებაზეც თვითონ იზრუნონ.
სწავლება-ინფორმირება
ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია, გლეხებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა ყველა რაიონში. იგი მათ დაეხმარება მიიღონ გადაწყვეტილება, რა მიმართულებით განავითარონ მეურნეობები, რა ტექნოლოგიები გამოიყენონ, როგორ გაყიდონ და ა.შ. ამ ცენტრების საშუალებით უნდა მოხერხდეს მიწების და ყველა სხვა რესურსის უფრო ეფექტური გამოყენება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. სპეციალური საინფორმაციო ბიულეტინების, ლიტერატურის, სარეკლამო ინფორმაციის გავრცელება. ასეთი ცენტრების შექმნით სახელმწიფო ხელს შეუწყობს უპირატესად ინფორმაციის და ცოდნის გავრცელებას. ეს დაეხმარება გლეხებს კიდევ უფრო ადვილი გახდეს მეურნეობის მართვა.
მაინცდამაინც სოფლიდან ჩამოსული ხალხის უკან დაბრუნება როდია მიზანი. მათი დარწმუნება და მოტივირება, ჩამოვიდნენ და ადგილი დაიმკვიდრეს ქალაქში, უკან წასასვლელად არ იქნება ადვილი. თუმცა ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი შუახნის ცოლქმარი (20-30 000 მაინც), რომლებსაც შვილები ასე თუ ისე დაბინავებული ჰყავთ და ქალაქებში ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, დათანხმდებიან წავიდნენ სოფელში, იქირაონ, ან იყიდონ მიტოვებული სახლები, რომლებიც ჩვენი ვარაუდით 50 000 ზე მეტია დღეს საქართველოში, იქირაონ, ან იყიდონ მიტოვებული მიწა, ან აიღონ ის გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით და დაიწყონ მეურნეობის წარმოება. ამით ისინი შეძლებენ, არამარტო საკუთარი თავის უზრუნველყოფას, არამედ შვილებსაც დაეხმარებიან. ამისათვის კი საჭიროა: ვინმემ ასწავლოს, რა აწარმოონ და როგორ, დაუზღვიონ პირველი მოსავალი ტექნიკური შეცდომის გამო მიღებულ ზარალსაგან იმის გარდა, რომ ბუნებრივი მოვლენების უარყოფითი გავლენისგან დააზღვევენ. ამასთან, სახელმწიფომ მისცეს საშუალება, გაიტანოს და გაყიდოს მის მიერ წარმოებული პროდუქცია. ასეთ შემთხვევაში ბევრი არ მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ სოფელში არ არის ნორმალური სკოლები, გართობის და დასვენების საშუალება, არ არის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ადამიანები წავლენ სოფელში და იქ უკვე თვითონ დაიწყებენ ყველაფერი ამის ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნას.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
10 კომენტარი სტატიაზე “ერთ-ერთი ტენდენცია რომელსაც საქართველოს ეკონომიკის გამოკეთება შეუძლია”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
3 ივლისი, 2009 12:56
მაგარი აქტუალური თემაა. მე ვფიქრობდი საკონსულტაციო ორგანიზაციის დაფუძნებას რომელიც ამ მიმართულებაზე იმუშავებდა. ყამირია და ზღვა შესაძლებლობები.
განათლებაში საპორტი და უამრავი ბიზნესის დაძვრა შეიძლება.
4 ივლისი, 2009 22:27
ნამდვილად საჭიროა ქვეყნისთვის სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება..
სტატიის თავში მოყვანილმა რიცხვებმა გამაოგნა, არ შეიძლება საქართველოში ამა პროდუქტის შემოტანაზე იხარჯებოდეს ფინანსები!
9 ივლისი, 2009 14:56
შთამბეჭტავი ციფრებია……იმპორტის შეზღუდვა ალბათ.. იმპორტიორი მთავრობაა და გლეხმა რა უნდა ქნას???
11 ივლისი, 2009 13:14
სათქმელად ყველაფერი ადვილია!
ამას დრო, ფული და შრომა სჭირდება. თუ სახელმწიფო აიღებს ინიციატივას კარგია, თუ არადა ძალიან დიდი დრო გავა იქამდე, ჩვენი თავი ჩვენ თვითონ რომ გამოვკვებოთ.
14 ივლისი, 2009 19:21
მადლობა ღმერთს, რომ ამაზე წერა დაიწყეთ.
რა თქმა უნდა, უებარი საშუალება გვაქვს ეკონომიკა წამოვწიოთ და ხალხს
ცხოვრება გაუუმჯობესდეს.
ტელევიზიაში უნდა გავიდეთ და აქტიური პროპაგანდა დავიწყოთ ამ საქმის.
უნდა ჩავრთოთ აგრონომები, ვეტექიმები, სოფლის მეურნეობის მარკეტინგის
სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარებიან ხალხს კვალიფიციური ლექციებით და
რჩევებით.
რას ველოდებით? დღესვე დავიწყოთ.
მთავრობას ამაზე უფრო სერიოზული საქმე აქვს?
უნდა გაიღოს ამ საქმის დასაწყებად სახსრები.
გვეშველება აუცილებლად
15 ივლისი, 2009 13:52
ეტყობა აქვს მთავრობას ამაზე მნიშვნელოვანი საქმეები, მე ჟურნალისტი ვარ და ახლა ამ თემაზე ვმუშაობ. სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც დავრეკე მათი გეგმებითა და სტრატეგიით დავინტერესდი, მაგრამ მითხრეს ახლა არ გვცალია რთველისთვის ვემზადებ და პასუხს ვერ გაგცემთო
3 სექტემბერი, 2009 17:25
კარგი და დზალიან პერსპეკტიული საკმეა მაგრამ დგეს ცოტა არარეალური გარემო პირობების გამო.
12 სექტემბერი, 2009 13:31
თქვენ თუ იცით სტატისტიკური მონაცემები სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოხმარების, შეგიძლიათ სტატისტიკის დეპარტამენტის საიტიდან აიღოთ და ბევრად გამაოგნებელ ფაქტებს ნახავთ, მაგალითათ თურმე რძის პროდუქტების მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2007 წელს 2006 თან შედარებიტ 50 კგ თი შემცირდა, რომ გადახედოთ ერი სასტიკ დიეტაზეა. სოფლის მეურნეობას აშკარად ჭირდება წახალისება. უბრალოდ უნდა მოხდეს ეპექტური მენეჯმენტის, კარგი ფერმერების და თბილისში შესაბამისი გასაგების ბაზრების ერტ რგოლში გაერთიანება. ალბათ ჯერ მაინც მენეჯმენტიით და ფერმერების გაერთიანებით არის დასაწყები.
29 სექტემბერი, 2009 15:43
მოგესალმებით, ძალიან გამეხარდა, რომ საერთოდ დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობით, მაგრამ საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ არიან ქართველი ფერმერები, მე ტვითონ ვაწარმოე უმაგლესი ხარისხის ჰოლანდიური და არა თურქულ ირანული ჯისჰის პომიდორი, მიუხედავად უმძიმესი კლიმატური პირობებისა, რამაც მნისჰვნელოვნად დამაზარალა მაინც გამდზლე ჯიშები მქონდა და რაგაც ნაწილი გადაურჩა მაგრამ ამას დაემატა ქართველი გადამყიდველების და არა რეალიზატორების დიდი უგულებველყოფა ქართული პროდუქციის მიმართ და ცჰემს გვერდიტ ქარტველები ჰ\ყიდულობდნენ სომხურ აზოტით გაბერილ პომიდორებს და იდზახდნენ რომ სომხური უკეთესი იკო ადგილობრივზე ასე ამას დაემატა აგარ მინდა გიტხრატ გარკვეული მაღალჩინოსნების ლობირებული პროდუქცია, ანუ დაბარებული რეალიზატორები და მხოლოდ კონკრეტული რამოდენიმე ფერმერისგან ხდება პროდუქციის რეალიზება , არ ვიცი უკვე შემძულდა ეგ საქმე მაგრამ ერთ წელსაც კიდევ ვცდი, არადა მეგონა რომ ქართულ ეროვნულ საქმეს ვაკეთებდი მაგრამ..
7 მარტი, 2011 13:50
facebook-ზე გაზიარებას ვერ ვახერხებ და რატო?